naia
non-MEMBER

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 823
წევრი No.: 11126
რეგისტრ.: 30-June 05
|
#6189477 · 20 Jul 2007, 11:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს სტატია ახლახანს 'კვირის პალიტრაში' გამოქვეყნდა. მგონი ღირს ამაზე დაფიქრება
შატილს სააქციო საზოგადოებად გადაქცევას უპირებენ?!
“იქნებ ისიც გვითხრან, სამასი არაგველი თქვენი წინაპარი არ იყოო!..”
ორიოდე დღის წინ ერთი უცნაური ამბავი მოვისმინე. ამბობენ, სვანეთში კოშკები რამდენიმეწლიანი იჯარით რომელიღაც არაბ შეიხს გადასცესო. უცხოელს განზრახული აქვს სვანეთში ძვირად ღირებული ტურისტული პროექტის დაწყება. სვანები რომ არ გააღიზიანოს, თვითონ არ გამოჩნდება, ან მთებს დროდადრო ტურისტის სტატუსით ეწვევაო. ჭორი ჭორია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ როგორც კვამლი ვერ იქნება უცეცხლოდ, ისე ჭორი ვერ გაჩნდება უსაფუძვლოდ. სამწუხაროდ, ვერ შევძელი ჭორის პირველწყაროს მოძიება, სამაგიეროდ, სახელისუფლებო კულუარებში შევიტყვე, რომ ბოლო დროს უცხოელი ინვესტორები მეტად დაინტერესებულან საქართველოს მთიანეთით, ტურისტებს სწორედ საქართველოს მთებში აღმართული უძველესი კოშკები და იდუმალებით სავსე კულტურა იზიდავთო. სვანეთში არაბი შეიხის კვალის ძიებაში რომ ვიყავი, ხევსურულ კოშკებზეც ატყდა მითქმა-მოთქმა. თბილისში ჩამოსულმა ერთ-ერთმა ხევსურმაც მითხრა, გაგვაფრთხილეს, თუ კოშკებსა და მიწებს არ გადაიფორმებთ, სახელმწიფოს გადაეცემა და როგორც გვინდა, ისე განვკარგავთ, მაგ კოშკებით ისედაც დაინტერესებული არიან უცხოელი ინვესტორები და გავყიდითო. ვიფიქრე, რაღაც კარგად ვერ გაუგიათ. როგორ შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელს არ სცოდნოდა, კულტურული ძეგლები რომ არ იყიდება-მეთქი. მაინც გადავწყვიტეთ ეს ინფორმაცია გადაგვემოწმებინა. როგორც შატილელმა არქიტექტორმა ვაჟა ჭინჭარაულმა გვითხრა, ჯერ კიდევ ორი წლის წინ მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მაღალჩინოსნებს მისთვის გაუცნიათ გეგმა, რომლის მიხედვით (რაც უნდა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ) შატილს სააქციო საზოგადოებად გადაქცევას უპირებდნენ(?!).
ვაჟა ჭინჭარაული: “ორი წლის წინ გუბერნატორ ვასილ მაღლაფერიძესა და მის მოადგილესთან მივედი. მაშინ გამაცნეს შატილის “აყვავების” “უნიკალური” იდეა. კერძოდ, უნდა შექმნილიყო სააქციო საზოგადოება “შატილი”. შატილის მოსახლეობის დაახლოებით 50% აქციონერები ვიქნებოდით, ის ტერიტორიები და კოშკები კი, რაც ისტორიულად ჩვენი საკუთრებაა, სააქციო საზოგადოება შატილის ქონება გახდებოდა. მერე მოვიდოდა აუდიტორი, ქონებას შეაფასებდა და შატილი რეგისტრაციაში გატარდებოდა როგორც ვთქვათ, ათმილიონლარიანი ან დოლარიანი სააქციო საზოგადოება. მოიძებნებოდა ინვესტორიც, ის ჩადებდა შატილში პირობითად 15 მილიონს, აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდებოდა, აგვაყვავებდა და ბედნიერად ვიცხოვრებდით. მაშინ ამ სისულელის მოსმენაც არ ვისურვე, მაგრამ ბოლო დროს ზოგიერთი ხელისუფლის გააქტიურება მაიძულებს, ვიფიქრო, რომ საქმე ამ მარაზმამდე მიდის. ჯერჯერობით არ დავასახელებ, მაგრამ უკვე დავადგინე ერთ-ერთი ბიზნესმენის ვინაობა, რომელიც შატილის ყიდვას ცდილობს. თუ ეს მართლაც მოხდა, ხევსურეთი საქართველოს ხელისუფლებას მტრად მოეკიდება. თოფის სროლას არავის დავუწყებთ, მაგრამ სამაგიერო მიეზღვება ყველას, ვინც ჩვენი სისხლისა და ოფლის ღვრის ნაყოფის მითვისებას შეეცდება.
