როგორ იარაღდება სამხრეთ კავკასია
ჩვენ ვამჟღავნებთ, სეპარატისტები მალავენ
2006 წელს იარაღის იმპორტით ყველას საქართველომ აჯობა
მსოფლიოს ყველა ქვეყანა ვალდებულია, გაეროს მიაწოდოს სწორი ინფორმაცია, ყოველწლიურად რა რაოდენობის იარაღს, საბრძოლო ტექნიკას და საჭურველს ყიდის ან ყიდულობს. გამონაკლისი არც საქართველოა. ამიტომაც ქვემოთ მოყვანილი ციფრები აღებულია გაეროს სპეციალური რეესტრიდან, რომელიც ღია ინფორმაციაა და მასზე ხელი მიუწვდება ყველას, ვისაც ინტერნეტში შესვლა შეუძლია.
ამ მონაცემების ანალიზისას ირკვევა, რომ საქართველო, ბოლო ორი წელია, იარაღის იმპორტის მოცულობით, მნიშვნელოვნად ჯაბნის სომხეთსა და აზერბაიჯანს. განსაკუთრებით ეს შარშან გამოჩნდა.
თუკი გაეროს ოფიციალურ რეესტრს დავუჯერებთ, 2006 წელს საქართველომ ჩეხეთში 35 ცალი T-72 ტიპის ტანკი და 12 ერთეული 152 მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი DANA შეიძინა. ნუსხაში აღნიშნულია კიდევ 35 ტანკის ტყვიამფრქვევი ПКТ და 12,7 მმ კალიბრიანი 35 საზენიტო ტყვიამფრქვევი M-15. ეს ტყვიამფრქვევები Т-72 ტიპის ტანკებზე მაგრდება და ეტყობა, ნაყიდ 35 ტანკთან ერთად უნდა ვიგულისხმოთ. ალბათ ეს 35 ჩეხური Т-72 ისევე «შიშველია» (ანუ არ გააჩნია დინამიკური დაცვის კომპლექსი), როგორც 2005 წელს ნაყიდი 35 ჩეხური Т-72.
შარშან ასევე ჩეხეთში შეძენილი იქნა 30 ერთეული 122 მმ კალიბრიანი ჰაუბიცა Д-30, ხოლო ბოსნია-ჰერცეგოვინაში - 50 ცალი 60 მმ-იანი ნაღმსატყორცნი M-57, 25 ერთეული 82 მმ-იანი ნაღმსატყორცნი M-69A და 15 ცალი 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნი.
ყველაზე მეტი იარაღი საქართველომ შარშან ტრადიციულად უკრაინაში შეიძინა: ერთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ОСА-АКМ-ი და ამ კომპლექსიდან სასროლი 48 მართვადი საზენიტო რაკეტა.
უკრაინამ მოგვყიდა 10 ათასი ცალი 7,62 მმ-იანი АКМ-ი, 11700 ცალი 5,45 მმ-იანი АК-74, აგრეთვე ПК და ПКМ ტიპის 53 ტყვიამფრქვევი. ძნელი სათქმელია, რატომ ვყიდულობთ ისევ სხვადასხვა კალიბრის «კალაშნიკოვებს», თუ მათი შესაბამისი ვაზნებით მომარაგება ბევრ სირთულეს შეგვიქმნის. უკრაინამ ასევე მოგვყიდა 64 ცალი 30 მმ-იანი დაზგის ავტომატური ყუმბარსატყორცნი АГС-17, რაც ძალიან კარგია, რადგან ამ კლასის იარაღი ეფექტიანად ანადგურებს მოწინააღმდეგის ქვეითებს.
ასევე გამართლებულად მიგვაჩნია ყაზახეთიდან 758 ცალი «ჰაერი-მიწის» ტიპის მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა Штурм-ის შეძენა. მათ Ми-24В და Ми-24П ტიპის საბრძოლო შვეულმფრენები იყენებენ.
მოწინააღმდეგის ტანკებისა და ჯავშანმანქანების გასანადგურებლად აუცილებლად გამოგვადგება ბულგარეთში ნაყიდი 450 ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა Фагот-იც. ჩანს, ქართული არმიის მეთაურობა სერიოზულად დაფიქრდა პოტენციური მოწინააღმდეგეების ჯავშანტექნიკის მწყობრიდან გამოყვანაზე.
ზემოხსნებულისგან განსხვავებით, ვერაფრით გავამართლებთ ყაზახეთში 5552 ცალი უმართავი საავიაციო რაკეტა С-5КПБ-ს ყიდვას. ეს 57 მმ კალიბრიანი რაკეტები დიდად მძლავრი არ გახლავთ და ბევრმა ქვეყანამ მთლიანად შეცვალა უფრო სერიოზული, 80 მმ-იანი С-8-ებით.
