გტხოვთ თქვენს კომენტარს ამ სტატიაზე, ხელისუფლების მომხრეებს ვთხოვ ხელისუფლების ადვოკატობას ამ შემთხვევაში, მე კი ვარ ჩემი მთავრობის დამცველი, მაგრამ ამ ქალბატონის ქვემოთ ჩამოთვლივ საჩივრების შესახებ მე არაფერი გამეგება და მაინტერსებს, ვინც მეტი იცის, აზრი გამოთქვას, გთხოვთ ხელისუფლების დამცველებს ამ სტატიის თითოეულ ჩამოთვლილ ბრალდებაზე პასუცი გაეცეს პუნქტებად , როგორც ამას ავტორი აკეთებს.
ხელისუფლების მხრიდან ვრცელდება ბინძური ჭორები, რომ თითქოს მე და ჩემი ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლები მოქალაქეთა დახმარებისათვის მათგან ვიღებთ რაღაც თანხებს და აქედან გამომდინარე, გვამოძრავებს არა სამართლიანობის დაცვის კეთილშობილური მოტივები, არამედ ანგარება. საგულისხმოა, რომ ჭორების გავრცელების კომუნისტურ მეთოდებში ჩართულნი არიან არა მხოლოდ სახელისუფლო არასამთავრობოები და რიგითი ჩინოვნიკები, არამედ ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლებიც (პარლამენტის წევრები და მინისტრის მოადგილეები). ბოლო ხანებში განსაკუთრებით ინტენსიურად ავრცელებენ ჭორებს იმის შესახებ, რომ ჩემს მიერ სულხან მოლაშვილის წამების ფაქტის გახმაურება თითქოს სწორედ ანგარებით ინტერესებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, ხელისუფლება დუმს ჩვენი ორგანიზაციის მიერ მისთვის მიწოდებულ და პრესაში გამოქვეყნებულ კიდევ 150-მდე წამების ფაქტზე.
ლოგიკურად ჩნდება კითხვა: რატომ აქვს ხელისუფლებას ასეთი მძაფრი რეაქცია ჩვენს ორგანიზაციაზე (ავრცელებს ბინძურ ჭორებს) და რატომ არ ებრძვის მისივე “არასამთავრობო” ორგანიზაციებს (“კმარა”, “თავისუფლების ინსტიტუტი”), რომლებმაც დააფიქსირეს 500-ზე მეტი წამების ფაქტი ახალი ხელისუფლების მიერ? ამ კითხვის პასუხი შემდეგია:
· ხელისუფლებას სურს, რომ თვითონვე შექმნას (და მართოს) ოპოზიცია დემოკრატიულობის იმიტაციის შესაქმნელად;
· თუ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მაინც უნდა ისაუბრონ ადამიანის უფლეების დაცვის სფეროში შექმნილ მწვავე სიტუაციებზე, უმჯობესია, რომ ესეც მისგანვე იყოს მართული;
· ასეთი მეთოდებით ხელისუფლების მიერ მართული არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ დარტყმა ააცილონ ქვეყნის პირველ პირებს და აქცენტები გადაიტანონ რიგით პოლიციელებსა და ჩინოვნიკებზე, რომლებიც მხოლოდ ამ პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებლები არიან. რასაკვირველია, უკანონობის შემსრულებელი რიგითებიც უნდა დაისაჯონ, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა პირველ რიგში პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს უნდა დაეკისროს.
რევოლუციის შემდეგ საქართველოში:
1. სრულად დაირღვა ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ბალანსისა და ურთიერთკონტროლის პრინციპი;
2. განადგურდა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ყველა ნიშანი;
3. შეიქმნა აბსოლუტურად მორჩილი პარლამენტი;
4. დამყარდა მმართველობის ერთპარტიული სისტემა;
5. შეიქმნა ისეთი საარჩევნო სისტემა, რომლის დროსაც შეუძლებელია ობიექტური არჩევნების ჩატარება;
6. მოხდა დამოუკიდებელ მედიაზე (განსაკუთრებით ტელევიზიებზე) თითქმის სრული სახელისუფლო კონტროლის დამყარება;
7. არასამთავრობო სექტორი ფაქტიურად გადაიქცა სახელისუფლო დაწესებულებებად;
8. მაქსიმალურად შეიზღუდა დამოუკიდებელი ბიზნესი;
9. დაკანონდა მოქალაქეთა განკულაკება (სახელმწიფო რეკეტი);
10. ხელისუფლება სრულიად გამოსულია საზოგადოების კონტროლიდან;
11. გაიზარდა პოლიციის თვითნებობა, რაც გამოიხატება მოქალაქეებისათვის იარაღისა და ნარკოტიკების ჩადებისა და დაკავებულთა ცემა-წამების სისტემატური ხასიათით;
12. ადგილი აქვს საპროტესტო მიტინგების და დემონსტრაციების არაერთ დარბევას;
13. ნიველირებული და ფორმალობამდე დაყვანილია ადვოკატის როლი;
14. ქვეყანაში კვლავ გაჩნდნენ პოლიტპატიმრები;
15. გაიზარდა უმუშევრობა და სოციალური დაუცველობა.
