Mesaplave
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 8574
წევრი No.: 4982
რეგისტრ.: 26-April 04
|
#5949739 · 23 Jun 2007, 05:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იმ დღეს, რა დღესაც უნდა მოეკლათ, სანტიაგო ნასარი დილის ექვსის ნახევარზე ადგა, რათა გემით მომავალ ეპისკოპოსს დახვედროდა ნავსადგურში. დაესიზმრა, ვითომ ლეღვის ხეების ტევრში მიაბიჯებდა, სასიამოვნოდ ცრიდა და სულ რაღაც ერთი წამით ბედნიერი იყო, მაგრამ გამოღვიძებულს ისეთი განცდა აჰყვა, თითქოს ჩიტების სკორეში ამოსვრილიყოს. „ხშირად ესიზმრებოდა ხეები, — მითხრა დედამისმა პლასიდა ლინერომ ოცდაშვიდი წლის შემდეგ, როდესაც წვრილად იგონებდა იმ დაწყევლილ ორშაბათ დღეს, — სიკვდილამდე ერთი კვირით ადრეც დაესიზმრა, ვითომ კალის თვითმფრინავით დაფრინავდა ნუშის ხეებში და ეშინოდა, ტოტებს არ გამოსდებოდა“. ეს ქალბატონი უბადლო ამხსნელი იყო სხვათა სიზმრებისა, თუკი უზმოზე უამბობდნენ ამ სიზმრებს. ვაჟიშვილის ამ ორ სიზმარსა და სიკვდილის წინა დღეებში დილაობით ნაამბობ სხვა სიზმრებში ნანახი ხეები კი რატომღაც ცუდად არ ენიშნა ქალს. არც თვითონ სანტიაგო ნასარს უგუმანია ცუდი რამ. ტანგაუხდელს ცოტა ხანს და თანაც ცუდად ეძინა. გაღვიძებულს თავი სტკიოდა და პირშიც საძაგელ გემოს გრძნობდა. არც იყო გასაკვირი — თითქმის გამთენიისას აიშალნენ საქორწილო სუფრიდან. იგი შვიდის ხუთ წუთზე გავიდა სახლიდან და ვიდრე სულ რაღაც ერთ საათში ღორივით დაკლავდნენ, ბევრმა დაინახა ქუჩაში. მერე იგონებდნენ, თუმცა უძილობა ეტყობოდა, მაინც კარგ გუნებაზე იყოო; მშვენიერი დღე იქნებაო, ამბობდაო. დაბეჯითებით ვერავინ იტყოდა, რას გულისხმობდა ამ სიტყვებში — ამინდს თუ სხვა რამეს. ერთნი ამბობდნენ, თებერვალს რომ შეეფერება, ისეთი მზიანი დარი იდგა, ზღვიდან და ბანანის ბაღებიდან სუსტი ქარი ქროდაო; მეორენი კი პირიქით ირწმუნებოდნენ, ცუდი ამინდი იდგა, ცა დადაბლებული და მოღუშული იყო, ჰაერი დამყაყებული წყლის სუნს დაემძიმებინა, ხოლო იმწამს, როცა უბედურება მოხდა, სწორედ ისეთი წვრილი წვიმა წამოვიდა, სანტიაგო ნასარს რომ დასდიოდა თავის სიზმარეულ ტევრშიო. მეც იმ საქორწილო სუფრას ვუჯექი ალიონამდე, მერე კი ის იყო, იქიდან გამოყოლილ ბახუსს დალოცვილ მარია ალეხანდრინა სერვანტესის მკლავებში ვინელებდი, რომ ზარების გუგუნიც ჩამესმა. ალბათ ეპისკოპოსის პატივსაცემად რეკავენ-მეთქი, გავივლე გუნებაში. სანტიაგო ნასარს სწორედ ის გაუხამებელი თეთრი შარვალ-ხალათი ეცვა, რაც წინა ღამით ქორწილზე. ეპისკოპოსის ჩამობრძანება რომ არა, როგორც ორშაბათობით სჩვეოდა ხოლმე, ამ დღესაც ხაკისფერ შარვალ-ხალათსა და მხედრის ჩექმებს ჩაიცვამდა და ასე გასწევდა თავის მამულში, რომელსაც „ღვთაებრივი სახე“ ერქვა. ეს მამული და პირუტყვი მამისაგან ერგო მემკვიდრეობად და გონივრულადაც მართავდა, თუმცა მაინცდამაინც დიდი სარგებელი არა ჰქონია. მთაში ასვლისას ქამარში გაირჭობდა ხოლმე „მაგნუმ-357“-ს, რომლის ტყვიებიც, მისივე თქმით, ცხენს გაჭრიდა შუაზე. კაკბებზე ნადირობისას თან დაჰქონდა ზუსტი სამიზნე სანადირო თოფი. კარადაში ჩაკეტილი ჰქონდა შაშხანები „მალინჰერ შენაუერი-30.06“, „ჰოლანდ მაგნუმი-300“, ორმაგი ოპტიკურსამიზნიანი „ჰორნეტ-22“ და მრავალკალიბრიანი „ვინჩესტერი“. სანტიაგო ნასარს მამამისივით სჩვეოდა — ძილის წინ პისტოლეტს ბალიშისპირში ინახავდა ხოლმე. იმ დღეს სახლიდან გასვლისას პისტოლეტიდან ტყვიები ამოიღო და ცარიელი იარაღი მაგიდის უჯრაში ჩადო. „იარაღი არასოდეს დაუტოვებია დატენილი“, — მითხრა დედამისმა. ეს მეც