ვიყავი ჩვენს დიდებულ ოშკში (უკვე მეხუთედ)...
http://24saati.ge/index.php/category/cultu...4-10/15702.html...კიდევ გავზომე ეკლესიის ზოგი ნაწილები და შევისწავლე სკულპტურები.
გაკვირვებული დავრჩი (კიდევ ერთხელ) იმ წარსული სრულქმნისაგან, რაც ქართულმა ქანდაკოვანმა ხელოვნებამ განიცადა X ს. მეორე ნახევარში.
ამის ცხადსაყოფად საკმარისია კაცმა დოლისყანისა და ხახულის რელიეფური ქანდაკებები შეადაროს ოშკს, სადაც ისე ლაღად და დაუბრკოლებლად არის გადაშლილი გზა ბუნებასთან სიახლოვისა... რაღა გაგიგრძელო, იქ ვნახე ზოგიერთი რამ რაც ხსენებული არც არის დღემდე განსაკუთრებით რელიეფებში და ერთი კაი მოზრდილი მკერდამდის რელიეფი საკმაოდ ნაკვთიანი და უკანა ფენიდან ამოზიდული რომელსაც თავი რასაკვირველია აკლია (ჩამოამტვრიეს როგორც სხვები) და თანაც მიუდგომელი (ჩრდილშიაც არის) და ამიტომ ჯერჯერობით ძნელად გამოსაცნობი ვინაობისა მაგრამ შემდეგ სურათებსაც რომ მშვიდად დავაკვირდები ეგებ მოხერხდეს მისი იდენტიფიკაცია. (...გათენება. მოლა ბღავის)... სხვათა შორის გუმბათის ყელის აღმოსავლეთი ნაწილი არასდროს ყოფილა ფოტოგრაფიულად აღნუსხული, (შეიძლება მხოლოდ ნაწილი მცირე) მე კი ესეც ნაჩქარევად შევისწავლე და ფოტოგრაფიებიც გავაკეთე მაგრამ ვაი ამის გაკეთებას. ხის წკიპზე ვიყავი მაიმუნივით გადმოკიდული. ავედი სახურავზედაც, რომელსაც 1965 წელსაც ვესტუმრე, მაგრამ მაშინ შედარებით იოლი იყო ცოცვა და ხოხვა და ზოგჯერ სიარულიც კი, მაგრამ ეხლა ამ მოკლე ხანში სახურავის მდგომარეობა წარმოუდგენლად გაუარესდა... მოკლედ რაღა თავი მოგაწყინო, ყოველი ჩვენიანი ოშკში და იქაურ ეკლესიებში მუშაობისას განიცდის უაღრეს სიამოვნებას და უაღრეს ტკივილსაც ამ სავალალო მდგომარეობის გამო..."

12.XI 73 ოთრიუმი (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ელენე მეტრეველის არქივიდან).
როცა ამერიკაში მოღვაწე ქართველის, ხელოვნების ისტორიკოსისა და არქეოლოგის, პროფესორ ვახტანგ ჯობაძის მდიდარ ეპისტოლარულ მემკვიდრეობას ეცნობი, სიამოვნებისა და ტკივილის მისთვის ასე ნაცნობი განცდა შენც გეუფლება. სიამოვნებისა იმის გამო, რასაც აღწერს და ტკივილის იმის გამო, რომ რასაც აღწერს, კვლავაც სავალალო მდგომარეობაშია ამ წერილის დაწერიდან თითქმის ოთხი ათეული წლის შემდეგაც...
მისი ოჯახის წევრები, მეუღლე ირინე და ქალიშვილი ეთერი, წელს, კარლსბადში (აშშ, კალიფორნიის შტატი) ყოფნისას გავიცანი. თავად ბატონი ვახტანგი კი მისი ავტობიოგრაფიული წიგნით “ჩემი თავგადასავალი" და კოლეგების მონათხრობით. სამწუხაროდ, ვერ შევხვდი მის ვაჟს - მიხოს, რომელიც მართალია იმავე შტატში, მაგრამ სხვა ქალაქში ცხოვრობს. სხვათა შორის, ბატონ ვახტანგს ამ წიგნის წერა თავიდან ინგლისურად დაუწყია, მაგრამ რამდენიმე გვერდის მერე გადაწყვეტილება შეუცვლია და თავიდან ბოლომდე ქართულად დაუწერია. ამის გამო, მისი ოჯახის წევრებს არც მაშინ და არც მერე საშუალება არ ჰქონდათ გაეგოთ, რა დაწერა მან თავისი ხანგრძლივი, სისხლსავსე და თავგადასავლებით სავსე ცხოვრების შესახებ. ამის მიზეზად წინათქმაში ის ამერიკაში წინაპრებისადმი ინტერესისა და პატივისცემის არქონის “მოდას" ასახელებს და ამბობს: “მათ ჩემი ისტორია ისევე აინტერესებთ, როგორც მე შარშანდელი თოვლიო." თუმცა, საბედნიეროდ, ეს ასე არ აღმოჩნდა. მამის გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე მისი ქალიშვილის ძალისხმევით წიგნი გამოიცა, სამი წლის თავზე კი ბატონი ვახტანგის პირადი არქივი და მდიდარი ბიბლიოთეკა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ჭეშმარიტი საუნჯე და ქართველი ხალხის საკუთრება გახდა.
