ლიშტოტა
ანგარიში დამებლოკა

    
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 2016
წევრი No.: 24066
რეგისტრ.: 5-October 06
|
#4175838 · 17 Nov 2006, 13:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მინდა ერთი საინტერესო სტატია შემოგთავაზოთ. თქვენი აზრი მაინტერესებს...
კულტურული ფაქტორების როლი ადამიანის თავის ტვინის ფუნქციური ასიმეტრიის რეორგანიზაციაში ქეთევან კაკიტელაშვილ
გვსურს, ხაზი გავუსვათ მეცნიერების განვითარების თანამედროვე ეტაპზე ინტერდისციპლინური კვლევის აქტუალობას და აუცილებლობას. ეს აზრი თანდათან მწიფდებოდა XIX საუკუნეში, XX საუკუნეში კი შეიქმნა ისეთი ინტეგრირებული სამეცნიერო მიმართულებები, როგორიცაა სოციოლინგვისტიკა, ეთნოფსიქოლოგია, ნეიროლინგვისტიკა, სოციალური ფსიქოლოგია, ფსიქოლინგვისტიკა და კულტუროლოგია, რომელიც გულისხმობს კულტურის, როგორც არაერთგვაროვანი ფენომენის მრავალმხრივ შესწავლას. ეს ნაშრომიც კვლევის ინტერდისციპლინურ მეთოდს ემყარება. ჩვენ გამოვიყენეთ ნეიროფსიქოლოგიური კვლევის მეთოდები ქართულ კულტურულ სივრცეში არსებული ვითარების გამოსამჟღავნებლად და ვეცადეთ, არსებული ტენდენცია კონკრეტული კულტურული ფაქტორებით აგვეხსნა. ჩვენი ნაშრომის ინტერესის საგანს წარმოადგენს წამყვანი ხელის ფენომენი და ის, თუ რა გავლენას ახდენს წამყვანი ხელის ჩამოყალიბებაზე კულტურული ფაქტორები. წამყვანი ხელის განსაზღვრა ხდება არა მხოლოდ იმით, თუ რომელი ხელით წერს ადამიანი, არამედ იმითაც, თუ რომელ ხელს იყენებს ის უფრო ხშირად სხვადასხვა მანიპულაციებისა და სპონტანური მოქმედებების შესასრულებლად. ზოგიერთი ავტორი (ბლაუ, ქოლინზი) მიიჩნევს, რომ წამყვანი ხელი საზოგადოების კულტურის თავისებურებებით არის განპირობებული და მემარჯვენეობას განიხილავენ როგორც სოციალურ ფენომენს. სხვები (ლევი, ნაგილაკი) კი წამყვანი ხელის გენეტიკური წარმოშობის თეორიას ამკვიდრებენ. მ.მაყაშვილი მიიჩნევს, რომ მემარჯვენეობის ჩამოყალიბება დაკავშირებულია მეტყველების სრულყოფასთან და მის პარალელურ პროცესს წარმოადგენს. მემარჯვენეობის ჩამოყალიბებაში, მისი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მარჯვენა ხელის პრიორიტეტულობით შექმნილი მარჯვენამხრივი გარემოცვა.
თანამედროვე სამეცნიერო ფიზიოლოგიურ და ნეიროფსიქოლოგიურ ლიტერატურაში გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ უკანასკნელ ათწლეულში დასავლურ ცივილიზაციაში მკვეთრად იმატა ტენდენციამ ცაციობისაკენ. კერძოდ, თვალშისაცემად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მანიპულაციებისათვის უპირატესად მარცხენა ხელს იყენებენ. არსებობს მონაცემები, რომლის მიხედვით, XX საუკუნის ბოლოს ცაციები აშშ-ის მოსახლეობის 12% წარმოადგენდნენ, მაშინ როცა წინა საუკუნეში მათი რიცხვი მხოლოდ 2%-ს შეადგენდა.