კარგად ვიცოდი, ისიც ვიცოდი, დაცლილ თოფს ცალკე ინახავდა, ტყვიებს — ცალკე, თან ისე საგულდაგულოდ გადამალავდა, რომ კაცი ვერ იპოვიდა; ეშინოდა, ვინმეს არ მოხუშტურებოდა სახლში თოფის დატენა. ეს გონივრული წესი თურმე ერთი შემთხვევის შემდეგ შემოუღია მამამისს ოჯახში: ერთ დილას მოახლე ბალიშს ფერთხავდა თურმე, ბალიშიდან გადმოვარდნილა პისტოლეტი და გავარდნილა, ტყვია კარადას მოხვედრია, სასტუმრო ოთახის კედელი გაუხვრეტია, წუილით შეფრენილა მეზობლის სასადილო ოთახში, იქიდან კი მოედნის გაღმა, ეკლესიის საკურთხეველში შესისინებულა და წმინდანის კაცისოდენა თაბაშირის ქანდაკება ნამსხვრევებად უქცევია. სანტიაგო ნასარი მაშინ ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, მაგრამ სამუდამოდ კი დაამახსოვრდა ეს შემთხვევა. დედის მეხსიერებაში უცვლელად შემორჩენილიყო უკანასკნელი წუთები: შვილმა სწრაფად გაიარა მის საწოლ ოთახში, სააბაზანოში შევიდა და სააფთიაქო პატარა კარადაში ასპირინის აბებს დაუწყო ძებნა. ხმაურზე ქალმა შუქი აანთო და კარის ღრიჭეში დაინახა შვილი წყლიანი ჭიქით ხელში. სწორედ ასეთი ჩაებეჭდა მეხსიერებაშიც სამუდამოდ. შვილმა მაშინვე უამბო სიზმარი, მაგრამ ქალს „ხეები“ თითქოს არც გაეგონოს. — ჩიტი ჯანმრთელობას ნიშნავს, — უთხრა შვილს. დედა ჰამაკში იწვა და იქიდან უყურებდა თავის ვაჟს. გავიდა კარგა ხანი და იმავე ჰამაკში და იმავე პოზაში ვიხილე ეს ქალი, უკვე დაბერებული. ეს ის დრო იყო, როცა წლების მერე დავბრუნდი ამ მიყრუებულ პატარა ქალაქში, რათა მიმოფანტული ნამსხვრევები შემეკოწიწებინა და მოგონებათა სარკე გამემთელებინა. პლასიდა ლინეროს თვალის ჩინი დაჰკარგვოდა, მხოლოდ ძლიერ შუქზე თუ არჩევდა ადამიანთა ჩრდილებს. საფეთქლებზე რომელიღაც სამკურნალო მცენარის ფოთოლი მიედო. თავის ტკივილი აღარ მოშორებია იმ დღიდან, შვილი უკანასკნელად რომ დაინახა თავის საძინებელ ოთახში გავლილი. ქალი გვერდულად იწვა. თავთან, ჰამაკზე გამობმულ თოკს ჩაეჭიდა და წამოდგომა სცადა. ნახევრად ბნელ ოთახში იდგა ემბაზში ჩამდგარი წყლის ის სურნელი, ასერიგად რომ გამაოცა მკვლელობის დილას. კარის ღრეჭოში დამინახა თუ არა, მაშინვე შვილი გაიხსენა: „იქ იდგა, — მითხრა მან, — ისეთი ნაზი კანი ჰქონდა, გახამებულს ვერაფერს იცვამდა. გაუხამებელი თეთრი კოსტიუმი ეცვა“. ქალი დიდხანს იჯდა ჰამაკში და ილს მანამდე ღეჭავდა, ვიდრე არ გაუქრა შვილის დაბრუნების შეგრძნება. მერე ოხვრას ამოაყოლა: „ის იყო ჩემი ერთადერთი იმედი“. თვალწინ წარმომიდგა სანტიაგო ნასარი ისეთი, როგორიც დედამისის მოგონებებში ცოცხლობდა: იანვრის ბოლო კვირას ოცდაერთი წელი შეუსრულდა. ტანადი და ფერმკრთალი სანტიაგო მამას ჰგავდა არაბულად გაჭრილი თვალებითა და ხვეული თმით. იგი ერთადერთი შვილი გახლდათ გარიგებით დაქორწინებული მშობლებისა. ცოლ-ქმარს ერთი ბედნიერი წამიც არ ახსოვდა ერთად ცხოვრების მანძილზე. სამაგიეროდ, შვილი ჩანდა ბედნიერი ასეთი მამის გვერდით. მამა უეცრად გარდაეცვალა სამი წლის წინ და სანტიაგო ნასარი დედასთანაც ბედნიერი იყო იმ ორშაბათამდე — თავისი სიკვდილის დღემდე. დედისაგან მემკვიდრეობით მიეღო წინათგრძნობის უნარი, მამამ კი ჯერ კიდევ პატარას ასწავლა თოფის სროლა, ცხენების სიყვარული და მიმინოს გაწვრთნა. მამისგანვე შეითვისა გულადობისა და სიფრთხილის სასარგებლო ცოდნაც. მამა-შვილი არაბულად ელაპარაკებოდა ერთმანეთს, პლასიდა ლინეროს თანდასწრებით კი ერიდებოდნენ. ქალაქში ისინი იარაღასხმული არავის უნახავს. გაწვრთნილი ფრინველებიც მხოლოდ ერთხელ და ისიც საქველმოქმედო ბაზრობაზე