ქართულმა მხარემ შეთანხმება დაარღვია და სამშვიდობოების პოსტის დასარბევად 800 ადამიანი გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტო "რესი" ავრცელებს.
"ქართულმა მხარემ შეთანხმების მიუხედავად, ოსური დასახლება ხეთაგუროვოს საზღვართან, 800-მდე ადამიანი გაგზავნა, რომლებმაც "სამშვიდობოების" პოსტს ბენზინი გადაასხეს და მისი დაწვით იმუქრებოდნენ",_ ნათქვამია ოსურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მათივე წინასწარი ინფორმაციით, ამავე დასახლების ტერიტორიაზე ქართული მხარე სამხედრო ტექნიკის შეყვანას გეგმავს.
"ამ დროისთვის იქ არსებული საქართველოს სამხედრო ტექნიკის რაოდენობა 10 ერთეულს შადგენს", – იუწყება სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი.
მათივე ინფორმაციით, ქართული მხარის მიერ განახლებული შემოვლითი გზის რემონტი, სადაც სამშვიდობო ძალებია განლაგებული, პოსტზე განლაგებულმა სამხედროებმა შეაჩერეს.
გაერთიანებული სამშვიდობო ძალების სარდლის მოადგილე იური ვერეშაკი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 40 შეიარაღებული წარმომადგენლის პოზიციის დაფიქსირების შესახებ საუბრობს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მდინარე ფრისის შემოგარენში.
როგორც ვერეშაკმა საინფორმაციო საგენტო "რესს" განუცხადა, შეიარაღებული პირების დაფიქსირება, სამმხრივი სამხედრო სადამკვირვებლო ჯგუფის და ეუთოს მიერ, ფრისის ხეობაში საინჟინრო სამუშაოების წარმოების შესახებ არსებული ინფორმაციის მონიტორინგისას მოხდა.
მისივე თქმით, დადასტურებულია, რომ სოფელ ფრისის შემოგარენში პოზიციის გასამაგრებლად მართლაც მიმდინარეობს საინჟინრო სამუშაოები. აქვე განთავსებულია პოსტი 40 შეიარაღებული პოლიციელით და სამი საცეცხლე წერტილით.
ამავე დროს, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ქართული მხარის კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები რეგიონში დესტაბილიზაციას იწვევენ.
http://www.interpressnews.ge/index.php?lan...&info_id=173616