ძალიან დიდი და ჭრელი მიწა
აფრიკა ძალიან დიდი და ჭრელი მიწაა. ევროპელები და აზიელები მის მისადგომებთან უხსოვარი დროიდან დაცურავდნენ და ამ უკიდეგანო სამყაროს მხოლოდ ერთ ციდა ნაცილს იცნობდნენ ეგვიპტელების, მათი მომნუსხველი ნაგებობების, შავტუხა აბისინიელების, უფრო შავტუხა მავრების, ნუმიდიელ-ბერბერების სახით. მათ უკან კი იდუმალი, მთვლემარე უდაბნო გაწოლილიყო, რომელიც დროდადრო გამოიღვიძებდა და ისეთ ამბავს ატეხდა, რომ მტვრის ფარდის იქით შეჭყეტის მნდომ ისედაც ერთ მუჭა ცნობისმოყვარეებს ყველაფრის ხალისს უკარგავდა. რა ფერი იყო სამყარო ქვიშის ზღვის იქით, ეს ალბათ მხოლოდ დედა-ნილოსს წამოყოლილმა ნიანგებმა თუ იცოდნენ.
მერე ევროპამ აფრები აუშვა, ხელში ჩინეთიდან ჩამოტანილი კომპასი მოიმარჯვა და ჰორიზონტის ხაზის დაჭერა მოინდომა. დაახლოებით მოიხაზა მიწის კონტურები, გაჩნდა ცნება კონტინენტი და აფრიკასაც ეწოდა “შავი”. რატომ? მგონი, ეს კითხვა უადგილოა. ბუნებამ, ამ ყველაზე ნიჭიერმა ფერმწერმა მზის ფუნჯით საღებავის დაუნანებლად მოხატა აფრიკელები.
ძალიან ცხელა იმათ სავანა-შამბნარებში!.. მზე სულ თავზე ადგათ, აცხუნებს და აცხუნებს. თოვლი მაგათთან არ მოდის და არაფერი. კილიმანჯაროზე კი ნაღდად არავინ ავა საგუნდაოდ. მგონი აბორიგენები არც ასულან იქ, სანამ კოლონიზატორები არ მოვიდნენ თავიანთი ახირებული იდეებით. იქ უბრალოდ არაფერი ესაქმებოდათ, ნადირი იქ არ იყო, აფრიკელები კი ის ხალხი არ იყო, ვისაც მწვერვალების დაპყრობის, ახლის აღმოჩენის, ან უბრალოდ უსაქმურობის გამო ზღვის დონიდან 5895 მეტრზე აბობღების აზრი გასჩენოდა თავში. ეს ყველაფერი თეთრებმა შეათვისეს.
როგორი იქნებოდა შავი აფრიკა თეთრი ადამიანის გარეშე? ალბათ თითქმის ისეთივე, როგორიც ვასკო და გამამდე იყო. იქნებ თავად აფრიკელებისთვისაც უკეთესი იქნებოდა ცხოვრება უევროპელებოდ, იცხოვრებდნენ ბუნებასთან და ცხოველებთან ჰარმონიაში, ან ბრძოლაში, ყოველ შემთხვევაში, ეს მხოლოდ მათ შორის გასარჩევი საქმე იქნებოდა და შუაში არ ჩადგებოდა ცივილიზაცია მონებზე გასაცვლელი მძივების და ჟღარუნების ფერი საგნეულობებით. ლომებთან მეომარი მასაები სახეს მოიხატავდნენ წყალში გარეული წითელი მიწით და თოპის გარეშეც გადასარევად ინადირებდნენ გარეულ კამეჩებზე.
ევროპელებმა მათ ჩაუტანეს წამალი, მაგრამ დაავადებებიც ხომ ჩაუტანეს? ჩაუტანეს ტრაქტორიც და ჩაუტანეს კალაშნიკოვიც, თანაც ტრაქტორი ბევრ აფრიკულ ქვეყანაში ფუფუნებაა, კალაშნიკოვს კი ბავშვები სათამაშოებივით დაარბენინებენ. მერე რამდენი რამ წამოიღეს იქიდან? ისეთი ადგილების შესახებ თუ გსმენიათ: სპილოს ძვლის ნაპირი, ანაც სუდანის მონათა ბაზარი...…არკვიე ახლა, როგორი აფრიკა უკეთესია: მხოლოდ შავი თუ თეთრ-შავი. ამასწინათ “დისქავერიზე” აჩვენეს: გორილებისთვის ტყე აღარ დარჩაო. არადა, რამხელაა ეს მიწა...…თეთრებიც კი ჩივიან – ნეტა იმ დროს, როცა კენიაში და ტანგანიკაში სპილოები და მარტორქები ლაღად დაშლიგინებდნენო...…რაღას იშლიგინებენ, თოფებით ამოხოცეს. ახლა სპილოები ოდნავ იმაზე დიდ შემოღობილში ცხოვრობენ, ვიდრე ადამიანები და მათზე ნადირობის უფლება დიიიდი ხანია აღარ აქვთ აფრიკელებს.
იყვნენ ისეთებიც, რომელთაც არც სპილოს ძვალი სჭირდებოდათ, არც ალმასები და არც ჩალის ფასი მუშახელი, მოგზაური დევიდ ლივინგსტონი, მაგალითად, რომელიც აფრიკას ქვემოდან შეუყვა და ნახევრამდე ფეხით აიარა. ადგილობრივი ხალხი მას დაუდად მოიხსენიებდა. მაგრამ ასეთები ძალიან ცოტანი იყვნენ. ევროპელები – ინგლისელები, ფრანგები, პორტუგალიელები, ჰოლანდიელები, ბელგიელები – ძირითადად აფრიკაში აფრიკის ასათვისებლად და მისათვისებლად ჩადიოდნენ.
მაგრამ არის ერთი ევროპული, ასე ვთქვათ, ნივთი, რამაც აფრიკელებს ზღვა სიხარული მიანიჭა – ბურთი, რომელიც ზანგებმა ასე მარჯვედ აქციეს თავიანთი ნიჭის და “მეს” გამოსავლენ საშუალებად. ევროპელებს ამაზე კარგი მგონი მართლა არაფერი მიუციათ მათთვის.
დიადი სპორტსმენების გარდა სხვა რა მისცა შავმა აფრიკამ კაცობრიობას? თუნდაც მუსიკა და ერთი წამითაც არ იფიქროთ, რომ ველურების ხის დოლებბა ვიოლინოზე ნაკლები გავლენა მოახდინა ჩვენი დროის მუსიკაზე. ბრაზილიაში, კუბაზე, შტატებში ძალით წასხმული ზანგების სულიდან, გულიდან და ფილტვებიდან მოდის როკენროლი, როკი, ჯაზი, ბლუზი, სამბა და რეპი ხომ თავისთავად.
კოტე ყორშია
ავტორი მგონი არ იქნება წინააღმდეგი თუ გადავაქართულებ
* * *
გაიხარე, სანამ მეორე კომპთან გადავედი, შენ უკვე მიშველე

გუშინდელ სარბიელში გამოქვეყნებული წერილია. ძალიან მომეწონა
This post has been edited by aimo on 20 Jan 2008, 14:15