დაიბადა 1917 წელს, თბილისში. 1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მერე სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ასპირანტი გახდა ხელოვნების ისტორიის განხრით, მაგრამ ვერ დაამთავრა, მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. რამდენჯერმე მსუბუქად დაიჭრა, ტყვედ ჩავარდა. ნალჩიკთან მდებარე ბანაკში მოხვდა, საიდანაც თავის დაღწევაში ტყვეებს ქართველი ემიგრანტები ეხმარებოდნენ. გერმანელები სამუშაოს შეასასრულებლად ძირითადად ახალგაზრდა, ჯანსაღ ტყვეებს არჩევდნენ და სხვადასხვა ადგილებში აგზავნიდნენ: მეწაღეებად, მძღოლებად, მკერავებად, ფერმაში დამხმარეებად, ან გერმანულ არმიაში საბრძოლველად. ბანაკებიდან გამოსულებს გვარებს უცვლიდნენ, მათი ნათესავების დევნა-შევიწროვება რომ აეცილებინათ. როგორც თავად იგონებს, ის პავლე ციციშვილის ნათესავად დაწერეს, მისი გვარი მისცეს და ბრანდენბურგის მონადირეთა მოტორიზებულ დივიზიაში გაამწესეს “შოფრად". ომის დამთავრების შემდეგ ერლანგენში გაემგზავრა. რადგან საბუთები არ ჰქონდა, მისაღები გამოცდების ჩააბარება მოუწია. ხელოვნების ისტორიისა და არქეოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მალე უამრავი ქართველი თუ უცხოელი მეგობარი შეიძინა. აქვე გაიცნო აირინ (ირინე, როგორც თავად იხსენიებს-მ.კ.) ბიბერი, მომავალი მეუღლე და, საერთოდ, მთელი მისი “ევროპულ-ამერიკული მომავალიც" სწორედ აქედან დაიწყო.
ირინე ბიბერი, ვახტანჯ ჯობაძის მეუღლე: მახსოვს, სკოლაში გვითხრეს, პროფესორი ფონ გუტენბერგი ერლანგენში კითხულობს საინტერესო ლექციებს ისტორიაშიო. მე და ჩემი მეგობარი ელიზაბეტი მართლაც წავედით. ლექცია ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. შინ მატარებლით უნდა დავბრუნებულიყავით. პლატფორმაზე მიუნხენიდან ბერლინში მიმავალ მატარებელს ველოდებოდით, რომელიც ბამბერგამდე ჩაგვიყვანდა. უცბად ახალგაზრდა მამაკაცი მომიახლოვდა და მკითხა: -" უკაცრავად, ქალბატონო, აქ გამოივლის მიუნხენიდან ბერლინისკენ მიმავალი მატარებელი?" - "დიახ," - ვუპასუხე ისე, რომ არც კი შემიხედავს და გავიფიქრე, ნეტა რას მეკითხება, ვერ ხედავს განრიგში რა წერია-მეთქი? მან საუბარი ჩემს მეგობართან გააგრძელა. მე ყურადღება არ მიმიქცევია. ის თავის უკრაინელ, საკმაოდ მომხიბვლელ მეგობართან ერთად იყო. ერთი კვირის შემდეგ ელიზაბეტმა მითხრა: “გახსოვს ის ორი ახალგაზრდა, ერლანგენში, სადგურზე რომ გამოგველაპარაკნენ? ოთხშაბათს საღამოს მოვლენ ჩემთან სტუმრად, მოხვალ?" - "რაა? სადგურზე გაცნობილი ბიჭები შინ დაპატიჟე-მეთქი?" - "ხო, დავპატიჟე, შეგიძლია მოხვიდეო?" -შემიძლია-მეთქი, ვუპასუხე და მართლაც წავედი. კარგი დრო გავატარეთ. საღამოს, როცა მათ სადგურზე ვაცილებდით, ვახტანგი მომიახლოვდა და მითხრა: - "ქალბატონო ირინე, იცით, რატომ მოვედი თქვენს მეგობართან სტუმრად?" -არა, არ ვიცი-მეთქი. - "იმიტომ, რომ კიდევ მენახეთ. შეიძლება, შემდეგ კვირას კინოში დაგპატიჟოთო?" -რატომაც არა-მეთქი, ვუპასუხე. ასე დავმეგობრდით. მერე ისე მოხდა, რომ ერეკლე ბაგრატიონმა ის ესპანეთში, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მიიწვია. მერე მეც მიმიწვია ორი კვირით.
- საიდან იცნობდით ბაგრატიონს?
