არ ვიცი, რამდენად ღირებულია საგაზეთო სტატია, მაგრამ მაინც ექსპერტი საუბრობს:
ირაკლი ოქრუაშვილი - დე ფაქტო პრეზიდენტიგიორგი ბლიაძე: თავდაცვის უწყებაში ძალიან ბევრი "თავისუფალი" ფულია, რაც ქვეყნისთვის სახიფათოაქართული სახელმწიფოსთვის მერაბიშვილსა და მის უწყებაზე არანაკლებ საფრთხეს თავდაცვის მინისტრი წარმოადგენს - მიიჩნევს სამხედრო ექსპერტთა ერთი ნაწილი. ის, რაზეც დღეს პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აქცენტს აკეთებენ, რა თქმა უნდა, წარმოადგენს საფრთხეს სახელმწიფოსთვის, რადგან არ არსებობს საკითხებისადმი სისტემური მიდგომა და პიროვნებებზეა დამიკიდებული ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტა.
სამხედრო ექსპერტი გიორგი ბლიაძე "დღესთან" საუბარში აცხადებს, რომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით აგორებული მოვლენები, უნივერსიტეტში, მონასტერში სპეცრაზმის შევარდნა და ა.შ. მიუთითებს, რომ სისტემები სახელმწიფოში არ არსებობს, ანუ სახელმწიფო არ არის გამყარებული, და ის ხერხემალიც (ხომ თქვეს, რომ შს სამინისტრო თავისი მინისტრით ხერხემალი ყოფილა სახელმწიფოებრიობის), რომელზეც უმრავლესობის წარმომადგენლები საუბრობდნენ, ფაქტობრივად არ არსებობს და დამოკიდებულია ხუთიოდე ისეთ პოლიტიკოსზე, ორიოდე დღის წინ ხელისუფლების და ნაცმოძრაობის სახელით პრესკონფერენცია რომ გამართეს. მაგრამ, მხოლოდ მერაბიშვილი და პროკურატურაზე დამოკიდებული სასამართლო არ წარმოადგენს საფრთხეს სახელმწიფოსთვის. პრეზიდენტი მერაბიშვილს იმიტომ ვერ ელევა, რომ ის არის საპირწონე ძალა ირაკლი ოქრუაშვილისა, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტია და დაკვირვებული თვალი შეამჩნევს, როგორ აშანტაჟებს ის პრეზიდენტს და ზოგჯერ აიძულებს, მიიღოს მისთვის არასასურველი გადაწყვეტილება.
"დღე" გიორგი ბლიაძეს ესაუბრა.
- ვიდრე გირგვლიანის საქმე გახმიანდებოდა, ოპოზიცია ძირითად აქცენტს სამხედრო სფეროში რეფორმების მიმდინარეობასა და ოქრუაშვილის პოზიციების გაძლიერებაზე აკეთებდა, პრეზიდენტი კი მის მხარდაჭერას ყოველთვის ღიად აფიქსირებდა...- მერაბიშვილი არც ინტელექტუალურად, არც პიროვნულად არ წარმოადგენს რამე ღირებულს. ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტს ის რაღაც ძალის დასაბალანსებლად სჭირდება, ოქრუაშვილი კი ერთადერთი რეალური ფიგურაა, რომელსაც შეუძლია უცბად ადგეს და 10-15 მილიონი საკუთარი გადაწყვეტილებით დახარჯოს. ბიუჯეტი იწერება წინასწარ, მასში გაწერილია, ერთი წლის განმავლობაში რა რაში უნდა გაიხარჯოს და შემდეგ უნდა აღსრულდეს. ის, რომ ოქრუაშვილს მოუნდა და უცბად 16.000 ჯარისკაცი შეყარეს ერთად რეზერვისტებიანად და მოქმედი ჯარიანად და გრანდიოზულ სწავლებებს ატარებენ, რომელიც არაფრის მომტანი არ არის, დაუშვებელია.
- ორფოლოში გამართულ წვრთნებს გულისხმობთ.- დიახ, ეს წვრთნები ორი თვეა გრძელდება და სინამდვილეში არაფრის მომტანია. თუ მიზანი ის არის, რომ შტაბებმა სინქრონულად იმუშაონ და დახვეწონ კონტროლისა და მართვის სისტემა, ეს ნიშნავს, რომ გადის რამდენიმე დონის შტაბი ველზე, ეწყობა საშტაბო მართვის ცენტრები და გადის რამდენიმე ქვედანაყოფი, დანარჩენი კეთდება ვირტუალურად რუკაზე, ან კომპიუტერში. სწავლებები ვირტუალურად ტარდება, თუ საშტაბო მომზადებაზეა საუბარი. თორემ ორფოლოში რომ ტარდება, მსგავსი სწავლებები აგერ ბელორუსიაში ჩაატარეს რუსებმა, ყაზახებიც მონაწილეობდნენ და ერთადერთი იმას ემსახურება, რომ ნატოსთვის კუნთები ეჩვენებინათ.
