Trailblazer
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2194
წევრი No.: 31332
რეგისტრ.: 13-March 07
|
#6986297 · 16 Oct 2007, 00:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გაზეთი კვირის პალიტრა (42 (659) 15 - 21 ოქტომბერი) აქვეყნებს ინტერვიუს ამერიკის ელჩთან, ჯონ ტეფთან
საკმაოდ საინტერესო აქცენტები & მინიშნებებია...
“გამოთქმული ბრალდებები ბოლომდე და სამართლიანად უნდა იქნეს გამოძიებული”
“თავისუფალი მედია სასიცოცხლო როლს თამაშობს ქვეყნის დემოკრატიულ ცხოვრებაში”
გასული კვირა ერთობ დაძაბული აღმოჩნდა - ამჯერად დაპირისპირება მედიასაც შეეხო. სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლებმა ტელეკომპანია “იმედი” ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულეს. ოპოზიციამ კი რეგიონებში სამიტინგო ვოიაჟები განაგრძო. გულწრფელად გვესმის იმ ახალგაზრდებისა, ფრიად საპასუხისმგებლო სახელმწიფო თანამდებობები ლამის გარდატეხის ასაკში რომ ჩაიბარეს. ასეთ დროს ძალზე ძნელია, თანამდებობრივ ცდუნებასაც გაუძლო, რეფორმა დინჯად და აუჩქარებლად გაატარო და ამავე დროს, ოპონენტთა შენიშვნებიც ღირსეულად მიიღო. საქართველოს ჩრდილი გვეცემა ყველას - ჟურნალისტსაც, მინისტრსაც და ოპოზიციასაც.
ჩვენს საქმიანობაში სახელმწიფო უმთავრესი ინტერესი და მიზანი უნდა იყოს, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ მისადმი გამოთქმული შენიშვნა და ოპონირება, რაც უნდა მძაფრი იყოს იგი, სახელმწიფოებრიობისადმი ოპონირებად და დარტყმად შეაფასოს. საბედნიეროდ, საქართველო პირველი არ არის მსოფლიოში, ვინც სახელმწიფოებრიობას აშენებს - ღმერთმა გვაშოროს ისეთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კატაკლიზმებს, როგორიც ამ გზაზე ამერიკის შეერთებულ შტატებს განუცდია. საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში წლის მოსავალს საფრთხე შეექმნა და ხელისუფლებამ საყოველთაო განგაში გამოაცხადა - გლეხმა, ჟურნალისტმა თუ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ამაზე ხმა არ უნდა ამოიღოთ, რუსეთი გაიგებს, გაუხარდება და ქვეყანა თავზე დაგვექცევაო. შეერთებულ შტატებში, “დიდი დეპრესიის” დროს მილიონობით ადამიანი უმუშევარი აღმოჩნდა, გაკოტრდა ათასობით კომპანია და საწარმო. მაგრამ მაშინდელ ხელისუფლებას (მიუხედავად იმისა, რომ გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლო იყო და საბჭოთა კავშირი კაპიტალიზმის ყოველ მარცხს ყიჟინით ხვდებოდა) ვინმესთვის ლაპარაკი კი არ დაუშლია, პირიქით, თავის ხალხს სიმართლე არ დაუმალა და კარდინალური ეკონომიკური რეფორმების გზით კრიზისის დაძლევა შეძლო. “უოტერგეიტის სკანდალისას” ამერიკამ დემოკრატიის ნიმუში უჩვენა მთელ მსოფლიოს, როდესაც პრეზიდენტი ნიქსონი ერთ-ერთ ოფისში დამონტაჟებულ მოსასმენ აპარატურას გადააყოლეს. მაშინაც არავის უთქვამს, რომ თუ ნიქსონი გადადგება, ამერიკას რუსეთი დაიპყრობსო.
აღარაფერს ვიტყვით ბოლოდროინდელ ტერორისტულ შეტევებზე, ნიუ-იორკის გულში რომ მოხდა. ამ და სხვა წინააღმდეგობებსაც შეერთებული შტატები ერთი ძალიან მარტივი და ამავე დროს, ძალიან რთული მეთოდით უმკლავდებოდა - ეს სახელმწიფო გამჭვირვალობა, საჯაროობა და კანონის უზენაესობა გახლავთ. სწორედ ამ ღირებულებების წყალობით შექმნეს ამერიკის დემოკრატიის მამებმა ისეთი სახელმწიფო სისტემა, რომელსაც პოლიტიკოსთა შეცდომებისა და დანაშაულებისა არ ეშინია და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს დღეს უკვე მთელ მსოფლიოში იცავს. სწორედ ამის გამო, ქვეყანაში დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საინტერესოდ მივიჩნიეთ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ბატონ ჯონ ტეფტის შეფასებები მოგვესმინა.
