პიკაპი იყო და, უმეტესწილად, რჩება საავტომობილო სამყაროს ყველაზე კონსერვატულ წარმომადგენლად. დამოკიდებული რესორებიანი დაკიდება, ხისტი ხიდები, ჩარჩოიანი ძარები... მაგრამ კომპანია Honda-მ ამ კლასში თავისი სადებიუტო მოდელით ჟანრის ყველა დაუწერელი კანონი დაარღვია. მანქანას Ridgeline დაერქვა, რაც უღელტეხილს ნიშნავს. სახელწოდება ძალზე სიმბოლურია, რადგან ეს მოდელი შესაძლოა იმ მწვერვალად იქცეს, რომელზეც პიკაპების სხვა მწარმოებლებს ორიენტირება მოუწევთ.
ამერიკული სააგენტო Consumer Reports-ის ყოველწლიურ ანგარიშში Best&Worst New Cars (საუკეთესო და ყველაზე ცუდი ახალი ავტომობილები) Ridgeline-ს ყველა დროის საუკეთესო პიკაპი ეწოდა, არადა, ეს ექსპერტები ცნობილნი არიან არა მხოლოდ ობიექტურობით, არამედ შეფასებებში სკეპტიციზმითაც კი.
მოდელის პროტოტიპის პრეზენტაცია ჯერ კიდევ 2004 წელს დეტროიტში შედგა - სამუშაო სახელწოდებით Honda SUT. პრეზენტაციაზე Honda-ს ამერიკული განყოფილების ვიცე-პრეზიდენტმა ტომ ელიოტმა ხაზი გაუსვა, რომ პიკაპის მყიდველთა უმრავლესობას აღარ აკმაყოფილებს ”სატვირთო კანონებით” აწყობილი მანქანები. მყიდველთა ახალი თაობა პიკაპს აღიქვამს არა როგორც უტილიტარულ სატვირთო მანქანას, არამედ როგორც სპორტული ხასიათის მქონე უნივერსალურ ავტომობილს.
ასე რომ, კომპანია Honda უცხო ბაზარზე დებიუტის დროს საკუთარ სტიქიაში აღმოჩნდა. ამ მარკის ავტომობილები ხომ ყოველთვის გამოირჩეოდა სპორტულობით, ბრწყინვალე მართვადობითა და არაორდინარული სავალი თვისებებით.
ახალი პიკაპის სალონში რომ აღმოჩნდებით, თავი ბიზნეს-კლასის სედანში გეგონებათ. ოღონდ მაღალი ჭერი და უკანა სავარძლების მოკლე ბალიშები ეჭვს ბადებს, რომ ავტომობილი ესოდენ მაღალი რანგის არ არის. დინამიკა, ხმის იზოლაცია, ნარნარი სვლა (ცარიელი ძარას პირობებშიც კი) - ყოველივე ეს პიკაპთან დაკავშირებულ წარმოდგენას სრულად ეწინააღმდეგება.
ავტომობილის საჭესთან დაგავიწყდებათ, რომ ორტონიან მანქანას მართავთ. მის კონსტრუქციაში მსუბუქი ავტომანქანების პრინციპებია ჩადებული, რომლებიც ამ ტიპის ავტომობილებისთვის ადრე დამახასიათებელი არ იყო. Ridgeline მსოფლიოში პირველი სრულამძრავიანი პიკაპია ოთხივე ბორბლის სრულიად დამოუკიდებელი დაკიდებით.
წინ და უკან დაკიდება ზრდასრული მამაკაცის მაჯის სისქის სამკუთხედ განივ ბერკეტებზეა. ეს გახლავთ საკმაოდ მასიური და გამძლე კონსტრუქცია. რა თქმა უნდა, სერიოზულ უგზოობაზე რესორები და ხიდები უფრო საიმედო იქნებოდა. Ridgeline ტრანსმისია 4x4-ის მიუხედავად, უგზოობისთვის განკუთვნილი არ არის. ამაზე მეტყველებს როგორც შედარებით მცირე კლირენსი, ისე სრულამძრავიანი ტრანსმისიის მუშაობის ალგორითმიც.
როგორც ცნობილია, ადამიანისთვის ყველაზე რთული არჩევანის გაკეთებაა. კომპანია ”ჰონდამ” პოტენციურ მყიდველებზე იზრუნა და ეს პრობლემა თავიდან ააცილა. ახალი პიკაპის ერთადერთი ვერსია არსებობს - სრულამძრავიანი ავტომობილი ხუთადგილიანი და ოთხკარიანი კაბინით. ძარასა და ტრანსმისიის სხვა ვარიანტები არ არსებობს.