ცაციების რაოდენობა, ჩვეულებრივ, მცირე იყო ცივილიზაციის ისტორიის მანძილზე, ამიტომ დღეს მათი რიცხვის უეცარი მატება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ჩვენ დაგვაინტერესა, შეიცვალა თუ არა ვითარება ამ მხრივ საქართველოში. ამიტომ, წამყვანი ხელის დადგენის მიზნით, ჩავატარეთ გამოკვლევა თბილისის I გიმნაზიისა და VI გიმნაზიის 340 I-VI კლასელ გოგონასა და ბიჭზე. ცაციობისაკენ ტენდენციას ვიკვლევდით წამყვანი ხელის დადგენის კლასიკური მეთოდით და ეტლინგერის კოეფიციენტის დადგენის საშუალებით. მ.მაყაშვილს გააჩნდა მონაცემები ცაციების რაოდენობის შესახებ (ასევე ადრეული სასკოლო ასაკის ბავშვებში) 1980-1995 წლებისათვის. ამდენად, ჩვენ შეგვეძლო 2003 წელს ჩატარებული კვლევის შედეგების შედარება ადრე არსებულ ვითარებასთან.
გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ, არსებულ ფონთან შედარებით, ცაციების რაოდენობა არ გაზრდილა (1996 წელს მათი რიცხვი 10% შეადგენდა, 2003 წელს - 9%). მაგრამ საგრძნობლად არის მომატებული სუსტი მემარჯვენეების ანუ იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებთანაც მკვეთრად არ არის გამოხატული მარჯვენა ხელის, როგორც წამყვანი ხელის ფუნქცია. ისინი მანიპულაციებისათვის ხშირად იყენებენ მარცხენა ხელს. სუსტი მემარჯვენეების რაოდენობა 1996 წლისათვის 15% შეადგენდა, ხოლო 2003 წელს კი 56%-მდე არის გაზრდილი.
რით შეიძლება იყოს გამოწვეული ეს ვითარება? ცნობილია, რომ კიდურების მოტორიკის კონტროლი ხდება საწინააღმდეგო მხარის ჰემისფეროთი, ანუ მარჯვენა ჰემისფერო აკონტროლებს მარცხენა ხელ-ფეხს, ხოლო მარცხენა ჰემისფერო - მარჯვენა მხარის კიდურებს. ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ მარჯვენა ხელის წამყვანობის გამოხატულების შესუსტება დაკავშირებულია მარცხენა ჰემისფეროს აქტივობის შესუსტებასთან და, შესაბამისად, მარცხენა ხელით შესრულებულ მოქმედებათა რაოდენობის მატება დაკავშირებულია მარცხენა ჰემისფეროს აქტივობის მატებასთან. ამგვარად, შეიძლება ვისაუბროთ თავის ტვინის ჰემისფეროთა ფუნქციური ასიმეტრიის რეორგანიზაციაზე. ჩვენ ვეცადეთ, მოგვენახა თავის ტვინის ჰემისფეროთა აქტივობის რეორგანიზაციის დამატებითი (გარდა ცაციობისკენ ტენდენციის არსებობისა) დამამტკიცებელი საბუთები. ასეთი საბუთი აღმოჩნდა ცდის პირებში, ადრე არსებულ ფონთან (1980-1995) შედარებით, მკვეთრად მომატებული მარცხენა წამყვანი თვალის შეხვედრის სიხშირე (1996 წელს მარცხენა წამყვანი თვალის მაჩვენებელი 13%, 2003 წელს-38%).