დაბოლოს, საქართველომ საქართველოშივე, «თბილავიამშენისგან» იყიდა ერთი ცალი ორადგილიანი სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი Су-25УБ.
გაეროს რეესტრის თანახმად, «თბილავიამშენიც» ვაჭრობს უცხოეთთან. კერძოდ, 2005 წლის მონაცემებით, აზერბაიჯანმა საქართველოდან 6 საბრძოლო Су-25 და ერთი სასწავლო-საბრძოლო Су-25УБ შეიძინა. 2002 წლის რეესტრით, ბაქომ საქართველოსგან 6 საბრძოლო Су-25 იყიდა.
2004 წელს «თბილავიამშენის» მიერ მოდერნიზებული Су-25КМ «სკორპიონი» თურქმენეთმა იყიდა.
ერთი მხრივ, მისასალმებელია, რომ გაეროს რეესტრში საქართველო იარაღის მარტო იმპორტიორ ქვეყნად არ სახელდება და მასაც შეუძლია საბრძოლო ტექნიკის გაყიდვა, მათ შორის მოიერიშე თვითმფრინავებისა.
2006 წლის გაეროს რეესტრში სომხეთი და აზერბაიჯანი ნახსენები არ არის არც იარაღის მყიდველ, არც გამყიდველ ქვეყნებად.
2005 წლის მონაცემების თანახმად, აზერბაიჯანმა უკრაინაში 25, ხოლო ბელორუსიაში 19 ცალი Т-72 იყიდა. უკრაინაში შეიძინა ორი БМП-1, 72 ცალი 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნი ПМ-38 და, რაც მთავარია, 300 მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის 9А52 Смерч-ის 11 დანადგარი. ეტყობა, ასე უპასუხა აზერბაიჯანმა სომხეთს, რომელმაც 1999 წელს ჩინეთში 273 მმ-იანი 4 ცალი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა WM-80 იყიდა.
2004 წლის რეესტრში აზერბაიჯანი მოკრძალებულად ფიგურირებს - მან უკრაინაში მხოლოდ სამი Т-72 და ერთი Смерч-ი იყიდა.
ამავე წელს სომხეთმა სლოვაკეთისგან შეიძინა 10 ცალი Су-25 ტიპის მოიერიშე. ეს მოიერიშეები საბჭოთა პერიოდში თბილისის საავიაციო ქარხანაში აიწყო და მაშინ მიეწოდა ჩეხოსლოვაკიას.
2002 წლის მონაცემებით, აზერბაიჯანმა სლოვაკეთისგან ერთი Т-72, უკრაინისგან 72 ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი МТ-12 და ბულგარეთისგან 36 ცალი 130 მმ-იანი ქვემეხი М-46 შეიძინა.
ვერც ერთი ქვეყანა ვერ მოახერხებს იარაღის შესყიდვის ფაქტების დამალვას, რადგან გაეროს რეესტრს ამ მონაცემებს იარაღის გამყიდველი მხარე წარუდგენს. ერთი ესაა, რომ წლის დასაწყისში ნაყიდი იარაღის შესახებ გაეროს რეესტრი შეჯამებულ მონაცემებს მხოლოდ მეორე წელს ავრცელებს. ამგვარად, არმიის მეთაურობას საშუალება აქვს, წელიწადი, წელიწად-ნახევარი შეინახოს საიდუმლოდ შესყიდული ტექნიკის რაოდენობა. თუმცა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნით, ყოველი წლის დასაწყისში სახელმწიფოები აქვეყნებენ შეიარაღების რაოდენობასა და ტიპაჟს. დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს, თუ რითი შეივსო ამა თუ იმ ქვეყნის არმიის შეიარაღება.
«ჩვენებურ» სეპარატისტების ხელმძღვანელობას, რა თქმა უნდა, აქვს სრული ინფორმაცია, თუ რა შეიარაღება შეიძინა საქართველომ «ვარდების რევოლუციის» შემდეგ. ამასთან, მათ ჯერჯერობით ვერავინ აიძულებს განაცხადონ, რამდენი ტანკი თუ ქვემეხი შემოიტანეს რუსეთიდან ფსოუსა და როკის გვირაბით.
ამ მხრივ ისინი ერთგვარ მომგებიან პოზიციაში არიან, თუმცა იმედი გვაქვს, ასე დიდხანს აღარ გაგრძელდება.
http://www.kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htm This post has been edited by AGENT007 on 1 Jul 2007, 00:17