ჩამოიყვანეს, რათა შევარდნებზე ნადირობის ხელოვნება ეჩვენებინათ ხალხისათვის. მამის სიკვდილის მერე სანტიაგო ნასარმა სკოლა დაამთავრა და სწავლა აღარ გაუგრძელებია: მამულს მართვა სჭირდებოდა. რაც შეეხება პირადულ ღირსებებს, — იგი იყო გულღია, მხიარული და კეთილი ყმაწვილი კაცი. იმ დღეს, რა დღესაც უნდა მოეკლათ, დედამ თეთრებში გამოწყობილი შვილი რომ დაინახა, გაიფიქრა, ნამდვილად დღეები აერიაო. „შევახსენე, დღეს ორშაბათია-მეთქი“, — მითხრა ქალმა. მაგრამ შვილმა უპასუხა, ვიქნები ასე ჩაცმული, იქნებ ეპისკოპოსის ბეჭედზე მთხვევა მომიწიოსო. — ეგ შენი ეპისკოპოსი გემიდან არც გადმოვა, — უთხრა შვილს, — როგორც ყოველთვის, ახლაც მოვალეობას მოიხდის, პირჯვარს გადმოგვწერს და საიდანაც მოსულა, იქით წავა. არ უყვარს ჩვენი პატარა ქალაქი. სანტიაგო ნასარმა იცოდა, დედამისი მართალს ამბობდა, მაგრამ მეტისმეტად უყვარდა ზარზეიმური საეკლესიო რიტუალები. „როგორც კინოშია ხოლმე“, — მეც მითხრა ერთხელ სანტიაგომ. დედამისს კი ეპისკოპოსის ჩამოსვლა სადარდებელს უჩენდა: შვილი წვიმაში მომიყვება, წუხელ ძილში აცემინებდაო. ურჩია, ქოლგა მაინც წაიღეო, მაგრამ შვილმა გამომშვიდობების ნიშნად ხელი დაუქნია და ოთახიდან გავიდა. დედა უკანასკნელად ხედავდა თავის შვილს. მოახლე ვიქტორია გუსმანი ირწმუნებოდა, არც იმ დღეს და არც მთელი თებერვალი არ უწვიმიაო. „პირიქით, — მითხრა მან თავის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, — მზე უფრო ადრიანად აცხუნებდა, ვიდრე აგვისტოში იცის“. იმ დილით სანტიაგო ნასარი სამზარეულოში რომ შევიდა, სულწასული ძაღლებით გარშემორტმული ვიქტორია გუსმანი სამ კურდღელს ასუფთავებდა სადილისათვის. „დილაობით სახეზე ეხატა ხოლმე წინა ღამის ნაკვალევი“, — ზიზღით იგონებდა მოახლე. მისმა ქალიშვილმა დივინა ფლორმა (ღვთაებრივი, საოცარი ყვავილი), რომელიც ის იყო, იწყებდა გაფურჩქვნას, სანტიაგო ნასარს დიდი ფინჯანი რომგარეული უშაქრო ყავა მიართვა. ყოველ ორშაბათ დღეს ასე უმსუბუქებდა იგი თავის ბატონს გადატანილი ღამის სიმძიმეს. დიდი სამზარეულოს ღუმელი შიშინებდა, ქანდარებზე ჯერ კიდევ ეძინათ ქათმებს, ირგვლივ ყოველივე რაღაცნაირი იდუმალი სუნთქვით სუნთქავდა. სანტიაგო ნასარმა კიდევ ერთი აბი დაღეჭა, მერე სვენებ-სვენებით მოჰყვა ყავის სმას, თან ფიქრიანად შესცქეროდა ქურასთან კურდღლების გამოშიგვნაში გართულ დედა-შვილს. ვიქტორია გუსმანი, თუმცა უკვე წლოვანი ეთქმოდა, მაინც კარგად შენახული ქალი იყო. დივინა ფლორს კი სუნთქვა ისე გახშირებოდა, თითქოს საკუთარი მოწიფული ხორცი უხუთავდა სულს. სანტიაგო ნასარს ცარიელი ფინჯნის ჩამოსართმევად რომ მიუახლოვდა, ვაჟმა ხელი წაავლო იდაყვში: — უკვე შეიძლება შენი გახედვნა, — უთხრა გოგოს. ვიქტორია გუსმანმა გასისხლიანებული დანა მოუღერა: — ხელი გაუშვი! ვიდრე ცოცხალი ვარ, ამ წყაროს წყალს ვერ დაეწაფები. ვიქტორია გუსმანი ჯერ კიდევ ყმაწვილი ქალი იყო, იბრაჰიმ ნასარმა რომ შეაცდინა. ქალ-ვაჟი რამდენიმე წელიწადი ჩუმად ხვდებოდა ერთმანეთს მამულში, საჯინიბოში, მერე კი, ვაჟს რომ მოყირჭდა, მოახლედ გადმოიყვანა სახლში. სხვა კაცთან სიყვარულობანას დროს ჩასახულმა დივინა ფლორმა იცოდა, რომ სანტიაგო ნასარის საწოლში გათენებული ღამეები არ ასცდებოდა და ეს აზრი ნაადრევ სურვილს უღვიძებდა. „მისნაირი კაცი არ დაიბადება ქვეყანაზე“, — მითხრა ჩასუქებულმა და ნაღვლიანმა დივინამ, რომელსაც უკვე სხვადასხვა კაცთან გაჩენილი შვილები ეხვია გარს. „ზედგამოჭრილი მამამისი იყო, — ჩაურთო ვიქტორია გუსმანმა, — ნამდვილი მძღ!... — მერე უცბად გააჟრჟოლა, — ახლაღა გამახსენდა, როგორ დაემანჭა სახე სანტიაგო ნასარს, როდესაც ხელის ერთი მოქნევით გამოვშიგნე კურდღელი და ოხშივარადენილი ნაწლავები ძაღლებს მივუყარეო.