- ჩვენს შემთხვევაში რა ხდება, ჩვენ ხომ კუნთებს ნატოს არ ვუჩვენებთ.- ნატოს არა, მაგრამ ამით ოქრუაშვილი ერთდროულად ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს. კუნთებს უჩვენებს ცხინვალს, სოხუმსა და თავის პრეზიდენტს. ამასთან, ასეთი მასშტაბური წვრთნებისას ოქრუაშვილს შეუძლია უცბად, ყყოველგვარი დასაბუთების გარეშე გადაწყვიტოს 30.000 000-ის გადასროლა გორთან ახლოს "სტრატეგიული მნიშვნელობის" სამხედრო ბაზის ასაშენებლად. მაშინ, როდესაც ერთი მხრივ პრეზიდენტის, პარლამენტის საგარეო პოლიტიკა მიმართულია კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირებისკენ, მეორე მხრივ კი თავდაცვის მინისტრი ძალის დემონსტრირებას ცდილობს, ეს შეუთანხმებელ პოლიტიკურ კურსზე მეტყველებს და პრაქტიკულად პროვოკაციის ტოლფასია.
- ანუ გამუდმებული და მასშტაბური სამხედრო წვრთნები მათ კიდევ უფრო აღიზიანებთ.- ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ მას არ აინტერესებს, რას განაცხადებენ ევროპაში ვიღაც სკეპტიკოსი პოლიტიკოსები და რა რეკომენდაციებს გაუწევენ. მას აქვს მიზანი და ამ მიზანს მიჰყვება ბოლომდე. მაპატიეთ, მაგრამ მიზანი ქართველ ერს აქვს და ამ მიზნის მიღწევას ემსახურება ოქრუაშვილი. ამ განცხადებით კი მან აღიარა, რომ ყველაფერს პირადი მიზნისთვის და არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს. ის აპელირებს სახელმწიფო ინტერესებზე, ღირებულებებზე, თორემ რეალურად მის ჯიბეში უამრავი თანხა ჩაედინება და ყველა ამ პროცესის სათავე სწორედ ფულია.
- იქნებ დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ.- 2003 წლისთვის ოსებსა და ქართველებს შორის ნორმალური ურთიერთობა იყო. 10-წლიანი გაუცხოების შემდეგ შერეული ოჯახების შექმნაც კი დაიწყო. სიტუაცია დალაგებული იყო, მართალია, ცხინვალის რეგიონიდან კონტრაბანდა შემოდიოდა, რაც მართლაც ცუდად აისახებოდა ქვეყნის ეკონომიკაზე, მაგრამ უბდედურება ის არის, რომ კონტრაბანდის შემოსვლა არც ერგნეთის ბაზრობის დახურვის შემდეგ შეწყვეტილა. გამოვიდა, რომ ერგნეთის ბაზრობის დახურვა მხოლოდ ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა - ქართველებსა და ოსებს შორის ძლივძლივობით აღდგენილი ბეწვის ხიდის ისევ ჩანგრევას.
- ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ხელისუფლების ინტერესებში ყოფილიყო...- ხელისუფლება, უბრალოდ, ოქრუაშვილის ანკესზე წამოეგო, რომელმაც ყველაფერი კარგად გათვალა. ორივე კი რუსეთის ანკესზე წამოეგო და ცხინვალის რეგიონი ჩვენსა და რუსეთს შორის კვლავ საჯილდაო ქვად იქცა. ის, რომ ცხინვალის რეგიონში მშვიდობა სუფევდა, სულაც არ იყო რუსი სამშვიდობოების დამსახურება და თუ ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენის საშუალება კონტრაბანდა იყო, ჯობდა, ის კანონიერ ჩარჩოებში სხვა ფორმით მოგვექცია. დღეს თბილისის, გორის, ხაშურის ბაზარი სავსეა კონტრაბანდული საქონლით. შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ რამეს არასწორად ვამბობ, მაგრამ გადაცემა "პატრულში" ყყოველდღე ვხედავთ, როგორ აჩერებენ კონტრაბანდული სიგარეტით თუ სხვა პროდუქტებით დატვირთულ ავტომანქანებს. მაგრამ არის ხალხი, ვინც მის შემოტანას ახერხებს. ვის შემოაქვს. ვისაც ვერ დაიჭერენ. ეს შეიძლება იყოს ადგილობრივი პოლიცია, სამხედრო პოლიცია, ისეთი სტრუქტურები, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა, დახურული ავტომანქანებით ტვირთი საიდუმლოდ გადაიტანონ. შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ცხინვალის რეგიონიდან კონტრაბანდის შემოტანაში სამხედრო პოლიცია აქტიურად მონაწილეობს. სუხიტაშვილი მას მანამდეც აკონტროლებდა, ვიდრე სამხედრო პოლიციაში გადავიდოდა და შს სამინისტროს სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელი იყო.
