GSM World
Global Mobile Awards

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 508
წევრი No.: 23580
რეგისტრ.: 24-September 06
|
#5218915 · 2 Apr 2007, 03:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გადაიკითხეთ,მგონი საინტერესო დისკუსია გამოვა ..
"ღირებულებები, რომელსაც არ ვაღიარებთ" ნებისმიერი სახელმწიფო წარმოადგენს ღირებულებათა სისტემას, რომელზეც საზოგადოების დიდი ნაწილი შეთანხმებულია. ვთქვათ, თანამედროვე განვითარებულ ქვეყნებში ეს არის კანონის უზენაესობა, ადამიანის თავისუფალი პოლიტიკური და პირადი არჩევანის უფლება, სიტყვის თავისუფლება, რელიგიური თავისუფლება, სქესთა თანასწორობა. ნაკლებგანვითარებული ქვეყნებისთვის ეს არის უფლისა და მისი კანონების უზენაესობა, მამაკაცთა უპირატესობა, უფროსის მორჩილება და ა.შ.
ღირებულებების თვალსაზრისით, განვითარებულ და განუვითარებელ ქვეყნებს შორის მთავარი სხვაობა - ადამიანია. ერთში ადამიანი არის მთავარი ღირებულება (ინდივიდის უფლებები არის ხელშეუვალი და კანონებით გარანტირებული, მას ასევე აქვს მოვალეობები, რომელიც ასევე კანონებით არის დარეგულირებული). მეორეში კი - მთავარი ღირებულება არის თემი, სახელმწიფო და საზოგადოების საჭიროებები. ასეთ საზოგადოებებში ადამიანი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მას შეუძლია ამ მთავარი ღირებულების დაცვა და მისი ერთგულება. საქართველოში კონსტიტუციით დეკლარირებულია ადამიანი, როგორც მთავარი ღირებულება. რეალურად რა ღირებულების მატარებელია საქართველოს საზოგადოება, რომელმაც საკუთარი ღირებულებების კონსტატაცია კონსტიტუციაში საჯაროდ მოახდინა? ფონდმა "ღია საზოგადოება - საქართველომ" ჩაატარა კვლევა, რომელიც, ავტორთა აზრით, გვაძლევს სქემატურ სურათს, განვითარების რა სტადიაზე იმყოფება საზოგადოება და რა ღირებულებებია მისთვის მთავარი. გიგა ზედანია, ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი, კვლევების ერთ-ერთი ავტორი: "შეიძლება გამოიყოს სამი ტიპის საზოგადოება, რომელთაგან თითოეულს საკუთარი ღირებულებათა სისტემა აქვს. ესენია: 1. ტრადიციული ღირებულებები, რომელიც აგრარულ საზოგადოებას შეესაბამება და რომლის ძირითადი მახასიათებელია ოჯახი და რელიგია, როგორც მთავარი პრიორიტეტები. 2. მოდერნული ღირებულებები, რომლებიც შეესაბამება ინდუსტრიულ საზოგადოებას. ასეთი საზოგადოება ორიენტირებულია თვითგადარჩენაზე, ეკონომიკურ მოგებაზე. ინდუსტრიალიზაცია ხელს უწყობს მასობრივი პოლიტიკური პარტიებისა და პროფკავშირების ჩამოყალიბებას, რასაც საბოლოოდ მივყავართ იქითკენ, რომ საზოგადოება ავითარებს მასების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ჩარევის უფრო აქტიურ ფორმებს. მოდერნული საზოგადოება მხოლოდ მაშინ შეიძლება ფუნქციონირებდეს გამართულად, როდესაც ადამიანს მიაჩნია, რომ უცხო არ არის მტერი. ბიუროკრატია და დიდი კორპორაციები ეყრდნობა ურთიერთმოქმედების პროგნოზირებად ნიმუშებს ადამიანებს შორის. ტრადიციულ საზოგადოებაში კი ნდობისა და მორალური ვალდებულებების გრძნობა არ ვრცელდება ოჯახსა და კლანს მიღმა. 3. პოსტმოდერნული ღირებულებები, რომელიც პოსტინდუსტრიულ საზოგადოებას შეესაბამება. ასეთი საზოგადოება ორიენტირებულია ცხოვრების სტილის დახვეწასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ანუ მას შემდეგ, რაც უზრუნველყოფილია საკვებისა და ფიზიკური უსაფრთხოების მოთხოვნილებები, ყურადღება გადადის ისეთ სოციალურ მოთხოვნებზე, როგორიცაა მიკუთვნებულობა და პატივისცემა, თვითგანხორციელების პიროვნული მოთხოვნილება. ასეთი საზოგადოება ორიენტირებულია სამუშაო ადგილებისა და პოლიტიკაში გავლენის გაზრდის თავისუფლების უზრუნველმყოფი უფლებებისა და პიროვნული თვითფორმირების შესაძლებლობების გაზრდილ მოთხოვნებზე. სოციალური კვლევების მიზანი იმაში მდგომარეობს, მართლაც შეესაბამება თუ არა საკუთარ ღირებულებებზე ჩვენი წარმოდგენა რეალობას და შეიძლება თუ არა ამ წარმოდგენათა განზოგადება მთელს საზოგადოებაზე ან მის ნაწილზე. საზოგადოების ეს სამი ტიპი წარმოადგენს კონსტრუქტს, იდეალურ ტიპს და არ არის აუცილებელი, ისინი წმინდა სახით რეალობაში შეგვხვდნენ. ამ დაყოფას მეთოდოლოგიური მნიშვნელობა აქვს - ის უკეთ წარმოაჩენს განსხვავებებს სხვადასხვა საზოგადოებას შორის, რომელიც, ცხადია, არ ამოიწურება აღნიშნული ტიპოლოგიით". ჩვენი საზოგადოება ოცნებობს დიქტატორზე... ამ კვლევებმა, ერთი შეხედვით, პარდოქსული შედეგები აჩვენა. კვლევის ავტორთა აზრით, აღმოჩნდა, რომ საქართველო ერთდროულად განვითარების სამ სტადიაზე იმყოფება - ტრადიციულზე, მოდერნულსა და პოსტმოდერნულზეც კი. მოკლედ, ასეა - ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომლის უმრავლესობაც ოჯახის წევრებისა და ნათესავების მეტს არავის ენდობა; უნდა ძლიერი ლიდერი, რომელიც პარლამენტისა და მთავრობისთვის ანგარიშის გაწევით თავს არ შეიწუხებს; რომლის 81 პროცენტი მართლმადიდებელი ქრისტიანია და ამ 81 პროცენტის 48 პროცენტს სჯერა სიცოცხლის შემდეგ სიკვდილის; 31 პროცენტს - მკვდრეთით აღდგომის, 26 პროცენტს - ეშმაკის, 13 პროცენტს - სულის, 20 პროცენტს - ჯოჯოხეთის, 14 პროცენტს - სამოთხის და რომლის მხოლოდ 5-11 პროცენტი მონაწილეობს საეკლესიო ღვთისმსახურებაში კვირაში ერთხელ; რომელიც ვერ იტანს ჰომოსექსუალებს, რომელიც არ ენდობა თავის მიერ არჩეულ არც ერთ ინსტიტუციას (პარლამენტი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები) და ენდობა იმ ინსტიტუტებს, რომელთა არჩევასა და დაკომპლექტებაში თავად საერთოდ არ მონაწილეობს - ეკლესიას, თავდაცვისა და განათლების სისტემებს. საზოგადოების მხოლოდ 4 პროცენტისთვის არის მნიშვნელოვანი სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი პირადი არჩევანი. პოსტმოდერნული განვითარების ეტაპზე ვიმყოფებით ეკლესიის სოციალური როლის შეფასებისას, ანუ მნიშვნელოვან სოციალურ როლს ეკლესიას ჩვენი მოქალაქეების მხოლოდ ექვსი პროცენტი ანიჭებს. გაგიკვირდებათ და, ეკლესიის სოციალური როლი ძალიან მაღალია პოსტმოდერნულ საზოგადოებებშიც კი. ისეთში, როგორიც არის აშშ, ესპანეთი, ბელგია. საქართველოზე მაღალგანვითარებული ამ კუთხით მხოლოდ დანია აღმოჩნდა, სადაც სოცუზრუნველყოფის სისტემა იმდენად მოწესრიგებულია, რომ ამ ქვეყანას ბედნიერების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი აქვს (იქ ყველაზე ხშირად და ბევრს იცინიან). ამ საკითხში კი, უფრო გაგიკვირდებათ და სეკულარულ საფრანგეთსაც გადავასწარით, რომლის მოსახლეობის რვა პროცენტი (საქართველოზე მეტი) მიიჩნევს, რომ ეკლესიის სოციალური როლი მნიშვნელოვანია. როგორც ცნობილია, ტრადიციული ღირებულებების ძირითადი მახასიათებელია ოჯახი და რელიგია, როგორც პრიორიტეტი. ამ კუთხით ადამიანთა მიერ ნდობა-არნდობის ფაქტორის გამოხატვამ მართლაც აბსოლუტურად ტრადიციული საზოგადოების სქემაში მოგვაქცია. ოჯახის ფაქტორი ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, გასაგებია - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ წლების განმავლობაში დევალვაციას განიცდიდა ყველა ინსტიტუტი, რაც კი ქვეყანაში არსებობდა და ადამიანებს ამ დროს მხოლოდ ოჯახის წევრები შემორჩნენ, რომელთაგანაც არ მომდინარეობდა საფრთხე. რაც შეეხება რელიგიას - აქ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ რელიგიას, როგორც მნიშვნელოვან თემას დღევანდელი ქართული საზოგადოებრივი დისკუსიისათვის. სერგო რატიანი, ფილოსოფოსი, ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის პროფესორი: "კითხვარის მონაცემები საფუძველს