- არ ვიცნობდი. უბრალოდ, იმ დროისთვის პარიზში ვიყავი ვახტანგის უკრაინელ მეგობართან-ბოგდანთან ერთად. ვახტანგმა სთხოვა, ჩემთვის მოწვევა გაეკეთებინა. ბაგრატიონი და მისი მეუღლე მადრიდში რომ ჩავედი, მაშინ გავიცანი. მართალია, საჭმელების კეთება არ ვიცოდი, რადგან ჩემს მშობლებს ყოველთვის მოსამსახურეები ჰყავდათ, მაგრამ მთელი ოჯახი, მათ შორის ბაგრატიონის მშობლებიც, დიდი ამბით დავპატიჟე სადილზე. ერთი დამლაგებელი გვილაგებდა ოთახს. ვკითხე - სურსათი რომ მოვიტანო, საჭმელს გააკეთებ-მეთქი? კიო, მითხრა. სადილმა წარმატებით ჩაიარა. ასე იოლად გამოვძვერი სიტუაციიდან. მთელი ესპანეთი მოვიარეთ, უმშვენიერესი ადგილები ვნახეთ და მერე ისევ გერმანიაში დავბრუნდი. მალე მამა გარდაიცვალა. ვახტანგი ჩამოვიდა. ამ ფაქტმა და მისმა ჩამოსვლამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა. შობასა და ახალ წელსაც ჩვენთან შეხვდა. გაზაფხულზე ისევ ჩავედი მადრიდში და დავქორწინდით კიდეც. ჩვენი მეჯვარეები შოთა და ანტონიო იყვნენ. როცა ვახტანგს გავყევი, ის ციციშვილის გვარს ატარებდა. ჯობაძის გვარი ამერიკაში ჩასვლის შემდეგ, როცა მოქალაქეობა მიიღო, მაშინ დაიბრუნა.
“ჯვარი დავიწერეთ ერთ უცნაურ, იეზუიტების მიერ შეკოწიწებულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, რომლის დეკანიც იყო ესპანეთის ავტოკრატ ფრანცისკო ფრანკოს მოძღვარი და აღმსარებელი, სახელად მურელიო. ეს მოხდა იმიტომ, რომ ეს ეკლესია იყო ნაწილი ე.წ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტისა, რომლის დირექტორიც იგივე მურელიო იყო... მე და ირინე კარგა ნასვამები ვიყავით და ასევე ჩვენი მღვდელი და სტუმრებიც... ქორწინებამ ჩვენი ცხოვრება საფუძვლიანად შეცვალა, რადგან შვილსაც ველოდებოდით." (ვახტანგ ჯობაძე, “ჩემი თავგადასავალი").
მალე მათ მშვენიერი ქალიშვილი-ეთერი შეეძინათ, რომელიც თავად ერეკლე ბატონიშვილმა მონათლა.
ეთერი ჯობაძე: რომანოვების შატოში ყოფილმა რუსმა გენერალმა მომნათლა, რომელიც მღვდელი გახდა. პატარა ვიყავი, როცა მამამ მითხრა, რომ ჩემი ბაბუა თავადი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ ეს ტიტული მან მიიღო, შესაბამისად, მე, როგორც მისი შვილი, თავადის ქალი ვიყავი. გადამიშალა წიგნი, სადაც ცნობილი ქართული გვარების წარმომადგენლები იყვნენ, ხელი დაადო ერთ-ერთს, ციციშვილს, როგორც ამიხსნა, ჩემს ბაბუას, პირველ თავადს, რომელმაც მონები გაათავისუფლა. ეს იყო გვარი, რომელიც მე მამისგან დაბადებით მივიღე. მან კი, როგორც თავად მოგვიანებით მითხრა, დედისგან აიღო ეს გვარი. თუმცა, არც ერთი ეს ისტორია მართალი არ გამოდგა... ჩემთვის დღემდის უცნობია, რატომ გააკეთა ეს მამამ, შეიძლება გვარის გამოცვლა საკუთარი ოჯახის უსიამოვნებებისაგან დაცვის საშუალება იყო? შეიძლება, მაგრამ რატომ მაინცადამაინც ციციშვილი? მიუხედავად იმისა, რომ მამამ ჯობაძის გვარი ამერიკის მოქალაქეობის მიღებამდე დაიბრუნა, წერილებს მაინც ისე სწერდნენ, როგორც პროფესორ ციციშვილს. ამან კიდევ უფრო დამაბნია... არც ის ვიცით, ზუსტად როდის იყო მისი დაბადების დღე. ჩვენ მას 17 მარტს ვზეიმობდით-ხოლმე. არქივში რომ მოვიძიე, აღმოჩნდა, რომ 1917 წლის 3 იანვარს იყო დაბადებული. მის ნაშრომებს ეწერათ ვახტანგ Z ჯობაძე. გერმანულ ენაში Z იკითხება როგორც ც, ანუ ვახტანგ ციციშვილი ჯობაძეს აწერდა. საერთოდ, ის საიდუმლოებით სავსე ადამიანი იყო და ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ეს საიდუმლოებები გაიყოლა იმ ქვეყნად... მისი ავტობიოგრაფიული წიგნიც კი ძალიან ძნელად გამოვიდა. მამამ ხელნაწერი აჩვენა თავის დას და მეგობრებს, რომლებმაც გარკვეული კორექტივები შეიტანეს წიგნში. ვინაიდან ის ქართულადაა დაწერილი და ჩვენ მისი წაკითხვის საშუალება არ გვქონდა, არც გამოცემამდე და არც მერე, უცნობია, რა არის მასში მართლაც მის მიერ მოთხრობილი და რა ჩასწორებული... არსებობდა ამ ავტობიოგრაფიის რამდენიმე ვერსია. რაც მე მქონდა, ის ვარიანტი, სხვა ნაშრომებთან ერთად, გადავეცი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს. მან თავიდან წერა ინგლისურად დაიწყო, მაგრამ რამდენიმე გვერდის მერე გადაწყვიტა, ქართულად დაეწერა და ასეც მოიქცა. ამით, პრაქტიკულად, ყოველგვარი შანსი წაგვართვა, გვცოდნოდა რა დაწერა სინამდვილეში... უფრო მეტს გეტყვით. როცა მის ხელნაწერს ვათვალიერებდი, ესპანეთში გამოქვეყნებული ნაშრომში აღმოვაჩინე ფურცელზე მიმაგრებული უცნაური მინაწერი: ჩემი ნამდვილი სახელი და გვარია- ვახტანგ ჯორჯანელი ციციშვილი ჯობაძე. წარმოგიდგენიათ რა მომივიდოდა?
