ლაბორატორია
1. ოდესღაც ჩვენზე კვლევებს ატარებდნენ. შემდეგ ექიმები გადაშენდნენ, როგორც დინოზავრები. და ჩვენ დავრჩით მარტო. ჯერ გაუგებარია, ექიმები მართლა გადაშენდნენ რაღაც შეცდომის შედეგად თუ ეს მათი მორიგი ხრიკი და ექსპერიმენტია. ასეა თუ ისე, ჩვენ – პაციენტები დავეუფლეთ ლაბორატორიას და ვაგრძელებთ ექსპერიმენტებს.

2. თავისუფალი შემოქმედება და შეუზღუდავი ექსპერიმენტები _ ლაბორატორიის პაციენტთა მთავარი კრედოა. ლაბორატორია მზადაა სამუშაო რეჟიმი დაიცვას პოსტაპოკალიფსურ სისტემაში. ლაბორატორია იკვლევს რეალობის კონსტრუირების და დეკონსტრუქციის ხერხებს. ლაბორატორია იკვლევს ინდივიდის და თანამედროვეობის ყველაზე ფუნდამენტურ პრობლემებს და რეალობის გვირაბებს. ლაბორატორიას აინტერესებს: შიზოფრენია, აუტიზმი, ბირთვული განთიადები, კოსმოსური მიგრაცია, ევთანაზია, მარტობა, ნარკოტიკები, კონსპიროლოგიური და პარანოიდული თეორიები, კიბერსივრცის პერსპექტივები, ემბრიონალური სიზმრები, კომა, ადამიანის პოსტბიოლოგიური შესაძლებლობები, ტოტალიტარიზმი...

3. ჯერჯერობით ლაბორატორიის პაციენტთა სიაში შედიან:
პაციენტი#0 _ ზურა ჯიშკარიანი
პაციენტი#მინუს უსასრულობა _ არყის ბიჭი
პაციენტი#13 _ პაატა შამუგია
პაციენტი # რვის კვადრატი შეფარდებული თექვსმეტთან _ რკო
პაციენტი#69 _ შეუცნობელი.
სხვა პაციენტების ნომრები და საწოლები _ ვაკანტურია.

4. მიტოვებული ლაბორატორიის პაციენტები იკვებებიან ფუტურიზმის ყვითელი, დადას წითელი და სიტუაციონიზმის შინდისფერი აბებით. კითხულობენ წმინდა პაციენტ თიმოთი ლირის და წმინდა პაციენტ ფილიპ დიკის ექსპერიმენტთა შედეგებს. უყურებენ რიჩარდ ლინკლეიტერის და არიე პოსინის ფილმებს, და საბჭოთაA ექსპერიმენტის ყველაზე საუკეთესო ფილმს _ ქინ-ძა-ძა.
ლაბორატორიის მიზნებში შედის:
1. S.M.I.L.E და D.I.Y. პრინციპების გავრცელება.
2. უამრავი აქცია, კონცერტი და გამოყვანილი ვირუსების გავრცელება (მათ შორის “აქცია პირველი ქართველი კოსმონავტის მხარდასაჭერად” და კონცერტები ქართული ანდერგრაუნდ ჯგუფების მონაწილეობით)
3. ფსიქოტროპული აფთიაქის გახსნა
4. ჟურნალის გამოშვება და საკუთარი ხმისჩამწერი სტუდიის გახსნა და სხვა.
ლაბორატორიის უკვე განხორციელებულ პროექტ-ვირუსებად შეიძლება ჩაითვალოს პაციენტი#0-ის ფსიქოტროპული პოეზია და პაციენტი#13-ის იმპერატივიზმი.

5. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც მსოფლიო ანდერგრაუნდშია.
ჩვენ ჯერ კიდევ 20 წლისები ვართ და უკვე გამოვიარეთ ომი, შიში, სიბნელე, სიცივე, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, დაკარგული ახლობლები და სამი უშედეგო ცდა-ექსპერიმენტი სახელმწიფოს აშენების.
ჩვენ ჯერ კიდევ 20 წლისები ვართ, მაგრამ უკვე დაგვიგროვდა საკმარისი სიძულვილი, უნდობლობა და სითბოს წყურვილი, რომ ვიცეკვოთ ნანგრევებზე. ჩვენ არ ველაპარაკებით ჩვენს ქვეყანას, ველაპარაკებით მსოფლიოს.
ახლა, მომავალი ომების და კოსმოსური მიგრაციების მოლოდინში _ ჩვენ პაციენტები საკუთარ თავზე ვიღებთ ლაბორატორიას.
ჩვენ გვწამს, რომ მომავლის რელიგია _ კოსმოსური რელიგიაა.
პიროვნებას ქვეყნებზე და პოლიტიკაზე წინ ვაყენებთ.
პიროვნება შიშია. პიროვნება _ პროექტია.
პიროვნება _ არის ის, ვინც ირჩევს დაჭიროს თუ არა თითი ატომური ბომბის წითელ ღილაკს.
ეს ეგზისტენციალურ-ორგაზმული მიდგომაა.
PUSH THE BUTTON..
* * *
ლაბორატორიის პაციენტთა ექსპერიმენტებს შეგიძლიათ გაეცნოთ
აქ -
http://www.literatura.ge/index.php?page=14&author=589აქ -
http://literatura.ge/index.php?page=14&author=638აქ -
http://literatura.ge/index.php?page=14&author=590პაციენტ #13-ს აქ არ უდევს ვეშები.
ცოტა ხანში შემოგთავაზებთ ჰარდკორ-მუვი ფილმს "ზრდილობა".
მხატვრებს, რეჟისორებს, უბრალოდ მოაზროვნე ხალხს ვიწვევთ ლაბორატორიაში..