Bo Derek
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 327
წევრი No.: 2679
რეგისტრ.: 10-September 03
|
#1780177 · 29 Aug 2005, 06:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს სტატია მგონი იმ ფილმის ძირითად შინაარს გამოხატავს. საინტერესოა, რას ფიქრობთ.
კობა ბექაურის გამდიდრების საიდუმლო " როგორ იქცა მტვირთავი დიდ ბიზნესმენად და როგორ წაართვა შევარდნაძის ჩინოვნიკებს ბიზნესი "
ანტიკორუფციული ლოზუნგით ქვეყნის სათავეში მოსული მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ მის ხელისუფლებაში უკანონოდ გამდიდრებას ვერავინ შეძლებდა. პრეზიდენტის ამგვარი განწყობის მიუხედავად, ახალი ხელისუფლების ჩინოვნიკთა ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევები არცთუ იშვიათია. სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო ორ წელიწადში ბიზნესის აწყობაც მოახერხეს და სოლიდური ქონების დაგროვებაც.
სააკაშვილის ხელისუფლებაში ერთ-ერთი სახელმწიფო ჩინოსანი, ვინც ბიზნესი ააწყო და უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა, სახელისუფლებო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, დეპუტატი კობა ბექაურია.
მეცხოველეობის მეურნეობიდან დიდ პოლიტიკამდე
ბექაური თიანეთის რაიონ სოფელ ღულელებში დაიბადა. დაამთავრა თბილისის საერო ინსტიტუტი ”გაენათი”, მუშაობდა ღულელების მეცხოველეობის მეურნეობაში, იყო პურის N6 ქარხნის მტვირთავი მუშა. 1996 წლიდან კობა ბექაური სახელმწიფო სამსახურში მიდის. იგი ჯერ რაიონის გამგებლის რწმუნებული, შემდეგ საგადასახადო ინსპექტორი, სააკაშვილის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს კი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელია. 2004 წლიდან კობა ბექაური საქართველოს პარლამენტის წევრია.
რევოლუციამდელი მოკრძალებული ქონება
თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, კობა ბექაურის ქონება 2005 წლამდე მოკრძალებულად გამოიყურება. 2004 წელს ბექაურს დეკლარირებული აქვს 50 000 ლარად შეფასებული საცხოვრებელი ბინა ვარკეთილში, 6 000 ლარიანი ავტოფარეხი და ორი ავტომანქანა, რომელთაგან ერთი 17 000 ლარად, ხოლო მეორე 7 500 ლარად არის შეფასებული. ბექაურის საკუთრებაშია შპს ”ბექა”. შპს ”ბექადან” კობა ბექაურს მოგება არ მიუღია. ამის თქმის საფუძველს იძლევა მისი საფინანსო დეკლარაცია, სადაც დეპუტატს ფირმიდან მიღებული შემოსავალი დაფიქსირებული არა აქვს. მოგების მიღების შემთხვევაში, თუკი ის საარსებო მინიმუმის თხუთმეტმაგ ოდენობაზე მეტი იქნებოდა, დეპუტატს მისი დეკლარირება აუცილებლად მოუწევდა. შპს ”ბექა” კობა ბექაურის მიერ 2005 წელს შევსებულ დეკლარაციაში აღარ ფიქსირდება. ბექაურმა ერთ წელში ბიზნესი ააწყო და სოლიდური ქონებაც შეიძინა.
2005 წელს ბექაურის მიერ დეკლარირებული ქონება 294 550 ლარით გაიზარდა. დეკლარაციაში გაჩნდა ახალი ნივთები: 17 000 ლარად შეფასებული ”მერსედეს ბენცი”, 100 000 ლარად ღირებული მშენებარე ბინები, რომელთაგან ერთი სააკაძის მოედანზე, ხოლო მეორე - ყაზბეგის ქუჩაზე მდებარეობს და საბაჟო ტერმინალ შპს ”ოპიზას” აქციების 20%, რომელიც პარლამენტარს მეუღლეზე, თამარ გაგნიძეზე აქვს გაფორმებული. ბექაურის საკუთრებაში აღმოჩნდა ნაღდი ფული 50 000 დოლარი და 10 000 ლარი.
