“თბილისის ფორუმი” (www.forum.ge) არის ქართულ ინტერნეტ სივრცეში განთავსებული სადისკუსიო ფორუმი. იგი ამოქმედდა 2001 წლის 25 იანვარს. მისი შექმნის ინიციატორი და თავად შემქმნელიც იყო მომხმარებელი Tim.
თავდაპირველად ფორუმი მუშაობდა UBB ძრავაზე, ხოლო მოგვიანებით vBulletin-ზე გადავიდა. ამჟამად იგი Invision Power Board-ის სისტემაზე მოქმედებს.
დამფუძნებელმა ფორუმი საკუთარი თანამშრომლებისათვის შექმნა. პირველი დარეგისტრირებული მომხმარებლებიც (და შემდგომში მოდერატორებიც) მისი თანამშრომლები და მეგობრები იყვნენ. მოგვიანებით მომხმარებელთა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, ფორუმის სტრუქტურა კი დაიხვეწა და თემატურად ჩამოყალიბდა.
2001 წლის ზაფხულშივე მოეწყო მომხმარებელთა პირველი შეკრება, რომელსაც ესწრებოდნენ რიგით პირველი წევრები მოგვიანებით ასეთი სახის შეკრებები ტრადიციად იქცა.
ამჟამად ფორუმით სარგებლობს 80300-მდე წევრი.
ფორუმი შედგება სხვადასხვა განყოფილებებისგან, რომლებიც დალაგებულია თემატიკის მიხედვით. ზოგიერთ განყოფილებაში არსებობს ქვე-განყოფილება, რომელიც უფრო აკონკრეტებს რაიმე თემას, მაგალითად, განყოფილება Games (თამაშები) დაყოფილია 4 ჟანრობრივ ქვე-განყოფილებად: Action, Simulators, RPG/Strategy & Adventure და Console Games. ამით უფრო ადვილი ხდება მომხმარებლისთვის იმ თემების პოვნა, რომელიც მას აინტერესებს.
ფორუმზე არის ადამიანისთვის საინტერესო და პრობლემატური თემისთვის ნებისმიერი განყოფილება – ზოგად საკითხებზე, პოლიტიკაზე, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებზე, ფსიქოლოგიაზე, მუსიკაზე, კინემატოგრაფიაზე, ლიტერატურაზე, რელიგიაზე, კარიერაზე, იარაღზე, მასმედიის საშუალებებზე, ინტერნეტ-სივრცეზე, პროგრამულ უზრუნველყოფაზე, ბუნებაზე, თბილისის ცხოვრებაზე და ა.შ. თბილისის ფორუმზე ასევე მოქმედებს განყოფილება Apple, რომელშიც აქტიურად განიხილება კომპანია ეპლის პროდუქცია და საქმიანობა.
პოლიტიკის განყოფილებაში განსაკუთრებით გამოირჩევა დისკუსია Мелочь, но приятно (რუს.: “წვრილმანია, მაგრამ სასიამოვნო”). ეს არის 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ გახსნილი დისკუსია, რომელიც ფორუმის ბევრ მომხმარებელს დაეხმარა ამ და შემდგომ პერიოდში საყოველთაოდ გამეფებული დეპრესიის, უიმედობისა და სასოწარკვეთის პირობებში შეენარჩუნებინა მხნეობა.
ფორუმზე უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბდა საერთო ინტერესების მქონე ხალხთა სხვადასხვა ჯგუფები. განყოფილებაში ‘სპორტი’ შეიქმნა ახალი ქვე-განყოფილება ‘სპორტის ბრიგადა’, რომელიც ეძღვნება პერსონალურად სპორტის განყოფილებაში აქტიურ მომხმარებლებს. ისინი რამოდენიმე წელია პერიოდულად იკრიბებიან, თამაშობენ ფეხბურთს, ბილიარდს, კალათბურთს და სხვა გუნდურ თამაშებს.
ფორუმის საშუალებით შეიქმნა უამრავი ქართული მუსიკალური ჯგუფი (უმეტესად როკ/მეტალ ჯგუფი). მუსიკოსების მოყვარულებსაც არაერთხელ ჰქონიათ შეხვედრა. მსგავსი გუნდები არსებობს თითქმის ყველა განყოფილებაში, რომლებიც ტრადიციისამებრ თვეში ერთხელ დადიან დროის გასატარებლად და ერთმანეთის რეალურ ცხოვრებაში გასაცნობად. პოლიტიკის განყოფილებაში ხშირად იგეგმება და ორგანიზაცია ეწევა სხვადასხვა პოლიტიკურ და სახალხო აქციებს, მხარდაჭერებს.
ზოგიერთ განყოფილებაში ხოლმე წარმოდგენილია თემები სათაურით “დავეხმაროთ…..” აქ ფორუმის წევრები სხვადასხვა გაჭირვებულ ოჯახებს ან ინდივიდუალებს, ბავშვთა სახლებს და მოხუცებულთა პანსიონებს სტუმრობენ და ჩააქვთ სხვადასხვა პროვიზიები, წამლები, ერთად შეგროვებული ფულით ნაყიდი საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ასეთი აქციები პერმანენტულია. ასევე არაერთხელ შექმნილა განხილვა, სადაც ადამიანს ესაჭიეროებოდა სისხლის გადასხმა, რასაც ფორუმის უამრავი წევრი აქტიურად გამოხმაურებია.
წყარო :
http://www-geo.com
აი, ახლა, როდესაც ჩვენ ვისწავლეთ ფრენა ჰაერში ჩიტების მსგავსად, ცურვა წყლის ქვეშ, როგორც თევზებმა, გვაკლია მხოლოდ ერთი - შეგვეძლოს ცხოვრება მიწაზე, როგორც ადამიანებს.
ჯორჯ ბერნარდ შოუ