ამის მეტი მგონი ჯერ არც არანაირი NEW-სი არ არის ამ თემაზე
..................................................................................................................................
2006-06-20
გავერთიანდეთ ქართული ფეხბურთისთვის! დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებს შეხვდნენ სფფ-ის გენერალური მდივანი უჩა უგულავა, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი გოგი ქავთარაძე და ჯგუფ Ultrastepkom-ის წარმომადგენლები სერგი გვარჯალაძე და აჩიკო გულედანი. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ნაკრების მხარდაჭერა გახლდათ.
ჯგუფი Ultrastepkom-ი ”კომუნიკატორის”, ”ულტრაჯგუფის” და ”სტეპ რექორდსის” ბაზაზე შეიქმნა და მასში ამ კომპანიების ხელმძღვანელები სერგი გვარჯალაძე (”კომუნიკატორი”), მიხო ქოჩაკიძე (”ულტრაჯგუფი”), აჩიკო გულედანი და ვახო ბაბუნაშვილი (”სტეპ რექორდსი”) არიან გაერთიანებულნი.
Ultrastepkom-ი საქართველოს ნაკრების პრომოუშენზე იზრუნებს.
სერგი გვარჯალაძე, Ultrastepkom:
… ჩვენი მთავარი მიზანია აღმოვფხვრათ ის ცივი და უარყოფითი დამოკიდებულება, რაც დღესდღეობით შეინიშნება საქართველოს ნაკრების და ზოგადად ქართული ფეხბურთის მიმართ - გვსურს, რომ გულშემატკივარი ფეხბურთის ფედერაციას და ეროვნულ ნაკრებს მთელი გულით დაუდგეს გვერდით.
… ახლა შანსი გვაქვს რადიკალურად შევცვალოთ ქომაგის დამოკიდებულება ნაკრებისადმი - ორიოდ თვეც და ახალი შესარჩევი ციკლი დაიწყება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი და საერთო ძალისხმევით, ნაკრებისადმი დამოკიდებულება შეიცვლება. გვინდა, რომ ქომაგი, რომელიც მთელ მსოფლიოში მეთორმეტე ფეხბურთელია, საქართველოშიც ასეთად იქცეს და სტადიონზე მისული საყვარელი გუნდის მხარდაჭერაში იხარჯებოდეს, ნაცვლად ბილწისტყვაობისა.
… სხვათა შორის, ახლახანს ნაკრებს ვახლდი შეკრებაზე და სულ სხვა თვალით დავინახე გუნდი. ჩვენ სხვადასხვა პროექტები განვახორციელეთ და სავარაუდოდ, გულშემატკივარი აგვისტოს მიწურულს, საფრანგეთის ნაკრებთან თამაშამდე იხილავს 52 წუთიან ფილმს, რომელიც სულ სხვა თვალით დაანახებს ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, იმ ხალხს, რომელიც არ ჩანს, ერთი სიტყვით, ქომაგს გუნდის ”სამზარეულოში” ჩაახედებს. გვჯერა, რომ ასეთი ნაბიჯები წაშლის იმ გაუცხოებას, რაც დღეს არსებობს.
… რა თქმა უნდა, ყველაფერი გულშემატკივარზე არაა დამოკიდებული - თუ ფეხბურთელმა არ ითამაშა, არაფერი გამოვა, მაგრამ ხომ შეგვიძლია, რომ მხარდაჭერით ისინი უფრო მოტივირებულნი გავხადოთ? ბიჭებმა მითხრეს, ფაქტიურად ყველა მატჩი გასვლითი გვაქვს, შინ ვერ ვგრძნობთ მხარდაჭერასო… ალბათ, ასეცაა - მათ თითოეული წაფორხილებისას საშინელი სტვენით ვიკლებთ, არადა პირიქით, მხარდაჭერით, ტაშით უნდა ვაგულიანებდეთ.