ირინე ბიბერი: როცა ეთერის ვნათლავდით, მღვდელმა ბავშვის სახელი მკითხა, ვუთხარი-ეთერი-მეთქი. ვახტანგმა შეიცხადა, ეს არ არის ქრისტიანული სახელიო. ამიტომ, ბავშვი მოვნათლეთ როგორც ეთერი მარია ჯობაძე.
- თქვენს პირად ცხოვრებაში ერეოდა?
- უფრო მეტ სიმკაცრეს ჩემ მიმართ იჩენდა, რადგან თავის თავისგან ვერ მმიჯნავდა. ჩვენ ერთი ორგანიზმი ვიყავით, ის მთავრდებოდა და მე ვიწყებოდი. ამიტომ განსაკუთრებით აინტერესებდა ყველაფერი ჩემ შესახებ. არ ყოფილლა შინიდან ისე გავსულიყავი, არ ენახა, რა მეცვა, როგორ გამოვიყურებოდი. ხანდახან მეტყოდა-ხოლმე: იცი, მგონი ცოტა მეტი მოგივიდა მაკიაჟი და ა.შ. ის ჩემთვის მამაც იყო და დედაც. შემიძლია ვთქვა, რომ მას ჩემს მიმართ უფრო მეტი დედობრივი გრძნობები ჰქონდა, ვიდრე დედაჩემს.
- მამათქვენი იგონებს, რომ როცა ქმარს გასცილდით, ძაღლებზე მეტს დარდობდით, ვიდრე განქორწინებაზე.
- მართლა ასე წერს? კი, ასე იყო. თუმცა, ასეთი ტიპის ადამიანებთან განქორწინება ყოველთვის ძალიან რთულია. სამი ქვეყნის ადვოკატი მუშაობდა ამაზე, ბაჰამაზე, შვეიცარიასა და იტალიაში. წინა ქორწინებიდან ქალიშვილი ჰყავდა, რომელთანაც საუკეთესო ურთიერთობა მქონდა. ქორწინებაში 12 წელი ვიცხოვრე, განქორწინებას კი 11 წელი მოვუნდი... ერთმანეთი ლოს ანჯელესში გავიცანით. ჩემს მშობლებს ბევრი ევროპელი მეგობარი მყავდათ, მე არც ერთი. მინდოდა, ვინმე გერმანელი გამეცნო, რომ გერმანული ენა არ დამვიწყებოდა. გაზეთში აღმოვაჩინე განცხადება: იტალიელ ბიზნესმენს სურს, შეისწავლოს ინგლისური ენა. ვიფიქრე, მართალია ეს იტალიელია, მაგრამ იქნებ გერმანელი მეგობარი ჰყავდეს-მეთქი. ეს ბიზნესმენი ლოს ანჯელესში პორნოფილმს იღებდა და ჩემს მეზობლად, ბევერლი ჰილზში ცხოვრობდა. საღამოთი იტალიურ პასტაზე დამპატიჟა, რომ გაკვეთილების თაობაზე მოგველაპარაკა. იქ მისი შვედი მეგობარი დამხვდა. მითხრა, გერმანული ვიციო, მაგრამ რასაც ის ლაპარაკობდა, გერმანული ნამდვილად არ იყო. ორი კვირის თავზე იახტაზე გასეირნება შემომთავაზა. იახტა საკმაოდ დიდი იყო, გემის მსგავსი. მითხრა, რომ ხანგრძლივ მოგზაურობაში აპირებდა ამ იახტით წასვლას და მეც ხომ არ გავყვებოდი. ვკითხე, ისე წახვალ სამოგზაუროდ, რომ იახტის პატრონს არ ჰკითხავ-მეთქი? არა, არ ვკითხავ, რადგან მისი პატრონი მე ვარო! როცა იტალიაში ჩავედით, მკითხა: არ გინდა ჩემი სახლი ნახო და დარჩეო? როგორც გაირკვა, ძალიან მდიდარი იყო. მემკვიდრეობით ჰქონდა დიდი ფული მიღებული.
უზარმაზარი სახლი და მიწა გვქონდა. ბებერი ცხენი და ხუთი ძაღლი გვყავდა. მათ ცხენი დიდი ძაღლი ეგონათ. მას კი ფიატი ეგონა თავი და ავტოსადგომში, როგორც პარკინგში, თავის ადგილს ისე იკავებდა.
