ეს დღეები თავში სულ ერთი ლექსი მიტრიალებდა, და საბოლოოდ გადავწყვიტე დამეპოსტა. ეს ლექსი 9 აპრილის მერე ხეზე მიკრული ფურცლიდან ჩავიწერე.
ლექსის ავტორი ნოდარ ჯალაღონიაა და ეძღვნება მერაბ ბერძენიშვილს, ალგეთის ძეგლის (დედა და ორი პატარა ბიჭი, რომელთაც ხელში მახვილი უჭირავთ) მოქანდაკეს. თუ ვინმეს გაქვთ ამ ძეგლის სურათი დიდად დამავალებთ თუ ამ თემაში დაპოსტავთ.
მე ვიცი რომ ბრძოლა საქართველოს კეთილდღეობისათვის ახლა იწყება, დაშეიძლება ბევრი პოლიტიკაში მპოსტავი შემომედავოს და ყველაფერს ამას დადგმული სექტაკლი დაარქვას, მაგრამ მე მაინც მინდა ჩემი სიყვარული და აღტაცება გამოვხატო იმ ახალგაზრდების (და ფორუმელების უფრო მეტად

) ვინც ეს დღეები გარეთ ,ხალხთან ერთად გაატარა.
რაც არ უნდა თქვათ ამ მიტინგზე მე ერთი რამ დავინახე, რამაც მართლა სისხლი ამიდუღა ძარღვებში და რამაც სიყვარულით ამავსო, ეს იყო ერთიანობა, და ხალხში გაღვიძებული სიყვარულის, ერთიანობის და მამულიშვილობის გრძნობა. 12 წლის განმავლობაში გამეტებით ვამტკიცებდი რომ ქართველები უკეთესს ვიმსახურებთ და მიმტკიცებდნენ რომ ჩვენ არაფრის ღირსი არ ვიყავით, როგორც ერი მკვდარი ვიყავით. მე, გამოუსწორებელ ოპტიმისტს, არ მინდოდა ამის დაჯერება და როგორც მოვლენებმა გვიჩვენა არც უნდა დამეჯერებინა.
რაც არ უნდა მოხდეს შემდეგ, იმედიც რომ გაუცრუვდეს (ძალიან არ მინდა რომ ასე მოხდეს) იქ მდგომ ხალხს, ერთი რამე მოხდა კარგი. ჩვენ ერთმანეთის სიყვარული გავიხსენეთ. ამიტომ ამ ლექსის გახსენებაც დროულია.
რა ძალა ჰქონია ოსტატის საჭრეთელს
სამშობლოს სიყვარულს რა ძალა ჰქონია,
მტრების და მოყმენის სამზერად, საჭვრეტად,
ეს ძეგლი ყოველთვის აქ იდგა მგონია.
თითქოს თქვენც ადრე ამ კვარცხლბეკზე იდექით
და შემდეგ მახვილი საჭრეთად აქციეთ...
ალგეთის ბიჭები - სამშობლოს იმედი
და დროშა მამულის ამაყად ასწიეთ.
თუმც იყვნენ ყოველ დროს არ იყვნენ მედროვე
და ქვეყნის სიცოცხლე რომ გადაერჩინათ
ზოგს ერქვა გიორგი, ზოგს ერქვა თევდორე,
ზოგს ჯვარი, გუთანი, ზოგს ხმალი ეჭირა.
ხან ყინწვისს ხატავდნენ, ხან გელათს აგებდნენ
ხან ვეფხის და მოყმის გმირობას აქებდნენ
ცან იყვნენ რუსთველნი, ხან იყვნენ შავთელნი
ხან ქვეყნის მახვილი, ხან ქვეყნის სანთელი
თან ახლდნენ გორგასალს, თან ახლდნენ თამარსაც
დიდგორთან დავითის მახვილიც ადიდეს.
ერეკლე მეფე რომ კრწანისთან დამარცხდა
პირველად ბიჭები ე, მაშინ ატირდნენ
მომხვდურებს თბილისთან პირველი ეკვეთნენ
და ალბათ პირველნიც დაეცნენ კიდევაც,
სწორეს ის ბიჭები, სწორედ ის ლეკვები
ახლაც რომ იცავენ მამულის დიდება.
სამშობლოს სიცოცხლეს და თავისუფლებას
როდესაც ხელყოფენ ან ემუქრებიან
არა აქვთ იმ ბიჭებს სიკვდილის უფლება
და დაცემულები კვლავ ფეხზე დგებიან.
II
ორმოცდათექვსმეტშიც შევხვდი და ვიცანი
სტალინის ძეგლის წინ მუხლზე რომ დგებოდნენ
ეგონათ სამშობლოს დიდებას იცავდნენ
სიმართლეს იცავდნენ, რწმენისთვის კვდებოდნენ
და როცა მამულს კვლავ დასჭირდა პატრონი,
ისევ დავაჟკაცდნენ ალგეთის ლეკვები
მოვარდნენ თბილისში და მერაბ ბატონო,
ქართველი ენის მტრებს გულდაგულ ეკვეთდნენ
არ ცვლიდნენ სამშობლოს ჩინსა და მედლებზე
არც დანას იქნევდნენ, არც ჰაშიშს არ სწევდნენ
მე ვნახე ისინი სახლების კედლებზე
ანბანს, ქართულ ანბანს სისხლით რომ აწერდნენ
იბრძოლეს, იდავეს სამშობლოს ბედისთვის
(სამშობლოს სიყვარულს ფიცი არ სჭირდება)
დაბრუნდნენ ალგეთში და ისევ დედის წინ
დადგნენ და კვლავ იქცნენ პატარა ბიჭებად.