იმ დროს, როდესაც დეპუტატი ქონებას აგროვებდა, ბექაურის ოჯახის შემოსავალს მხოლოდ მისი და მისი მეუღლის ხელფასი წარმოადგენდა. ბექაურის წლიური ხელფასი 11 160 ლარია, მისი მეუღლის კი, რომელიც მთაწმინდა-კრწანისის გამგეობაში აპარატის უფროსის მოადგილედ მუშაობს, დეპუტატის ხელფასზე ბევრად ნაკლები აქვს. ბექაურის ოჯახის შემოსავალი ასეთი ღირებულების ქონების შეძენის საშუალებას არ იძლეოდა.
კობა ბექაური ამბობს, რომ მშენებარე ბინები და ”ოპიზას” აქციები სესხად აღებული ფულით შეიძინა.
დეპუტატმა კანონი დაარღვია
მართლაც არსებობს 2005 წლის ორ მარტს გაფორმებული და ნოტარიალურად დამოწმებული სასესხო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, 150 000 დოლარი კობა ბექაურმა 2010 წლამდე ისესხა. ხელშეკრულების მიხედვით, დეპუტატს ფული ვინმე მერაბ ფიჩხაძემ ასესხა. ბექაურის თქმით, მერაბ ფიჩხაძე მისი ახლო მეგობარია, ისრაელში ცხოვრობს და რამდენიმე სერიოზულ ბიზნესშია ჩართული.
ბექაურმა ფიჩხაძის ბიზნესი არ დააკონკრეტა, ჩვენ მისგან ვერ გავიგეთ, რომელი ფირმის მფლობელია ისრაელში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი. პროგრამაში ”ნექსისნექსის” უცხოეთში მოღვაწე ყველა სერიოზულ ბიზნესმენზე შეიძლება ინფორმაციის მოძიება. ნიშანდობლივია, რომ ამ პროგრამაში ფიჩხაძის შესახებ არანაირი ცნობა არ მოიპოვება. კობა ბექაური ირწმუნება, რომ მერაბ ფიჩხაძე ბუნებაში ნამდვილად არსებობს და ისრაელში მის სახლშიც არის ნამყოფი. დეპუტატის თქმით, მან ფული პატიოსანი გზით მიიღო და ეს არ იყო შავი ფული.
სასესხო ხელშეკრულების გაფორმების მომენტში, ბექაურის ოჯახის შემოსავალი 150 000 დოლარის 2010 წლამდე დაბრუნების გარანტიას ვერანაირად ვერ იძლეოდა. მიუხედავად ამისა, სასესხო ხელშეკრულება მაინც გაფორმდა. ”ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის მოადგილის, დავით ნარმანიას თქმით, ფულის გამსესხებელი ყოველთვის ინტერესდება მსესხებლის შემოსავლებით და მისი ქონებით. კობა ბექაურს საამისოდ არც ქონება და არც შემოსავალი არ გააჩნდა.
დავით ნარმანია: ”როდესაც ფიზიკური თუ იურიდიული პირი გარკვეული ვადით სესხს იღებს, გამსესხებელი ყოველთვის ინტერესდება ამ პირის შემოსავლებით. კერძოდ, მას საშუალოდ ყოველწლიურად რა შემოსავლები გააჩნია და რამდენ ხანში შეძლებს სესხად აღებული თანხის გასტუმრებას. ასევე, ის საპროცენტო განაკვეთი, რა საპროცენტო განაკვეთითაც მას აღებული აქვს ეს სესხი. 150 000 დოლარი ხუთი წლის ვადით აღებული იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 30 000 დოლარია ძირითადი თანხა გადასახდელი, პლუს პროცენტი”.