- “ამერიკის ხმასთან” როდის დაიწყო თანამშრომლობა?
ირინე ბიბერი: როცა ესპანეთში ვიყავით, ვახტანგს ჰქონდა კონტაქტი პრინც გურიელთან. მან დაგვპატიჟა ამერიკაში. ნიუ იორკში ჩავედით. მიხო იქ შეგვეძინა. ევროპის შემდეგ ამერიკა საშინელებად მოგვეჩვენა, ხალხი ძალიან ცუდად იყო ჩაცმული. პრინც ერისთავის სახლში ვცხოვრობდით მანჰეტენზე. მას ცნობილი მილიონერის, მორგანის ოჯახის წევრი ჰყავდა ცოლად. მაშინ ეთერი რვა თვის იყო. ვინაიდან იქ დიდხანს ვეღარ გავჩერდებოდით (ერისთავი და მისი ოჯახი მთაში იყო, რადგან ცხელოდა, ამ დროისთვის კი უკვე სახლში ბრუნდებოდნენ), ბინის ძებნა დავიწყეთ. ცოტა ხნით ლონგ აილენდში გადავედით და მერე ვაშინგტონ DC-ში. ვახტანგმა ჩასვლისთანავე დაიწყო ამერიკის ხმაში მუშაობა. მერე მათი ოფისი ვაშინგტონში გადავიდა და ჩვენც ამიტომ გადავედით იქ.
ეთერ ჯობაძე: ვაშინგტონში მამა ბიბლიოთეკაში დადიოდა და სამეცნიერო მუშაობას განაგრძობდა. იქ გაიცნო ცნობილი ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები, რომლებთანაც მთელი ცხოვრების მანძილზე ურთიერთობა აღარ გაუწყვეტია. მათ ბიბლიოთეკაში მუშაობა შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა. მამას დიდად არ მოსწონდა ამერიკის ხმაში მუშაობა, ამიტომ ბევრ უნივერსიტეტში გააგზავნა თავისი მონაცემები, რომ სხვა სამსახური ეშოვნა. რამდენიმე უნივერსიტეტისგან მიიღო მოწვევა. იუტადან გასაუბრებისთვის სპეციალურად ვიღაც ბრიტანელი გამოგზავნეს. დიდხანს ისაუბრეს, ერთმანეთი მოეწონათ და გადაწყვიტა, არჩევანი იუტაზე შეეჩერებინა. მერე ისინი საუკეთესო მეგობრები გახდნენ. აღმოჩნდა, რომ ეს კაცი ხატავდა და ძალიან ცნობილი პორტრეტისტიც გახდა. ბევრი ცნობილი ადამიანის პორტრეტი ჰქონდა დახატული. არც ვიცოდი, რომ მამას პორტრეტიც დაუხატავს.
- ნათლიასთან ურთიერთობა გქონდათ?
- როცა გავთხოვდი და იტალიაში ვცხოვრობდი. მამას უნდოდა, ჩემი ნათლიის შვილი, ხორხე ბაგრატიონი გამეცნო. მისი დედა იტალიელი იყო, უმცროსი და-ძმისა კი-ესპანელი. ხორხეს ნომერი მისმა ძმამ მომცა. როცა ველაპარაკე, მითხრა, რომ ძალიან ნაწყენია, საქართველოში სახლი და მამულები რომ წაართვეს.
- მამათქვენი ძალიან ამაყობდა თქვენი თურქულით. თავად რამდენ ენას ფლობდა?
- მამას გათხრებზე თურქეთში მოუწია წასვლა. იქ სკოლაში დავდიოდი. თურქულიც იქ ვისწავლე და ფრანგულიც. თურქეთში მეორედაც ჩავედით. მამამ გეტის გრანტი მოიპოვა და მუშაობა განაახლა.
თავად ქართულის გარდა, ორ მკვდარ - ძველბერძნულსა და ლათინურს და შვიდ მოქმედ უცხო ენას: ინგლისურს, ფრანგულს, გერმანულს, ესპანურს, ბერძნულს, რუსულსა და სომხურს ფლობდა.
- მთელი ცხოვრება ქართული სიძველეების შესწავლას მიუძღვნა, თქვენთან თუ საუბრობდა საქართველოზე?
- სულ. საქართველოს ისტორიას გვიყვებოდა, ქართულ ტარდიციებს გვიხსნიდა, ქართულ ლექსებს გვიკითხავდა, სიმღერებს გვიმღეროდა: “ჭრელო, პეპელო, გაფრინდი ნელა..." მშვენიერი ხმა ჰქონდა და ძალიან კარგად მღეროდა. როცა სტუმრები გვყავდა, თამადა იყო-ხოლმე და საუკეთესო სადღეგრძელოებს ამბობდა. საერთოდ, ქართული ტრადიციების დიდი მიმდევარი იყო. მასთან ერთად სადმე წასვლა იმას ნიშნავდა, რომ საკუთარი გიდით გემოგზაურა. ყოველთვის ყველაფერი იცოდა: ყველა მუზეუმი, ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი, სულერთია სად ვიმყოფებოდით, იტალიაში, საბერძნეთსა თუ თურქეთში. ქართული ნაბადი და ყაბალახი ჰქონდა, დამ, თინამ საქართველოდან გამოუგზავნა. როცა გარდაიცვალა, მისი ნეშტის ნაწილი საქართველოში ჩამოვიტანე.