ქვეყანაში შექმნილი ასეთი მძიმე მდგომარეობა არ შეიძლება იყოს მხოლოდ რიგითი ჩინოვნიკების ბრალი, რომელთა ჩანაცვლება უკანონო ბრძანებების შემსრულებებლი ახალი დამნაშავე ჩინოვნიკებით ხელისუფლებისათვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. ეს მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება და არა მდგომარეობის გამოსწორებას. სიტუაციის რეალური შეცვლა შეიძლება სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლით და არა პროპაგანდისტული ტრიუკებით, რასაც მიმართავენ ჩვენი ხელისუფლებისა და მისი სატელიტი არასამთავრობოების წარმომადგენლები. დღესაც საბჭოური პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციების მიხედვით, ჭეშმარიტებაზე მონოპოლია მხოლოდ ხელისუფლებას გააჩნია, ხოლო “ნამდვილი და მისაღები” კრიტიკა შეიძლება მოდიოდეს მხოლოდ ხელისუფლების მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან, რომლებიც “ცალკეულ” მანკიერებებს აუცილებლად საშუალო და დაბალი რანგის კონკრეტულ ჩინოვნიკებს გადააბრალებენ, რომლებსაც ისინი ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობასთან (“პარტიასთან და მთავრობასთან”) ერთად “დაუნდობლად” ებრძვიან. რეალურ, მიუკერძოებელ და ობიექტურ კრიტიკას ხელისუფლებისა და მათი დამქაში არასამთავრობოების წარმომადგენლები მხოლოდ და მხოლოდ ერთ საფუძველს უდებენ: მათი განმარტებით და გეგმაზომიერად გავრცელებული ჭორების მიხედვით “ასეთი ხალხის (ანუ ჩვენი) მოქმედების მოტივაცია არის მხოლოდ ჩვენი ბრწყინვალე ხელისუფლების დისკრედიტაცია ან ანგარება”. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების მხრიდან ჩემს წინააღმდეგ ასეთი ჭორის გავრცელება სავსებით ლოგიკურია, რადგან მოლაშვილის წამების ფაქტს ისინი ვერ უარყოფენ, თანაც ამ შემთხვევაში ამას ვერც რიგით ჩინოვნიკებს გადააბრალებენ და ამიტომაც სურთ აქცენტების გადატანა და შურისძიება მოლაშვილის წამების შესახებ ინფორმაციის გამავრცელებელზე.
ჩვენთვის და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისათვის კარგად არის ცნობილი სხვაგვარად მოაზროვნეების წინააღმდეგ ბრძოლის ის საბჭოური მეთოდები, რომლებიც სხვა დისიდენტებთან ერთად ჩვენც საკუთარ ზურგზე გადავიტანეთ. ამიტომ ჩვენთვის უცხო არ არის “ერის მტრების”, “ანგარებიანებისა” და “იმპერიალიზმისა თუ კრემლის დაქირავებული აგენტების” იარლიყები. თუმცა, გვინდა ხელისუფლება გავაფრთხილოთ: ჩვენ წარმატებით გადავიტანეთ ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევის, იური ვლადიმეროვიჩ ანდროპოვისა და ედუარდ ამბროსოვიჩ შევარდნაძის დროინდელი ინსინუაციები და დარწმუნებულნი ვართ, რომ ასევე წარმატებით გადავლახავთ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინისა და მიხეილ ნიკოლაევიჩ სააკაშვილის დროინდელ ინსინუაციებსაც.
ნანა კაკაბაძე
08.11.04.
* * *
მოდერატორს ვთხოვ ეს თემა ორმაგად რომ გაიჩითა, დახუროს, სერვერის ბრალია, თუ ფორუმის ვერ გავიგე, უარს ამბობდა არ დავფოსტავო, და თავიდან რომ დავფოსტე ეხლა ორივე აჩვენა, ბოდიშს მოვიხდი!
This post has been edited by webdesign on 7 Jan 2005, 01:04
მიმაგრებული სურათი