სასესხო ხელშეკრულების მიხედვით, კობა ბექაურს 150 000 დოლარი მერაბ ფიჩხაძემ უპროცენტოდ ასესხა. საბანკო ბაზარზე ყველაზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10 პროცენტია. ათი პროცენტით გაცემული 150 000 დოლარის ჯამური პროცენტი ხუთი წლის განმავლობაში 75 000 დოლარი იქნებოდა. მერაბ ფიჩხაძემ 75 000 დოლარზე, რომელიც მისთვის 150 000 დოლარს უნდა მოეტანა, კობა ბექაურის სასარგებლოდ უარი თქვა. კობა ბექაურმა კი საკმაოდ სოლიდური თანხა საჩუქრად მიიღო. საქართველოს კანონი საჯარო სამსახურში კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ, სახელმწიფო მოხელეს, მათ შორის პარლამენტის წევრს, უკრძალავს უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ნებისმიერი ქონების მიღებას. აღნიშნული კანონის მიხედვით, საჯარო მოხელეს ერთი წლის განმავლობაში საარსებო მინიმუმის ოცმაგ ოდენობაზე მეტის მიღების უფლება არა აქვს. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის ანა დოლიძის თქმით, კობა ბექაურმა იმაზე ბევრად მაღალი ღირებულების საჩუქარი მიიღო, ვიდრე ამას კანონი ითვალისწინებს.
ანა დოლიძე: ”ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონი მიუთითებს, რომ თანამდებობის პირებს და აქ იგულისხმებიან პარლამენტის წევრებიც, არა აქვთ უფლება, მიიღონ საჩუქარი გარკვეულ ოდენობაზე მეტი და საჩუქარი არის სწორედ შეღავათიანი პირობებით გადაცემული ქონება. სესხი რომელიც უპროცენტოა და უპროცენტო სესხს, ჩვენ დღეს იშვიათად ვნახავთ ბაზარზე, შესაბამისად, ბაზართან არსებულ პირობებთან შედარებით, შეღავათიანი პირობებით არის გადაცემული და გამოდის, რომ ამ კონკრეტულმა პარლამენტის წევრმა მიიღო საჩუქარი, ეს საჩუქარი ბევრად მაღალი ღირებულებისაა, ვიდრე გათვალისწინებულია ინტერესთა შესახებ კანონით”. კანონმდებელი ბექაური ამბობს, რომ მისთვის უცნობია კანონის ეს ნორმა და თუკი ასეთი შეზღუდვა მართლაც არსებობს, მას ეს არ აინტერესებს.
კობა ბექაურმა სესხის უპროცენტოდ აღებით, კანონი საჯარო სამსახურში კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ დაარღვია, რაც იურისტ ანა დოლიძის თქმით, იმის საფუძველია, რომ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა იმსჯელოს და საკანონმდებლო ორგანოს წინაშე კობა ბექაურის, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დააყენოს.
კლანი კლანს ცვლის
სასესხო ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ კვირაში, 2005 წლის 25 მარტიდან ბექაურის მეუღლე თამარ გაგნიძე საბაჟო ტერმინალ შპს ”ოპიზას” აქციების შეძენას იწყებს.
სანამ ბექაურის ოჯახის წევრი საბაჟო ტერმინალის აქციებს შეიძენდა, ორი დღით ადრე ოპიზას წესდებაში ცვლილება შევიდა. 2005 წლის 23 მარტამდე შპს ”ოპიზას” წესდებით, წილის გასხვისებისას უპირატესი შეძენის უფლება მინიჭებული ჰქონდათ კომპანიის პარტნიორებს. 23 მარტს კი ოპიზას დირექტორის განცხადების საფუძველზე, ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ ”ოპიზას” წესდებიდან ეს მუხლი ამოიღო. ორი დღის შემდეგ 25 მარტს ბექაურის მეუღლემ აქციების 5,74 პროცენტი შეიძინა, ორიოდე თვეში 2005 წლის ექვს ივნისს კი 14,42%, რის შემდეგაც დეპუტატის ოჯახი კომპანიის ყველაზე მსხვილი აქციონერი გახდა.
ანა დოლიძე: ”ცხადია, როდესაც წესდებაში შედის ცვლილება იმასთან დაკავშირებით, რომ უპირატესი შესყიდვის უფლება აღარ აქვთ უკვე საზოგადოების პარტნიორებს და წილი შეიძლება შეისყიდოს ნებისმიერმა პირმა, როდესაც ეს შედის რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე მას რეალურად პარლამენტარის ოჯახის წევრი შეისყიდის, ცხადია, რომ ეს დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ წილების გაყიდვა უნდა მომხდარიყო სწორედ ამ პირებზე. თუკი ეს ნორმა დარჩებოდა წესდებაში, შესაბამისად, ჯერ უნდა შეეთავაზებინათ პარტნიორებისთვის და შემდეგ გარეშე პირებისთვის. ეს პრობლემა ამ ცვლილების შეტანით აღმოიფხვრა”.