ხომ ფიქრი და განსჯა სჭირდება ამასაც
კვარცლბეკზე მახვილს ხელში ძლივს იჭერენ
ასე წამისწამად, უეცრად, ანაზდად,
როგორ იზრდებიან პატარა ბიჭები
ბავშვს მარტო დედის რძე და წლები კი არა
თურმე ქრდის სამშობლოს, ქვეყნის სიყვარული
წინაპართ სახელი, წარსულის იარა
დარდი და ტკივილი ერის და მამულის
და როცა სვანეთში ატირდნენ დედები
ძაძები მოისხეს სვანეთის დროშებმა
ზვავებს შეაგებეს ჯებირად მკერდები
და იქცნენ ის ბიჭები სვანეთის კოშკებად.
კოლხეთშიც იბრძოლეს, იშრომეს, იომეს
როდესაც წალეკა წყალმა და მეწყერმა
ვინც დააჩოქა და შებოჭა რიონი
ვინც იყვნენ იმ ბიჭებს ზედ შუბლზე ეწერათ.
როდესაც სომხეთში გაისმა ზარის ხმა
ბიჭებმა უმალვე მაჯები გადიხსნეს
არ არის ეს სისხლი იმ სისხლზე ნაკლები
ქართველმა სისხლი რომ დაღვარა ანისთან
III
მესხეთში ხან მტრებით, ხან წლებით წალეკილს
წინაპართ ხელებით ნაგებს და ნაფერებს
ვითარცა ჭრილობას დედისას ლეკვები
ლოკავდნენ ბიჭები ტაძართა ნანგრევებს
არც ვაშას ძახილით, არც ყალბი ყიჟინით,
არც ხელში მახვილით, არც ჯაჭვის პერანგით
სწორეს ის ბიჭები, ნამდვილად ისინი
გარეჯშიც ვიხილე ბარით და წერაქვით
ტალახში, ქვა-ღორღში დგებოდნენ წელამდე,
რომ ამოეტანათ წარსული ლექიდან
დალეწილ კოშკებს და გაძარცვულ სენაკებს
წინაპართ ცრემლები ხატებად ეკიდათ
სიყვარულს ახვევდნენ ფრესკების იარებს
დამსკდარი კედლები ბეჭებით ეკავათ
და მარტო სამრეკლოს ძარების კი არა
გარეჯში ეს მათი გულებიც რეკავდა.
როცა კვლავ მოესმათ სამშობლოს ძახილი
რომელიც იმედს და ხერხემალს უმტვრევდნენ
ნოემბრის დღეები შეიბეს მახვილად
და მშიერ-მწყურვალნი ღამეებს უთევდნენ
განა ის მარაბდა მარაბდით იწყება?
ანდა ის შამქორი შამქორში მთავრდება
რუსთველის გამზირიც დიდგორად იქცევა
თუ საქართველოსთვის გსურს თავის დადება
თითქოსდა მთაწმინდის ცა უფრო ამაღლდა
მომავლის რწმენით და იმედით ავივსე
როცა მამულისთვის ილოცეს ამაყად
ერთმანეთს შეჰფიცეს და თაფლი წაისვეს
ვირწმუნე, არ დათმობს, ცოცხალი თავით ის
ცოცხალი თაცის მტერს არაფერს გაატანს
გიორგი, თამარი, დიმიტრი, დავითი
ნინო და ქეთევან, ცოტნე და პაატა.
და მართლაც როდესაც გათენდა აპრილი,
თბილისს სისხლიანი აპრილი დაუდგა
სული ალგეთური და ბორკილაყრილი
სიკვდილს ცეკვითა და სიმღერით დაუხვდა.
თითქოსდა ყოველდღე სისხლისგან ვიცლები
ვიძინებ ტანჯვით და ვიღვიძებ სირცხვილით
თვალებს არ სცილდება იმ გოგო-ბიჭების
საველე ნიჩბებით მოკლული სიცილი.
ხომ ბრძანა რუსთველმა, ძუა თუ ხვადია
ბოკვერებს ლომისას გარჩევა არ უნდა
ვუყურებ და გული კი მტკივა ნამდვილად
იმ ბიჭებს დაიკო გვერდით რომ არ უდგას
თუ ისევ გაისმა სამშობლოს ძახილი,
თუ ბედმა გაგვწირა, წლებმა გაგვიმეტა
შიშველი გულით და შიშველი მახვილით
კვლავ დგანან ლეკვები მომავლის იმედად.
მამულის მიწაზე კვლავ დააბიჯებენ
სატკივარს ქვეყნისას კვლავ გულით უვლიან
ალგეთში, კვარცხლბეკზე შემდგარი ბიჭები
სამშობლოს მარადი, უკვდავი სულია!