- თქვენ აღნიშნეთ და არაერთხელ შეუნიშნავთ, რომ ოქრუაშვილი საეჭვოდ ძლიერდება, როგორ ფიქრობთ, ამას პრეზიდენტი ვერ ამჩნევს.- ამჩნევს, მაგრამ ოქრუაშვილის მართვის სადავეები დაკარგა. ის რამდენჯერმე გაებუტა პრეზიდენტს და მიაღწია იმას, რომ თავისი გაეტანა. ოქრუაშვილს შეუძლია, პრეზიდენტის მიერ მოხსნილი თანამდებობის პირი მეორე დღესვე პოსტზე აღადგინოს და პრივილეგიებიც მიანიჭოს. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ოქრუაშვილი საქართველოს დე ფაქტო პრეზიდენტია.
- ამას ოქრუაშვილი მარტო ახერხებს, თუ ჰყავს საკუთარი გუნდი.- გუნდი, რა თქმა უნდა ჰყავს, მაგრამ პოლიტიკა, რომელსაც ის ახორციელებს, მხოლოდ მის თავში იხარშება. რადგან, იგივე სუხიტაშვილი არ არის იმ ტიპის ადამიანი, რომელსაც გუნდურ თამაშში მონაწილეობა შეუძლია. ის შეიძლება იყოს მხოლოდ ერთ-ერთი რგოლი ოქრუაშვილის მიერ დაგეგმილი პოლიტიკის განხორციელებისას. თავდაცვის ამჟამინდელ მინისტრს ჰყავს კიდევ რამდენიმე პირი, რომელთა დახმარებითაც სიტუაციას აკონტროლებს, მაგრამ ის, რაც ხდება, მის თავში იხარშება და დასაშვებია, რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურებშიც. რადგან 2004 წლის აგვისტოს მოვლენებიდან მოყოლებული, ძალიან ბევრი ქმედება, რომელსაც ის ახორციელებს და ამ ქმედებიდან გამომდინარე შედეგები, მხოლოდ რუსებისა და კრიმინალური მმართველობის წისქვილზე ასხამს წყალს. ამდენად, ნებისმიერი პოლიტიკური თუ სამხედრო ანალიტიკოსი გააკეთებდა დასკვნას, რომ მას რუსეთის სპეცსამსახურები იყენებენ. რადგან შეიძლება ერთხელ, ორჯერ შემთხვევით მოგივიდეს რაღაც, მაგრამ როდესაც ეს ოთხჯერ, ხუთჯერ ხდება, აქ შემთხვევითობაზე საუბარი ზედმეტია.
- თუ ეს მართლაც ასეა, რა შედეგის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა.- ფაქტია, რომ ოქრუაშვილს ამ ეტაპზე შიგნით, ჯარშიც პრობლემები აქვს. თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის უფროსს შორის არის ფარული დაპირისპირება. დაპირისპირებაა მაღალ სამხედრო თანამდებობის პირებს შორისაც. სულ ახლახან სისტემიდან დაითხოვეს ოფიცერი გიორგი შენგელია, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა მედლით დააჯილდოვა. მხოლოდ იმიტომ, რომ მან პირნათლად შეასრულა ყველა მოვალეობა, რომელიც ოფიცერმა უნდა შეასრულოს. ამ დაპირისპირების მიზეზი ის არის, რომ ჯარში ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც საჭიროა.
- ამ ყყველაფრის გათვალისწინებით, ალბათ ნაკლებად სავარაუდოა, რამე კრიზისის შემთხვევაში ჯარმა ოქრუაშვილს მხარი დაუჭიროს...- ჯარისგან, სადაც მიღებულია, რომ უფროსმა ხელქვეითს აგინოს, მან კი ეს ლანძღვა-გინება მშვიდად, თავჩაქინდრულმა მოისმინოს, იქ ყველაფერი მოსალოდნელია. ოფიცრების 80% დაბრმავებულია. მათთვის მნიშვნელოვანი 500 თუ 2000 ლარიანი ხელფასი და კიდევ შავი ფულიდან მიღებული "პრემიებია", რომელიც ზოგიერთ მეთაურზე ნაწილდება, რაც ფაქტობრივად ქრთამი და ოფიცერთა მოსყიდვაა. ასეთი ჯარი მას მხარს დაუჭერს კრიტიკულ სიტუაციაში.