… ჩვენ შევქმენით ეროვნული ნაკრების სლოგანი, რომელსაც 25 ივნისს, კინოთეატრ ”ამირანში” დაგეგმილ პრეზენტაციაზე გაგაცნობთ. ცოტაც და დასრულდება მუშაობა საფეხბურთო ჰიმნზე, რომლის სხვადასხვა ვერსია უკვე არსებობს: ზოგი სტადიონზე დაიკვრება, სხვა - მუსიკალურ არხებზე გავრცელდება… არსებობს საცეკვაო ვერსიაც, როკ ვერსიაც… ერთი სიტყვით, ვმუშაობთ და მჯერა, ჩვენი და ფედერაციის თანამშრომლობა სასურველ შედეგს გამოიღებს - გულშემატკივარი სულ სხვა კუთხით მიუდგება ნაკრებს.
… სხვათა შორის, ეროვნული ნაკრების თავკაცი კლაუს ტოპმიოლერი შეკრებისას ფეხბურთელებს დაჟინებით სთხოვდა სახელმწიფო ჰიმნის შესწავლას და თავადაც ცდას არ აკლებდა. დამეთანხმებით, ფეხბურთელი სულ სხვანაირად თამაშობს, როცა გულანთებულია და ერთ მუშტად შეკრულ გულშემატკივარს ხედავს.
გოგი ქავთარაძე, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი:
… 25 ივნისს, კინოთეატრ ”ამირანის” ფოიეში, 17 საათზე შედგება საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური ფან-კლუბის პრეზენტაცია.
… დიდი დრო არაა, რაც Ultrastepkom-თან ვთანამშრომლობთ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ უკვე საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა: თუნდაც იგივე ნაკრების ჰიმნი, რომელიც აქამდე არ გვქონდა, გნებავთ სლოგანი, ვიდეორგოლები, ფილმი ეროვნულ გუნდზე, ჩანახატები ფეხბურთელებზე… ვცდილობთ სულ სხვა კუთხით დაგანახოთ ფეხბურთელები, გუნდსა და გულშემატკივარს შორის ურთიერთობა მაქსიმალურად გავაღრმავოთ…
… პრეზენტაციაზე ახალშექმნილ ჰიმნსაც გაეცნობით და სხვადასხვა ვიდეორგოლებსაც იხილავთ, ნაჩვენები იქნება ჩანახატები ფეხბურთელებზე, წარმოდგენილი იქნება სლოგანი, ასევე ეროვნული ნაკრების მაისურები, რომლითაც ჩვენი ფეხბურთელები უახლოეს შესარჩევ ციკლში ითამაშებენ.
… რაც შეეხება ეროვნული ნაკრების მაისურებს და ზოგადად ატრიბუტიკას, შემოდგომიდან გულშემატკივარს მათი შეძენაც შეეძლება. რა თქმა უნდა, ატრიბუტიკა სხვადასხვა ფასის იქნება, იმის მიხედვით, თუ რა ხარისხისაა. სამწუხაროდ, აქამდე ქომაგებს არ ჰქონდათ მათი შეძენის საშუალება…
… ამ ნაბიჯებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მხოლოდ ერთი მიზნით დგამს - გულშემატკივარი ქართულ ფეხბურთს დაუბრუნდეს! ჩვენ უნდა ვისწავლოთ მხარდაჭერა, გულშემატკივრობა, რაც ასე აკლია ეროვნულ ნაკრებს. დარწმუნებული ვარ, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ეროვნული გუნდი 12 ფეხბურთელით ითამაშებს - ცხადია, გულშემატკივარს ვგულისხმობ. სხვა საქმეა, თუ როგორ დასრულდება ის მატჩი - მთავარია, ფეხბურთელებს მხარში დავუდგეთ და გამარჯვების მოპოვებაში დავეხმაროთ!
… და ბოლოს, ნაკრების თამაშებს რაც შეეხება, გეტყვით, რომ ოფიციალური მატჩების გარდა, გვსურს თბილისში ამხანაგური შეხვედრებიც ჩავატაროთ. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ორ, საკმაოდ მაღალი დონის გუნდთან და გვსურს მათთან თბილისში პაექრობა. სხვათა შორის, ერთი მათგანი დღესდღეობით მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობს. ამხანაგური მატჩებისთვის ნოემბერი და თებერვალია შერჩეული. საბოლოო პასუხი უახლოს დღეებში გვეცოდინება.
მიმაგრებული სურათი