კვირის პალიტრის ბოლო ნომერში დაბეჭდიალია წერილი ასეთი სათაურით. უკომენტაროდ.
http://kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htmსოხუმში ანტირუსული პროკლამაციები გაჩნდა“აფხაზური ენა, აფხაზური კულტურა, ჩვენი სული არ აინტერესებს რუსეთს” “კვირის პალიტრას” ხელში ჩაუვარდა პროკლამაცია, რომელიც ერთი კვირის წინ სოხუმში გავრცელდა. რუსულ ენაზე შედგენილი ტექსტი ანტირუსული სულისკვეთებით არის გაჟღენთილი და აფხაზებს მოუწოდებს, არასოდეს დათანხმდნენ რუსეთთან შეერთების ინიციატივას. ძნელი სათქმელია, რომ პროკლამაციის ავტორებს პროქართული ინტერესები ამოძრავებდეს. თუმცა ჩანს, ასეთი მსოფლმხედველობის მქონე პროაფხაზურ ჯგუფთან დიალოგი უფრო შესაძლებელია, ვიდრე დღევანდელ არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან.
ჩვენ მიერ მოპოვებული პროკლამაციის შინაარსზე ოფიციალურ კომენტარს ერიდებიან როგორც ხელისუფლებაში, ისე სპეცსამსახურებში. თუმცა ამბობენ, რომ პროკლამაცია ბაღაფშის ხელისუფლების პოლიტიკის გამოძახილია აფხაზ საზოგადოებაში, რომელიც დღეს განსაკუთრებით გრძნობს აფხაზის, როგორც ეთნოსის გადაშენების საფრთხეს, რაც გარდაუვალია, თუ აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში შევა. ამ შემთხვევაში ასევე გარდაუვალია აფხაზების ასიმილაცია რუსეთის მრავალეროვან მოსახლეობასთან, რისი საშიშროებაც აფხაზებს არასდროს ჰქონიათ საქართველოში. იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილო კავკასიაში თვითგამორკვევის პროცესი გააქტიურდება, არ არის გამორიცხული, ასეთი პროკლამაცია ბევრ კავკასიურ ავტონომიაში ან რესპუბლიკაში გავრცელდეს. მეტიც, ექსპერტთა ვარაუდით, შესაძლოა რუსეთის საწინააღმდეგო აჯანყებებმა მოიცვას კავკასია.
ქართულ სპეცსამსახურებში ეჭვობენ, რომ პროკლამაცია ჩრდილო კავკასიიდან არის შემოსული. თუმცა იმასაც არ გამორიცხავენ, რომ ეს სწორედ იმ ჯგუფის შემოქმედებაა, რომელიც ჯერ კიდევ არძინბას რეჟიმის დროს ეწინააღმდეგებოდა რეგიონში რუსეთის გაბატონებას. ასეთი პროკლამაციები მაშინაც ვრცელდებოდა სოხუმში.
გაგაცნობთ პროკლამაციას, რომელიც სულ ახლახან რუსულ ენაზე გავრცელდა აფხაზეთში:
“ძვირფასო მეგობრებო!
ათ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი უამრავი თანამემამულის სიცოცხლის ფასად დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ.
თავისუფლებისკენ სავალ გზაზე აფსნის შვილებმა ღირსეულად ჩააბარეს პირველი გამოცდა. ჩვენ არ შევუშინდით ყოვლისშემძლე მოსკოველი პოლიტიკოსების ნებას და საკუთარი არჩევანის უფლება დავიცავით.
ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, დავრწმუნებულიყავით, რომ აფხაზური ენა, აფხაზური კულტურა, ჩვენი სული არ აინტერესებს რუსეთს. სანამ მოსკოვს ხელს აძლევს ბუფერული ზონა, რომელიც კავკასიაში ნატოს შემოსვლას არ დაუშვებს, მანამდე გვექნება ჩვენი სახელმწიფოს აშენების შესაძლებლობა, ან, როგორც ზოგიერთები ფიქრობენ, სახელმწიფობანას თამაშის შესაძლებლობა. უნდა გვახსოვდეს ყველა წყენა და საფრთხე და არ უნდა გადავიტანოთ მთელი აგრესია საქართველოზე, მაგრამ თუ დავივიწყებთ მუჰაჯირობის დროს ათასობით გადასახლებულს, მაშ რა გავიხსენოთ? ნუთუ ისტორიული მეხსიერება მკვდარი მეხსიერებაა?!
ამჟამად ამის გახსენება არ ღირს, მაგრამ ბოლოდროინდელი მოვლენები დაფიქრებას გვაიძულებს. დღეს ადიღეში მცხოვრები სლავები ხელმოწერებს აგროვებენ ადიღეს კრასნოდარის მხარესთან მისაერთებლად. ყარაჩაეთ-ჩერქეზეთში ყარაჩაელები დაუფარავად ამბობენ, რომ რესპუბლიკის სათავეში უკვე აღარასოდეს იქნება არც ჩერქეზი, არც აბაზი.
შაფსუღეთში (შაფსუღები - ერთ-ერთი ადიღური ტომი. ცხოვრობენ ადიღეს ავტონომიურ რესპუბლიკაში, ასევე კრასნოდარის მხარის ტუაფსესა და ლაზარევსკაიას რაიონებში. - ავტ.) უკვე ლაპარაკიც ზედმეტია ავტონომიის შექმნაზე. სურვილი გვიჩნდება, შევძახოთ - რა არის ეს? რატომ არ შეუძლიათ ჩვენს ძმებს თავისივე მიწაზე თავისუფალი ცხოვრება? ნუთუ ეს სამართლიანია? რატომ ექცევიან ასე ჩრდილოკავკასიელ ხალხებს?
რატომ გვეშინია მოსკოვის გაბრაზებისა? განა ამისათვის იღუპებოდნენ ჩვენი ჩრდილოკავკასიელი ძმები, რომ გვშინებოდა? გვშინებოდა იმის თქმისა, რომ ეს ჩვენი ძმაა! ხელი არ ახლოთ მას!
რატომ უნდა შევაქციოთ მათ ზურგი? თუ ღირსების ვალი უკვე ის ვალი აღარ არის, რომელსაც გადახდა სჭირდება?
ძმებო! ჩრდილოეთ კავკასიას ჩვენი დახმარება, ჩვენი მაგალითი და ჩვენი ახალი გმირობა სჭირდება! ჩვენი მაძღარი მუცლებისთვის როდი მოდიოდნენ ისინი საბრძოლველად! ისინი აფხაზეთში კავკასიის სულის აღორძინების ზეიმს ელოდნენ! ამიტომაც უარი უნდა ვთქვათ ყველა მოწყალებაზე, რასაც მოსკოვი გვპირდება ჩვენი თანამოძმეებისთვის ღალატის სანაცვლოდ! ფიქრიც კი არ შეიძლება იმაზე, რომ რუსეთის ნაწილი გავხდეთ! არა! ჩვენ - კავკასია ვართ! ჩვენ შემოგვყურებდნენ და ჩვენგან იღებდნენ მაგალითს. თუ დღეს თავს რუსეთის ვასალად ვაღიარებთ, კავკასიის ხალხები დაიღუპებიან. თავისუფლებისათვის ბრძოლის მაგალითი აღარ იარსებებს! იქნება ბრძოლა მხოლოდ ახალი მონობისათვის! ჩვენზე, ჩვენს საქციელზე იქნება დამოკიდებული, იცოცხლებს თუ დაიღუპება კავკასია და რუსეთის მიერ განადგურებული საძების ან უბიხების კვალს გაჰყვება”.
ეკა ლომიძე