კობა ბექაურის მეუღლის მიერ შეძენილი აქციების საბაზრო და ნომინალური ღირებულება 77 550 ლარია. ფარულ ჩანაწერში კითხვაზე, წილის გამსხვისებლები დაადასტურებენ თუ არა, რომ თამარ გაგნიძემ აქციებში აღნიშნული თანხა გადაიხადა, კობა ბექაური პასუხობს, რომ აქციების გასხვისება მოლაპარაკების საფუძველზე მოხდა, თუმცა მას მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიუღია. ბექაური არ ასახელებს მოლაპარაკებების მწარმოებლებს.
”ოპიზას” აქციების 96%-ის მფლობელი 2004 წლის 25 მაისამდე კალისტრატე სიჭინავა იყო, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, შევარდნაძის ხელისუფლების შს მინისტრ კახა თარგამაძის მოადგილის ვასილ დავითაიას სიმამრია. ცნობილია, რომ თავის დროზე ვასილ დავითაია კახა თარგამაძის მარჯვენა ხელი იყო მის ჩრდილოვან საქმიანობაში.
”ოპიზა” არ ფუნქციონირებდა
კალისტრატე სიჭინავა ”ოპიზას” დირექტორიც იყო. მან 2002 წელს ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს თხოვნით მიმართა, რომ ”ოპიზა” სამეწარმეო რეესტრში შპს-დ დაერეგისტრირებინა. იქამდე, ”ოპიზა” სააქციო საზოგადოება იყო, რომელიც ლილოს საშენ მასალათა კომბინატის ბაზაზე შეიქმნა.
ძველი მფლობელების დროს ”ოპიზა” მომგებიანი არ იყო. მეტიც, იგი პრაქტიკულად არ ფუნქციონირებდა. ამაზე მეტყველებს ”ოპიზას” 2002 წლის პარტნიორთა კრების ოქმი, სადაც ორგანიზაციის მსხვილი მესაკუთრე და დირექტორი კალისტრატე სიჭინავა მის პარტნიორებს ფირმაში ფულადი შენატანებისაკენ მოუწოდებს. ციტატა ”ოპიზას” პარტნიორთა კრების ოქმიდან: ”საწარმო, მიუხედავად მისი არაფუნქციონირებისა, დღეისთვის შეძლებისდაგვარად გადარჩენილია გაძარცვისას, დღემდე ყველა აუცილებელი ხარჯი (მათ შორის, საწარმოს დაცვის და ა. შ.) გაწეულია კალისტრატე სიჭინავას პირადი დანაზოგებიდან. მან კრებას მიმართა შემდეგი წინადადებით: სს ”ოპიზას” ყველა აქციონერს გაეგზავნოს შეტყობინება იმის შესახებ, რომ მათ განახორციელონ ის ფულადი შენატანები (ყველა აქციონერმა თავისი წილის შესაბამისად), რომლებიც დახარჯულია მის მიერ საწარმოს შენარჩუნებისა და არსებობისათვის”.
მიუხედავად იმისა, რომ ”ოპიზა” არ ფუნქციონირებდა, მის საკუთრებაში იყო ლილოს ტერიტორიაზე მდებარე 13 ჰექტარი მიწა და იქ არსებული საბაჟო ტერმინალის ინფრასტრუქტურა.
”ოპიზა” რევოლუციის შემდეგ ძლიერდება
კობა ბექაური და ის ადამიანები, რომლებსაც დეპუტატი პარტნიორ-მეგობრებს უწოდებს, შპს ”ოპიზას” რევოლუციის შემდეგ დაეპატრონნენ. ”ოპიზას” აქციები ბექაურის მეუღლის გარდა, შეიძინეს ლილოს ბაზრობის მფლობელებმა ვაჟა უსანეთაშვილმა და თენგიზ გავაშელმა. ”ოპიზას” წილის მესაკუთრე გახდა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის ყოფილი მრჩევლის სერგო ჯავახიძის ბიძაშვილი ნიკოლოზ ჯავახიძე. სერგო ჯავახიძე ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურებშიც მუშაობდა. იგი ჯერ ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი, შემდგომ კი ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი იყო. სერგო ჯავახიძის ბიძაშვილმა აქციები მაშინ შეიძინა, როდესაც სერგო ჯავახიძე საჯარო სამსახურში მსახურობდა. მოგვიანებით ნიკოლოზ ჯავახიძის მფლობელობაში არსებული ”ოპიზას” წილი სერგო ჯავახიძის მეუღლის ირინა გეწაძის სახელზე გადაფორმდა. წილის გადაფორმების პროცესის დასრულების შემდეგ სერგო ჯავახიძემ საგადასახადო დეპარტამენტის მაღალი პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და ”ოპიზას” დირექტორად დაინიშნა.