- ბატონო ელჩო, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ნატოში ინტეგრაციას აქტიურ ლობირებას და დახმარებას უწევს. თუმცა ბოლო დროს გაჩნდა მოსაზრება, რომ ევროპის ქვეყნებმა რუსეთის განაწყენების შიშით, შესაძლებელია უარი თქვან ნატოში საქართველოს მიღებაზე. თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანია ეს შიში?
- პრეზიდენტ სააკაშვილის ვაშინგტონში ვიზიტის დროს, პრეზიდენტმა ბუშმა ნათლად გამოხატა ამ საკითხში ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია. საქართველო შეიძლება გახდეს ძალიან კარგი ნატოს წევრი ქვეყანა. აქტიურად ვუჭერთ მხარს, რომ საქართველომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრის სტატუსი მიიღოს და ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. დღემდე საქართველომ მართლაც ბევრი გააკეთა და უდიდესი პროგრესიც აქვს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის მიზნების მიღწევაში. მიუხედავად ამისა, კვლავ რჩება სფეროები, რომლებიც აუცილებელ გაუმჯობესებას საჭიროებენ. საქართველომ ასევე აიღო ვალდებულება და ერაყის, კოსოვოსა და ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა იტვირთა. ამ მხრივ თქვენს ქვეყანას დიდი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების დაცვისა და ანტიტერორისტულ სფეროში. რაც შეეხება თქვენი შეკითხვის არსს, ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების თაობაზე - ნატოს სხვა მოკავშირეების სახელით საუბარი არ მსურს; მათ თავად შეუძლიათ განმარტონ თავიანთი პოზიციები და შეშფოთებაც. მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩვენი აზრით, საქართველოს ნატოში გაწევრება ყველა დაკავშირებული მხარისთვის სასარგებლო და კარგი იქნება, რადგან ეს დაეხმარება ნატოსაც და საქართველოსაც. რაც მთავარია, დაეხმარება რეგიონს. წაგებული არავინ დარჩება. ზოგადად, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველა მონაწილე მხარე მოგებულია.
- საქართველოს მოსახლეობას კვლავ აშფოთებს ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ ირანთან კონფლიქტის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორია ერთ-ერთ პლაცდარმად შეიძლება იქნას გამოყენებული - ლოგისტიკის, პირველი დახმარების ან აეროდრომების თვალსაზრისით. თქვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით.
- ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ განაცხადა, რომ დაინტერესებული ვართ და ვმუშაობთ ირანის საკითხის დიპლომატიური, მშვიდობიანი გზით გადაწყვეტაზე. ხალხში შეიძლება არსებობდეს მოსაზრებები სამხედრო ოპერაციებზე, მაგრამ ჩვენ და საკითხში ჩართული ბევრი სხვა მხარეც ამის თავიდან ასაცილებლად აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენ არ წამოგვიყენებია კონკრეტული მოთხოვნა ირანის წინააღმდეგ საქართველოში არსებული საშუალებების რაიმე სამხედრო ოპერაციაში გამოყენებისთვის.
- ბოლო დროს საქართველოში პოლიტიკური მოვლენები გააქტიურდა - ოპოზიცია ხელისუფლების მიერ განზრახ თუ უნებლიეთ დაშვებულ შეცდომებსა და დანაშაულებზე საუბრობს. მათ შორის უმძიმესი, ძალაუფლების უზურპაცია, ადამიანის უფლებათა დარღვევა და კორუფციაა.
- დღეს საქართველოში სიტუაცია აშკარად დაძაბულია. დემოკრატიული პოლიტიკა ხანდახან შეიძლება ძალზე ემოციურ ფაზაში გადავიდეს. საქართველომ რომ ნამდვილ დემოკრატიულ პროგრესს მიაღწიოს, უაღრესად მნიშვნელოვანია დიალოგი გულწრფელად და მაღალ დონეზე წარიმართოს. საქართველოში ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ერთნაირად მოეთხოვება, თავის უმთავრეს მიზნად აქციოს საქართველოს ინტერესები და დემოკრატიული ნორმებისა და იდეალების ერთგული იყოს. პოზიტიური წინადადებები ცვლილებებთან დაკავშირებით ძალზე სასარგებლოა, ახალი იდეები მისაღებია. თუმცა ჩვენ ისიც გვესმის, რომ ეს ადვილი არ არის. ახლა რაც შეეხება ზოგიერთ ბრალდებას: უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მთავრობაში გამჭვირვალობა იყოს. გამოთქმული სერიოზული ბრალდებები ბოლომდე და სამართლიანად უნდა იქნას გამოძიებული. ჩვენი აზრით, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის არსებითი, პრინციპული მნიშვნელობა აქვს კანონის უზენაესობის სრულყოფილ ფორმირებას. ასევე უაღრესად აუცილებელია, რომ პოლიტიკური ატმოსფერო თავისუფალი იყოს და ამასთან ერთად, ის პასუხისმგებლობასაც უნდა გულისხმობდეს. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა დაცვას, მე თქვენს ყურადღებას მივაქცევდი ადამიანის უფლებათა დაცვის ჩვენს წლიურ ანგარიშზე, რომელიც სრულყოფილია და შეიცავს საქართველოში განვითარებულ დადებით და უარყოფით მოვლენებს და მათ დეტალურ განმარტებას.
