მაინც ბრაზილიელი და ნაკრების ყოფილი მწვრთნელია

"სარბიელი"
¹ 226
ოთხშაბათი, 4 ოქტომბერი, 2006 წელი
სიურპრიზი: საფრიკა: პარეირა იქ ცხოვრობს და იქ აშენებს
კოკი კანდელაკი
სამხრეთ აფრიკა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის სამასპინძლოდ ამთავითვე გამალებით ემზადება, თუმცა მასპინძლობაში განა მხოლოდ ინფრასტრუქტურის მოწყობა შედის. იმისათვის, რომ აფრიკული ზეიმი მართლა ზეიმი გამოვიდეს, აუცილებელია, "ბაფანა ბაფანამ" კარგი ფეხბურთი აჩვენოს, რასაც დიდი ოფლისღვრა სჭირდება. მოგეხსენებათ, როგორც მასპინძელი, სამხრეთ აფრიკის ნაკრები მუნდიალზე "კონკურსგარეშეა" დაშვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ოფიციალური შეხვედრების რაოდენობა მოაკლდება და ეს ნაკლი ალტერნატიული გზებით ექნება გამოსასწორებელი. გარდა ამისა, არის გამოცდილების პრობლემაც - გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 2002 წლის შემდეგ არ უთამაშია.
ამ ყველაფრისთვის თავის გართმევა კი სამხრეთ აფრიკის ფეხბურთის ფედერაციამ ცნობილ ბრაზილიელ მწვრთნელს, კარლოს ალბერტო პარეირას დაავალა. შეგახსენებთ იმასაც, რაც "სარბიელის" მკითხველისთვის ისედაც კარგად არის ცნობილი: 63 წლის პარეირამ 1994 წელს ბრაზილიის ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი გახადა. გარდა ამისა, მას უმუშავია ქუვეითის, არაბთა გაერთიანებული საემიროების და საუდის არაბეთის ნაკრებთა თავკაცად, სადაც წარმატებებისთვის მიუღწევია - ეს გუნდები, შესაბამისად, 1982, 1990 და 1998 წლებში შესარჩევი შეჯიბრებიდან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაუყვანია.
გთავაზობთ აშაფყსწქ-ის ინტერვიუს კარლოს ალბერტო პარეირასთან
- გვიამბეთ თქვენი ახალი სამსახურის შესახებ.
- ჯერჯერობით ბევრი არაფერი გამიკეთებია, ეგ არის, რომ კონტრაქტს ხელი მოვაწერე. აქტიურ მუშაობას იანვრის შუიდან დავიწყებ, მანამდე კი აფრიკის თასის შესარჩევ შეხვედრას დავესწარი და ზამბიასთან მომდევნო თამაშის ნახვასაც ვაპირებ. ეს შესამზადებელი სამუშაო ტემპის აკრეფაში დამეხმარება, თორემ მსოფლიოს ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ უამრავ ფეხბურთსგარეშე საკითხზე, მათ შორის, ოჯახის საქმეებზე ვიყავი გადართული.
- რატომ შეაჩერეთ არჩევანი სამხრეთ აფრიკაზე.
- მთავარი მიზეზი ის გახლდათ, რომ სამხრეთ აფრიკა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატს მასპინძლობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ქვეყანა უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში ფეხბურთზე იფიქრებს. ასეთ ადგილას ჩასვლა და გუნდის შენება ნამდვილი გამოწვევაა. სამხრეთაფრიკელები გამოცდილ კაცს ეძებდნენ, რომელიც ბოლო შვიდი-რვა წლის დაღმასვლას აღმასვლისკენ შემოატრიალებდა. მოლოდინიც დიდია, ასე რომ, 2010 წელს კარგი გამოსვლისთვის მუხლჩაუხრელი შრომა გვჭირდება.
- უპირველეს ყოვლისა, რას გააკეთებთ.
- სამუშაოს დავგეგმავ, საორგანიზაციო საქმეებს მივხედავ და გუნდის მშენებლობასაც შევუდგები. საქმე ნამდვილად ბევრია.
- წეღან ბრძანეთ, რომ ერთი მატჩი უკვე ნახეთ. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ.
- სამხრეთაფრიკელები ტექნიკურად ძლიერები არიან, თუმცა მეტოქის კარის წინ პრობლემები აქვთ. მათ თამაშების უმეტესობაში გოლი ვერ გააქვთ და ეს გამოსასწორებელია. საამისოდ გრძელვადიანი გეგმა უნდა შედგეს და ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ მიზანს მაინც მივაღწევთ. ბუნებრივია, მზადების პერიოდში იქნება წარუმატებლობებიც. სხვათა შორის, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეხვდება ამას ხალხი, თუმცა უკვე განვაცხადე, რომ სწავლისთვის საჭიროა ვეთამაშოთ ისეთ გუნდებს, როგორებიც არიან იტალია, ინგლისი, გერმანია და სხვანი. მათთან შეხვედრებში შედეგს მნიშვნელობა არ აქვს.
- სამხრეთაფრიკელ ახალგაზრდებზე რას გვეტყვით.