- ბატონი ვახტანგი ძალიან წუხდა, რომ ქართველ სტუდენტებს ხელი არ მიუწვდებოდათ უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო ნაშრომებზე.
- ასეა და სწორედ ამიტომ მან თავიდანვე დაიწყო იშვიათი წიგნების შეგროვება. ეს იცოდნენ მისმა მეგობრებმა და ყველა ქვეყნიდან უგზავნიდნენ სხვადასხვა ენაზე დაწერილ წიგნებს არქეოლოგიასა და ხელოვნების ისტორიაზე. ყველა ეს წიგნი წაკითხული ჰქონდა. ბევრმა ლოს ანჯელესში მცხოვრებმა ქართველმა თავისი ბიბლიოთეკიდანაც დაუტოვა წიგნები. ამ წიგნებს ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში უგზავნიდა თბილისის უნივერსიტეტს. მთელი ბიბლიოთეკის გაგზავნაც უნდოდა, მაგრამ არ მინდოდა ცარიელ ოთახში მჯდარიყო, თავისი საყვარელი წიგნების გარეშე. დავპირდი, როცა ამის დრო მოვიდოდა, მე ვიზრუნებდი, რომ მისი სამეცნიერო შრომები, ბიბლიოთეკა (დაახლოებით 3000 წიგნი) და არქივი, მისი სურვილისამებრ, საქართველოში ჩამეტანა.
თავიდან მინდოდა, წიგნები სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის გადამეცა, მაგრამ მას შემდეგ, რას იქ იშვიათი წიგნების გაუჩინარების ფაქტი მოხდა, გადავწყვიტე, სხვა ადრესატი მეპოვნა. მათ შორის, ვინც მომისამძიმრა, იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბატონი ბუბა კუდავა. მამაჩემს თავისი წიგნების ადრესატთა ჩამონათვალში პირველ ადგილზე ეწერა სახელმწიფო უნივერსიტეტი, მერე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და პარლამენტის ბიბლიოთეკა (საჯარო ბიბლიოთეკა-მ.კ.). დავიწყე ინტერნეტში მათი ვებგვერდების ძებნა. ვნახე, რომ ყველაზე კარგად ეს საქმე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ჰქონდა მოწესრიგებული, თანაც ეს დაწესებულება მამაჩემის ჩამონათვალში მეორე ადგილზე იყო. გადავწყვიტე, ბუბა კუდავას დავკავშირებოდი. მივწერე ი-მეილი, თუ ჰქონდა სურვილი ჩაებარებინა და მოევლო მამაჩემის არქივისთვის. მომენტალურად მივიღე მისგან მადლობა შეთავაზებისთვის და უპირობო თანხმობა. თბილისში ჩამოვედი, პირადად შევხვდი ბატონ ბუბას და მერე არქივიც გამოვუგზავნე. მოგვიანებით წერილი მივწერე სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, რომ ხელნაწერთა ინსტიტუტისთვის გადაეცათ მამას გამოგზავნილი წიგნები. მამას სურვილი იყო, ყველა წიგნი მისი სახელობის ოთახში ერთად განეთავსებინათ, რომ ადვილად ხელმისაწვდომი ყოფილიყო სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის.
ბუბა კუდავა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი: რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, გარდაცვალებამდე ბოლო 20 წლის მანძილზე, ბატონი ვახტანგი ფიქრობდა თავისი არქივისა და ბიბლიოთეკის დაბინავების საკითხებზე. ჩვენგან განსხვავებით, დასავლეთში ძალიან მაღალ დონეზეა და დიდ ყურადღებას აქცევენ მემკვიდრეობის საქმეს. დროულად, სიცოცხლეშივე ზრუნავენ მის დაბინავებაზე, ანდერძის მოწესრიგებაზე. ჩვენ ისე წარმოგვიდგენია, ამაზე რომ ვიფიქროთ, რაღაც ცუდ დღეში ჩავვარდებით. ბატონი ვახტანგი, როგორც დასავლელი მკვლევარი, სრულიად პრაგმატულად უდგებოდა ამ საკითხს. მისი სურვილი იყო, ის მდიდარი მემკვიდრეობა, რასაც აგროვებდა ათეული წლების მანძილზე უცხოეთში, ხელმისაწვდომი ყოფილიყო მკვლევართათვის და სტუდენტებისთვის. ბატონი ვახტანგი მეგობრობდა ჩვენი დაწესებულების მაშინდელ ხელმძღვანელთან, ქალბატონ ელენე მეტრეველთან, რომლის თანაკლასელი იყო და აქტიური მიმოწერა ჰქონდათ ერთმანეთთან. ეს მასალები ჩვენთან, ელენე მეტრეველის არქივში არის დაცული. ამ მიმოწერიდანაც და ზეპირი გადმოცემებიდანაც ვიცით, რომ ის აქტიურად მუშაობდა და ფიქრობდა ამ საკითხებზე. მაგრამ არ დასცალდა. 2007-ში ბატონი ვახტანგი გარდაიცვალა და უკვე ოჯახმა დაიწყო ფიქრი მისი არქივის დაბინავებაზე. ჩვენ, როგორც ერთ-ერთმა ისეთმა დაწესებულებამ, რომელსაც შეეძლო ამ არქივის მოვლა და შესწავლა, ცხადია, გარკვეული ინტერესი გამოვხატეთ სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა ადამიანებთან. როდესაც მისი ფერფლი ჩამოასვენეს, საშუალება მომეცა, პირადად გამეცნო მისი ქალიშვილი, ქალბატონი ეთერ ჯობაძე. მაშინ ჩვენი კონტაქტი არ გაგრძელებულა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, მისგან ელექტრონული წერილი მივიღე, ძალიან საქმიანი და პირდაპირი, რომელშიც სურვილს გამოთქვამდა, გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში გადმოეცა ჩვენთვის მამის ბიბლიოთეკა და პირადი არქივი. უნდა შექმნილიყო ვახტანგ ჯობაძის სახელობის კაბინეტი, არ უნდა დარღვეულიყო ამ კოლექციის ერთიანობა, ხელმისაწვდომი ყოფილიყო მკვლევართათვის, სტუდენტებისთვის და ყოფილიყო, ასე ვთქვათ, ცოცხალი უჯრედი.