რედაქციისაგან: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2007 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის ხარისხის შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა (დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიურო, 2007 წელი, 77 გვ.). მასში დეტალურად არის აღწერილი საქართველოში არსებული ვითარება, კონკრეტული მაგალითებისა და პიროვნებების მითითებით და ამა თუ იმ მოვლენიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიცავს როგორც დადებით, ისე უარყოფით შეფასებებს. მასალის სიდიდის გამო ამ ბალანსის დაცვით გთავაზობთ მცირე ამონარიდებს აღნიშნული ანგარიშიდან:
“...საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო წინა წლებთან შედარებით და ქვეყანა უფრო მიუახლოვდა საერთაშორისო სტანდარტებს, თუმცა აღნიშნულ იქნა ცალკეული დარღვევებიც. წლის განმავლობაში მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვა გაუმჯობესდა ზოგიერთ სფეროში, თუმცა სერიოზული პრობლემები კვლავაც გადაუჭრელი რჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ გადასაჭრელად მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, დაფიქსირდა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ძალის გადამეტებით გამოყენების შედეგად გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა; ასევე დაფიქსირდა დაკავებულთა წამებისა და ძალადობის შემთხვევები; აღინიშნა პატიმართა ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევების ზრდა; დაუსჯელობა; აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი დაკავების ხშირი გამოყენება უფრო მსუბუქი სამართალდარღვევებისათვის; საპყრობილეებსა და წინასწარი დაკავების დაწესებულებებში პირობების გაუარესება და საშუალო მოქალაქისათვის დაცვის ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის ნაკლები შესაძლებლობა. სხვა პრობლემატური საკითხები მოიცავდა მთავრობის მიერ ზეწოლის განხორციელებას სასამართლო ხელისუფლებასა და მედიაზე. მიუხედავად ფართოდ გავრცელებული კორუფციის შემცირებისა და პრეზიდენტის ხელმძღვანელობით რეფორმების განხორციელებისა, კორუფცია კვლავ პრობლემად რჩებოდა. მთავრობა განაგრძობს მმართველობის რეფორმირების მიზნით ამბიციური პროგრამის განხორციელებას, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის და მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბების თვალსაზრისით...”
“საანგარიშო წლის განმავლობაში მთავრობამ მნიშვნელოვნი ნაბიჯები გადადგა ადამიანის უფლებების სფეროში მდგომარეობის გამოსასწორებლად. მთავრობის ასეთი ძალისხმევის ერთ-ერთ ნიმუშად შეიძლება დასახელდეს მისი მზარდი ბრძოლა ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ. აქ შედის ტრეფიკინგთან ბრძოლის ახალი კანონის მიღება და ძალაში გატარება, რის შედეგადაც ადამიანებით მოვაჭრე 16 დამნაშავეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. ზოგიერთი სამართალდამცავის მიერ ჩადენილი დანაშაულის უკეთესი გამოძიებისა და მათი სისხლისსამართლებრივი დევნის გაუმჯობესების მიზნით, მთავრობა კვლავაც აგრძელებდა მართლმსაჯულების სისტემის ფართომასშტაბიანი რეფორმის განხორციელებას და ხელს უწყობდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ზრდას...”
“...შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებდა მთავრობას, პატივი ეცა მედიის თავისუფლებისათვის და გამოენახა მედიასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის შესაძლებლობები. შეერთებული შტატების მოწოდებით მთავრობამ გადადო მაუწყებელთა ქცევის კოდექსის შემოღება, რათა სხვა დაიტერესებულ მხარეებს გაეკეთებინათ კომენტარები და განეხილათ შეთავაზებული კოდექსი...”