”ოპიზას” აღმავლობა ”ლილო 1”-ის ხარჯზე მოხდა
მას შემდეგ, რაც ”ოპიზას” მფლობელები ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა ნათესავები გახდნენ, დღის წესრიგში დადგა ტერმინალის ფუნქციონირებისთვის საჭირო პირობების შექმნა. ორგანიზაციის ახალმა მფლობელებმა დაიწყეს ”ოპიზას” კუთვნილი ტერიტორიის გაფართოება და იქ არსებული შენობების რეკონსტრუქცია. ამისთვის ხარჯები, როგორც ფარულ ჩანაწერში კობა ბექაური ამბობს, ”თი-ბი-სი” ბანკიდან აღებული კრედიტით დაიფარა. მხოლოდ ტერიტორია და გარემონტებული შენობები ”ოპიზაში” კლიენტებს ვერ მიიზიდავდა. ამისთვის საბაჟო ტერმინალის ხელმძღვანელობამ საჭიროდ მიიჩნია ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის აღმოსავლეთ საბაჟოს მის ტერიტორიაზე გადაყვანა, რომელიც მანამდე სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ საბაჟო ტერმინალ ”ლილო 1”-ის ტერიტორიაზე იყო განთავსებული. საბაჟო დეპარტამენტს ”ლილო 1”-ისგან შენობა არენდით ჰქონდა აღებული და მას ქირას უხდიდა. ”ოპიზამ” თბილისის რეგიონულ საბაჟოს შენობა უსასყიდლოდ დაუთმო.
”ლილო 1”-ის მოგება სახელმწიფოს ეკუთვნოდა
რევოლუციის შემდეგ სახელმწიფოს ასი პროცენტით კუთვნილი საბაჟო ტერმინალი ”ლილო 1”-ის მომგებიანი იყო. ”ლილო 1”-ის ყოფილი დირექტორის ივა ხეთაგურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტერმინალმა თანამშრომელთა სახელფასო დავალიანებების გასტუმრება დაიწყო, ”ლილო 1”-ის მოგებამ ხუთ თვეში 100 000 ლარზე მეტი შეადგინა. მას შემდეგ, რაც ”ლილო 1” ყველა სამსახურმა, რომელიც საბაჟო ტერმინალის ფუნქციონირებას ხელს უწყობს, დატოვა, ტერმინალი თანამშრომელთა ხელფასების გასტუმრებასაც კი ვერ ახერხებს.
”ოპიზამ” ფუნქციონირება საბაჟოს ადმინისტრაციის გადასვლის შემდეგ დაიწყო. საბაჟოს ”ლილო 1”-თან ხელშეკრულება ჰქონდა დადებული. ტერმინალის მაშინდელი დირექტორის ივა ხეთაგურის თქმით, საბაჟო დეპარტამენტმა მათთან დადებული სახელშეკრულებო პირობები უხეშად დაარღვია. კონტრაქტორს წასვლის შესახებ ათი დღით ადრე არ აცნობა, როგორც ამას ხელშეკრულება ითვალისწინებდა. საბაჟო დეპარტამენტმა ”ლილო 1”-ის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მაშინ აუწყა, როდესაც მისი ერთ-ერთი ორგანო, აღმოსავლეთი საბაჟო, უკვე ”ოპიზაში” იყო გადასული. საბაჟო დეპარტამენტმა ”ლილო 1”-ს ერთი თვის ქირაც კი არ გადაუხადა. ”ლილო 1”-ის საბაჟოს ადმინისტრაციის გარდა, დატოვა ყველა იმ სამსახურმა, რომელიც საბაჟო ტერმინალის მუშაობას ხელს უწყობს, ფიტო, სანიტარია და საბაჟო ბროკერები ”ოპიზაში” გადავიდნენ. ყოველივე ამან განაპირობა საკმაოდ მომგებიანი სახელმწიფო ტერმინალის ”ლილო 1”-ის გაკოტრება. იქ ახლა პრაქტიკულად იმპორტიორები აღარ შედიან. ”ლილო 1”-ის გაკოტრების პარალელურად, დაიწყო კერძო საბაჟო ტერმინალ ”ოპიზას” ფინანსური და ეკონომიკური აღმავლობა. ლილოს კლიენტები ახლა ”ოპიზაში” მიდიან, რადგანაც იქ მებაჟეები არიან და ტვირთის გაბაჟებისთვის ეფექტური პირობებია შექმნილი.
