ედუარდ შევარდნაძე - გადამწყვეტ მომენტში თავი უნდა გასწირო, ფიქრობდე ადამიანებზე, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ და რაღაცით უკმაყოფილონი არიან
დღეს, 23 ნოემბერს საქართველოში "ვარდების რევოლუციის" ოთხი წლისთავი შესრულდა. ოთხი წელი გავიდა მას შემდეგაც, რაც ქვეყნის პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადადგა. იმდროინდელი და შემდეგ განვითარებული მოვლენების შეფასებისთვის "ინტერპრესნიუსი" ედურად შევარდნაძეს ესაუბრა.
- ბატონო ედუარდ, დღეს "ვარდების რევოლუციისა" და თქვენი გადადგომიდან ოთხი წელი შესრულდა. როგორ შეაფასებდით მაშინ განვითარებულ მოვლენებს?
- ვფიქრობ, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ, ანუ შევარდნაძემ, მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელმაც შექმნა გარანტია, სისხლი არ დაღვრილიყო. ეს ხომ ნამდვილი ამბოხი იყო. პარლამენტში შემოიჭრა ავტომატებით და პისტოლეტებით შეიარაღებული ხალხი. პირველი სხდომა იყო ახლად არჩეული პარლამენტის და, ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტი დარბაზიდან გააძევეს.
საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადე, რაც ნიშნავდა, რომ მე პრეზიდენტი ჯერ კიდევ ვიყავი და მთავარსარდალიც გახლდით. არმია ჩემს განკარგულებას ასრულებდა. რა თქმა უნდა, არმია და ეს ამბოხებულები ერთმანეთს შეეჯახებოდნენ, არმია გაიმარჯვებდა, მაგრამ დიდი სისხლი დაიღვრებოდა.
მე რომ არ გადავმდგარიყავი, სისხლის დაღვრა იქნებოდა გარდუვალი, სამოქალაქო ომიც გაჩაღდებოდა. არავითარი საფრთხე კომუნიზმში დაბრუნებისა არ არსებობდა, რადგან ყველა ძირითადი რეფორმა, რომელიც შემდგომ განახორციელეს, ჩემს დროს დაიწყო. ეს იყო მიწის რეფორმა, კონსტიტუციის შემუშავება, პარლამენტის, მინისტრთა კაბინეტი შექმნა, სასამართლო რეფორმა, სამედიცინო რეფორმა, ყველა შემდგომ მიღებულ რეფორმას საფუძველი 1995 წელს ჩაეყარა, როდესაც კონსტიტუცია მივიღეთ.
მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი აცხადებს, რომ ჩვენ კომუნიზმში არ დავბრუნდებით და ვერ დაგვაბრუნებენო, ვინ თხოვს? ვინს აშინებს? ან რა საფრთხეა იმისა, რომ კომუნიზმში შეიძლება დავბრუნდეთ? საქართველო კომუნიზმში რომ არ დაბრუნდება, ეს ყველა განათლებულმა და გაუნათლებელმა ადამიანმა იცის. რას აშინებენ, როგორ არ რცხვენიათ, უმაღლესის დამთავრება არ ნიშნავს იმას, რომ შენ პოლიტიკოსი ხარ.
- მაშინდელ თქვენს თანამებრძოლთაგან ვისზე გწყებათ გული?
- ყველაზე მეტად გული მწყდებოდა ავთანდილ ჯორბენაძეზე, რომელსაც არ ქონდა არანაირი საფუძველი, ჩემთვის ეღალატა. მაგრამ მოხდა ისე, რომ ავთანდილ ჯორბენაძე გადავიდა ჩემი მოწინააღმდეგის მხარეს.
ადამიანის მოქმედებაში უნდა გაარჩიო ცუდიც და კარგიც, არც კარგი უნდა დაუკარგო, როცა ცუდზე ლაპარაკობ. ჯორბენაძეს არ დაუკარგავ იმას, რომ იგი ჩემთან ერთად იბრძოდა აფხაზეთში და გვერდიდან არ მომცილებია. პირველი რეფორმა, რომელიც ერთად ჩავატერეთ მისი ინიციატივით, ეს იყო სამედიცინო რეფორმა. მერე მოხდა ისე, რომ სხვებმა გადაიბირეს, მაგრამ ხომ გახსოვთ, როგორ ურტყეს ქუჩაში 7 ნოემბერს. ძლიან მეწყინა, რადგან ამის ღირსი არ იყო, მას უფრო მეტი სიკეთე აქვს გაკეთებული, ვიდრე ჩემს მიმართ ჩადენილი ღალატია.
