"დონ კიხოტი" აღიარებულია მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ნაწარმოებად.
აზრი, რომელიც მქონდა ჩამოყალიბებული, სანამ წავიკითხავდი ამ ნაწარმოებს, იყო ის, რომ დონ კიხოტი არის რაინდი, რომელიც იბრძვის ცხოვრების უსამართლობებთან, ადამიანების სანუგეშოდ და დასახმარებლად, მიუხედავად, იმისა რომ მას ხშირად დასცინიან და უარყოფენ. ჩემი წინასწარი განწყობა იყო ის, რომ ეს არის რაინდი, რომელიც მასხრად აიგდო მატერიალისტურმა სამყარომ, მაგრამ ეს მას არ აბრკოლებს და ამიტომაც ის არის დიდი ადამიანი და ნამდვილი გმირი.
უნდა აღვნიშნო, რომ სერვანტესის "დონ კიხოტის" წაკითხვის შემდეგ გამიჭირდა გარკვეული აზრის ჩამოყალიბება, რადგან როდესაც ფიქრობ, რომ ეს პერსონაჟი ასეთი და ასეთია, უცბად სულ სხვა ამბავს გიყვება მწერალი და აღარ იცი რა იფიქრო.

თუმცა, მე მაინც შევეცდები ამის გაკეთებას.
წაკითხვის შემდეგ სულ სხვა შთაბეჭდილება დამრჩა, რამაც დიდწილად იმედგაცრუებული და გულდაწყვეტილი დამტოვა. რა თქმა უნდა, ძალიან სასაცილოა (და ამავე დროს სატირელიც) ის ცინიზმი და ირონია, რომელი ენითაც მწერალი გადმოსცემს საოცარ ამბებს (არამარტო დონ კიხოტის გარშემო), საინტერესო ისტორიებს, სადაც ჩანს მწერლის დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება და ის ოსტატობა, რომლითაც ის წერს, განსაკუთრებით მეორე წიგნში; მაგრამ ჩემი ზემოთ აღნიშნული მოლოდინის მიუხედავად, დავინახე სიუჟეტი, სადაც დონ კიხოტი არის აღქმული, როგორც გიჟი (აქ პარალელის გავლება შეიძლება დოსტოევსკის "იდიოტთან", მაგრამ მას რომ ვერ უგებენ, ეს საზოგადოების განუვითარებლობაა), რომელიც განასახიერებს წარსულ გადმონაშთ აზროვნებას, როდესაც სჯეროდათ დევების, დრაკონების, ჯადოქრების და სხვა საოცარი არსებების და რაინდების. სხვა სიტყვებით, რაინდი აღარ არის მატერიალური და თანამედროვე სამყაროს ადეკვატური, უფრო მეტიც ის აღარ არის საჭირო. ამ კუთხიდან დანახული მთავარი გმირი ჩანს, როგორც დასაცინი და უბედური ადამიანი, რომელიც სხვების დასახმარებლად სიკეთესაც კი ვერ სჩადის წესიერად. მაგალითად, გლეხის ბიჭის დახმარება, რომ სცადა მახვილგონიერმა იდალგომ, აღმოჩნდა, რომ მას უარესი დამართა, მაგრამ ყველაზე საწყენი ალბათ ის არის, რომ ამ მწყესმა შემდეგ შესჩივლა ეს ამბავი. ამაზე დონ კიხოტმა დიდად ყურიც კი არ შეიბერტყა, სანუგეშოდ ეს ბიჭი რაღაც მატერიალურ დახმარებას ითხოვდა, ამაზე ერთადერთი სანჩო პანსამ თანაუგრძნო და გაუყო საკუთარი ყველი და პური.
თუ გაქვთ წაკითხული, დაწერეთ, რატომ გიყვართ ეს ნაწარმოები.
This post has been edited by rodo on 6 Nov 2016, 22:45