„...ხვალ ქარი იქნება,
უცებ
გაშლის გაფანტავს ღრუბელს“ (33ა)
(ოპტიმისტურად)
ცაზე თვითმფრინავი ხაზავს თეთრ ზოლს ,ღრუბლები კი წითლად ღებავენ მას.ერთხელ ვიღაცამ მითხრა რომ წითლად ცა ქარის გამო იღებება,დღემდე არ ვიცი რატომ. ლამაზია ცისფერი ,თეთრი და წითელი. ასე ერთად.ზევით.
ზოლი იკლაკნება და ნელნელა იცრიცება,ბუნდოვანი ხდება, ბოლოს სულ იშლება.
ცრცრის და თან ქარია.ფიფქები მიწასაც ვერ უახლოვდებიან.ქარი ათამაშებს მათ თავის გემოზე. ჯერ არ დაბნელებულა,თუმცა ლამპიონები უკვე აუნთიათ და ოდნავ ბჟუტავენ დღის სინათლეზე. რატომღაც მახსენდება ბავშობიდან ცუდად ჩარჩენილი რიტმული სიტყვები
ამოვარდება ქარი
ამინდი შეიცვლება
ჩვენი პატარა გოგო
დიდი გოგო გახდება...
როგორ არ მომწონდა ეს სიტყვები და ის შეგრძნება რაც მათი მოსმენისას მეუფლებოდა.მახსოვს რამდენჯერმე ვიტირე კიდეც.ყვითელი მზისგან გახუნებული ფარდებიც მახსოვს ჩვენი ოთახის ფანჯრებზე რომ იყო მიკრული. ბოლოს ისე დაიწვა მზისგან რომ დაფშვნა დაიწყო. მახსოვს როგორ ჩამოვხსნიდი ხოლმე ლურსმნიდან ფარდის ერთ გვერდს და გავიხედავდი გარეთ...ქარი იყო ,ძლიერი ქარი. ცელოფნის პარკები დაქროდნენ ცაში, მეზობლის სარეცხი ფრიალებდა და ზოგჯერ ჩემს აივანზე ეცემოდა, ჩემს თვალწინ, ფრიალით და ხმაურით. რკინის მოაჯირებს ენარცხებოდა გაყინული ჯინსის შარვლები, რომლის პატრონსაც დიდხანს დავეძებდით.
ქარი იყო თითქმის მთელი ზამთარი, გაზაფხულის და შემოდგომის დიდი ნაწილიც ქარი იყო. გავდიოდი აივანზე და მზეს ვეხვეწებოდი ამოსულიყო.
მზეო ამოდი ამოდი...
თუმცა მზე თავის ადგილზე იყო და ანათებდა...
უბრალოდ ქარი იყო.
"გადაუღებელი" ქარი.
ჩემ დახატულ კლასობანას უჯრებს სულ ზემოდან დავცქეროდი ..
ქარი იყო სკოლიდან დაბრუნების დროსაც.
ერთხელ აგვიღო და დაგვახეთქა ძირს. მსუბუქები ვიყავით ძალიან, მიუხედავად გატენილი ჩანთებისა. ბოძებს ვეხუტებოდით, მაგრამ 2 წუთიც და სახლში რომ უნდა ვყოფილიყავით, სწორედ მაშინ დაჰბერა ისეთი სიმძლავრით, რომ ორივე ძირს აღმოვჩნდით გაშოტილები.მერე კი ბევრი ვიცინეთ, მაგრამ მაშინ როცა უკვე სახლში ვიყავით.
ხშირად იყო ქარი მაშინაც, როცა „ფისუნიების“ და მჟაუნების მოსაკრეფად დავდიოდით მინდორში. მახსოვს ერთხელ მეზობლის დაკლეტკილრკინებიანი გარაჟი მოგლიჯა ადგილიდან და თითქმის უკანა ეზომდე მიაგორა...
ქარის გამო იყო , ყველანი სახლის უკან რომ შევიყუჟებოდით ხოლმე და ბადბიტონს იქ ,ძალიან პატარა ფართობზე, ვთამაშობდით.
ქარი იყო პირველად რომ მოვედი ჩემს სახლში(სამის ვიყავი). ცხელოდა და ნიავი სასიამოვნოდ მხვდებოდა სახეზე. მახსოვს როგორ გადავიხედე ციცაბოდან და დავინახე თვალწინ გადაშლილი მთები, ხეები , მინდვრები და ქარისგან ტალღებივით მღელვარე მაღალი ბალახები.
ახლაც ქარია .გარეთ ვიხედები და ლამპიონების სინათლეზე ვხედავ როგორ მიარბენინებს ფიფქებს ,ხან მარჯვნივ და ხანაც მარცხნივ.
ყრუდ მესმის წამყვანის ხმა : ცივი ჰაერის მასები დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადმოინაცვლებს, რაც გამოიწვევს ძლიერ ქარს ...
ხვალ ქარი იქნება, ისევ...
და ისევ ის ნაღველი და ის ხმა :
„ამოვარდება ქარი
ამინდი შეიცვლება... "
იქნებ მეც ქარის წისქვილებს ვებრძვი...
(ძველი აღმოვაჩინე :რამდენიმე წლის წინ, ჩემ დაბადებისდღეზეა დაწერილი

))) )
კიდევ კარგი დღეს არ არის ქარი

ეს კიდე ძალიან შორეული წარსულის
მოგონებები გარდასულ დღეთა გამომივიდა რა
ბევრი ვიცინე
This post has been edited by უბრალოდ on 9 Feb 2007, 11:36
მიმაგრებული სურათი