ამგვარად, ჩვენს მიერ ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ბოლო ათწლეულში საქართველოში მკვეთრად იმატა წამყვანი ხელისა და თვალის ე.წ. მარცხენამხრივმა პროფილმა, რაც არსებული ცოდნიდან გამომდინარე, მიუთითებს თავის ტვინის ჰემისფეროთა ფუნქციური ასიმეტრიის რეორგანიზაციაზე. ისევ არსებული ცოდნიდან გამომდინარე, ეს რეორგანიზაცია უნდა გამოიხატებოდეს მარცხენა ჰემისფეროს აქტივობის შესუსტებაში (ნორმის ფარგლებში) და მარჯვენა ჰემისფეროს აქტივობის გაძლიერებაში (ნორმის ფარგლებში). ჩვენი აზრით, ადრეული სასკოლო ასაკის ბავშვებში ასეთი რეორგანიზაციის მიზეზი უნდა ვეძებოთ თავის ტვინის ჰემისფეროთა ფუნქციურ ასიმეტრიაზე კულტურული ფაქტორების ზემოქმედებაში. ბოლო დროს მკვეთრად შეიცვალა ბავშვების ინტელექტუალური დატვირთვის სახე. კერძოდ, ბავშვები თითქმის აღარ კითხულობენ წიგნებს, მასობრივად არიან დაკავებული კომპიუტერული თამაშებითა და ტელევიზორის ყურებით. ამასთან, ის კომპიუტერული თამაშები, რომლებიც განსაკუთრებით პოპულარულია ბავშვებში, აგებულია, ძირითადად, სივრცეში ორიენტაციასა და სწრაფ რეაგირებაზე. გარდა ამისა, სკოლაში არითმეტიკული ოპერაციების ჩატარებისას ბავშვები იყენებენ კალკულატორს. ამგვარად, იქმნება ასეთი ვითარება: ბავშვების ინტელექტუალურმა დატვირთვამ (ადრე არსებულ ვითარებასთან შედარებით) გადაინაცვლა ვერბალურიდან (წიგნის კითხვა) ვიზუალურ-სივრცითზე (კომპიუტერული თამაშები). ამავე დროს, ბავშვები აღარ იტვირთავენ თავს ე.წ. არითმეტიკული აზროვნებით. ვერბალური ფუნქცია და კალკულაცია, ძირითადად, მარცხენა ჰემისფეროს მიერ სრულდება, ხოლო მარჯვენა ჰემისფერო დაკავებულია ვიზუალურ-სივრცითი აზროვნებით. მაშასადამე, ბავშვების ინტელექტუალური დატვირთვის სტილის შეცვლას შეუძლია გააძლიეროს მარჯვენა ჰემისფეროს აქტივობა და შეასუსტოს მარცხენა ჰემისფეროს აქტივობა. თავის ტვინის ჰემისფეროთა ფუნქციური ასიმეტრიის რეორგანიზაცია გარე ფაქტორების საპასუხოდ, მ.მაყაშვილის აზრით, არის თავის ტვინის ადაპტაციური მექანიზმების გამოვლენა, რომლებიც ევოლუციის პროცესში უზრუნველყოფენ ნერვული სისტემის მოქმედების ადაპტირებას ცვლად გარემოპირობებთან. ამგვარად, სავარაუდოდ, ადრეული სასკოლო ასაკის ბავშვების ინტელექტუალური ცხოვრების სტილი, როგორც ერთ-ერთი კულტურული ფაქტორი, მოქმედებს თავის ტვინის ჰემისფეროთა ფუნქციურ ასიმეტრიაზე და იწვევს მის რეორგანიზაციას. ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალება მოგვცა ლიტერატურაში არსებულმა მონაცემებმაც, რომლებიც ცხადყოფენ, რომ მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროს დატვირთვის ინტენსივობა პირდაპირ კავშირშია ცაციობასა და სუსტად და ძლიერად გამოხატულ მემარჯვენეობასთან. სამ ტრადიციულ კულტურაში, რომელთაც არ გააჩნდათ დამწერლობა (და, შესაბამისად, მათი წარმომადგენლების მარცხენა ნახევარსფერო ნაკლებად იყო დატვირთული), ინდივიდები უფრო ამბიდექსტრობისაკენ ამჟღავნებდნენ მიდრეკილებას და მათთან სუსტად იყო გამოხატული მარჯვენა ხელის დომინანტობა. დისგრაფიკ ბავშვებსა და ყრუ სტუდენტებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ ენის დაგვიანებული შეთვისება განაპირობებს წამყვანი ხელის ჩამოყალიბებას და უკავშირდება ცაციობასა და სუსტი მემარჯვენეობის მაღალ პროცენტს. არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ მეტყველებისა და მემარჯვენეობის ჩამოყალიბებას შორის პირდაპირ კავშირზე. ცნობილი გახდა, რომ მეტყველების დეფექტის მქონე ბავშვებში, ჯანმრთელებთან შედარებით, საგრძნობლად მაღალია ცაციებისა და ამბიდექსტრების რაოდენობა. უ.ტანის ცდებმა აჩვენა, რომ სივრცითი აზროვნება დაკავშირებულია ტვინის ნახევარსფეროთა უფრო სიმეტრიულ აქტივობასთან, ვიდრე ცალმხრივ დომინანტობასთან, რაც, შესაბამისად, გამოიხატება წამყვანი თვალის ჩამოყალიბებაზე. ზემოთ მოყვანილი მაგალითები მოწმობენ, რომ სუსტი მემარჯვენეობის შეხვედრის მაღალი სიხშირე ფიქსირდება იქ, სადაც მარცხენა ჰემისფეროს ფუნქციური დატვირთვა ნაკლებად ინტენსიურია, ანუ ისეთ ვითარებაში, როგორიც ვნახეთ თბილისის ადრეული სასკოლო ასაკის ბავშვებში. არსებული ვითარების ახსნა, როგორც აღინიშნა, ვცადეთ ინტელექტუალური დატვირთვის ფორმის შეცვლით და კომპიუტერული თამაშების მასობრივი გავრცელებით, რამაც, თავის მხრივ, მარჯვენა ჰემისფეროს დატვირთვის ინტენსივობა გაზარდა. ამ ვარაუდის შემოწმების მიზნით, გადავწყვიტეთ იგივე ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა ქ.კასპში, სადაც, ჩვენი აზრით, კომპიუტერული თამაშები ნაკლებად იქნებოდა გავრცელებული, მაგრამ, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, აღმოჩნდა, რომ იქ ბავშვები მეტად თუ არა, ისევე აქტიურად არიან დაკავებულნი კომპიუტერული თამაშებით, როგორც მათი თბილისელი თანატოლები. შედეგიც შესაბამისი მივიღეთ: სუსტი მემარჯვენეები 55%-ს შეადგენენ. მარცხენა წამყვანი თვალის მაჩვენებელი ასევე მაღალია (37%).
ამგვარად, ინტელექტუალური ცხოვრების მსგავსი ტიპის მქონე ბავშვების სხვადასხვა ჯგუფში ჩატარებულმა გამოკვლევამ მსგავსი შედეგები მოგვცა, რაც კიდევ ერთხელ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ კულტურული ფაქტორები, რომლებიც მუდმივად ახდენენ გავლენას ადამიანზე, როგორც ამა თუ იმ საზოგადოების წევრზე, მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ასევე ადამიანის თავის ტვინის ჰემისფეროთა ფუნქციური ასიმეტრიის გამოხატულებაზე. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა რ.მეთიუზის მიერ გამოთქმული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საზოგადოება და დრო, რომელშიც ხდება ინდივიდის ჩამოყალიბება, ძლიერ ზემოქმედებას ახდენს ცაციობის რიცხვის ზრდაზე (12). გვინდა, ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ კულტურული ფაქტორები, რომელთა გავლენით მოხდა ცვლილებები თავის ტვინის ფუნქციონირებაში, გლობალიზაციის პროცესის შედეგად არის ჩვენში დამკვიდრებული. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ტვინი, რომელიც განიცდის კულტურულ გავლენას, თვითონაც წარმოშობს კულტურის განსხვავებულ ფორმას. ასე რომ, ალბათ, ეს გარემოებაც უნდა იყოს გათვალისწინებული გლობალიზაციის საკითხზე მსჯელობისას. ბოლოს გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ არ გამოვდივართ ამ პროცესის არც მომხრეებად და არც მოწინააღმდეგეებად, მიზნად ვისახავდით მხოლოდ გამოგვემჟღავნებინა, თუ როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს კულტურულმა ფაქტორებმა თავის ტვინის ფუნქციონირებაზე და, შესაბამისად, ცაციების რიცხვის ზრდაზე.
--------------------
www.bmuli.com www.kultura.qartu.com www.politicalscience.ge
|