ესეც გურამიშვილის ლოცვა ღმრთისმშობლისადმი. უბრალოდ, ძალიან ლამაზია.

მთავ ღვთისავ, მთაო პოხილო, დავითის საგალობელო,
ვით აგარაკო ზეგარდმო ცვარისა შემატკბობელო,
აღმოგვიცენე უთესლოდ ნაყოფი, შესამკობელო.
მომეც ნაყოფი კეთილი, იესოს ქრისტეს მშობელო!
სიტყვა ძლიერთა მსმენელო, უცნაურისა მცნობელო,
სარწმუნოების ხარისხო, სჯულისა მტკიცედ მპყრობელო,
ქრისტიანეთა ზღუდეო, მფარველო, გარსა მღობელო,
შენ დამიფარე, დამიცევ, იესოს ქრისტეს მშობელო!
სახით აბრამის კარაო, ღვთის ტევნით გულთა მყრდნობელო,
სჯულთ კიდობანო, მოსიანთ ღვთის მცნების ჩასაწყობელო,
ვით შეუწველო მაყვალო, საღმრთო ცეცხლ-განუქრობელო,
მიხსენ, ნუ დამწვავ სახმილით, იესოს ქრისტეს მშობელო!
ქუხილო მტერთა მკვეთელო, ელვავ სულთ მანათობელო,
ელისაბედის მომკითხო, მის ყრმის მის მუცლით მკრთობელო.
ვით სამოსელო უხრწნელო, შიშველთა დამათბობელო,
შემმოსე მადლით შიშველი, იესოს ქრისტეს მშობელო!
ბარბაროზთ სჯულთა დამხსნელო, სპარსთ სიწმიდისა მთხრობელო,
ცეცხლთა თაყვანისცემისა დამშრეტო, დამაცხრობელო,
ღვთის სამსხვერპლეო, ფურნეო, ცხოვრების პურთა მცხობელო,
განმაძღე მადლით მშიერო, იესო ქრისტეს მშობელო!
ცხოვრების წყაროს ენბაზო, მბანელთა არ საზმნობელო,
კანას წყლის ღვინოდ მსმეველო, მექორწილეთა მთრობელო;
კვლავ კლდეო წყლისა მომცემო, ისრაელთ ცრემლთა მშრობელო,
მასვი მე მადლით მწყურვალსა, იესოს ქრისტეს მშობელო!
ნაყოფიერო ვენახო, ვით ვაზო მორჩ-უჭკნობელო,
უკვდავებისა მტევანთა მოკვდავთა მოსართლობელო,
მაჩრდილობელო ნერგო და კეთილთა შრტოთა მყნობელო!
მიგრილე ცოდვით საწვავსა, იესოს ქრისტეს მშობელო!
სიტყვისა მღრთისა ხორცითა მტვირთველო, დამადგნობელო,
ღვთის ძისა კაცად აღმზრდელო, მით კერპთა დამადნობელო,
ადამის მხსნელის დედაო, ძით ევას მახარობელო,
შეწუხებულსა მახარე, იესოს ქრისტეს მშობელო!
სიბრძნისა ღვთისა სავანე, ტახტ-საყდარ-დასაჯდომელო,
კეთილმორწმუნე მეფეთა გვირგვინად მოსახდომელო;
ხიდო წიაღ-მყვანებელო, კიბევ, ცათამდის მწდომელო,
გზა სიმართლისა მასწავე, იესოს ქრისტეს მშობელო!
მის სიძის მღვიძრად დამხდომო, შუაღამ ძილთა მფრთხობელო,
გაუქრობელის ლამპრითა ქალწულთა წინა მსწრობელო;
სულელთა ლამპარ-შრეტილთა მრეკელთა კართა მხშობელო,
მოწყალებისა კარ-მიღე, იესოს ქრისტეს მშობელო!
ზეცით ღვთის სიტყვის საყვირო, ქვეყნად კაცთ მოსათხრობელო,
არსის საყდრისა სასანთლევ, ლამპარ გრძლად გაუქრობელო;
მის მთიებისა დედობით ბნელ ქვეყნის მანათობელო,
შენ განმინათლე გონება, იესოს ქრისტეს მშობელო!
ვით მამათ-მამის შურდული, მთავ, ლოდის გამამტყორცნელო,
დამამტვრეველო კერპთა და საწუთროს ღმერთთა მხოცელო.
პირველ წყევისა წერილთა ბრალისა აღმამხოცელო,
მიხსენ დედაო ღვთისაო და ჩემო ხატ-სალოცველო!
დაურღვეველო ზღუდეო, გოდოლო შეურყეველო,
ცათაგან დაუტევნელთა წიაღთა დამატეველო;
მარიამ ქრისტეს დედაო, ასულო სიონეველო,
შენ მეოხ-მეყავ ცოდვილსა, ქალწულო, ღვთისა მხეველო!
შენ გევედრები, ცისკარო საიდუმლოსა დღისაო,
ნათელო შარავანდედო, საცნაურისა მზისაო,
დედაო მუცლად მღებელო გამომხსნელისა ტყვისაო,
ტყვეობისაგან დამიხსენ, მშობელო ღვთის სიტყვისაო!
ნათელო და ბრწყინვალეო, თქმულო აღდგომისა ხატო,
სიტყვიერთა ცხოვართ ქნარო და უხილავთ მხეცთ დამსხარტო;
ტარიგის და მწყემსის დედავ, მე ნუ დამიტევებ მარტო,
ძალი მომეც, გარდმახტუნე, სადაც დამხვდეს ცოდვის ფლატო!
შენ საქებრად რიტორიცა არს, ვით თევზი, უხმო, უტყვი;
მე ვით ვიტყვი შენს ქებასა, ნაწვართი ვარ ვით პირუტყვი,
მიჭირდა და ჩემს მავნეთა შენგნით კვერთხი გარდაურტყი.
ვით ენბაზო, განმიწმინდე მე ცოდვისა ბრალთა ტუტყი!