“ — რა გულმხეცი ხარ, — უთხრა ქალს, — წარმოიდგინე, ვითომ ადამიანია... ვიქტორია გუსმანს ოცი წელიწადი დასჭირდა, რათა ბოლოს და ბოლოს მიმხვდარიყო, ასე უჩვეულოდ რამ ააღელვა იმ დღეს ის კაცი, ვისთვისაც უცხო ხილი არ იყო უმწეო ცხოველების ხოცვა. „ღმერთო! — შეჰყვირა შეშინებულმა ქალმა, — ნუთუ ტანმა უაზრა!“ იმ დილას კი, მკვლელობა რომ მოხდა, მოახლე ისე იყო დაბოღმილი, რომ ოღონდ სანტიაგო ნასარისათვის საუზმე ჩაემწარებინა და რას არ გააკეთებდა — თვალის დახამხამებაში გამოშიგნა დანარჩენი კურდღლები და მათი ნაწლავებიც კვლავ ძაღლებს მიუყარა. უცებ პატარა ქალაქი გემის საყვირის გუგუნმა გამოაღვიძა და ყველას აუწყა ეპისკოპოსის ჩამობრძანება. ამ სახლში წინათ საწყობი იყო. ორსართულიან შენობას უხეშად ნაჩორკნი ფიცრული კედლები და ორმხრივ დაქანებული თუნუქის სახურავი ჰქონდა. სახურავზე მუდამ ისხდნენ ორბები ნავსადგურში დაგროვილი ნარჩენების მოლოდინში. ეს შენობა ჯერ კიდევ მაშინ ააგეს, როდესაც მდინარეზე ნაოსნობა შეიძლებოდა, საზღვაო ბარკასები და ნამდვილი გემებიც კი ბედავდნენ, ჭაობიანი შესართავი გადაეცურათ და ამ პატარა ქალაქამდე მოეღწიათ, ხოლო როცა ერთ-ერთი სამოქალაქო ომი დამთავრდა და იბრაჰიმ ნასარიც არაბების ბოლო ჯგუფს ჩამოჰყვა, მდინარეს კალაპოტი უკვე შეცვლილი ჰქონდა, გემები ნავსადგურში აღარ შედიოდნენ ზღვიდან და, რაღა თქმა უნდა, საწყობებიც აღარავის სჭირდებოდა. იბრაჰიმ ნასარმა გროშებად შეისყიდა ეს სახლი, უცხოური საქონლის სავაჭროს გავხსნიო, მაგრამ განზრახვა განზრახვადვე დარჩა. ცოლის მოყვანა რომ გადაწყვიტა, ეს საწყობები საცხოვრებელ ოთახებად გადააკეთა. ქვედა სართულზე სასტუმრო ოთახი მოაწყო, სახლს უკანა მხრიდან საჯინიბო მიაშენა ოთხი ცხენისთვის. მსახურთაც მიუჩინა კუთხე და სამზარეულოც გამართა ნავსადგურისკენ გაჭრილი ფანჯრებით, საიდანაც მუდამ შემოდიოდა შმორის სუნი. ხელუხლებელი დატოვა მხოლოდ დახვეული კიბე, რომელიც, ეტყობა, რომელიღაც დაღუპული გემიდან გადმოეტანათ. მეორე სართულზე, სადაც წინათ საბაჟოს კანტორა იყო, იბრაჰიმ ნასარმა გამართა ორი საძინებელი და ხუთიც პატარ-პატარა ოთახი ბავშვებისათვის — ხუთი შვილის ყოლას აპირებდა. გარდა ამისა, მოედნის მხარეს, ზედ ნუშის ხეების თავზე გადმოკიდა ხის აივანი, სადაც პლასიდა ლინერო ჯდებოდა ხოლმე საღამოობით თავისი მარტოობის გასაქარვებლად. სახლს შემორჩენოდა სადარბაზო კარი, რომელშიც იბრაჰიმ ნასარმა ორი მაღალი შუშა ჩასვა და მოჩუქურთმებული ხის ჩარჩოთი მოალამაზა. უკანა კარი იქვე დატოვა, ოღონდ ისე აამაღლა კარის წირთხლი, ცხენიან კაცს რომ შესძლებოდა გავლა; ძველი ნავსადგურის ნაწილიც მიიმატა. საერთოდ, უკანა კარით უფრო სარგებლობდნენ, მარტო იმიტომ კი არა, რომ აქედან გადიოდნენ სამზარეულოში და ახორშიც, იმიტომაც, რომ ახალი ნავსადგურისკენ მიმავალი გზის მხარეს იყო და მოედნის გადაჭრა აღარ უწევდათ. სადარბაზო კარი, დღესასწაულების გარდა, ყოველთვის ჩაკეტილი იყო ურდულით და მაინც აქ და არა უკანა კართან ელოდნენ სანტიაგო ნასარს ისინი, ვისაც მისი მოკვლა განეზრახა. სწორედ ამ სადარბაზო კარიდან გავიდა იგი ეპისკოპოსის დასახვედრად, თუმცა ნავსადგურისკენ მიმავალს მთელი სახლის შემოვლა მოუწია. ვერავის გაეგო, როგორ მოხდა ამდენი სამწუხარო დამთხვევა. რიოაჩიდან საგანგებოდ ჩამოსული გამომძიებელი, ეტყობა, რაღაცას კი მიხვდა, მაგრამ გადაწყვეტით ვერ გადაეწყვიტა, გაემახვილებინა თუ არა მასზე ყურადღება, მისი მონდომება კი — რაციონალურად განესაჯა ეს დამთხვევები — ნამდვილად ჩანდა მისავე ოქმებში. მოედანზე გამავალ კარს, როგორც დეტექტიურ მოთხრობებშია, იგი „საბედისწერო კარს“ უწოდებდა. არადა, ერთადერთ ყურადსაღებ ჩვენებად უნდა ჩაითვალოს გამომძიებლის შეკითხვაზე გაცემული პლასიდა ლინეროს ჭეშმარიტად დედობრივი ალღოთი გამსჭვალული პასუხი: „ჩემი ვაჟი არასოდეს გავიდოდა უკანა კარიდან საგარეოდ გამოწყობილი“. ეს ისეთი უეშმაკო სიმართლე იყო, რომ გამომძიებელმა თავისთვის მოინიშნა ქაღალდის კიდეზე, ოქმში კი არ შეუტანია. ვიქტორია გუსმანი უარზე იდგა, არც მე და არც ჩემმა ქალიშვილმა არ ვიცოდით, სანტიაგო ნასარს რომ მოკვლას უპირებდნენო. მაგრამ წლების მერე აღიარა, ორივემ ყველაფერი ვიცოდით ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე სანტიაგო ნასარი სამზარეულოში შემოვიდოდა ყავის დასალევად; დილის ხუთ საათზე ერთი მათხოვარი მოგვადგა რძისთვის და იმან გვითხრა, სად და რისთვის ელოდებოდნენ მოსაკლავადო. „სანტიაგოს არაფერი ვუთხარი, ვიფიქრე, მთვრალების ნაბოდვარია-მეთქი“, — მითხრა ვიქტორია გუსმანმა, მაგრამ დივინა ფლორმა, უკვე დედამისის სიკვდილის მერე რომ მოვინახულე, სიმართლე ვეღარ დამიმალა: დედაჩემს სადღაც, სულის სიღრმეში უნდოდა სანტიაგო მოეკლათ და იმიტომაც დაუმალა სიმართლეო. მაშინ ჯერ კიდევ ცხვირმოუხოცავი გოგო ვიყავი და დედას წინ ვერ გადავუხტებოდი, შიშით კი ძალიან შემეშინდა: როცა სანტიაგო ნასარი იდაყვში წამეტანა — უკვე მიცვალებულივით ჰქონდა ხელი გაყინულიც და გაქვავებულიცო. სანტიაგო ნასარმა ფართო ნაბიჯებით გაიარა დილის ბინდბუნდში ჩაძირული ოთახები; გარედან ეპისკოპოსის გემის საყვირის საზეიმო გუგუნი მოისმოდა. დივინა ფლორმა წინ გაუსწრო, — კარს გავაღებო, — თან ცდილობდა ხელიდან დასხლტომოდა ახალგაზრდა ბატონს, სხარტად უვლიდა გვერდს სასადილო ოთახში ჯერ კიდევ მძინარე ჩიტების გალიებს, მჭიდროდ ჩარიგებულ ავეჯსა და ჭერზე დაკიდებული ქოთნებიდან გადმოშვებულ ხვიარა მცენარეებს, მაგრამ კარის ურდულს რომ მისწვდა, მაშინ ვეღარ გაექცა ქორის ბრჭყალებს. „ცომივით მზელდა, — მითხრა დივინა ფლორმა, — მიმიმწყვდევდა სადმე კუთხეში და მაწვალებდა, მაგრამ იმ დღეს წინანდებურად არ შემშინებია, ტირილი მომინდა მხოლოდ“. გოგომ გზა უტია ვაჟს და გამოღებულ კარში ალიონის შუქზე თეთრად გადაპენტილი ნუშის ხეები დაინახა მხოლოდ, სხვა ვერაფერი შეამჩნია მოედანზე, გამბედაობა არ ეყო მოეთვალიერებინა იქაურობა. „იმავ წუთში შეწყდა გემის საყვირის გუგუნი, სამაგიეროდ, მამლები აყივლდნენ, — მითხრა მან, — ისე ყურისწამღებად და იმდენი მამალი ყიოდა ერთად, რომ ვიფიქრე, ალბათ ეპისკოპოსის გემს მოაყოლეს, თორემ ჩვენს ქალაქში სად იყო-მეთქი ამდენი მამალი“. მან ერთი რამის გაკეთება მაინც მოახერხა იმ კაცისათვის, ვისი მორჩილებაც არ ეწერა ბედად: მიუხედავად პლასიდა ლინეროს ბრძანებისა, კარი არ ჩაკეტა, იფიქრა, მართლა რომ მოხდეს რამე, სანტიაგო ნასარი უცბად შემოვარდება სახლშიო. ვიღაცამ — დღემდე გაურკვეველია, ვინ — კარს ქვემოთ წერილი შეაცურა. წერილში სანტიაგო ნასარს აფრთხილებდნენ, მოსაკლავად გელოდებიანო. სწერდნენ, სად და რატომ უპირებდნენ მოკვლას, სხვა დასაბუთებულ წვრილმანებსაც ატყობინებდნენ, მაგრამ სახლიდან გასვლისას სანატიაგო ნასარს ეს წერილი არ დაუნახავს იატაკზე, არც დივინა ფლორსა და, საერთოდ, არც არავის დაუნახავს იგი. მხოლოდ მკვლელობის მერე აღმოჩნდა ეს წერილი ყველასათვის