http://pirveli.com.ge
ს/ს "პირიმზეს" ყველაზე მსხვილი აქციონერი ბიზნესმენი ლაურა ღაჭავაა. იგი შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის - ერეკლე კოდუას და ავიაკომპანია "საქართველოს ნაციონალური ავიახაზების" პრეზიდენტის - გიორგი კოდუას დედაა. ლაურა ღაჭავა "პირიმზეში" აქციების 36 %-ს ფლობს. როგორც "პირველთან" საუბარში ლაურა ღაჭავამ განაცხადა, იგი დიდი ხანია "პირიმზეს" აქციებს მფლობელებისგან ყიდულობს. "პირიმზეს" აქციებს მფლობელები წლების განმავლობაში ყიდდნენ, მე კი ვყიდულობდი. ზოგი გარდაიცვალა და მათი აქციები აუქციონზე შევიძინე. ამჟამად 36%-ს ვფლობ, სხვა ორასს აქციონერთან ერთად. შენობის ორი სართული კი მთლიანად სახელმწიფოს კუთვნილებაა", - აცხადებს ლაურა ღაჭავა. მისივე თქმით, სააქციო საზოგადოებას რამდენიმე პარტნიორი ჰყავს, მათ შორის სამშენებლო კომპანიები: "მერიდიანი", "სასკო", კომპანია "თბილსახლი" და "ვითიბი ბანკი", რომლისგანაც "პირიმზეს" მესაკუთრეებმა შენობის სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო სესხი აიღეს. ლაურა ღაჭავას თქმით, სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე "პირიმზეში" სავაჭრო ცენტრი განთავსდება. კოდუების დედის საკუთრებაა სავაჭრო ცენტრი "ლილო-სიტიც". მან ტერმინალ "ოპიზას" გვერდით ლილოს ბაზრობის მსგავსი ახალი სავაჭრო ცენტრი შექმნა, რომელსაც ჩინელ ინვესტორებთან ერთად სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში აამოქმედებს.