კობა ბექაური ფარულ ჩანაწერში ამბობს, რომ მას ”ოპიზას” ტერიტორიაზე საბაჟოს ადმინისტრაციის გადაყვანა აწყობდა. აღმოსავლეთის საბაჟოს უფროს ნუგზარ კევლიშვილის თქმით, ეს ბიზნესია და ”ოპიზას” შემოთავაზებაც მათი გადაყვანის თაობაზე ბიზნესინტერესებს უკავშირდებოდა. საბაჟოს ადმინისტრაცია ”ოპიზაში” გადასვლის არგუმენტად მის მიერ შემოთავაზებულ უკეთეს პირობებს ასახელებს.
იმპორტიორები მებაჟეებს უჩივიან
უკეთეს პირობებს, წესით, საბაჟოს ადმინისტრაციის ეფექტურად და ოპერატიულად მუშაობა უნდა განეპირობებინა, მაგრამ, როგორც იმპორტიორები განმარტავენ, პირიქით მოხდა. განბაჟების პროცედურები უწინდელთან შედარებით დროში საკმაოდ გაიწელა და ახალი, მათთვის მიუღებელი ტარიფები დაუწესდათ. იმპორტიორთა ნაწილი ახალი ტარიფების დაწესებას, რომელიც, მათი თქმით, არა ტვირთის ღირებულებით, არამედ მისი კუბომეტრების საშუალებით განისაზღვრება, უკანონოს უწოდებს. ისინი მებაჟეებს ამგვარი გეგმის სრულყოფაში მოყვანაში ეწინააღმდეგებიან. შედეგად კი მებაჟეები იმპორტიორებს ტვირთს არ ატანენ. ტერმინალში ტვირთის დიდხანს გაჩერება ”ოპიზას” ინტერესებში შედის. რაც უფრო დიდხანს იქნება ტვირთი გაჩერებული საბაჟო ტერმინალში, იმპორტიორი მით მეტ ფულს იხდის.
ამასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა საბაჟო დეპარტამენტი ბიზნესმენთა უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა.
მაშინ, როდესაც ”ლილო 1” მოგებაზე მუშაობდა, მას ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი ლაშა ბრეგვაძე მართავდა. მისი მმართველობის პერიოდის ბოლო ეტაპზე ტერმინალმა სერიოზული კრახი განიცადა. ბრეგვაძე ტერმინალის დირექტორად 2004 წლის ათ დეკემბერს დაინიშნა. მაშინ საბაჟო ტერმინალი ”ოპიზა” ჯერ გახსნილი არ იყო, თუმცა, ”ოპიზას” წილების გადაფორმების პროცესი მიდიოდა და იმთავითვე ცნობილი იყო, რომ ”ოპიზა” ლილოს ტერმიანლის კონკურენტი გახდებოდა. ლაშა ბრეგვაძე მაშინ, როდესაც ”ლილო 1”-ს ხელმძღვანელობდა, მისი ორგანიზაციის კონკურენტ ფირმა ”ოპიზაში” დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. მიუხედავად კერძო სტრუქტურაში გადასვლისა, ლაშა ბრეგვაძეს სახელმწიფო სამსახური არ დაუტოვებია. თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო. არაფერი იცოდნენ სახელმწიფოს საწარმოთა მართვის სააგენტოშიც. შპს ”ლილო 1” საწარმოთა მართვის სააგენტოს დაქვემდებარებაშია. ჩვენს მიერ მიწერილი წერილის პასუხად, საწარმოთა მართვის სააგენტომ გვაცნობა, რომ ლაშა ბრეგვაძე, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, 2004 წლის ათი დეკემბრიდან 2005 წლის 20 ივნისამდე ასრულებდა შპს ”ლილო 1”-ის დირექტორის მოვალეობას და სხვა ინფორმაცია არ გააჩნიათ. სამეწარმეო რეესტრიდან ჩვენს მიერ ამოღებული ”ოპიზას” საქმიდან ირკვევა, რომ ლაშა ბრეგვაძე ”ოპიზას” დირექტორად 2005 წლის თებერვალში დაინიშნა, ანუ მაშინ, როდესაც ”ლილო 1”-ის აღმასრულებლის პრივილეგიითაც სარგებლობდა. ლაშა ბრეგვაძე ”ოპიზას” წილების გასხვისებაშიც მონაწილეობდა და სასამართლოებს ”ოპიზას” დირექტორის სახელით, სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანით მიმართავდა.
