სამპრასი, ბორგი და ჯოკოვიჩი ფედერერის საამუიმბლდონო შანსებზე მსჯელობენდამდეგ ორშაბათს ლონდონის “ოლ ინგლანდ კლაბის” სეფებალახზე მორიგი უიმბლდონობა გაჩაღდება და საჩოგნეთშიც ახლა ერთთავად იმაზე მსჯელობენ, შეძლებს თუ არა ამქრის შვეიცარიელი პირველოსანი როჯერ ფედერერი იქ ზედიზედ მეექვსედ გაჩემპიონებას.
შვედი ბიორნ ბორგი, რომელსაც ეს ტურნირი 1976-1980 წლებში მიჯრით ხუთჯერ მოუგია, წლეულს როჯერს მხოლოდ მესამე ფავორიტად მიიჩნევს.
“ჩემი პირველი ფავორიტი ნადალია, მეორე – ჯოკოვიჩი, როჯერი კი მხოლოდ მესამეა” – ამბობს ბორგი.
“ამ ორი ბიჭის დასამარცხებლად მას ახლა შარშანდელზე გაცილებით უკეთ თამაში მართებს. მან თავადაც იცის, უიმბლდონზე კიდევ ერთხელ მოსაგებად მან მართლაც დაუჯერებლად კარგი ჩოგბურთი უნდა აჩვენოს. უკანასკნელი წლების განმავლობაში ეს ყველაზე ღია უიმბლდონი იქნება.”
ბორგის თქმით, რომელმაც თამაშს თავი 26 წლისამ დაანება, მისთვის არ იქნება მოულოდნელი, 27 წლის ფედერერი გაისად ჩოგბურთიდან რომ წავიდეს.
“სულაც არ გამიკვირდება, როჯერმა გაისად რომ განაცხადოს: “თამაშს თავს ვანებებ. ეს ალბათ არ მოხდება, მაგრამ იგი ამას თუ გააკეთებს, ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი არ იქნება. მისგან ყველა ყოველთვის მხოლოდ გამარჯვებას ელის, ეს კი მენტალურადაც და ფიზიკურადაც ძალიან დამღლელია. ის დრო უკვე წავიდა, როცა როჯერი თითქმის ყველა თამაშს იგებდა. თუმცა, მას სურს სამპრასის რეკორდის დამხობა და, თამაშს თუ გააგრძელებს, ვფიქრობ, ის ამას მოახერხებს კიდეც.”
თავად სამპრასი კი ამაში დარწმუნებულია და აპირებს კიდეც, დაესწროს იმ თამაშს, რომელშიც ფედერერი დიდი მუზარადის სარეკორდო, მე-15 ტიტულს მოიხვეჭს, თუნდაც საამისად მელბურნში გადაფრენა დასჭირდეს.
“როჯერს უდიდესი სურვილი აქვს, ჩემი რეკორდი რომ დაამხოს და მე სიამოვნებით დავესწრებოდი ამ მოვლენას – თქვა პიტმა – მე ვთხოვე მას, იქნებ ეს ან ნიუ იორკში ან ლონდონში გააკეთო, ავსტრალია ძალიან შორსაა-მეთქი. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი იქ ვიქენი გასაფრენი, აუცილებლად გავფრინდები. მინდა, პატივი ვცე მის მიღწევას და ჰალალად ვუთხრა: “გილოცავ”.”
მიუხედავად იმისა, რომ როლან გაროს ფინალში ფედერერი რაფაელ ნადალთან სასტიკად დამარცხდა, სამპრასს ეჭვიც არ ეპარება, რომ ფედერერი უიმბლდონზე მაინც იმარჯვებს.
“ისეთ დიადებსაც კი, როგორიც როჯერია, თავიანთი ცუდი დღეები აქვთ. მაგრამ დიდი მუზარადის ტურნირებზე ის კვლავაც მთავარ ფავორიტად რჩება. წაგებები კი მასზე მხოლოდ გამომაფხიზლებლად და მასტიმულირებლად მოქმედებს.”
ფედერერის მეორე მდევარი ნოვაკ ჯოკოვიჩი კი, რომელმაც იმ დროს თურმე მონონუკლეოზით დაავადებულ ალპელ მაესტროს წლეულს ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში სძლია და მერე ფინალიც მოიგო, ფიქრობს, რომ ნადალთან იმ მარცხის შემდეგ როჯერი კიდევ უფრო მოწყვლადი გახდა.
“რაღაც-რაღაცები იცვლება. ჩემი აზრით, იმ წაგებამ ის საკუთარ ძალებში კიდევ უფრო დააეჭვა. მაგრამ ეს ნორმალურიცაა, როცა ამქარში 4-წლიანი აბსოლუტური დომინაციის შემდეგ აქა-იქ წაიფორხილებ კიდეც – ამბობს ნოვაკი – ამქარში ახალი ტალანტები მოვიდნენ, რომელთაც სჯერათ, რომ მისი დამარცხება შეუძლიათ და ერთ-ერთი ამათგანი მეც ვარ. და როჯერიც ამის გამო აშკარად ნერვიულობს.”
http://msofsport.com/more.aspx?id=8849
მიმაგრებული სურათი