Girlhttp://www.president.gov.ge/საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 380
ქ. თბილისი, 2004 წლის 9 სექტემბერი
უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და ”საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 41-ე მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ თანდართული დებულება და დანართები N1. N2.
2. საქართველოს მთავრობამ (ზ. ჟვანია) განახორციელოს ღონისძიებები სხვა ქვეყნებთან ორმხრივი ხელშეკრულებების დადებისა და საქართველოს მოქალაქეობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამართლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადასაწყვეტად.
დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის სექტემბრის N 380 ბრძანებულებით.
დებულება უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ
მუხლი 1
ეს დებულება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით განცხადების წარდგენის, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს.
მუხლი 2
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება იმავდროულად მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
მუხლი 3
1. უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც სურს იმავდროლად მიენიჭოს საქართველო მოქალაქეობა, განცხადებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს პირადად ან საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლის ან საკონსულო დაწესებულების (შემდგომში-საკონსულო დაწესებულება) მეშვეობით.
2. განცხადება (დანართი N1) წარდგენილ უნდა იქნეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ან პირის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ან სხვა შესაბამის საკონსულო დაწესებულებაში.
3. უცხო ქვეყნის მოქალაქის განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) ავტობიოგრაფია;
ბ) პასპორტის ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის დადგენილი წესით დამოწმებული ასლი;
გ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
დ) 2 (ორი) ფოტოსურათი.
მუხლი 4
1. უცხო ქვეყნის მოქალაქის განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ან საკონსულო დაწესებულებაში წარდგენილ უნდა იქნეს პირადად განმცხადებლის მიერ.
2. თუ დაინტერესებულ პირს საპატიო მიზეზით (ავადმყოფობა, ხანგრძლივი მივლინება, სამხედრო სამსახური და სხვა.) არ შეუძლია განცხადების პირადად წარდგენა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ან საკონსულო დაწესებულება განცხადებას და თანდართულ დოკუმენტაციას მიიღებს სათანადო წესით გაფორმებული მინდობილობის მქონე პირის ან ფოსტის მეშვეობით.
3. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ დებულების მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური (შემდგომში-სამსახური) ან საკონსულო დაწესებულება განცხადების მიღებიდან 3 დღეში მიმართავს განმცხადებელს და განუსაზღვრავს მას გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოფხვრისა და სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით.
4. საკონსულო დაწესებულება განცხადების მიღებიდან ან ხარვეზების აღმოფხვრიდან ერთ თვეში უზრუნველყოფს სრულყოფილი დოკუმენტაციის გადმოგზავნას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
მუხლი 5
საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ სამსახური საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს განმცხადებელი პირის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის (შეუსაბამობის) თაობაზე.
მუხლი 6
1. სამსახურის მიერ წინადადებების მომზადების ვადა არ უნდა აღემატებოდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადების მიღებიდან (ხარვეზის აღმოფხვრიდან) ორ თვეს. განსაკუთრებული შემთხვევებში, საქმის ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არა უმეტეს ორი თვისა.
2. სამსახურის წინადადებები მომზადებიდან ორ დღეში საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.
3. საქართველოს პრეზიდენტი განკარგულებას უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის წინასწარ განსახილველად და მასალების მოსამზადებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ გამოსცემს სამსახურის მიერ წინადადებების წარდგენიდან ერთ კვირაში.
4. წინადადების წარდგენიდან ერთ კვირაში განკარგულების გამოუცემლობა ჩაითვლება უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების განხილვის გაგრძელებაზე უარის თქმად, რის შესახებაც ეცნობება განმცხადებელს.
მუხლი 7
1. საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების გამოცემიდან 3 დღეში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულეს, ამზადებს მასალებ და იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებულ დასკვნას წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.
2. დასკვნის მიღებიდან ერთ კვირაში საქართველოს პრეზიდენტი უცხო ქვეყნის მოქალაქის განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში გამოსცემს ბრძანებულებას უცხო ქვეყნის მოლაქაქისათვის იმავდროულად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, ხოლო უარის თქმის შემთხვევაში განკარგულებას საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე.
3. უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული აქტები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას, ხელს აწერს საქართველოსადმი ერთგულების ფიცის ტექსტს (დანართ N2), რომელიც ერთვის მის პირად საქმეს.
მუხლი 8
უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებული განცხადების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.
მუხლი 9
უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმიდან ერთი წლის შემდეგ უფლება აქვს ხელახლა წარადგინოს განცხადება.
მუხლი 10
საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საკითხის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. და/ან ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად გამოსცეს განკარგულება უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის წინასწარ განსახილველად და მასალების მოსამზადებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ.
მუხლი 11
1. უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის “დ" ქვეპუნქტის საფუძველზე მიმდინარეობს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა, უფლება აქვთ განცხადებით მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურის პარალელურად ამ დებულებით გათვალისწინებული მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვის დაწყების თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება უნდა განხორციელდეს დადგენილი წესით საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემდეგ.
+ დანართი:
http://www.president.gov.ge/others/annex1G.htm