მაშ ასე, ვაგრძელებ ინფორმაციების მოწოდებას ავტომობილებზე( ნაირსახეობებზე შეძლებისდაგვარად ) .
Ferrari F 612 Scagliettiტექნიკური დახასიათება:
გაბარიტები - 4.902x1.957x1.344 მმ;
წონა - 1 840 კგ;
ძრავა - V12; 5,75 ლიტრი;
მაქსიმალური სიმძლავრე - 540 ც.ძ.
მაქსიმალური სიჩქარე - 320 კმ-სთ;
აჩქარება - 0-100 კმ-სთ 4,2 წამში;
საწვავის საშუალო წვა - 20,7 ლ-100 კმ.
.
ამ ავტომობილში Ferrari-ს ამოცნობა ერთი შეხედვით ძნელია, მას ამ კომპანიის სხვა მოდელებთან შედარებით ნაკლებად აგრესიული და უკომპრომისო იერი აქვს. მისი ძარა უფრო ელეგანტური და რესპექტაბელურია. ეს არის პირველი, რასაც აქცევ ყურადღებას Ferrari F 612 Scaglietti-ს დანახვისას და მხოლოდ ამის მერე სახელგანთქმული იტალიური მარკის ”საგვარეულო” ნიშნების ამოცნობას იწყებ. რა თქმა უნდა, ეს ნამდვილი ”ფერარია”, ოღონდ ოდნავ უჩვეულო. ეს შეგრძნება კიდევ უფრო გაძლიერდება, როდესაც მანქანის სალონში შეიხედავთ. ახალი 612 Scaglietti ოთხ ადამიანს იტევს, რაც მარანელოში გამოშვებული ავტომობილებისთვის დიდი იშვიათობაა. ამავდროულად, იგი ისეთივე სწრაფია, როგორიც ყველა სუპერქარი, რომლის კაპოტზე შავი ულაყია გამოსახული.
ახალ ავტომობილს საოჯახო კლასის სედანის თვისებები გააჩნია. სალონი საკმაოდ ხალვათია, აჩქარებაც რბილი და მოზომილი; მაგრამ საკმარისია, აქსელერატორს ოდნავ უფრო ძლიერად დააწვეთ, რომ კუპე რეაქტიულ ჭურვად გადაიქცევა, რომელიც 100 კმ-სთ-ს 4,2 წამში ავითარებს. ამ მომენტებში ძალზე უჩვეულოა უკანა სავარძელში კომფორტულად მოკალათებული მგზავრების სახეების ხილვა.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: ზამთრის ერთ ავდრიან დღეს Ferrari-ს პრეზიდენტი ლუკა დი მონტეზემოლო თავისი კაბინეტის ფანჯრიდან იყურებოდა. მისი განწყობა ამინდის საპირისპირო იყო - სწორედ იმ პერიოდში ”ფერარის” საჯინიბომ F1-ის მორიგი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, რამაც საგზაო ავტომობილების გაყიდვებზე დადებითად იმოქმედა. მოკლედ, კომპანიის საქმეები ბრწყინვალედ მიდიოდა. ამ დროს სენიორ პრეზიდენტმა შენიშნა ავტოსადგომზე კომპანიის ოთხი თანამშრომელი, რომელიც რის ვაი-ვაგლახით ცდილობდა კუპე 456 GT-ში მოთავსებას.
ერთი მხრივ, განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა: მთლიანობაში ბრწყინვალე სპორტულ ავტომობილს 2+2 ტიპის სალონი ჰქონდა, რომლის ნაკლი უკანა სავარძლებთან შეზღუდული სივრცე იყო. ე. წ. +2 სავარძლები მანქანის მწარმოებლისთვის ერთგვარი ”ვირტუალური ბონუსის” როლს თამაშობს. მწარმოებელი ასეთი ავტომობილის გამოშვებით თავს იკატუნებს, რომ ორი დამატებითი სავარძლით აღჭურვა იგი; მყიდველი კი, თავის მხრივ, თავს იკატუნებს, რომ ამისი სჯერა. რაც შეეხება ავტომობილს, მასაც თავი ოთხადგილიანად მოაქვს. სინამდვილეში კი უკანა სავარძელზე პატარა ბავშვები თუ მოთავსდებიან, საშუალო სიმაღლის ადამიანებისთვის კი აქ მგზავრობა ნამდვილ ტანჯვად შეიძლება იქცეს.
მეორე დღეს მონტეზემოლომ საკუთარ კაბინეტში განყოფილება GT-ს შეფს ამადეო ფელიზას უხმო და ერთი შეხედვით შეუთავსებლის შეთავსება დაავალა - უნიკალური სპორტული კუპეს შექმნა, რომელიც ხასიათით ნამდვილი Ferrari იქნებოდა, კომფორტის მხრივ კი კონკურენციას პრესტიჟულ სედანებს გაუწევდა.
პრეზიდენტის აზრით, კონსტრუქტორებს კონცენტრირება შემდეგ მიზნებზე უნდა მოეხდინათ: ალუმინის ფართო გამოყენების წყალობით ავტომობილის წონის საგრძნობი შემცირება; კარგი მართვადობის, უსაფრთხოებისა და წონის ღერძებს შორის აქამდე არნახული განაწილების წყალობით საუკეთესო სავალი თვისებების მიღწევა; სივრცე და კომფორტი ოთხივე მგზავრისთვის.
