ამ თემაში მოდით დავპოსტოთ ლექსები, რომელთა აზრს ერთი წაკითხვით ვერ მიხვდები და გავარჩიოთ თითოეულოი მათგანი. თქვენისნებართვით დავიწყებ:
ავტორი: ფრანსუა რაბლე
წიგნი: ამბავი საზარელი ცხოვრებისა პანტაგრუელის მამის დიდი გარგანტუასი
თავი: LVIII (ბოლო)
ცნობისთვის: წიგნის წინათქმა ეკუთვნის ილია ჭავჭავაძეს. წიგნი დაწერილია დაახლოებით 1535-1553 წლებში.
სიდიდე ნუ შეგაშინებთ, ძალიან საინტერესო, ინფორმაციული და დამაფიქრებელია. დააკვირდით კარგად, პირველად წაკისთხვისას გაოცებული დასკვნებს ვერ გამოიტანთ, მერე და მერე უფრო ბევრს დაინახავთ

ჩაუჯექით.........
წინასწარმეტყველებრივი გამოცანა
სიკვდილის შვილო, მეოცნებევ, ერთსა გთხოვ ძმურად,
სულით გამხნევდი, გაიგონე და იხვენ ყურად.
უკეთუ გჯერა წუთისოფლის წაღმა ტრიალი
და ცისა მნათობთ აზრს აართმევ ადამიანი,
უკეთუ ფიქრით დაიყენებ თვალწინ ხვალინდელს,
უკეთუ უწყი, მზე გამოვა და იამინდებს,
ოდესმე მაშვრალს შეგეწევა თავად განგება,
და გულით გწადის ამა ქვეყნად ყოვლის გაგება,
უკეთუ ძველთა ბრძენკაცთაგან მართალი თქმულა,
რომ მომავლისა საიდუმლოს შეიტყობ სრულად,
მაშ, მომისმინე, სიტყვას გეტყვი უცილოდ მართალს:
ამ შემოდგომით ანდა დასტურ პირველსავ ზამთარს
მოგვიხილავენ სხვაგნებურნი, კაცნი სხვამხრელნი,
მოვლენ და სხვა მეხს მოიტანენ მკაცრნი, მსახვრელნი,
დაგვანატრებენ ლხინს, სიხარულს, ღიმილს და ალერსს,
ტკბილს დაგვიქცევენ, შეგვასმევენ მაძღრისად მწარეს,
ღვარძლს ახარებენ, დაამყნობენ ძმობაზედ ძმაცვას,
მოგვაღორებენ, გამეფდება პარვა და ძარცვა.
ბევრი გაებმის საცთუნებლად დარწყმულ ბადეში,
მამას თვისივე ძე გაჰყიდის, პაპას - ბადიში,
სადაც ტრფობაა, ბოროტება მტრობას დათესავს,
ერთმანეთს ავად გადაჰკიდებს ძმას და ნათესავს.
დაისადგურებს ჭმუნვა-ვიში, მოვა არჯალი,
ზურგს უკან დანა ილაპლაპებს, ცხვირწინ - ხანჯალი,
საგონებელი გაუჩდებათ თვითონ მეფეთაც,
ვინ იცის, ვინ რას განუმზადებს, ვინ რას შეჰბედავს,
რამეთუ ურცხვად მოისურვებს ზოგი მეფობას,
ყველაფერს იზავს, არ დაზოგავს ოჯახს, მეგობარს,
არად ჩააგდებს, რა ერგება, რა არ ერგება,
შეერგება თუ საბოლოოდ არ შეერგება.
იქნება ერთი დაღდიანი, შუღლი, ცილობა,
გაუტანლობა, უპირობა და გულძვირობა,
ქვეყანას კარი შეეღება, ვით სახლს ბოღდარას,
ხშირად ისეთი რამ მოხდება რაც არ მომხდარა.
მრავალ კაი ყმას წამოუვლის ჟინი საგრობის,
მრავალმა უნდა ისახელოს თავი მაგრობით,
მაგრამ ვაი, რომ ვერ აცდება ვერვინ დამცრობას,
ბევრს ანანებენ გაჩენას და ყმაწვილკაცობას.
და ვის ბრძოლაში უწერია სიკვდილის ნახვა,
ვეღარ ჩააგებს სავალალოდ ამოწვდილ ლახვარს,
მიწყივ იქროლებს ქარაშოტი ჯავრის და რისხვის,
ვინემ კრტიმლობას არ მოშლიან და იდენს სისხლი.
მართალი სიტყვა ეღირება მხოლოდღა ჩირად
და სიცრუე კი გასაღდება ყოვლისა ძვირად,
რადგანაც ფასი არ ექნება თავად გონებას,
ოდენ მაცდურთა საქებარი გაიგონება,
და ყოველივეს საზიზღარი სიხარბე წარღვნის!