თვალმისაწვდომი. საათმა ექვსჯერ ჩამორეკა, მაგრამ ქუჩებში ფარნები ისევ ენთო. ნუშის ხეებსა და ერთ-ორ აივანზე კვლავ ეკიდა საქორწილო ფერად-ფერადი გირლანდები. კაცს ეგონებოდა, ეს-ეს არის ეპისკოპოსის პატივსაცემად მორთეს ხეებიო, მაგრამ ქვის ფილებით მოგებული მოედანი, ეკლესიის მისასვლელი და მის მახლობლად მუსიკოსებისთვის სახელდახელოდ მოწყობილი ფიცარნაგი ისე იყო მოფენილი ცარიელი ბოთლებითა და საჭმლის ნარჩენებით, რომ ნაგავსაყრელს უფრო ჰგავდა იქაურობა. სანტიაგო ნასარი სახლიდან რომ გავიდა, გემის საყვირი გუგუნებდა და ერთი-ორი კაციც უკვე მიიჩქაროდა ნავსადგურისკენ. მოედანზე, ეკლესიის მახლობლად, მხოლოდ რძის ფარდული იყო ღია. სწორედ ამ ფარდულში ელოდებოდნენ სანტიაგო ნასარს მოსაკლავად. ფარდულის პატრონმა კლოტილდე არმენტამ პირველმა დაინახა სანტიაგო ნასარი რიჟრაჟის შუქზე და მოეჩვენა, თითქოს ალუმინის სამოსი ეცვა. „მოჩვენებას ჰგავდა უკვე“, — მითხრა კლოტილდე არმენტამ. ამ ორს კი, ვინც სანტიაგო ნასარს მოკვლას უპირებდნენ, გაზეთში გახვეული დანები ჩაეხუტებინათ და დახლზე თავმიდებულთ ეძინათ. ქალმა სუნთქვა შეიკრა, არ გამოვაღვიძოო. ეს ორნი ტყუპი ძმები პედრო და პაბლო ვიკარიოები იყვნენ. ოცდაოთხი წელი შეუსრულდათ და ისე ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს, ძნელად თუ გაარჩევდა ვინმე. „უსიამო შესახედავები არიან, თავი კი ღირსეულად უჭირავთ“, — იუწყებოდა ოქმი. მე მათ პირველი კლასიდანვე ვიცნობდი და ასევე დავახასიათებდი ორივეს. იმ დილით ძმებს ჯერაც არ გაეხადათ ის საგარეო ტანსაცმელი, ქორწილზე რომ ეცვათ. მათი შავი, სქელი მაუდის პიჯაკები სულ არ შეეფერებოდა კარიბის სანაპიროს ჰავას. უზომო სმისაგან სახე მორღვეოდათ, თუმცა გაპარსული კი ჰქონდათ. ჯერ კიდევ ქორწილამდე სამი დღით ადრე შეუყვნენ სმას და ახლა მთვრალებს კი არა, მთვარეულებს უფრო ჰგავდნენ. კლოტილდე არმენტას რძის ფარდულში თითქმის სამი საათი ელოდნენ მსხვერპლს და განთიადისას ჩაეძინათ პირველად, შაბათის მერე. გემის საყვირზე ტყუპს გამოეღვიძა, ხოლო როცა სანტიაგო ნასარი გამოვიდა თავისი სახლიდან, რაღაც შინაგანმა ძალამ უბიძგა ორივეს — საბოლოოდ გამოფხიზლებულიყვნენ. საგულდაგულოდ ჩაბღუჯეს გაზეთში გახვეული დანები. პედრო ვიკარიომ წამოიწია კიდეც. — ღვთის გულისათვის, — დაიჩურჩულა კლოტილდე არმენტამ. თავი გაანებეთ, სხვა დროისათვის გადადეთ, ეპისკოპოსს მაინც ეცით პატივი. „ნამდვილად ღვთის ნება იყო“, — ხშირად უთქვამს კლოტილდე არმენტას. რა თქმა უნდა, ძმებს ისე, ყოველი შემთხვევისათვის ურჩია, მაგრამ ტყუპმა დაუჯერა. ის, ვინც წამოიწია, ისევ დაჯდა. ორივემ თვალი გააყოლა მოედანზე მიმავალ სანტიაგნო ნასარს. „სიბრალულით უფრო შესცქეროდნენ“, — მითხრა კლოტილდე არმენტამ. იმავე წამში მოედანს მოედვნენ ობოლთა ფორმის კაბებში გამოწყობილი სამონასტრო სკოლის გოგონები. პლასიდა ლინერომ მართალი თქვა: ეპისკოპოსი არც გადმობრძანებულა გემიდან. მთავრობის წევრებსა და მოსწავლეებს გარდა ნავსადგურში აუარება ხალხს მოეყარა თავი. კალათებიდან თავი ამოეყოთ ეპისკოპოსისათვის ძღვნად მოყვანილ მამლებს: მის უწმინდესობას ბიბილოების ნახარში უყვარდა თურმე. იმდენი ძღვენი მოეტანა ხალხს, რომ გემზე გადატვირთვას ორ საათს მაინც მოანდომებდნენ, მაგრამ გემი არც გაჩერებულა, მბრდღვინავი ურჩხულივით წამოიმართა თუ არა მდინარეზე, ორკესტრმაც მაშინვე დააგრიალა საეპისკოპოსო ჰიმნი, ხოლო მამლებმა ისეთი ყივილი მორთეს კალათებში, რომ თუ სადმე ქალაქში მამალი იყო დარჩენილი, ყველამ ბანი მისცა. იმ ხანებში