ამ თემაში განვიხილოთ ფიზიკური კულტურა და ათლეტიზმი სხვადასხვა ეპოქებსა და კულტურულ გარემოში.
ისტორიის განმავლობაში რას ფიქრობდნენ სხეულის კულტურის შესახებ?
რა სპეციფიური იდეები ვრცელდებოდა ამა თუ იმ ხალხში ფიზიკურ აღზრდაზე? რას აფასებდნენ ასეთი აღზრდის დროს?
შევადაროთ ეს წარსული გამოცდილება ჩვენს თანამედროვე აღქმებს.
ჩართეთ თქვენი მოსაზრებები სხეულის წრთობის, ფიზიკური აღზრდის შესახებ.
მე ჩემი ფავორიტი ძველი ბერძნებით დავიწყებ, რომლებიც სხეულისა და გონების განვითარებას სინქრონში ხედავდნენ და მაღალ ფილოსოფიურ დონეზე ქმნიდნენ თავიანთ კონცეფციას სხეულის შესახებ.
"ვინც მათემატიკითა და სხვა საქმით არის დაკავებული, რაც გონების ძლიერ დაძაბვას მოითხოვს, აუცილებლად უნდა ავარჯიშებდეს სხეულსაც, გიმნასტიკის მეშვეობით; და პირიქით: ვინც უმეტესად თავისი სხეულის განვითარებაზე ზრუნავს, თავის სულსაც უნდა ავარჯიშებდეს, დაკავდეს მუსიკით და ყველაფრით, რაც ფილოსოფიას ეკუთვნის, თუ მას სურს რომ სამართლიანად იწოდებოდეს არა მხოლოდ მშვენიერ, არამედ ასევე ქველ ადამიანად." (პლატონი)

"ბერძნები თავიანთ ღმერთებსაც გამოსახავდნენ როგორც ძლიერებს, მოქნილებს, სწრაფებსა და მშვენიერებს. რაღაც დონეზე ღვთაებები საუკეთესო ათლეტების წარმოსახვითი და ფანტასტიური ასლები იყვნენ. აქედან თეზისი: "ადამიანები როგორც ღმერთები და ღმერთები როგორც ადამიანები." ბერძენი, რომელსაც სურდა თავის ღმერთებს დამსგავსებოდა, ფიზიკური სრულყოფისკენ ისწრაფოდა." (იური შანინი. "ანტიკური ათლეტიზმის ისტორია")
სხეულის კულტურა, რომელიც არ იყო მხოლოდ სხეულის წრთობა, მას სხეულით უნდა გამოეხატა ადამიანის ზნეობრიობა და კარგი მოქალაქეობა და ამ შეგნებით ადამიანებს სისტემურად ზრდიდნენ. ან როგორც გეორგ დიუპერონი იტყოდა, "ელინური აღზრდა - დღემდე ერთადერთი მაგალითი ფიზიკური კულტურის სახელმწიფო დონემდე აყვანისა."
This post has been edited by მიქაელ on 1 Jun 2024, 01:19
რევოლუცია ჭადის ჭამა არ გეგონოს. (გურულ მეამბოხეთა გამოთქმა)