დასახული ამოცანა ”ფერარის” კონსტრუქტორებმა ხუთიანზე შეასრულეს და შექმნეს მესამე ათასწლეულის მანქანა. ავტომობილმა სერჟიო სკალიეტის სახელი მიიღო, რომელიც 50-60-იანი წლების ”ფერარის” ყველაზე ლამაზი მოდელების დიზაინერი იყო. მოდელის ინდექსი - ”612-იც” მარტივად იშიფრება: 6 - ეს არის ძრავის მოცულობის დამრგვალებული რიცხვი, 12 კი - ცილინდრების რაოდენობა.
”612-ის” აწყობისას გამოყენებულია სქემა Fransaxle, რომელსაც ”ფერარი” ჯერ კიდევ 50-იან წლებში ფორმულა 1-ში წონის საუკეთესო განაწილებისთვის მიმართავდა: ძრავა მოთავსებულია წინ, სიჩქარეთა კოლოფი და დიფერენციალი კი - უკან. საგზაო ავტომობილების კონსტრუქტორები წარსულში ამ სქემას რამდენჯერმე იყენებდნენ, მაგალითად, Porsche 924-ის (1975 წელი) შექმნის დროს, რომლის წონის განაწილება იდეალურთან ახლოს იყო (52x48). მაგრამ ამადეო ფელიზას კონსტრუქტორები უფრო შორს წავიდნენ. ძრავის გარდა, უკანა ღერძის მიმართულებით გადატანილ იქნა ისეთი მძიმე ელემენტები, როგორებიცაა კაბინა, გაგრილების სისტემა, გამოსაბოლქვი სისტემა, აკუმულატორი და საწვავის ავზი. შედეგი წინამოტორიანი მანქანისთვის მართლაც არნახული აღმოჩნდა - 46x54! ყოველივე ამან საგრძნობლად დადაბლებულ სიმძიმის ცენტრთან ერთად მანქანას განსაკუთრებული მართვადობა შესძინა. ამ მაჩვენებლითა და დინამიკით იგი სულაც არ ჩამოუვარდება უკანასკნელ ”430-ე” მოდელს და ფორმისა და შინაარსის სრულ ჰარმონიას წარმოადგენს.
მოდელი აღჭურვილია 540-ძალიანი, 12-ცილინდრიანი მოტორით. ამ ძრავის ყოველ ერთ ცხენის ძალაზე მანქანის წონის მხოლოდ 3,4 კმ მოდის. წარმოიდგინეთ, 3,5 კგ წონის ცხენი, რომელსაც კუნთების სრულფასოვანი ძალა აქვს და ყველაფერს მიხვდებით. მოტორი წარმოუდგენლად ელასტიკური და ეფექტურია როგორც მცირე და საშუალო, ისე მაქსიმალურ ბრუნებზე. ამ მანქანას არაფერი უშლის ხელს, ლიმუზინის მსგავსად ნარნარად გადაადგილდეს ქალაქის პირობებში, ტრასაზე კი მყისიერად აჩქარდეს წინ მიმავალი ავტომობილის გასასწრებად.
სირთულეს არც მანქანის შენელება წარმოადგენს. ამ სამუშაოს ბრწყინვალედ ასრულებს დიდი დიამეტრის მქონე (34,5 სმ - წინა და 33 სმ - უკანა) ვენტილირებადი სამუხრუჭო დისკები.
ბრწყინვალე მართვადობა და დინამიკა ასეთი მანქანისთვის უნიკალური ალუმინის ძარისა და შასის დამსახურებაა. ძარის პანელები და ჩარჩო მთლიანად ამ მასალისგანაა დამზადებული, რამაც წინამორბედ 456 GT-სთან შედარებით წონის 60 კგ-ით შემცირება (გაბარიტების გაზრდის პირობებში!) და სიხისტის 60%-ით გაზრდა გამოიწვია.
ალუმინის შენადნობები დაწნეხვის სტადიაზე პლასტიკურობით გამოირჩევა, მაგრამ სპეციალური თბოდამუშავების შემდეგ განსაკუთრებულად გამძლე და ხისტი ხდება. თბოდამუშავების სხვადასხვა დონემ ”ფერარის” ინჟინრებს საშუალება მისცა ძარის სხვადასხვა დეტალისთვის განსხვავებული მექანიკური მახასიათებლები მიენიჭებინა. ამიტომაც, სადაც საჭიროა, ძარა უმაღლესი წინააღმდეგობით გამოირჩევა, გათვალისწინებული დეფორმაციის ზონაში კი ავარიის შემთხვევაში მაღალი მოქნილობის წყალობით დარტყმას ახშობს. ამის წყალობით ”612-ის” პასიური უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე ავიდა, კაბინის სიხისტე კი წინამორბედთან შედარებით 50%-ით გაიზარდა.
ამ უნიკალური ავტომობილის შემქმნელებს არც სამგზავრო ბარგი დავიწყებიათ. საბარგულის მოცულობა 240 ლიტრია. რა თქმა უნდა, ეს სარეკორდო მაჩვენებელი არ არის, მაგრამ ორადგილიანი მანქანების საბარგულებთან შედარებით, რომლებიც უფრო ძვირფასეულობის შესანახ სეიფს ჰგავს, სხვაობა თვალსაჩინოა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთ საბარგულში ბევრად მეტი ძვირფასეულობა ჩაეტევა, რაც იმ ავტომობილის მყიდველებისთვის, რომლის ფასი მეოთხედი მილიონი ევროა, ძალზე აქტუალური უნდა იყოს.
მიმაგრებული სურათი