არ ვიცი ვისია მარა წაიკითხეთ
ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში სიცარიელეს დაესადგურებინა. კარგად მოკალათებული სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა. ვერ ათბობდა უბრალო ალაგ-ალაგ დრო ჟამისაგან დაღიავებულ ქოხს მბჟუტავი კუნძი, მარტო უგემურად ბოლავდა და ისიც ემატებოდა იმ საშინელ მყუდროებას, სახლში რომ გამეფებულიყო. ოთახის შუაგულში სამფეხა სკამზე წელმოხრილი მოხუცი იჯდა. თვალები ცეცხლისათვის მიეშტერებინა, ფიქრები კი, ფიქრები იმ ბოლში ეკარგებოდა. ნელი ოხვრა ვერ აქარვებდა დარდსა და ვარამს. უსაშველოდ გრძელი იყო გზა, რომელიც მას სამშობლოს აშორებდა. უფრო და უფრო შორდებოდა ის ყოველივე მშობლიურს, უცხო ზნე-ჩვეულებათა შემსრულებელი. მაგრამ სხვა გამოსავალი არც ჰქონდა. დროგამოშვებით გაიელვებდა გონებაში ნაზად მომღიმარი ქალწულების სახე, ხმალზედაყრდნობილი ახალგაზრდების მხიარული სიმღერა ომში. აყუდებული კიდეები და ხევ-ხუვებში დაკარგული მშობლიური მდინარის მშფოთვარე გნიასი. განა ახლა არ ატარებდა ხმალს? განა არ სვამდა წყალს ყოველდღე წყურვილის მოსაკლავად? განა აქ არ იყვნენ ლამაზი ქალები? მაგრამ ეს ის მიწა არ იყო, რომელსაც კარგად თუ დაუგდებ ყურს, წინაპართა გმირულ ამბებს მოგიყვებოდა, მოგიალერსებდა, ისე შეგაყვარებდა თავს მისი გულისათვის სიცოცხლეს დაუფიქრებლად გასწირავდი. ენატრებოდა მოხუცს ქართული ''იავნანა''... ყვავის ჩხავილივით ისმოდა მოლას გაბმული ''გალობა''... ''ყველაფერი დავკარგე... რა დამრჩენია ამ წუთისოფელში ჩემი ქართულის გარეშე''... მძინარე შვლიშვილს მიუახლოვდა, გააღვიძა და ბევრი ელაპარაკა საქართველოზე, მშობლიურ ენაზე მისი ტიტინი გულს ახარებდა, რაღაც ნაცნობი, მშობლიური მოჩანდა მის ხმაში. ბავშვი ხომ ქართულ ენაზე ლაპარაკობდა.
მოხუცს თვალში ცრემლი მოეძალა, კიდევ ერთხელ მოუალერსა პატარას... და ძველ ადგილას დაბრუნდა. არც შეუნიშნავს როგორ გატენდა. ჩვეულებრივი დილისათვის დამახასიათებელი ფუსფუსი ატყდა. მოხუცს კი აჩრდილივით ადევნებოდა სიკვდილზე ფიქრი... მას ეშინოდა, ეშინოდა, რომ სიკვდილის წინაც ვერ ეამბორებოდა მშობლიურ მიწას... მზე კი ამოსვლას აგვიანებდა... მწუხარე ღრუბლები შემოსცქეროდნენ დედამიწას, თითქოს ისინიც იზიარებდნენ იმ ტკივილს, ყოველი გადასახლებული ქართველის გულში რომ დაბუდებულა და თვალებში ნატვრად ქცეულა. უცებ აწვიმდა... წვიმდა შეუჩერებლად, ნიაღვრები ჩანთქმას უპირებდნენ ყველას და ყველაფერს. მოხუცს კი არ შეუნიშნავს ეს ყველაფერი... ეს ალიაქოთი.... კუნძი უკვე დიდი ხანია აღარ ბოლავდა... ფიქრი მოხუცს ბავშვის მხიარულმა შეძახილმა შეაწყვეტინა. ''ბაბუ ბაბუ, შორს ჩვენი დიდი საქართველო მოჩანს...'' მან ხელი ჩაჰკიდა, გარეთ გაიყვანა და ცაზე, ცაზე უზარმაზარი ცისარტყელა ანათებდა. შორს კი წითელი მზე ბრდღვიალებდა...
ეძღვნება ფერეიდანში შაჰ-აბასის მიერ გადასახლებული ქართველების ხსოვნას, რომლებმაც ვერ შეძლეს უკან დაბრუნება და მშობლიურ მიწაში დავანება. მათი რწმენით, თუ ცისარტყელას გაივლიდნენ, დიდ საქართველოში მოხვდებოდნენ. ეს ამბავი ლეგენდასავით დღესაც არსებობს ხალხში...