როდესაც ეს აბსურდული გეგმა გამაცნეს, გადავწყვიტე, ისეთი სქემა მოგვეფიქრებინა, რომლის დაკანონების შემთხვევაში ერთხელ და სამუდამოდ ავიცილებდით კოშკების გასხვისების საშიშროებას. ამიტომაც შევქმენით სათემო ორგანიზაცია, რომელშიც ჭინჭარაულების ცხრა შტო შედის. თემის საკუთრებაა შატილში არსებული ყველა კოშკი, მიწა და სხვა ქონება - მთელი თემია მათი მფლობელი. არც ერთს არ გვაქვს უფლება, სოფლის გარეთ გავყიდოთ რამე. გვაქვს წესდება, სამფლობელო ტერიტორიების რუკები, ოქმები, სადაც დაფიქსირებულია რომელი კოშკი ვისია. იურიდიული სტატუსის მოპოვების მიზნით სასამართლოსაც მივმართე, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსაც, ვითხოვდით, თემისათვის გაეფორმებინათ ეს ტერიტორიები და კოშკები, მაგრამ ამაოდ, - ჩვენ რომ გავაფორმოთ, ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ეწყინებათო. ვერ გავიგე, ვის განაწყენებას ერიდებიან ასე; ან ეკონომიკური განვითარების სამინისტრო რა შუაშია, როგორ შეიძლება მის ბალანსზე იყოს კულტურის ძეგლი-მეთქი, მაგრამ ჩანს, ამ ქვეყანაში ყველაფერი შესაძლებელია. ერთი დამიმტკიცონ, რომ ჩემი კოშკი და მიწა ჩემი არ არის! წინაპართა გადმოცემით, ჩვენ, შატილიონი ჭინჭარაულები, მთავარანგელოზის ყმებად ვითვლებით. ჭინჭარაულების მთავარი სალოცავიც მთავარანგელოზისა არის. ჩვენთან ბავშვი რომ იბადება, რამდენიმე თვეში მიაბარებენ მთავარანგელოზს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მის გარდა სხვას არ ვეყმებით. ტერიტორია, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, მთავარანგელოზის სამფლობელოა და მას კბილებით დავიცავთ”.
ვის ბალანსზეა დღეს შატილის და, საერთოდ, ხევსურული კოშკები, ამის დასადგენად “კვირის პალიტრა” კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნიკა ვაჩეიშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, კოშკები, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, შეუძლებელია გაიყიდოს, ან რაიმე მიეშენოს, ან მოაკლდეს. მინისტრის მოადგილე სრულ გაუგებრობას უწოდებს გავრცელებულ ხმას სვანური და ხევსურული კოშკების გაყიდვის თაობაზე: “რამდენადაც ვიცი, კოშკები თემის კუთვნილებაა. როდესაც თითოეული კოშკის რეგისტრაციაზე მიდგება საქმე, ქაოსი იქმნება. გაურკვეველია, სამართლებრივად რომელ ოჯახს რა ეკუთვნის. თემში არის ჭინჭარაულთა რამდენიმე შტო, მათ უნდა გაარკვიონ, ვის რა ეკუთვნის. ამ კოშკებზე პასუხისმგებელი უნდა იყოს ის, ვინც იგი ააშენა, ვინც პატრონობდა კოშკებს.
მე ამ საკითხზე ვესაუბრე იუსტიციის მინისტრს. გადავწყვიტეთ ექსპერტთა ჯგუფი მივავლინოთ ხევსურეთში, რათა შეისწავლონ ყველა პრობლემა. იუსტიციის სამინისტროსაც მიაჩნია, რომ ტრადიციული საკუთრების საკითხები სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოექცეს. ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ მომზადდება პროექტები კოშკების რეაბილიტაციისათვის და რეგიონში ტურისტული ბიზნესის განსავითარებლად. გაუგებარია, რატომ ატყდა აურზაური ხევსურულ და სვანურ კოშკებზე?”
საქართველოს პარლამენტის წევრი ნოდარ გრიგალაშვილიც ვერ ხვდება ხევსურების შეშფოთების მიზეზს. მას მიაჩნია, რომ ხევსურეთის ეკონომიკური განვითარების საუკეთესო გზა ამ მხარეში ინვესტორის შესვლაა:
- ვფიქრობ, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს იდეა შესანიშნავია. ის ჩვენს კომიტეტში შემოვიდა განსახილველად. იდეის არსი ასეთია: შატილი უნდა იქცეს ტურიზმის განვითარების ერთ-ერთ კერად. ამისთვის საჭიროა კოშკებს ოფიციალური მფლობელები ჰყავდეს. ჩვენ ვეცდებით, მოვიზიდოთ ინვესტორები, რომლებიც შემოგვთავაზებენ თანხას, კოშკების მფლობელებთან კი თვითონ მოილაპარაკებენ. ინვესტორი გაიღებს თანხას ინფრასტრუქტურის განსავითარებლად. თუ ინვესტორი ვერ ვიპოვეთ, სახელმწიფო გამოყოფს საამისო სახსრებს. თუმცა, უკეთესი არ არის, თუკი ბიუჯეტის ფული კი არა, სხვისი ფული დაიხარჯება?