- ბატონო ედუარდ, შესაძლოა, ჯორბენაძეზე მეტად, მაშინ გადამწყვეტი როლის შესრულება ძლოვანი უწყებების ხელმძღვანელებს შეეძლოთ. მათ მიმართ ხომ არ გაქვთ რაიმე პრეტენზია?
- შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი იყო. უბედურაბა ის არის, რომ მან პოლიცია მთლიანად ვერ დაიმორჩილა და პარლამენტში შემოჭრილი ხალხი ვერ შეაჩერა. როგორც პიროვნება, მიმაჩნია, რომ იგი უღალატო კაცი იყო, დანარჩენების გარჩევას ცოტა დიდი დრო უნდა.
- როგორ შეაფასებდით საქართველოს ხელისუფლების საქმიანობას ოთხი წლის განმავლობაში?
- ხელისუფლების საქმიანობა შევარდნაძემ კი არა, ხალხმა უნდა შეაფასოს და ეს გამოჩნდება ყველაზე უკეთესად არჩევნებში. ჩვენი პრეზიდენტიც ხომ იყრის კენჭს, მისი ოპონენტებიც, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილიც. არიან უფულოები და არიან ფულიანებიც, არიან თანამდებობის პირებიც. ყველაფერს ხალხი გაარჩევს, ხალხი არ შეცდება.
- საპრეზიდენტო კანდიდატების შანსებზე რას იტყოდით?
- ძალიან ძნელი სათქმელია. მე ერთი ვთქვი და დავწერე – 2 ნეომბრის გამოსვლები რომ დაიწყო და 100 ათასი კაცი შეიკრიბა, პრეზიდენტი და ქალბატონი ბურჯანაძე მათ იმის ნახევარსაც რომ დაპირებოდნენ, რასაც ეხლა ჰპირდებიან, ხალხი დაიშლებოდა.
ეს არ იყო ოპოზიციის მიერ გამოყვანილი ხალხი. ოპოზიცია მათ მერე ჩაუდგა სათავეში, როდესაც ხალხი გამოვიდა ქუჩაში გამწარებული შიმშილისგან, უმუშევრობისგან და უპენსიობისგან.
პოლიტიკოსის გზას როდესაც ადგები, უნდა გქონდეს გამბედაობა, რომ თავიც გასწირო თუ საჭიროა. რა თქმა უნდა, თუ პრეზიდენტი ჩავიდოდა ხალხთან, მოსალოდნელი იყო, დაესტვინათ, ეყვირათ ან არ დაეჯერებინათ, მაგრამ როდესაც თავის სათქმელს იტყოდა და გამოქვეყნდებოდა ის, რასაც ხალხს იგი დაპირდებოდა, დარწმუნებული ვარ, მომიტინგეები დაიშლებოდნენ ან ნაკლებად აგრესიულები იქნებოდნენ.
თავგანწირვის უნარი, ეს უნდა იყოს უპირველესი თვისება პოლიტიკოსისთვის. ქართულ ენას სახელმწიფო სტატუსს რომ ართმევდნენ, მე გავწირე მაშინ საკუთარი თავი. 100 პროცენტით გარწმუნებთ, რომ ყველაფრისთვის, მათ შორის დაპატიმრებისთვისაც, მზად ვიყავი. მოსკოვის წინააღმდეგ წავედი.
მე არ ვამბობ, რომ არ მქონია შეცდომა, მაგრამ გადამწყვეთ მომენტში თავი უნდა გასწირო, შენს თავზე კი არ უნდა ფიქრობდე, უნდა ფიქრობდე ხალხზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ და რაღაცით უკმაყოფილონი არიან.
კობა ბენდელიანი,
"ინტერპრესნიუსი"
http://interpressnews.ge/index.php?lang_id...&info_id=194128რა უნდა ამ კაცს
This post has been edited by iko_90 on 23 Nov 2007, 17:24
SALO ....