ლეგენდარული ბორბლიანი გემები, — რომლებზეც შეშას ხმარობდნენ საწვავად, — ნელ-ნელა ეძლეოდა დავიწყებას. ერთი-ორიღა იყო შემორჩენილი და იქაც არც პიანოლა ედგათ და არც ცალკე კაიუტა ჰქონდათ ახალჯვარდაწერილთათვის თაფლობის თვის გასატარებლად. ესეც არ იყოს, ამ გემებს უკვე უჭირდათ მდინარის აღმა ცურვა. ეპისკოპოსის გემი მთლად ახალი იყო, ერთის მაგიერ ორი მილი ჰქონდა და ორივეზე რკალად შემოეხატათ დროშა. კიჩოზე მიმაგრებული ფრთებიანი ბორბლებით კი ნამდვილად სწრაფმავალ საზღვაო გემს ჰგავდა. კაპიტნის ჯიხურთან თეთრებით მოსილი ეპისკოპოსი ჩანდა ესპანელთა ამალით გარსშემოხვეული. „საშობაო ამინდი იდგა“, — გაიხსენა ჩემმა დამ მარგოტმა. ნაპირთან ჩასვლისას გემს ისეთი ძალით აუგუგუნებია საყვირი, რომ ვინც კი ზედ ნაპირთან მდგარა, ყველა ორთქლში გახვეულა თურმე. წამიერ მოლანდებასავით ჩაიარა ეპისკოპოსმა, შორიდან პირჯვარი გადაწერა ხალხით სავსე სანაპიროს და ვიდრე გემი არ მიეფარა თვალს, მანამდე სახავდა პირჯვარს ანგარიშმიუცემლად და უაზროდ, ყოველგვარი ქვენა გრძნობის გარეშე. ნავსადგურში შეშინებული მამლების გნიასი იდგა მხოლოდ. სანტიაგო ნასარს საბაბი ჰქონდა, თავი მოტყუებულად ეგრძნო. ამაოდ აუბა მხარი მღვდელ კარმენ ამადორის მოწოდებას: შეშაც შესწირა და მსუქან-მსუქანი, ბიბილოიანი მამლებიც შეარჩია ძღვნად, მაგრამ წყენა მაინც არ გაჰყოლია დიდხანს. ჩემი და მარგოტი სანაპიროზე მის გვერდით მდგარა და შეუმჩნევია, სანტიაგნო ნასარი კვლავ გახალისებულა და თუმცა ასპირინს ვერაფერი ეშველა მისთვის, მაინც ქეიფის გაგრძელება განუზრახავს. „გაციებულს არ ჰგავდა, გაუთავებლად ლაპარაკობდა ქორწილის ხარჯებზე“, — მითხრა ჩემმა დამ. კრისტო ბედოია მასთან ერთად იყო და უთქვამს, ქორწილი ზღაპრულად ძვირი დაჯდაო. სანტიაგო ნასარი, კრისტო ბედოია და მე დილის ოთხ საათამდე ერთად ვსვამდით ქორწილში. კრისტო ბედოია შინ აღარ წავიდა, გადაიფიქრა და ბებია-პაპასთან შეიარა. იმათ კიდევ იქ ისეთები დაუმატებიათ ქორწილის ხარჯებზე, კრისტო ბედოიას რომ არც სმენია. სტუმრებისათვის დაიკლა თურმე ორმოცი ინდაური და თერთმეტი ღორი, ნეფის ბრძანებით ოთხი დეკეული იბრაწებოდა ხალხისათვის ზედ მოედანზე. დაილია ორას ხუთი ყუთი კონტრაბანდული არაყი და თითქმის ორი ათასი ბოთლი რომი, რომელიც პირდაპირ ბოთლებით ჩამოურიგეს ხალხს. პატარა ქალაქში არ დარჩენილა არც ერთი კაცი, ღარიბი თუ მდიდარი, ვისაც თავისებურად პატარა მონაწილეობა მაინც არ მიეღო ამ მხარეში ყველაზე გახმაურებულ, არნახულსა და არგაგონილ ქორწილში. სანტიაგო ნასარი ხმამაღლა ოცნებობდა: — მეც ისეთ ქორწილს გადავიხდი, მთელი ცხოვრებაც რომ არ გეყოთ საამბობლად. ჩემს დას მარგოტს თითქოს ბალღამი ჩაეღვარა მკერდში. კიდევ ერთხელ გაივლო გუნებაში: ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული ისედაც ბედისგან გალაღებული ფლორა მიგელი, საშობაოდ სანტიაგო ნასარს მოიგდებს ხელშიო. „მაგას რა დიდი მიხვედრა სჭირდება. სანტიაგო ნასარზე უკეთეს საქმროს ვერც ინატრებდა, — მითხრა ჩემმა დამ, — აბა, თვითონ წარმოიდგინე — ლამაზი, დინჯი ყმაწვილი კაცი ოცდაერთი წლისა უკვე საკუთარი ქონების პატრონია“. მარგოტი სანტიაგო ნასარს ხშირად პატიჟებდა საუზმეზე, განსაკუთრებით მაშინ, იუკის ღვეზელები რომ გვქონდა. იმ დილასაც დედაჩემი სწორედ იუკის ღვეზელებს აცხობდა. სანტიაგო ნასარმა ხალისიანად მიიღო მიპატიჟება: — წუთში გამოვიცვლი ტანსაცმელს და დაგეწევი, — უცებ გაახსენდა, მაჯის საათი მაგიდაზე რომ დარჩა საწოლთან, — რომელი საათია? დილის შვიდის ოცდახუთი