- ბატონო ელჩო, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ექსმინისტრი საუბრობდა სააკაშვილისგან მიღებულ ბრძანებაზეც ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის შესახებ. ოქრუაშვილის თქმით, ბრძანების გაუქმება მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, რაც ის თურქეთში ერთ-ერთ მაღალჩინოსან ამერიკელს შეხვდა. თუ გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ?
- ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება მეტ-ნაკლებად გარკვეული იყო, თუმცა შემდეგ მან უკან წაიღო თავისი განაცხადი. მიუხედავად ამისა, მე მაინც მოხარული ვიქნები, ნათელი მოვფინო ამასთან დაკავშირებულ გაუგებრობას.
ჩვენ ძალიან გაგვიკვირდა, როდესაც მოვისმინეთ მისი განცხადება, რომ ამერიკის მთავრობა საქმის კურსში იყო გამოთქმულ ბრალდებასთან დაკავშირებით. მე, რა თქმა უნდა, მსგავსი რამის შესახებ არ ვიცოდი, მაგრამ სანამ საჯაროდ ამ საკითხზე კომენტარს გავაკეთებდი, სათანადო მოკვლევა ჩავატარე. ჩვენ ვერ მოვიძიეთ მტკიცებულება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობაში ვინმეს ამ შეთქმულების შესახებ რამე სცოდნოდა.
- გქონდათ თუ არა შეხვედრა ირაკლი ოქრუაშვილთან მის მიერ თანამდებობის დატოვებიდან დაპატიმრებამდე პერიოდში? დღეს რუსული მედია აქტიურად საუბრობს ამის შესახებ.
- როგორც მოგეხსენებათ, ჩემი საქმიანობის სფეროში საქართველოში მოღვაწე ყველა პოლიტიკურ პირთან შეხვედრა შედის. მთელ მსოფლიოში ამერიკის შეერთებული შტატების ყველა დიპლომატის მოვალეობაა, შეხვდეს პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს. ასევე იქცევიან ამერიკაში მომსახურე დიპლომატები. მე რეგულარულად ვხვდებოდი ბატონ ოქრუაშვილს, როცა ის თავდაცვის მინისტრი იყო და მუშაობდა ნატოში ინტეგრაციისა და ორმხრივი ხელშეკრულებების საკითხებზე. ჩვენ გვქონდა ურთიერთობა მას შემდეგაც, რაც მან აღნიშნული სამინისტრო დატოვა.
- როგორია ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით? რუსულმა მედიამ გაავრცელა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის განცხადება, სადაც დენიელ ფრიდი გაკვირვებას გამოთქვამდა ექსმინისტრის დაპატიმრების გამო. რა პოზიცია გაქვთ იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რაც გამოძიებამ ირაკლი ოქრუაშვილს წაუყენა?
- დიახ, ბატონმა ფრიდმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს იყო მისთვის სრულიად მოულოდნელი. ჩვენი ოფიციალური პოზიცია ყოველთვის გახლდათ ის, რომ ჩვენ არ ვიცნობთ ბატონ ოქრუაშვილის წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებებს, მაგრამ აღვნიშნავთ, რომ უაღრესად აუცილებელია სწრაფი მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობის დაცვა ამ საკითხში. ჩვენი აზრით, კანონის უზენაესობა დემოკრატიის პირობებში ყველა მოქალაქეზე უნდა ვრცელდებოდეს და სამართლის აღსრულება ხდებოდეს დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ, რომელიც პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი იქნება.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებები იყოს გამჭვირვალე და შეესაბამებოდეს სწრაფი მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტებს. მით უმეტეს მაშინ, როცა საქართველო სასამართლო რეფორმების განხორციელებას აგრძელებს.
- გასულ კვირას სახელისუფლებო ძალები ტელეკომპანია “იმედს” დაუპირისპირდნენ. მედიასაშუალების მიმართ ნაციონალური მოძრაობის ლიდერთა მიერ გამოთქმული ბრალდებები კვირის მთავარ მოვლენად იქცა. როგორია თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით?
- მე ვთვლი, რომ სირცხვილია, როცა თავად მედიასაშუალება იქცევა მთავარ მოვლენად. თავისუფალი მედია სასიცოცხლო როლს თამაშობს ქვეყნის დემოკრატიულ ცხოვრებაში. საქართველოსთვის უაღრესად სასარგებლოა, ჰქონდეს ინფორმაციის სხვადასხვა წყარო და ტარდებოდეს თავისუფალი დებატები, რათა საზოგადოებას თავისუფლად შეეძლოს მიმდინარე პროცესების გაანალიზება და გადაწყვეტილების მიღება.
ესაუბრა დაჩი გრძელიშვილი
--------------------
"1984" http://www.gol.ge/index.php?cat=movies&details=1938&order=1.1#
|