- ხევსურებს სურთ, სახელმწიფომ გამოუყოს მათ შეღავათიანი კრედიტი და ისინი თვითონ მოუვლიან ყველაფერს.
- რამდენად სწორია ასეთ სერიოზულ პრობლემებზე მსჯელობა იმის მიხედვით, თუ რა თქვა ხევსურეთში მცხოვრებმა ამა თუ იმ გვარის წარმომადგენელმა?
- თქვენ სახლზე რომ იყოს ლაპარაკი, თქვენს აზრს მნიშვნელობა არ ექნება, თანაც გადამწყვეტი?
- ჯერ გავიგებ, რაზეა ლაპარაკი და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს.
- საქმეც ის არის, რომ რაც ადგილობრივი ხელისუფლებისგან გაიგეს, მათი ადათ-წესებიდან გამომდინარე, მიუღებელია.
- თუ რაიმეს მიუღებელს სთავაზობენ, ნუ მიიღებენ, მაგრამ თუ სთავაზობენ იმას, რომ თვითონაც გამდიდრდნენ და ეს კუთხეც აღორძინდეს, ამაზე უარი უნდა თქვან? აღორძინების ორი ვარიანტი აქვთ: ან სახელმწიფომ უნდა მიხედოს ყველაფერს, ან ინვესტორი უნდა მოვძებნოთ. სახელმწიფოს არ აქვს საშუალება, ყველა დანგრეული ძეგლი აღადგინოს. ამისთვის მილიარდებია საჭირო. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ინგლისსა და საფრანგეთშიც კი იწვევენ ინვესტორებს, იმდენად დიდი ფუფუნებაა კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა. ჩვენ ველოსიპედს არ ვიგონებთ, სახელმწიფოს არ შეუძლია ერთბაშად ყველაფრის გაკეთება.
- ხევსურების თქმით, თუ სახელმწიფო შეღავათიან კრედიტებს გასცემს, ისინი შეძლებენ ინფრასტრუქტურის განვითარებას. ითხოვენ პასუხისმგებლობის არა მთლიანად სახელმწიფოსთვის გადაცემას, არამედ საქმეში თანამონაწილეობას.
- ერთ-ერთ შეკრებაზე ეს საკითხიც განიხილებოდა, მაგრამ რამდენად მომგებიანია ეს პირობა? გზებიც ხომ უნდა გაკეთდეს. კრედიტი ნულოვანი პროცენტითაც რომ მისცე, თავნი ხომ უნდა დააბრუნონ? მილიონების ამღებია შატილელი მოსახლეობა და მერე მისი დამბრუნებელი? ინვესტორის შემოსვლაში საგანგაშო რა არის, საკუთრებად ხომ არ ვუკანონებთ ხევსურების ქონებას, თუ მეპატრონეები არ იქნებიან თანახმა, ვინ დააძალებს?..
ხევსურები შიშობენ, რომ თუ კოშკები და მამაპაპეული ქონება თემის საკუთრებად არ დაკანონდება, შესაძლოა, მათ შორისაც გამოერიოს ვინმე, ფოჩიან კანფეტებს რომ დახარბდება. თემის კანონით კი, თუ რომელიმე ხევსური კუთვნილი კოშკის გაყიდვას დააპირებს, ის უპირობოდ და უსასყიდლოდ გადაეცემა თემს. ამასთან, ხევსურები ეჭვით უყურებენ ხელისუფლების დაჟინებულ მოთხოვნასაც, რომ ყველა კოშკს თავისი პატრონი ჰყავდეს. შატილშიც და მუცოშიც რამდენიმე ათეულ კოშკს მიზეზთა გამო კონკრეტული პატრონი არ ჰყავს. არც არავინ ცდილობს ამის გარკვევას, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ოჯახებს შორის გაუგებრობასა და დაპირისპირებას გამოიწვევს, ამიტომ ურჩევნიათ თემი განკარგავდეს კოშკებს. ვარაუდობენ, რომ ხელისუფლებას სწორედ ამ “უპატრონო” კოშკების განკარგვა სურს.