- ო, ეს ძალიან სამწუხარო ამბავია. სამხრეთ აფრიკაში ახალგაზრდათა აღზრდის პროგრამა საერთოდ არ აქვთ. დაუჯერებელია, მაგრამ 16, 18 და 20-წლამდელთა ლიგები უბრალოდ არ არსებობს, ეს მდგომარეობა სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს, ყოველი უქმი დღე დაკარგულია. 20 წლამდელებს მაინც უნდა ვუშველოთ. ის ფეხბურთელები, რომლებიც დღეს ამ ასაკს ერგებიან, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სწორედ ჩვენთვის საჭირო ხნისანი იქნებიან და მათი ნაწილი ეროვნულ ნაკრებში უნდა იყოს. ვაღიარებ, 12 წლის ბავშვების შეჯიბრების მოწყობა 2010 წლისთვის არაფერს მმატებს, მაგრამ თუ სამხრეთაფრიკული ფეხბურთის განვითარებას ვაპირებთ, ესეც აუცილებელია. უპირველეს ყოვლისა, საფუძველი უნდა ჩაიყაროს.
- სამხრეთ აფრიკაში რამდენი ხნის გატარებას აპირებთ.
- ბრაზილიაში მხოლოდ ივლისში დავბრუნდები, როდესაც აქ ჩემპიონატი წყდება.
- თქვენს სამწვრთნელო შტაბში ბრაზილიიდან თუ აპირებთ ვინმეს მიწვევას.
- ასისტენტის და ფიზიოთერაპევტის. აუცილებლად დამჭირდება სამხრეთაფრიკელი მწვრთნელიც.
- როგორი გუნება-განწყობაა აფრიკელთა ქვეყანაში.
- ყველა შემართულია. ეჭვი არ არის, ძალიან კარგ ჩემპიონატს ჩაატარებენ, თუმცა, ალბათ, გერმანიაში წლეულს ჩატარებულისგან ძალიან განსხვავებულიც იქნება. ისტორიული და კულტურული ასპექტებით ამ ორ ქვეყანას ერთმანეთს ვერც შეადარებ. აქაურები განვითარებას მოწყურებულნი არიან. ხალხს სურს, დანარჩენ მსოფლიოს სიურპრიზი მოუწყოს.
- ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებთა მწვრთნელობას შორის უმთავრესად რა განსხვავებაა.
- ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელობა, მართალი გითხრათ, სპეციფიკური საქმეა. ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია ჩინებულად ორგანიზებული დაწესებულებაა, საუცხოო ინფრასტრუქტურით. ამ კუთხით სადმე უკეთესი არა მგონია, არსებობდეს. შესაბამისად, შენც იმდაგვარი სტანდარტით უნდა იმუშაო. გარდა ამისა, ბრაზილიაში მწვრთნელის განკარგულებაში საგანგებო თვისებების ფეხბურთელები იყრიან თავს. იქ სიმდიდრე და სიჭარბეა, სამხრეთ აფრიკაში კი ეს ყველაფერი ჯერ კიდევ დასამკვიდრებელია.
- ასე რომ, თქვენ თავიდან საბაზისო საკითხებზე მოგიწევთ მუშაობა...
- იცით, რვა წელიწადი ქუვეითში ვმუშაობდი. მაშინ ქუვეითელი ფეხბურთელები ქვეყნიდან არ გადიოდნენ და მთელი ეს ხანი ერთად ვვარჯიშობდით. იქ ამ მეთოდით მივაღწიეთ კარგ შედეგს, სამხრეთ აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელები კი საზღვარგარეთ თამაშობენ, ანუ ერთად მუშაობისთვის ბევრი დრო ნამდვილად არ გვექნება. სხვათა შორის, იმავე პრობლემის წინაშე ვიდექით ბრაზილიაშიც. ერთი სიტყვით, ჩვენთვის უმთავრესი გუნდური სამუშაო იქნება. ეჭვი არ მეპარება, რომ განვითარებისა და დისციპლინის თვალსაზრისით აფრიკელები 20 წლის წინანდელთან შედარებით გაცილებით წინ იქნებიან. მაშინ, როდესაც ქუვეითში ვმუშაობდი, აფრიკული გუნდები ბევრს და ჩქარა დარბოდნენ, ახლა კი ამ კონტინენტზე არსებობს კამერუნი, ნიგერია და კოტ დივუარი. ამ ქვეყნებმა ევროპაში უამრავი ფეხბურთელი წარგზავნეს, საიდანაც დისციპლინით დაბრუნდნენ შინ. ეს უმნიშვნელოვანესი რამ გახლავთ, თუმცა, ბუნებრივია, ინდივიდუალურ შესაძლებლობებს ხაზი არ უნდა გადავუსვათ.
(ც) გაზეთი "სარბიელი "
(ც) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი
"I feel sorry for people who don't drink. They wake up in the morning and that's the best they're going to feel all day." -Frank Sinatra
---
ყველაფერი მარტივია... ცხოვრება მშვენიერია
---
ეს საინტერესოა:
http://1myway1.wordpress.com/
---
Modigliani