დიახაც სწორედ მოგახსენებთ და სწორად ვამბობ,
წარღვნად მიცვნია, წარღვნას ვუხმობ ჯანყსა და ამბოხს,
უნაპიროა წარღვნასავით სულის ფლიდობაც,
ხელად წალეკავს არემარეს, ვით წყალდიდობა,
და მიმოტბორავს მაღალ-დაბალს, გავა ბოლომდე,
საგრობით გართულთ ისერიგად გააბოროტებს,
რომ არ ინდობდნენ კაცთ კი არა, უცოდველ ხვასტაგს
და მძულვარება პირუტყვისა მრავალ ხანს გასტანს,
არცარა მწყემსი შეებრალვით, არცრა ნახირი,
საწყალობელთა შესძრავს ზეცას კვნესა-ძახილი,
ვითარცა ძველკაცთ არ უწყოდნენ ზორვა სხვარიგად,
კვალად საკერპოს შესწირავენ მროწლეს ტარიგად.
აწ ალბათ ჩახვდით, ხვალინდელისთვის რა მოაქვს მყოფადს,
კარგს არ დაგვაყრის არც არავის ესდენი მტრობა,
სულ პაწაწინა გაუჩდება რამე ნაბზარი,
და დამწუხრდება ბირთვი იგი უზარმაზარი!
ვისაც თავისიც ოხრად რჩება ქვეყნად ქონება,
ის მოინდომებს დაპყრობას და დაპატრონებას
და რაოდენსაც მიუმატებს სამკვიდროს სიგრძეს,
უფრორე მეტად დაიჩემებს ჭკუას და სიბრძნეს
და ისეგვარად შეეწევა ერთბაშად ყველას,
გამჩენს შესთხოვენ უბედურნი ხსნასა და შველას.
და ბოლოს შავად გათენდება დილა ცრიატი,
ცას არ შეღებავს გარიჟრაჟი, არც განთიადი,
მზეს განაშორებს მიწისაგან ბინდის კედელი,
წყვდიადი შთანთქავს, უჩინი და განუჭვრეტელი,
ვეღარ გაარჩევს კაცის თვალი წყალსა და ხმელეთს,
თავს ვერ დააღწევს ხორციელი გაუვალ ბნელეთს
და გადიქცევა ცისქვეშეთი წამერთ იავარ.
ოღონდ სანამდის იხილავდეს ავბედ ნიაღვარს,
სანამ წარღვნიდეს უკუნეთი ნათელს სრულიად,
ატორტმანდება, უცაბედად იძვრის დუნია,
რარიგაც ეტნა ატორტმანა ერთხელ კრონიდმა,
ოდეს ტიტანიდს დააკვეთა, დასცა ღონივრად,
ან როგორც მთანი ენარიის, დიდნი საზარად,
ვინმემ კი არა, ტიფონმა რომ შეაზანზარა,
ვინაც აიკლო იქაობა, სწყურდა თარეში
და რაც ხელთ მოხვდა გადუძახა ოკეანეში.
ესრეთ სამყაროს წაერთმევა ძველი იერი,
ერთსა ტაფაში დაიწვიან სუსტიც, ძლიერნიც,
და თავად აზრი წაერთმევა ძალას, დიდებას,
ქვეყნად ყველაფერს სულ ფეხებზედ დაიკიდებენ.
გული კი ერთი იმედითღა იძგერებს მხოლოდ,
რომ ეგებ როსმე მტრობა-შურსაც მოეღოს ბოლო,
ვინათგან ყველას აღმა-დაღმა წაიღებს ღვარი,
და წარიშლება ყოველგვარი მიჯნა თუ ზღვარი,
მაგრამ ღვარამდის მეყსეულად შეამჩნევს თვალი,
ვით მოედება ცის კაბადონს ელვისებრ ალი,
რათა ააშროს დარჩენილი მიწაზედ წყალი
და არღა დარჩეს ბოროტების ბედითი კვალი.
როცა გაივლის განსაცდელი, ვაი-ვაგლახი,
აბიბინდდება ნახანძრალზედ როცა ბალახი,
ზოგს ისევ უხვად მიებოძოს ცისა მანანა
და არცრა ჰქონდეს გარდასული ჭირად, სანანად,
ზოგსაც კვალადვე მშიერ-მწყურვალს ამოსძვრეს სული.
მე ჩემი ლექსი გავასრულე, წინასწარ თქმული,
აწ თავად იცით სატკივარი ვისაც რა ელმის
და ვის რა ელის გარდუვალად კაცთაგან მერმისს.
სიტყვა სიტყვაა. ო, სუყველას ჯვარი გწერიათ,
ვინცა ბოლომდის თავს გაიტანს, ბედნიერია!
მიმაგრებული სურათი