მუცოელი გელა დაიაური: - თუ მოვლა-პატრონობა უნდა, სახელმწიფომ მოუაროს ამ ძეგლებს. რა გამოდის: მე ჩემს საგვარეულო კოშკს რომ დავიკანონებ, სხვა კიდევ თავისას, რაც უპატრონოდ დარჩება, მხოლოდ მასზე იზრუნებს სახელმწიფო? ეს ყველაფერი ხომ საქართველოს ეკუთვნის, მოდი, ერთად მოვუაროთ და დავიცვათ. ან როგორ უნდა გვითხრან, ეს კოშკები და მიწა თქვენი არ არისო? იქნებ ისიც მითხრან, რომ სამასი არაგველიც ჩვენი წინაპარი არ იყო და მათი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მოგვიტანეთო. რად უკვირთ, რომ სულ ავის მოლოდინში ვართ? არაგვი რომ გამიყიდეს, ღვთაების ეკლესიის მიწები რომ გამიყიდეს ჩინელებზე, რატომ არ უნდა მეშინოდეს, რომ კოშკებსაც იმავეს დაუპირებენ? გზა გამოიყვანონ, შემდეგ რეგიონს რეკლამა გაუკეთონ, კრედიტი მოგვცენ და საქმეს ჩვენ მივხედავთ. ხალხი დაბრუნდება მთაში. ვიცით, რომ დიდი ფული სჭირდება კოშკების რესტავრაციას. რამდენიმე წლის წინ ხომ მოიძიეს თანხები მსოფლიო ბანკში? თუ სახელმწიფო მოინდომებს, ახლაც შეიძლება სახსრების გამონახვა. ჩვენი ხალხი დღესაც კარგად უძღვება ტურისტულ ბიზნესს, - ტურისტებს სამჯერად კვებას სთავაზობენ, ღამესაც კომფორტულად ათენებინებენ და... მთავარია, გზა და რეკლამა. თუ მაღალი დონის რეკლამა გაკეთდება, უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა, ფულსაც მეტს გადაიხდიან.
მინდია ჭინჭარაული: “კოშკზე პრეტენზიების გაცხადება მიწის წართმევას ნიშნავს. ხევსურთან ამაზე დავა დაუშვებელია. ქალი რომ სხვაგან გათხოვდებოდა, იმის ქმარსა და შვილს არ შეეძლოთ ჩემი სოფლის მიწაზე ეცხოვრათ და სხვა გვარისას როგორ მივიღებთ? ეს წესი მამა-პაპიდან მოგვდევს. ამან გადაგვარჩინა ჩვენ. არა მგონია, ტურიზმის განსავითარებლად ჩვენს მიწაზე სხვისი მოსვლა იყოს საჭირო. თუ მე ხევსურეთში საძირკველს წამართმევ, ჩასასვლელი აღარ მექნება, სად წავიდე მაშინ? განა ძალიან ბევრნი ვართ? კომუნისტების დროს სულ 5000 ოჯახი ვიყავით მთებში გაბნეული. ჩვენი წინაპარი ხომ სულ იმისთვის იბრძოდა, რომ მიწა არ დაგვეკარგა. ახლა რა ნამუსით უნდა გასხვისდეს? თუ სახელმწიფოს არ შეუძლია ამ ციხე-კოშკების პატრონობა და თავისი ისტორიის გადარჩენა, მაშ რაღას ემსახურება? თუ თავის წარსულს ვერ შეინარჩუნებს, აბა, რა უნდა დაიცვას, მაშინ რაშია სახელმწიფოს არსი?”
ხევსურების გულისტკივილს ვაჟა ჭინჭარაულის სიტყვებით დავასრულებთ: “ხელისუფლებას გული შესტკივა იმაზე, რომ შატილი კარგად იყოს? შატილი არ არსებობს შატილიონების გარეშე. ის მკვდარია უჩვენოდ, რადგან ჩვენი სისხლით არის შექმნილი. ეს ერთი ამბავი რომ ატყდა, ეგეც კი შეურაცხყოფაა. თუ დახმარება უნდათ, მოგვცენ საშუალება, ჩვენ მოვუაროთ. შატილის ჩვენზე კარგად არავის ესმის. ფულის ყაირათიანი გამოყენებაც ვიცით და კულტურის შექმნაც”.
P.S. ალბათ, ღირს დაფიქრებად, რომ არც შატილი ვარგა ხევსურების გარეშე, არც მუცო და არც სხვა სოფლები. მთის უძველეს კულტურას შენახვა და გაფრთხილება სჭირდება და ამას ყველაზე უკეთ მხოლოდ ხევსურეთში დაბრუნებული შატილიონები შეძლებენ.
ეკა ლომიძე
This post has been edited by naia on 20 Jul 2007, 11:46
--------------------
www.tamara.ge
My favorite Georgian photographer
|