გვაძლევს, ეჭვი შევიტანოთ მოსახლეობის რელიგიურობაში. მორწმუნეთა 67 პროცენტი აღიარებს, რომ რელიგიური აღზრდა ოჯახში მიიღო. სინამდვილეში, საბჭოთა ოჯახები ვერანაირ რელიგიურ აღზრდას ვერ უზრუნველყოფდნენ. მოსახლეობის უმეტესობას არ გააჩნია ცოდნა, თუ რას ნიშნავს რელიგიისადმი მიკუთვნებულობა. ნიშანდობლივია, რომ ადამიანთა 93 პროცენტს ღმერთის სჯერა, მაგრამ უკვე მხოლოდ 48,9 სჯერა სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის. შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის 70 პროცენტი არ ცხოვრობს რელიგიური ცხოვრებით, მაგრამ საკუთარ თავს რელიგიურ პიროვნებად მიიჩნევს. ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მნიშვნელოვანია სინამდვილე, რომლის შესახებაც მას არცთუ ადეკვატური წარმოდგენა აქვს, მაშასადამე, ის თვითონ არ არის გამგე ამ სინამდვილისა, ის ილუზორულ სამყაროში ცხოვრობს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს "რელიგიურ" საზოგადოებაში საკმაოდ მაღალია პროცენტი იმ ადამიანებისა, ვინც ამართლებს, მაგალითად, მკვლელობას თავდაცვის მიზნით, აბორტს, სხვისი მანქანის დაზიანების შემთხვევაში არგამხელას და სხვა. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების უმრავლესობა აღიარებს რა საკუთარი თავის მიკუთვნებულობას გარკვეულ ღირებულებათა სისტემისადმი, სინამდვილეში, სრულიად სხვა რეალობაში ცხოვრობს. რა უდევს საფუძვლად საქართველოს მოსახლეობის ე.წ. რელიგიურობას?! პირველი საფუძველი არის საბჭოთა სისტემის ნგრევა და საკუთარი დაკარგული წარსულის აღორძინების ცდა. ყოველგვარი ნაციონალიზმი საკუთარი დაკარგული ეროვნულობის განსახიერების ცდას წარმოადგენს. ქართველი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულებაა ტრადიცია, ოჯახი. სხვათა შორის, კითხვაზე - "აღნიშნეთ ქვემოთჩამოთვლილი პუნქტის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იგი თქვნთვის" - უმრავლესობა უპირატესობას ოჯახს ანიჭებს. ეს ბუნებრივიც არის - სხვას რომ თავი დავანებოთ, საბჭოთა სინამდვილეში ოჯახი ერთადერთი საზოგადოებრივი ინსტიტუცია იყო, რომლის ნდობაც შეიძლებოდა. რაც შეეხება ტრადიციას - ისიც თვითმყოფადობის ერთადერთი გამოვლენა იყო. ქართველობა, სომხობა ან სხვა ნიშნავდა არა აწმყოში საკუთარი თავის განხორციელებას, არამედ გადმოცემას - მე ვარ ის, რაც ჩემი მამა-პაპა იყო. საქართველოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია სამუშაო (სამსახური, პოსტი) და არა შრომა, როგორც თავისთავადი ღირებულება. უმეტესობა აღიარებს, რომ ურჩევნია არ იშრომოს, თუ შემოსავლებით უზრუნველყოფილი იქნება. რაც შეეხება პიროვნების თავისუფლებას - ამ ღირებულების მნიშვნელობაზე ძნელია ისაუბრო იქ, სადაც გამოკითხულთა 42 პროცენტი დიქტატორზე ოცნებობს, 9 პროცენტი კი – სამხედრო დიქტატურაზე. კვლევა ცხადყოფს, რომ არა მარტო ქართველებისთვის, არამედ საქართველოში მოსახლე ხალხებისთვის რელიგია წარმოადგენს ტრადიციას და არა რწმენას. რწმენა ეს არის ნებელობითი აქტი, რომელიც თავისუფალ არჩევანს გულისხმობს, ანუ მე ვირჩევ რაღაც სინამდვილეს და არა სინამდვილე - მე. ქრისტიანობაში არსებობს ერთადერთი ტრადიცია - ეს არის წმნიდა წერილი. თუ ის, რაც მოთხრობილია წერილში, წარსულია, მორწმუნე ვერ გახდება ქრისტეს თანამედროვე." ...და ძალიან შორს ვართ ჭეშმარიტი რწმენისგან ასეთი გამოკითხვა საქართველოში პირველად ჩატარდა. გამოკითხვის ავტორების აზრით, იგი სრულად ასახავს რეალობას და მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის იმის შესახებ, თუ რა ღირებულებებზე დგას და რას იზიარებს ჩვენი საზოგადოება." ეთანხმებით თუ არა გამოკითხვის შედეგებს და გასნაკუთრებით ამ წინადადებას "ჩვენი საზოგადოება ,დიქტატორზე ოცნებობს"
|