#1198151 · 31 Mar 2005, 23:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
„ქართული სატელეფონო კომპანია“ თბილისის მოსახლეობას ახალ მომსახურებას - Highline-ს სთავაზობს. Highline CDMA-1900 სტანდარტზე არის დაფუძნებული და უმავთულო ადგილობრივი სატელეფონო კავშირის მომსახურებას წარმოადგენს. რაც ფაქტიურად მესამე თაობის (3G) კავშირის უზრუნველყოფას ნიშნავს. როგორც გაზეთ „ნავიგატორთან“ საუბარში კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა გიორგი რატიშვილმა აღნიშნა, თბილისის ტერიტორიაზე ამ მომსახურების განხორციელება „ქართულმა სატელეფონო კომპანიამ“ ერთი თვის წინ დაიწყო. ამჟამად დაფარვის ზონა მოიცავს თბილისის ტერიტორიას აეროპორტიდან, დიდ დიღომში მდებარე ავტომანქანების ბაზრობამდე. ხოლო უახლოეს ორ-სამ კვირაში ამ მომსახურებაში დიდი დიღომიც ჩაერთვება.
აღნიშნული ქსელი მთლიანად ჩინური კომპანია „Huawei Technologies“ აპარატურით არის აწყობილი. ასევე პირველი სატელეფონო აპარატებიც ამ კომპანიის მიერ არის მოწოდებული. მომსახურების მთავარი პრიორიტეტი იმაში მდგომარეობს, რომ მაღალ ხარისხთან ერთად მასზე საკმაოდ დაბალი ტარიფებია დაწესებული. მაგალითად, ქსელში ჩართვა და აპარატის მოწოდება სულ 333 ლარი ღირს. ხოლო იმ შეთხვევაში თუ აბონენტი თვითონ შეიძენს ისეთ აპარატს, რომელიც აღნიშულ ქსელს შეესაბამება, ქსელში ჩართვა მას 84 ლარი დაუჯდება. ამასთან, როგორც გიორგი რატიშვილმა აღნიშნა, „საქართველოს სატელეფონო კავშირმა“ ურთიერთობა დაამყარა „პროკრედიტბანკთან“, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სესხის აღებით ქსელში ფაქტიურად განვადებით ჩართვა. რაც შეეხება მომსახურების ტარიფებს ისინიც საკმაოდ დაბალია. ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი 5 ლარს შეადგენს, ერთი წუთის საუბრის ღირებულება კი 1,5 თეთრია. აგრეთვე, თვეში 150 წუთი მომხმარებლებს უფასოდ შეუძლიათ ისაუბრონ.
ამასთან, ვინაიდან „ქართული სატელეფონო კომპანია“ უკვე ფლობს მესამე თაობის კავშირის ლიცენზიას, მას შემდეგ რაც ძალაში შევა ახალი კანონი ელ. კომუნიკაციებისა და ფოსტის შესახებ, რომელშიც აღარ იქნება სხვაობა მობილური და ფიქსირებული კავშირის მომსახურებაზე ლიცენზიებს შორის, კომპანიას შესაძლებლობა ექნება უკვე მესამე თაობის მობილური კავშირის მომსახურება დაიწყოს. თუმცა როგორც გიორგი რატიშვილი მიიჩნევს, ამ ეტაპზე კომპანია უფრო ორიენტირებული იქნება დედაქალაქის განაპირა და მის გარშემო მდებარე რაიონების უმავთულო ადგილობრივ ქსელში ჩართვაზე. რაც შეეხება მობილური მომსახურების დაწყებას, სამომავლოდ კომპანიაში ამას არ გამორიცხავენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ უახლოეს გეგმებში ეს არ შედის.
|