მან მთელი ცხოვრება საქართველოსთვის სამსახურს შეალია. ირჩევდა ისეთ თემებს, რომელიც შეეძლო მხოლოდ უცხოეთში მცხოვრებ მეცნიერს ეკვლია-ქართულ ეკლესია-მონასტრებს, რაშიც მისი მეუღლე ყოველთვის მხარში ედგა. ჩვენ კი წლების განმავლობაში ისიც ვერ მოვახერხეთ, რომ გადაგვეჭრა არც თუ ისე რთულად გადასაჭრელი საკითხი. მართალია, მოკრძალებული ფინანსური საშუალებების პირობებში რთულია, დამოუკიდებლად თანამედროვე სტანდარტებოს შესაბამისი კაბინეტის მოწყობა, თუმცა, მხარში დაგვიდგნენ კერძო პირები და ვფიქრობთ, რამდენიმე თვეში უკვე გვექნება ძალიან კარგად მოწყობილი და დაბინავებული ბატონი ვახტანგის მემკვიდრეობა. ამას გარდა, ცხადია, უნდა დამუშავდეს მისი საარქივო კოლექცია და გაკეთდეს სამეცნიერო კატალოგი.
როცა ქალბატონმა ეთერმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, დღის წესრიგში დადგა ტექნიკური საკითხები. მას უნდა გაეკეთებინა წინასწარი, მარტივი კატალოგი, მოეგვარებინა იურიდიული და აუდიტთან დაკავშირებული საკითხები. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ არა სერგი ნაკაიძე, ამერიკაში მცხოვრები ქართველი, ტრანსპორტირების საკითხი შესაძლოა დღემდე მოუგვარებელი ყოფილიყო. მან ყოველგარი ანაზღაურების გარეშე, უსასყიდლოდ შეძლო ის, რომ თბილისამდე მშვიდობიანად მომხდარიყო ამის ტრანსპორტირება. სხვათაშორის, შირად ტრანსპორტირების საკითხი წლობით იწელება. ამ შემთხვევაში კი ფაქტიურად ეს ორ თვეში მოხერხდა. როგორც ბატონი ვახტანგი ბრძანებდა ზეპირ საუბრებში, ბიბლიოთეკა მართლაც უნიკალურია და ამ მიმართულების მკვლევართათვის საკმაოდ ფასეული. რაც შეეხება არქივს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ პერიოდში ეს სიძველეები ხელმიუწვდომელი იყო ქართველ მკვლევართათვის. ამიტომ ჩანაწერები, აღწერილობები, ფოტოები, პირველწყაროს მნიშვნელობისაა ჩვენთვის. ექვთიმე თაყაიშვილის თაობის შემდეგ, ის იყო პირველი ეთნიური ქართველი, რომელმაც შეძლო იქ სამეცნიერო კვლევის ჩატარება. მეტიც, მაგალითად, ანტიოქიაში მან საკუთარი სახსრებით მოახერხა არქეოლოგიური გათხრების წარმოება. ბევრი რამ, ცხადია, იმ პერიოდის ძეგლებიდან ისე აღარ არის მოღწეული, ან მოღწეულია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ 20 წელზე მეტია საზღვრები გახსნილია, დღემდე ვერ მივიდა იქამდე მკვლევარი და ვერ გააგრძელა კვლევა. ანუ, შესაბამისი საკითხების მკვლევართათვის ეს ფაქტობრივად პირველწყაროს მნიშვნელობისაა. არქივში არის საკმაოდ მდიდარი მიმოწერა, ძირითადად, მისადმი გაგზავნილი წერილები, თუმცა, რამდენადაც ვიცით და დავაკვირდით, იგი ხშირად ინახავდა საკუთარი წერილების ასლებსაც. ძალიან ლამაზი, სპეციფიკური კალიგრაფია ჰქონდა, ათასიდან გამოარჩევდით. ივანე ჯავახიშვილის სტუდენტებში იყო მოდაში, რომ მიებაძათ მისთვის. მიმოწერა ჰქონდა არამხოლოდ საქართველოში მოღვაწე მეცნიერებთან, არამედ, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ქართველებთან თუ უცხოელ კოლეგებთან, ასე რომ, აი ამ თვალსაზრისითაც ძალიან საჭირო ინფორმაცია იქნება. თან ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა უცხოეთში არსებულ სხვადასხვა მუზეუმებსა თუ საბიბლიოთეკო და სამეცნიერო ცენტრებში დაცულ ქართულ სიძველეებს, ქართულ მასალას. ამის შესახებაც აქვს გარკვეული ჩანაწერები. ანუ ბევრ შემთხვევაში ძალიან კარგი მინიშნებები შეიძლება იყოს ამ არქივში.
