დაბუკმარკებული მქონდა ჩემი პოსტი ამ თემაზე

ვოტ:
1998 წელს, ფეხბურთისათვის თვალის დევნების დაწყებიდან რამდენიმე წელიწადში, აღმოვაჩინე ინგლისის პრემიერ ლიგა. "აღმოჩენაში" იგულისხმება, რომ მივხვდი - ინგლისური ფეხბურთი, ფანების მიერ სიმულაციის დაგმობის ფსიქოლოგიის და მათ მიერ თამაშებზე შექმნილი ატმოსფეროს გამო, იყო "ჩემი" ტურნირი.
ჰო, კიდევ ერთი საინტერესო მომენტი იყო მანდ - ჩემთვის დადებითი ემოციის შექმნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიზუალური მომენტი - პრემიერლიგის ტრანსლაციები ბრიტანეთის დროით დღისით გადმოიცემოდა და თამაშის დროს მოედნები მზით იყო განათებული (მაშინ როცა დანარჩენი ევროპის წამყვანი ლიგების უმეტესობა ღამით, ხელოვნური განათების პირობებში ტარდებოდა და შედარებით "მრაჩნი" ატმოსფერო იყო) და ამ ნათელმა გარემომ ძალიან იმოქმედა ჩემში პრემიერლიგაზე დადებითი ემოციის გაჩენაში

როგორ მოხდა კლუბის არჩევა: რომელიმე გუნდი რომ "ჩემად" ჩამეთვალა, ერთი ან ორი მიზეზი არ იქნებოდა საკმარისი. ერთმანეთს უნდა დამთხვეოდა ბევრი რამ -
1.) მინდოდა კლუბი მნიშვნელოვანი ისტორიით, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემთვის გულშემატკივრობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ისტორიული ტრადიციების გაგრძელების ფაქტორი;
2.) მინდოდა კლუბი, რომელიც იმ წუთისთვის არ იქნებოდა წარმატების მწვერვალზე, გამომდინარე იქიდან, რომ სპორტში არ მიყვარს იმის გულშემატკივრობა, ვისაც ყველა გულშემატკივრობს და ვისაც მხარდაჭერა ისედაც არ სჭირდება. ასე რომ მინდოდა კლუბი, რომელიც იმ წუთისთვის არ იქნებოდა ნომერ პირველი, მაგრამ ამის მიღწევის პოტენციალი ექნებოდა - ლივერპულის შემთხვევაში ეს პოტენციალი მისი ისტორიიდან მომდინარეობდა;
3.) მინდოდა კლუბი, რომლის ფანების საფეხბურთო და საზოგადო აზროვნება ახლო იქნებოდა ჩემთან. ეს სიახლოვე ლივერპულის როგორც აქაურ, ისე უცხოელ ფანებთან წლების განმავლობაში ფორუმებზე ურთიერთობაში გამოჩნდა;
4.) მინდოდა კლუბი დადებითი იმიჯით და ინტელექტუალი (ფეხბურთელის კვალობაზე) მოთამაშეებით, მწვრთნელებით, ხელმძღვანელებით და ფანებით; ეს სრულად მივიღე ლივერპულის შემთხვევაში;
5.) მინდოდა კლუბი ლამაზი სახელით

ეს ყველაფერი მივიღე ლივერპულში და შემდეგ უკვე, წლების განმავლობაში ამ ყველაფერში კიდევ უფრო დავრწმუნდი - როცა ვხედავ, როგორ ზრუნავენ ლივერპულის ფანები გუნდის იმიჯზე, როცა ვუყურებ ლივერპულის ფეხბურთელებს და მათში ეგოისტობის (მოედანზე და მოედნის გარეთ) უარყოფასა და ინტელექტს ვხედავ, როცა "ევროპულ ღამეებზე" ფანების ნამღერ YNWA-ზე მაკანკალებს, როცა თამაშის დაწყებამდე საათებით ადრე მიჩქარდება გულისცემა და ა.შ., ეს ყველაფერი იმის დადასტურებაა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, როცა ლივერპული ჩემს გუნდად მივიღე

წლების განმავლობაში ლივერპულის გულშემატკივრობის შემდეგ რათქმა უნდა უკვე ინდივიდუალურადაც შემიყვარდა ყველა მოთამაშე და კლუბთან დაკავშირებული ხალხი. იგივე შარშან ლიგის ნახევარფინალში რიისეს ავტოგოლზე გინება კი არ მომდომებია, როგორც სხვა ბევრი გუნდის გულშემატკივარი აკეთებს - იმ წუთასვე რიისეს მიერ წლების განმავლობაში ჩვენს წარმატებაში შეტანილი წვლილი გამახსენდა და მთელი ის იმედგაცრუება და გამწარება იმაზე გადავიყვანე, რომ მეორე თამაშში, ლონდონში, მისთვის განსაკუთრებულად დამეჭირა მხარი იმ შეცდომის გამოსასწორებლად.
მოკლედ, კიდევ ბევრი რამის დაწერა შეიძლება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ლივერპული ჩემს საკუთარ ფსიქოლოგიასთან, იდეებთან, დადებით ემოციებთან მყავს გაიგივებული და ამიტომ მიყვარს და არა "მაგარი იგროკების", "ლამაზი ფეხბურთის" ან "97-ში რო 8-0 მოიგო"-ს მსგავსი მიზეზების გამო
