თბილისი, 20 სექტემბერი / " კორ."ახალი ამბები - საქართველო"/. საქართველოს პრეზიდენტის მიერ გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ სოხუმის ხელისუფლებამ გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლებაზე კონტროლი გაამკაცრა. ამის შესახებ აფხაზეთს მედია-ცენტრი იუწყება.
მედია-ცენტრის ინფორმაციით, გალის აფხაზურმა ადმინისტრაციამ რაიონის სკოლებში ქართულის სწავლება საერთოდ აკრძალა და ქართულის მასწავლებელებს ისედაც მწირი ხელფასის გადაუხდელობით დაემუქრა.
იმავე წყაროს ცნობით, აფხაზური უშიშროების წარმომადგენლებმა გალის რაიონის ზოგიერთ საკოლაში ქართული წარწერები დემონსტრაციულად ჩამოხსნეს და დახიეს. პარალელურად იმავე სკოლის მოსწავლეებს რუსეთიდან შემოტანილი სასკოლო სახელმძღვანელოები უფასოდ დაურიგდათ.
დაზუსტებული ინფორმაციით, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონებს მიერთებული გალის რაიონის სოფლის სკოლების დირექტორები დღეს ოჩამჩირისა და ტყვარჩელის განათლების განყოფილებებში დაიბარეს და მათგან ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვა მოითხოვეს.
უნდა აღნიშნოს, რომ აფხაზეთის ხელისუფლებაში სეპარატისტული რეჟიმის მოსვლის შემდეგ გალის რაიონის სკოლებში, სადაც მოსახლეობის 90 % ეთნიკური ქართველია, ქართულ ენაზე სწავლა აიკრძალა, ის ფაკულტატიური საგნის სახით ისწავლებოდა. მიუხედავად ამისა, რაიონის 24 სკოლაში მასწავლებლები "ბედავდნენ" ქართულ ენაზე სწავლებას.
ქართული მხარის ინიციატივით, ეს საკითხი არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებზე.
ორშაბათს ზუგდიდში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პედაგოგებსა და სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. თავის გამოსვლაში ის გალის რაიონში შექმნილ ვითარებასაც შეეხო.
"აქედან რამდენიმე კილომეტრში არის სკოლები, სადაც საკუთარ ენაზე სწავლა-განათლების მიღებას კრძალავენ. მინდა ვუთხრა გალში დარჩენილ ქართველებს: ნუ გეშინიათ ბავშვებო, ისწავლეთ ქართულად, ვინაიდან ეს ოკუპაციის რეჟიმი დროებითია და მალე დასრულდება. თქვენი ენა და კულტურა გჭირდებათ. თქვენ უნდა შეინარჩუნოთ და შეეცადოთ თქვენი ისტორიის სწავლას,“ - განაცხადა სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლაში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
http://www.newsgeorgia.ge/news.html?nws_id=573341