წუთი იყო. სანტიაგო ნასარმა მკლავში ხელი გამოსდო კრისტო ბედოიას და მოედნისკენ წაიყვანა. — თხუთმეტ წუთში თქვენთან ვარ, — უთხრა ჩემს დას. მარგოტი არ ეშვებოდა, ახლავე წამოდით ყველანი, საუზმე უკვე მზად არისო. „რაღაც უცნაური სიჯიუტით გვეპატიჟებოდა მარგოტი, — მითხრა კრისტო ბედოიამ, — ისე უცნაურად, რომ ზოგჯერ მგონია, იცოდა, სანტიაგო ნასარი რომ უნდა მოეკლათ და უნდოდა, თქვენს სახლში გადაემალა“. სანტიაგო ნასარმა, ბოლოს და ბოლოს, დაიყაბულა ჩემი და, არ დამელოდო, ტანსაცმელს გამოვიცვლი და მოვალო. საუზმის მერე თავის მამულში აპირებდა წასვლას მოზვრების დასაკოდად. მარგოტსაც დამშვიდობების ნიშნად ისე აუწია ხელი, როგორც დედამისს და მოედნისკენ გასწია, კრისტო ბედოიაც თან გაიყოლია. ჩემი და უკანასკნელად ხედავდა სანტიაგო ნასარს. ვინც ნავსადგურში იყო, თითქმის ყველამ იცოდა, სანტიაგო ნასარს რომ მოკვლას უპირებდნენ. აკადემიადამთავრებული, გადამდგარი პოლკოვნიკი დონ ლასარო აპონტე, რომელიც აგერ უკვე თერთმეტი წელიწადი მუშაობდა მუნიციპალიტეტის ალკალდად, მხედრულად მიესალმა ყმაწვილ კაცს. „რეალური საფუძველი მქონდა მეფიქრა, რომ სანტიაგო ნასარს საფრთხე აღარ ემუქრებოდა“, — მითხრა მან. ასევე დამშვიდებულა მღვდელი კარმენ ამადორიც. „ცოცხალი და საღ-სალამათი რომ დავინახე, გავიფიქრე, რას არ იტყვის-მეთქი კაცის ენა“, — მითხრა მღვდელმა. მაგრამ შეკითხვით კი არც ერთი შეკითხვია, შენ თუ იცი ეს ამბავიო? ვინ იფიქრებდა, რომ სანტიაგო ნასარმა არაფერი იცოდა. ჩემი და მარგოტი იყო ერთ-ერთი ადამიანი იმ მცირედთა შორის, რომელმაც ჯერ კიდევ არაფერი იცოდა სანტიაგო ნასარის მოსალოდნელი მკვლელობის თაობაზე. „ეს რომ მცოდნოდა, არ მოვეშვებოდი, ის კი არა და, თოკს ჩავაბამდი და ისე წავიყვანდი ჩემთან, სახლში“, — უთხრა მარგოტმა გამომძიებელს. უცნაური იყო, ჩემმა დამ რომ არაფერი იცოდა, კიდევ უფრო უცნაური იყო, რომ დედაჩემმაც კი, — ვინც აგერ უკვე რამდენიმე წელიწადი იყო ქუჩაში აღარ გასულა, წირვასაც არ დასწრებია, მაგრამ მაინც ჩვენზე ადრე იგებდა ყველაფერს, — იმანაც კი არაფერი იცოდა. დედაჩემის ყოვლისმცოდნეობის უნარი ჯერ კიდევ მაშინ მაოცებდა, დილაუთენია რომ ვიღვიძებდი ხოლმე სკოლაში წასასვლელად. ფერმკრთალი და მდუმარე დედა — ასეთი იყო იგი იმხანად — განთიადის კვამლისფერ შუქში გახვეული ხვეტდა პატიოს (შიდა ეზო), მერე კი ყავის სმისას ჩემს ძილში მომხდარ ქვეყნის ამბავს მიყვებოდა. თითქოს რაღაც იდუმალი და უხილავი ძაფი აკავშირებდა ქალაქთან, განსაკუთრებით თავის ტოლებთან. ისეთ რამეს იტყოდა, ყველას გვაოცებდა. ზოგჯერ ისეთ რაღაცაზე გვეტყოდა, ესა და ეს მოხდებაო, რომ თუ არ წინასწარმეტყველური ნიჭი და უნარი, ისე ამის ამოცნობა ნამდვილად ძნელი იქნებოდა. იმ დილით კი დედაჩემს სულაც არ უგრძვნია იმ ტრაგედიის მოახლოება, ღამის სამი საათიდან რომ მზადდებოდა. პატიო დახვეტა და მერე ეპისკოპოსის შესახვედრად ადრე გაღვიძებულმა მარგოტმა დაინახა, დედა საღვეზელე იუკას რომ მიუჯდა შესაკაზმად. „მამლების ყივილი ისმოდა“, — ასე იგონებდა იმ დღეს დედაჩემი. თანაც მუდამ ირწმუნებოდა, შორეული ხმაური დაგვიანებული მექორწილეებისა იყო და არა ეპისკოპოსის შესახვედრად გამოსული ხალხისაო. ჩვენი სახლი მთავარი მოედნიდან შორს, მდინარისპირა მანგოს ჭალაში იდგა. მარგოტი ნაპირს გაუყვა ნავსადგურისკენ. ხალხი ისე აეტაცებინა ეპისკოპოსის სტუმრობას, რომ სხვა რამეზე ფიქრი არც მიჰკარებია მის გონებას. ზედ ჭიშკრებთან საწოლებიანად გამოეყვანათ თავ-თავია
--------------------
Proud To be Georgian
|