
დეველოპერი: BioWare
ფაბლიშერი: Electronic Arts
ჟანრი: Action RPG
The Game Awards-ის ფარგლებში, BioWare-მა Mass Effect-ის ახალი თამაშის თიზერი წარადგინა:
პროექტის ზუსტი სახელი და გამოსვლის დრო უცნობია. BioWare-ის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, თამაში "early development" ფაზაშია და თიზერ თრეილერის გარდა სხვა ინფორმაციის გავრცელებამდე საკმაოდ ვრცელი პროცესი აქვს გასავლელი.
ფრენჩაიზის ახალ პროექტზე პირველად 2020 წლის ნოემბერში, სტუდიის მთავარი დირექტორისგან, კეისი ჰადსონისგან გავიგეთ. თუმცა, მან მხოლოდ "მას ეფექტის" პროექტის არსებობის შესახებ გვამცნო, რომელზეც "სტუდიის ვეტერანთა გუნდი" მუშაობდა და სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.
აღნიშნული პროექტი განსხვავდება "მას ეფექტის" ტრილოგიის რემასტერისგან, რომელიც 2021 წლისთვის დაანონსდა. ჯერ-ჯერობით უცნობია ახალი თამაში ძველი ტრილოგიის გაგრძელება იქნება თუ ის "ანდრომედა"-ს ისტორიას განავრცობს. თუმცა, პროექტის პროდიუსერის, მაიკ გემბლის ტვიტერზე გაკეთებული განცხადების მიხედვით, ამ ტრეილერში საკმაოდ ბევრი მინიშნებაა ჩადებული, რომლებიც შესაძლოა ახალი თამაშის შინაარსზე მეტყველებდნენ.

პირველ რიგში, ტრეილეში გვევლინება "ასარი", რომელზეც ფრენჩაიზის ფანები ერთხმად თანხმდებიან, რომ ტრილოგიის ერთ-ერთი მთავარი გმირი ლიარა შეიძლება იყოს. ასევე, ერთ-ერთ სცენაში, ხსენებული ფიგურის მიღმა, მოჩანს ერთი შეხედვით მასიური განადგურებული კარკასი, რომელიც შესაძლოა "რიფერს" ეკუთვნოდეს. ეს მოსაზრება არის ერთადერთი, რომელიც პროექტის პროდიუსერმა მაიკ გემბლმა ტვიტერზე დაადასტურა. შესაბამისად, არსებობს სერიოზული საფუძველი იმისა, რომ ახალი პროექტი ტრილოგიის ისტორიის ერთგვარი გაგრძელებაა, რადგან "რიფერები" "მას ეფექტ: ანდრომედა"-ში არ ფიგურირებენ.
ერთი შეხედვით ყველაფერი ნათელი უნდა იყოს, მაგრამ პროდიუსერი მაიკლ გემბლი ასევე იძახის, რომ ამ დეტალების მიუხედავად ფანებმა არ უნდა ჩათვალონ, რომ სტუდიამ "ანდრომედა" საბოლოოდ მოკლა. შესაძლოა, პროდიუსერი ფანებში უბრალოდ ინტრიგის დათესვას ცდილობს და მას ეს ძალიან კარგად გამოუვიდა. საქმე იმაშია, რომ ტრეილერის დასაწყისში ნაჩვენებია ორი გალაქტიკა, რომელზეც ფანებმა ყურადღება სამართლიანად გაამახვილეს და პროდიუსერმა დაადასტურა, რომ ეს არ არის შემთხვევითი და ორი გალაქტიკის ჩვენება მიზანმიმართულია. ეს ფაქტი კი შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ დაანონსებული თამაში ტრილოგიის და "ანდრომედას" ერთდროული გაგრძელებაა. ამ სპეკულაციას ამყარებს ისიც, რომ რასა "ასარი" (შესაძლო ლიარა) ცხოვრობს ძალიან დიდ ხანს და მას შეუძლია გალაქტიკათშორისი მგზავრობის 700 წლიანი ხანგრძლივობის გადატანა. ასევე, ლიარას სთორილაინი "ანდრომედაშიც" იკვეთებოდა და ამ პერსონაჟის გამოჩენა არ იქნება უადგილო.

თიზერ თრეილერში ასევე ნაჩვენებია "მას რილეი"-ის ნანგრევები (სინათლის სიჩქარეზე სწრაფი გადაადგილების ტექნოლოგია), რომლის ჩვენებაც შესაძლოა მიუთითებდეს "მას ეფექტ 3"-ის იმ დასასრულზე, სადაც მთავარი გმირი არსებული ტექნოლოგიის განადგურებას ირჩევს. ამ დასასრულის მიხედვით, მთავარი გმირის ჯეკის სასიყვარულო პარტნიორი, თამაშის ბოლოს მის სახელს არ აკრავს იმ დაფაზე, სადაც "ნორმანდიის" დაკარგული ან დაღუპული წევრების სიაა. ანუ, შეიძლება ის ცოცხალიც კი იყოს. ერთი სიტყვით, ფანების აზრით, ლიარას გამოჩენა ახალ თამაშში ჯეკ შეფარდის როლზეც მიუთითებს.
ეს ყველაფერი ჯერ-ჯერობით მხოლოდ სპეკულაციაა. თუმცა, რა გზაც არ უნდა აირჩიოს BioWare-მა, მნიშვნელოვანია "მას ეფექტის" ტრილოგიაზე მომუშავე ვეტერანთა ჯგუფის დაბრუნება, რომლებმაც ბოლო წლებში სტუდია დატოვეს. დაბრუნებულთა შორის იქნებიან ტრილოგიის კინემატოგრაფიული დირექტორი, არტ დირექტორი, გეიმფლეის სისტემის მთავარი ინჟინერი და სხვები.
Mass Effect Will Continue!