- შეიძლება მასში ისეთი რამ აღმოჩნდეს, რაც აქამდე უცნობი იყო სამეცნიერო წრეებისთვისაც კი?
- შესაძლებელია. რეალურად, ყველა მეცნიერის არქივი ასეთია, თვისობრივად ვამბობ. ვერასოდეს მეცნიერი ვერ ასწრებს თავის ცხოვრებაში ყველაფრის რეალიზებას, რაზეც უფიქრია, რაზეც ჩანაწერი გაუკეთებია, რაც მოუნიშნავს სამომავლოდ.
დავით ხოშტარია, გ. ჩუბინაშვილის სახ. ეროვნული კვლევითი ცენტრის ძველი ხელოვნების განყოფილების გამგე: ჯობაძე მთლიანად კონცენტრირებული იყო ქართულ ძეგლებზე. პირველ რიგში, ტაო-კლარჯეთზე, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა. ერთ-ერთი პირველი იყო ექვთიმე თაყაიშვილის მერე. რამდენიმე სტატია ჰქონდა ოშკზე, სამშენებლო მეთოდებზე, საფასადო ქანდაკებებზე. ცალკე სტატია ხანძთაზე. ბოლოს გამოვიდა წიგნი “ადრეული შუა საუკუნეების ქართული მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში," რომელიც ქართულად მე და ჩემმა კოლეგამ ვთარგმნეთ. წიგნი მის გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე გამოვიდა, გაუგზავნეს და ნახა. ძალიან დიდი ინტერესით მოეკიდა თარგმანს, თავის ხელით ასწორებდა, ჩაამატა რაღაცეები, შენახულიც მაქვს მისი ჩანართები. ინგლისურ გამოცემაში იყო რაღაც შეცდომები გაპარული, რაც ჩასწორდა და ამ მხრივ ქართული გამოცემა უფრო სრულყოფილია. თვისობრივად ახალი ეტაპია ტაო-კლარჯეთის შესწავლაში, იმიტომ რომ, ასეთი მოცულობით და ასეთი მასშტაბით მანამდე არ ყოფილა შესწავლილი. თავმოყრილია პრაქტიკულად ყველა წარწერა, რაც იმ დროს ცნობილი იყო. არქიტექტურის ძალიან დეტალური კვლევაა. განსაკუთრებით ორნამენტი აინტერესებდა, საფასადო ქანდაკებები, მხატვრობა. მოცემულია ფართო ისტორიული ფონი. სხვანაირად შეუძლებელიცაა, როცა ასეთი რეგიონის და ასეთი ეპოქის კულტურის კვლევაზეა ლაპარაკი. ტაო-კლარჯეთს ვერ გაიგებ ადამიანი, თუ არ იცი, რა ხდებოდა IX-X საუკუნეებში ამ რეგიონში.
მნიშვნელოვანია მისი წიგნი “ანტიოქიის მიდამოების ქართული მონასტერბის შესახებ". აქ მას მოუწია არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელობაც. გათხრებიც თვითონ ჩაატარა და შემდეგ გამოსცა როგორც ანგარიში გათხრებისა, ასევე მისი განმაზოგადებელი ნაშრომიც. ჩვენ ვიცოდით ქართველების მოღვაწეობა ანტიოქიის მიადმოებში, ეს ცნობილია წყაროებიდან, ტექსტებიდან, მაგრამ, ასეთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური კვალი თუ აღმოჩნდებოდა, საკმაოდ მოულოდნელი იყო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ფაქტიურად დადასტურდა ქართველი არქიტექტორების და ხელოსნების მუშაობა, რაც ძალიან საინტერესოა. საერთოდ ითვლება, რომ ქართველები კი აარსებდნენ მონასტრებს იერუსალიმში, ბეთლემში, ანტიოქიაში, კონსტანტინეპოლში, მაგრამ ადგილობრივ ოსტატებს აშენებინებდნენ, აქედან არ მიყავდათ. ჯობაძის გათხრებმა ეს აზრი შეცვალა. აღმოჩნდა, რომ ეკლესია ყარადაღთან, რომელიც ძალიან ჰგავს თავისი არქიტექტურული დეტალებით სამთავისს და არის მე-11 საუკუნის პირველი ნახევრის ნაგებობა, აშკარად ქართველი ოსტატების ნახელავია.
უფრო ადრე მცხეთის ჯვარზე აქვს ძალიან საინტერესო გამოკვლევა. ხახულის ხატზე 50-იან წლებში, როცა ესპანე