ამერიკული ბაზრისთვის ეს საკმაოდ უჩვეულოა. როგორც წესი, პიკაპის მწარმოებლები სრულამძრავიან ვერსიასთან ერთად უფრო ხელმისაწვდომ მანქანასაც უშვებენ, რომელსაც ამძრავი მხოლოდ უკანა ღერძზე აქვს. ამით Honda-მ კიდევ ერთხელ გადაუსვა ხაზი დაუწერელ კანონებსა და ტრადიციებს.
ამ მოდელისთვის მხოლოდ ერთი მოტორია გათვალისწინებული - ეს არის 3,5-ლიტრიანი V6, რომელიც 225 ც. ძ-ას ანვითარებს და საფირმო გაზგანაწილების ფაზების ცვლის სისტემით გამოირჩევა. ეს მოტორი სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ავტომობილი შესაშური ტემპერამენტით გამოირჩეოდეს. მწარმოებლები მაქსიმალური სიჩქარისა და აჩქარების დინამიკის მაჩვენებლებს არ ახმაურებდნენ, მაგრამ ექსპერტთა ჯგუფის მონაცემებით, Ridgeline 100 კმ-სთ-ს 7,6 წამში ავითარებს, რაც კარგი მაჩვენებელია პრემიუმ-კლასის ჯიპისთვის, ჩვეულებრივ პიკაპზე რომ არაფერი ვთქვათ.
თუმცა ძნელია ამ ”ჰონდას” ჩვეულებრივი პიკაპი ვუწოდოთ. ავტომობილის კონსტრუქციაში ყველაფერი ხაზს უსვამს მის არატრივიალურობას. ზემოთ ნახსენები ტრანსმისიისა და სავალი თვისებების გარდა, Ridgeline გამოირჩევა უამრავი ტექნიკური სიახლით, რომელიც კონკურენტებს არ გააჩნიათ; მაგალითად, საბარგული, რომელიც რთულ ორსართულიან კონსტრუქციას წარმოადგენს. ზედა სართულზე ორი კროსის მოტოციკლი თავისუფლად დაეტევა, ქვევით კი სათადარიგო ბორბლის გარდა, საკმაოდ მოზრდილი საბარგულია, რომელშიც თავისუფლად ჩაეტევა 5-6 ჩანთა ან ჩემოდანი. ეს ”სარდაფი” საიმედოდ იკეტება გასაღებით, ისევე, როგორც სახურავი, რომელიც მთლიან ძარას ფარავს.
ამით სიურპრიზები არ მთავრდება. უკანა ბორტი, ჩვეულებრივი პიკაპის მსგავსად, ქვევით იღება, მაგრამ შესაძლებელია აგრეთვე ჯიპის უკანა კარის მსგავსად, მისი გვერდულად გაღება. მსგავსი რამ აქამდე არც ერთ პიკაპზე არ გამოყენებულა. ვერაფერს იტყვი, ძალზე მოსახერხებელი და ლოგიკური გადაწყვეტილებაა; უცნაურიც კია, რატომ არავის მოუვიდა ეს იდეა აქამდე.
Honda Ridgeline ამერიკაშიც კი საკმაოდ ძვირი ღირს. საბაზო კომპლექტაცია, რომელშიც კონდიციონერი, ავტომატი, ABS და 8 უსაფრთხოების ბალიში შედის, Ford F150-ზე ან Chevrolet Silverado-ზე 1,5-ჯერ ძვირი ღირს. ასეთი პიკაპით აიოვადან ალაბამაში სიმინდის გადატანა აზრად არავის მოუვა. ამერიკელი ფერმერი ვერც მიხვდება, რაში ითხოვენ Honda-ს მესვეურები ამხელა თანხას. მისთვის მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ კაბინისა და ძარას გამყოფი მინა ელექტროამძრავებით არის აღჭურვილი; mp3-ფლეერიც ფერმისთვის აუცილებლობის საგანი არ არის, ისევე, როგორც მოწინავე ნავიგაციური სისტემები, რადგან ისარივით სწორ ამერიკულ გზაზე დაკარგვა ძალზე ძნელია.
საშუალო სტატისტიკურ ფერმერს პიკაპის შერჩევისას მოტორის სიმძლავრე და საბარგულის კუბამეტრები აინტერესებს. არა, Honda Ridgeline მისთვის არაა შექმნილი. ეს არის ავტომობილი ქალაქის მცხოვრებისთვის, თუნდაც პროვინციელისთვის, რომელიც პიკაპისგან თანამედროვე სედანებისა და ჯიპების მსგავს მახასიათებლებს მოითხოვს, თანაც ორივეს ერთდროულად.
სურათები აქ არის
http://images.google.com/images?svnum=10&h...Honda+Ridgeline