- თქვენ, როგორც სამხედრო პირი, კრიტიკულ სიტუაციას რას უწოდებთ.- შეიძლება შეიქმნას, ვთქვათ, ისეთი სიტუაცია, რომ ოქრუაშვილმა ცხინვალზე იერიშის მიტანა მოინდომოს, პრეზიდენტმა ამაზე უარი განაცხადოს და ოქრუაშვილმა ხალხის წინ, რომელსაც სჯერა მისი, განაცხადოს, რომ პრეზიდენტი საქართველოს გაერთიანების წინააღმდეგია და ის არ არის ღირსი, იყოს პრეზიდენტი. ანუ, ძალიან მარტივი სცენარი შეიძლება გათამაშდეს. სხვათა შორის, ოქრუაშვილისა საკმაოდ ძლიერ ოპოზიციურ პარტიასაც სჯერა და ამბობს, რომ ის ერთადერთი ჯანსაღი ძალაა ხელისუფლებაში. მე ამის არ მჯერა. როდესაც დავინახე, რომ სისტემა, სადაც ვიყავი, ლპებოდა, დავტოვე. თუკი ოქრუაშვლი დამპალი სისტემის დამპალი ნაწილი არ არის, მაშინ ეს სისტემა უნდა დატოვოს. მას ჰქონდა შანსი, ოპოზიციაში დროულად გადასულიყო. თქმა, თითქოს ის თანამდებობას იმიტომ ინარჩუნებს, რომ კარგის გაკეთება უნდა, არასწორია. რადგან შეიძლება არანაირი თანამდებობა არ გქონდეს, მაგრამ კარგ საქმეს აკეთებდე.
- ანუ, თქვენ არ გამორიცხავთ, რომ ქვეყანა შესაძლოა სამხედრო გადატრიალების საფრთხის წინაშე დედგეს.- ამას არც ერთ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ.
- ეს ვარაუდი რაღაცით მაინც ხომ უნდა იყოს გამყარებული.- ამის არაერთი ნიშანი არსებობს: ოქრუაშვილი კუნთებს ათამაშებს მაშინ, როდესაც პოლიტიკოსები კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტაზე საუბრობენ. გორის ტერიტორიაზე ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობას არანაირი სტრატეგიული დანიშნულება არ აქვს. ჩვენ XX| საუკუნეში ვცხოვრობთ და ჩვენს დროში საჭიროების შემთხვევაში თბილისიდან ან ქუთაისიდან გორში სამხედრო ძალისა და შეიარაღების ჩაყვანა პრობლემას არ წარმოადგენს. ამდენად, გორი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ოქრუაშვილისთვის იმდენად არის, რამდენადაც ამ ბაზის მშენებლობით ამბობს - ვემზადები, რომ ცხინვალში ხვალ შეიარაღებული შევიდეო.
- სხვათა შორის, ამაზე უკვე კარგა ხანია საუბრობენ...- მთავარი მომენტი, რაზეც ყურადღებას არ ამახვილებს საზოგადოება - მთავრობა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანლობა აცხადებს, თითქოს ნატოს სტანდარტების შესაბამის ჯარს ვაშენებთ და ჩრდილოეთატლანტიკურ ალიანსში ჩვენს გაწევრიანებას წინ ვერაფერი დაუდგება. თუმცა, ნატოს წარმომადგენლებმა ძალიან რბილად, დიპლომატიურად მიგვანიშნეს, რომ კიდევ ძალიან ბევრი რამის გაკეთება მოგვიწევს, ვიდრე ნატოში მიგვიღებენ. მაგრამ, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ ჩვენს მთავრობას საკუთარი ხალხის წინაშე ეღიარებინა ეს, ამიტომ ნატოს წარმომადგენლობა იძულებული გახდა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიეწვია და მათი დახმარებით გაეხმიანებინა ის შენიშვნები და პრობლემები, რომლიც ნატოს ექსპერტებს აქვთ.
