http://www.open.ge/04/24hours/126/126-25.htmარასამთავრობო ორგანიზაცია "საფეხურების" პროექტი, "მარგინალური ჯგუფების ინტეგრაცია საზოგადოებაში მედიის საშუალებით", აგრძელებს "ნამდვილი ამბის" სერიის გამოქვეყნებას. ისტორიებს ქმნიან ადამიანები, ჩვენი საზოგადოების წევრები. ისინი გვიამბობენ თავიანთ პრობლემებზე. პროექტის საშუალებით, შესაძლებელია, მოვუსმინოთ და დავეხმაროთ მათ.
მეცხვარიშვილები, უკვე ერთი თვეა, რაც ოზურგეთიდან ჩამოვიდნენ, რომ ერთი წლის შვილი სიკვდილისგან ეხსნათ. პატარა ლუკა დიდი ხნის განმავლობაში სეფსისით იყო დაავადებული; წონაშიც ვერ იმატებდა, მაგრამ მშობლებს ექიმთან მისი მიყვანის საშუალება არ ჰქონდათ. ბოლოს, უკიდურესი მდგომარეობის გამო, ქალბატონი ქრისტინე იძულებული გახდა, ბავშვი თბილისის ბავშვთა II რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოეთავსებინა. მან ლუკას სეფსისის ცენტრში დაწვენა უფულობის გამო ვერ შეძლო; თუმცა, ბავშვს ვერც ერთ საავადმყოფოში ვერ დააწვენდა, გულისხმიერი ადამიანები რომ არ დახმარებოდნენ.
"პედიატრი მაია ჩხეიძე და სხვა ღვთისნიერი ადამიანები რომ არ გვეხმარებოდნენ, ლუკას ნამდვილად ვერ ვუმკურნალებდით და, ალბათ, დაიღუპებოდა", - ამბობს ავადმყოფის დედა.
ქალბატონი ქრისტინე 32 წლისაა; ოზურგეთში დაიბადა და იქვე გათხოვდა; ოჯახს საკუთარი სახლი არ ჰქონდა და წლების განმავლობაში ორ ბავშვთან ერთად ქმრის ბიძაშვილის ბინაში ცხოვრობდა. ახლა მას საცხოვრებლის დაცლას სთხოვენ. ქალბატონი ქრისტინე, მისივე თქმით, ბევრჯერ ეცადა მთავრობისგან მხარდაჭერის მოპოვებას, მაგრამ ამაოდ - ვერც ერთხელ ვერ მიიპყრო ოზურგეთის გამგებლობის ყურადღება. ვერც ძველმა და ვერც ახლანდელმა გამგებლებმა მეცხვარიშვილების ოჯახი ბინით ვერ უზრუნველყვეს.
მრავალშვილიან დედას, უსახსრობის და უბინაობის გამო, სამი უფროსი შვილის თბილისის ბავშვთა სახლში მიბარება მოუწია. ამჯერად ქალბატონი ქრისტინე და მისი ორი შვილი დიღომში ბავშვთა II რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან. პატარა ლუკას, რომელიც ცოტა ხნის წინათ სიკვდილს გადაარჩინეს, კვლავ სჭირდება პერიოდული მკურნალობის ჩატარება. მეორე ბავშვი მათთან იმის გამოა, რომ ქალბატონ ქრისტინეს დამხმარე არ ჰყავს და მას ვერავის უტოვებს.
ხუთი შვილის დედას დღეში 12 ლარი მხოლოდ ანტიბიოტიკისთვის სჭირდება. ისიც და მისი ქმარიც უმუშევრები არიან. რამდენიმე თვეა, რაც ქალბატონი ქრისტინეს ქმარი, მუშაობის დაწყების მიზნით, თბილისში წამოვიდა, მაგრამ სამსახური ვერსად იშოვა. მას ახლაც, დღეში ორი პურის გარდა, ოჯახში ვერაფერი მიაქვს.
ქალბატონი ქრისტინეს თქმით, ოზურგეთში მათ უაღრესად გაჭირვებულ პირობებში უხდებოდათ ცხოვრება - საჭმელი თვეობით არ ჰქონდათ.
"იყო პერიოდი, როცა 19 დღე არც მე და არც ჩემს შვილებს ერთი ლუკმა პური არ გვიჭამია. ამ პერიოდმა მაიძულა, მემათხოვრა. ახლა ამასაც ვეღარ ვახერხებ - უკვე ხუთი შვილი მყავს და პატარა ლუკას ავადმყოფობამ სულ უკან დაგვწია", - ამბობს იგი.
მეცხვარიშვილების ოჯახის შიმშილობის პერიოდი, რომელზეც მრავალშვილიანი დედა ლაპარაკობს, წარსულში სულაც არ დარჩენილა; მათ მალე უბინაობაც ემუქრებათ და ქუჩაში ცხოვრება მოუწევთ.
ქალბატონი ქრისტინეს მთავარი მიზანია, თავშესაფარი მონახოს, თბილისის ბავშვთა სახლში მიბარებული სამი შვილი წამოიყვანოს და იქ ერთად, თუნდაც გაჭირვებაში, იცხოვრონ. იმის გამო, რომ მეცხვარიშვილები არსად არიან ჩაწერილები, სახელმწიფოსგან ვერც იმ ხუთ ლარს იღებენ, მრავალშვილიანი ოჯახის თითო ბავშვისთვის რომაა განკუთვნილი.
ხუთი შვილის დედას სჯერა, რომ კეთილი ადამიანები არ მიატოვებენ, სახელმწიფოც მათ ყურადღებას მიაქცევს და როდესმე ცხოვრებას ისე აიწყობენ, როგორც სხვა ოჯახები.
შენიშვნა: სტატიის შინაარსი დაფუძნებულია რესპონდენტთან უშუალო ინტერვიუზე და მიუკერძოებლად აღწერს მხოლოდ იმ ფაქტებს, ისტორიებსა თუ პრობლემებს, რაზეც თავად რესპონდენტი საუბრობს. პროექტის მიზანია, მისცეს შესაძლებლობა მარგინალური ჯგუფების წარმომადგენლებს, თავიანთი პრობლემების შესახებ ამცნონ საზოგადოებას. ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში არ შედის რესპონდენტის მიერ მოთხრობილი ფაქტებისა და პრობლემების სხადასხვა დონეზე გადამოწმება.
P.S. თუ ვინმეს დახმარების სურვილი გაუჩნდება, დაუკავშირდით პროექტის, "მარგინალური ჯგუფების ინტეგრაცია საზოგადოებაში მედიის საშუალებით", კოორდინატორს ნანა ბარამიძეს.
მობ: 893 32 44 41 ან
ელექტრონული ფოსტით მისამართზე: stagesngo@hotmail.com
იქნებ როგორმე დავეხმაროთ?
(ჩემთან არ ჩანდა ქართულად და დიდი შანსი იყო სხვებთანაც არ გამოჩენილიყო, ასე რო მჩავასწორე. sharlot) This post has been edited by sharlot on 31 May 2004, 09:19