იურისტ ანა დოლიძის თქმით, აქ ცალსახა სამართლებრივი ნორმების დარღვევასთან საქმე არ გვაქვს, თუმცა, ნამდვილად არის ეთიკური ნორმების დარღვევა. ანა დოლიძე: ”როდესაც ადამიანი ასრულებს კონკრეტული ორგანიზაციის დირექტორის მოვალეობას და პარალელურად საქმიანობს მის კონკურენტ ორგანიზაციაში, ეს არ არის ერთმნიშვნელოვნად სამართლებრივი ნორმის დარღვევა, თუმცა, ნამდვილად არის ეთიკური ნორმების დარღვევა. ჩვენ შეიძლება თავისუფლად ვილაპარაკოთ იმაზე, რა კონკრეტული ინტერესები შეიძლება ამოძრავებდეს ამ ადამიანს. ერთი ახსნა არის, ხომ არ არის ეს ადამიანი იმთავითვე დანიშნული ლილოს ტერმინალში იმისთვის, რომ ”ლილო 1”-ის გაკოტრდეს და მის პარალელურად საქმიანობა დაიწყოს მეორე ორგანიზაციამ შპს ”ოპიზამ” და იმისთვის, რომ ეს ორგანიზაცია აყვავდეს ”ლილო 1”-ის დამარცხების ხარჯზე. ის, რომ ეს პიროვნება ”ლილო 1”-ში ინიშნება რამდენიმე თვით ადრე, შემდეგ გარკვეულ ღონისძიებებს ახორციელებს, რომელიც პრინციპში მის კონკურენტ ორგანიზაციას უწყობს ხელს და შემდეგ უკვე აღმოჩნდება, რომ შპს ”ოპიზას” წარმოადგენს, მიჩნდება აზრი, რომ ეს ყველაფერი წინასწარ გათვლილი და დაგეგმილია სწორედ იმიტომ, რომ შპს ”ოპიზას” საქმიანობას ხელი შეუწყოს”.
”ლილო-1”-ის ქონება ჯართად გაიყიდა
მაშინ, როდესაც ლაშა ბრეგვაძე ”ოპიზას” დირექტორი იყო, მისი ბრძანებით ”ლილო 1”-ის ქონების ჯართად ჩამოწერა და გაყიდვა ხორციელდებოდა. ჯართად ჩაბარდა ”ლილო ერთის” კუთვნილი ტარაკონტეინერები, საიდანაც ტერმინალის ყოფილ ხელმძღვანელთა თქმით, ”ლილო 1”-ის უნდა მიეღო 90 000 დოლარი. საბაჟოს ადმინისტრაციის ოპიზაში გადასვლის შემდეგ, ლაშა ბრეგვაძე პირადი განცხადების საფუძველზე ”ლილო 1”-ის დირექტორის პოსტიდან გათავისუფლდა. მან მხოლოდ ”ოპიზას” დირექტორის თანამდებობა დაიტოვა, თუმცა, იქიდანაც მალე წავიდა. ”ოპიზას” დირექტორი ახლა სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი სერგო ჯავახიძეა.
ბელა ზაქაიძე
--------------------
They that can give up essential liberty to obtain a little temporary safety deserve neither liberty nor safety.
|