- კონკრეტულად რა შენიშვნები გამოითქვა და რომელი იყო უფრო მნიშვნელოვანი.- ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი იყო მითითება, რომ არ არსებობს სისტემური მიდგომა თავდაცვის სისტემაში. ჩვენც ყოველთვის ვაფიქსირებთ, რომ სისტემამ უნდა იმუშაოს და არა პიროვნებებმა. როდესაც თავდაცვის მინისტრს შეუძლია, ყოველგვარი წინასწარი დაგეგმვის გარეშე პოლიცია შემქნას და ამისთვის ბიუჯეტიდან სახსრები გამოყოს, ეს ნიშნავს, რომ მას აქვს საშუალება, სახელმწიფოს სიგნით, შეიარაღებული 5.000-10.000 კაცი არჩინოს და საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. როდესაც მას შეუძლია ასეთი უზარმაზარი თანხები პირადი შეხედულებების მიხედვით მართოს, ისე, რომ არც მთავრობას დაეკითხოს და არც პარლამენტს, ნიშნავს, რომ ეს ადამიანი თავისუფალია და თუ მის თანამდებობას საფრთხე დაემუქრება, ყველაფერზე წავა. ოქრუაშვილი საკმაოდ ამბიციურია და ამას არც მალავს. აქვს პრეტენზია, რომ კარგი მენეჯერი და ორგანიზატორია და ამას ხშირად პრეზიდენტიც შენიშნავს, და მას აქვს ამბიცია, გააერთიანოს საქართველო და გახდეს გმირი.
- ყოველ შემთხვევაში, სამხედრო ექსპერტების თუ პოლიტიკოსების მხრიდან ამ მიმართებით კრიტიკა ნაკლებად ისმის...- ორგანიზაცია "საქართველო ნატოში" ყველა ამ ტენდენციის შესახებ კომენტარს აკეთებს და შენიშვნასაც გამოთქვამს. მაგრამ, საჭიროა ამ შენიშვნებს მეტი რეზონანსი მოჰყვეს. შორიდან თითქოს მარტივია, რომ ადამიანს საკუთარი უწყებისთვის გამოყოფილი ათი მილიონის საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვა შეუძლია. მაგრამ, ყველაზე დიდი საფრთხის შემცველია სწორედ ის, რომ არ არსებობს ანგარიშვალდებულება თავდაცვის სამინისტროსა და პარლამენტს, ასევე მთავრობას შორის. თავდაცვის სამინისტროს დღემდე არ წარმოუდგენია ანგარიში, რომლის გადმოგზავნასაც ოქრუაშვილი საკანონმდებლო ორგანოს წევრებს პარლამენტში 2005 წლის ოქტომბერში ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტის თანხლებით დაპირდა. ეს იყო კიდევ ერთი თავხედობა და პარლამენტისთვის თავზე ლაფის დასხმა. რაც შეეხება ორფოლოში მიმდინარე სწავლებებს, თავიდან საუბრობდნენ, რომ ის 7.000.000 დაჯდა, შემდეგ 11, ბოლოს 15 მილიონი ახსენეს. მოკლედ, სერიოზულ თანხებზეა საუბარი. რაც შეეხება სწავლებების დამატებით დაფინანსებას, როდესაც ბიუჯეტი დგინდება, იქ გაწერილია ყველა ის ხარჯი, რომელიც თითოეულ ჯარისკაცს სჭირდება, ისიც, სწავლებისას ავტომატმა რამდენი ტყვია უნდა გაისროლოს, ასევე თითოეული ავტომატის თუ ცვეთის ხარჯები. ამდენად, ბიუჯეტიდან სწავლებების დასაფინანსებლად თანხების დამატებით გამოყოფა ნიშნავს, რომ ეს თანხები სხვაგან მიდის. გავიხსენოთ იგივე კახეთში ჩატარებულის სწავლებები, სად გაქრა ამ სწავლებისთვის დამატებით გამოყოფილი 11.000.000, არავინ არ იცის. არადა, მის ჩასატარებლად 500.000 ლარი სავსებით საკმარისი იყო. ორფოლოში მიმდინარე სწავლებებისთვის კი დამატებით, კულტურული თუ სხვა სახის ღონისძიებებისთვის 200.000 ლარის გამოყოფა სავსებით საკმარისი იქნებოდა. თორემ სწავლებებისთვის ინდივიდუალურად, ბატალიონების თუ ბრიგადების დონეზე ყველა ხარჯი ბიუჯეტში წინასწარ არის გაწერილი და დამატებით დაფინანსებას არ საჭიროებს. ყყოველივე ზემოთქმული მოწმობს, რომ თავდაცვის უწყებაში ძალიან ბევრი "თავისუფალი" ფულია, რაც ქვეყნისთვის სახიფათოა.
11 ივლისი, 2006 წ.
http://www.open.ge/06/xdge/071/071-2.htm