ვაინერ ლეო
ბიზნესმენ-პატრიოტი

     
ჯგუფი: Members
წერილები: 6634
წევრი No.: 18464
რეგისტრ.: 21-March 06
|
#7003198 · 17 Oct 2007, 15:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საინტერესო სტატიას წავაწყდი ,,24 საათში", როგორც ჩანს არც ისე ცუდადაა საქმე, როგორც ზოგიერთები გვარწმუნებენ. იმედი მაქვს ზოგიერთი ჭკუაზეგადამცდარი მე და სტატიის ავტორს "მიშკაკებად " და ,,გიჟბელადა"-ს ყურმოჭრილ მონებად არ გაგვასაღებს.
ცნობა ჩვენი გადაშენების შესახებ გადაჭარბებულია
ამას ემატება გაუთავებელი მსჯელობა ჩინური ექსპანსიის შესახებ, რის შედეგადაც საქმეში ჩაუხედავ კაცს არცთუ სასიამოვნო დასკვნები გამოაქვს. ოფიციალური მონაცემებით, დღეს საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონ 400 ათასის ფარგლებში მერყეობს, აქედან 84 პროცენტი ქართველია. სამწუხაროდ, საქართველოდან კვლავინდებურად ბევრი გადის ლუკმაპურის საშოვნელად და უკან ყველა აღარ ბრუნდება. მაგრამ ამქვეყნად ჩვენზე გაჭირვებულებიც არიან და ისინი საქართველოში შემოდიან. რაც შეეხება ჩინელებს, 2005 წელს ჩვენს ქვეყანაში 747 ჩინელი შემოვიდა და 708 გავიდა; 2006-ში შემოვიდა - 1512, გავიდა - 1237. "ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა, ოღონდ ისე საგანგაშო არა, როგორც ამას გვიმტკიცებენ," - მიიჩნევს დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გია წულაძე.
სოფიო თოდუა
- რას ემყარება მსგავსი პროგნოზები?
- ნებისმიერ პროგნოზის გაკეთებისას, მათ შორის, როცა საქმე დემოგრაფიას ეხება, ვარაუდის დაშვება აუცილებელია. ჩვენს შემთხვევაში კეთდება დაბალი, ანუ პესიმისტური, საშუალო და მაღალი, ანუ ოპტიმისტური პროგნოზი. პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როცა ხდება მონაცემების შეჯერება, ყველაზე უტყუარი საშუალოსა და დაბალს შორის გაკეთებული პროგნოზის შედეგებია. გაერო-ს მონაცემებით, რომელიც, როგორც ჩანს, პესიმისტურ პროგნოზს ემყარება, საქართველოდან მიგრაციის უარყოფითი სალდო 30 000-ის ფარგლებში მერყეობს. ეს ნიშნავს, რომ ამ ჰიპოტეზის თანახმად, ჩვენი მოსახელობა ყოველწლიურად 30 000-ით იკლებს და ეს კლება 2050 წლისთვის, დაახლოებით, მილიონ სამასი ათასს მიაღწევს. მაგრამ რეალურად ასეთი რამ მოსალოდნელი არ არის. ჩვენი გაანგარიშებით, 2050 წლისთვის მიგრაციის მაჩვენებელი 600 000-ზე მეტი ვერ იქნება და მილიონ სამასიათასი საქართველოს მოქალაქის გასვლა სხვა ქვეყანებში ნაკლებად შესაძლებელია.
- რატომ, მიმღები ქვეყნები გაამკაცრებენ საიმიგრაციო რეჟიმს თუ ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება იმდენად, რომ შრომითი ემიგრაციის პრობლემა თავისთავად მოიხსნება დღის წესრიგიდან?
- კანონის გამკაცრების რა მოგახსენოთ, მაგრამ ერთი კია: მიუხედავად იმისა, რომ მიგრაციის მაჩვენებული კვლავინდებურად დიდია, კლების ტენდენცია მაინც შეიმჩნევა. თუ 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს ყოველწლიურად 100 000 კაცი ტოვებდა და ხანგრძლივად მიდიოდა შრომით ემიგრაციაში, დღეს ეს მაჩვენებელი 30 000-ზე ქვემოთ ჩამოვიდა. პრაქტიკულად იწურება ის პოტენციალი, რომელიც აქამდე საქართველოდან გადიოდა.
- ამ სასიამოვნო ინფორმაციის მიუხედავად, პრობლემები მაინც ბევრია. აქედან გამომდინარე, უნდა ჰქონდეს თუ არა სახელმწიფოს შემუშავებული დემოგრაფიული პოლიტიკა?
- ცხადია, უნდა ჰქონდეს, მაგრამ არა აქვს და ამის მიზეზი უსახსრობა უფროა. საქმე ისაა, რომ ის ღონისძიებები, რომელიც დემოგრაფიული პოლიტიკის გატარებას სჭირდება, არათუ ჩვენთვის, არამედ ჩვენზე ბევრად განვითარებული ქვეყნებისთვისაც კი ფუფუნებაა. აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ზოგ ქვეყანას მატერიალური პრობლემები არ უდგას, მაგრამ დემოგრაფიული პროცესების მართვაში საერთოდ არ ერევა.
- როდესაც დემოგრაფიული პროცესების მართვაზე ვლაპარაკობთ, უპირველესად საფრანგეთი გვახსენდება...
- სანამ საფრანგეთს გადავწვდებოდეთ, ისიც გავარკვიოთ, კონკრეტულად რომელ ნაციასთან გვაქვს საქმე. ყველა ერი ერთნაირი არ არის, ზოგს ურჩევნია ინტეგრაცია განიცადოს მკვიდრ მოსახლეობასთან, ზოგი პირიქით, ბოლომდე თუ არა, დიდხანს ინარჩუნებს ეთნიკურ და რელიგიურ ნიშნებს - მაგალითად, მუსლიმური სამყაროს წარმომადგენლები.
- არადა, ევროპაში სწორედ მუსლიმი მიგრანტების პრობლემა დგას. მაშინ რა უნდა გადმოვიღოთ ევროპიდან?
- მხოლოდ ის, რომ ყველა ნორმალურ სახელმწიფოს დემოგრაფიულ პროცესებთან დაკავშირებით ქვეყნის განვითარების კონცეპტუალური ხედვა მაინც გააჩნია. ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, დასავლეთ ევროპის რიგი სახელმწიფოები - კანადა, ავსტრალია თუ ახალი ზელანდია, გარკვეული საემიგრაციო კვოტებია დაწესებული, რადგან ამ ქვეყნების თავსატეხი იმიგრანტია არიან და არა - ემიგრანტი. მკაცრი საემიგრაციო სამსახურების მიუხედავად, აშშ-ში ორჯერ მეტი ემიგრანტი შედის, ვიდრე ეს დადგენილი კვოტითაა დასაშვები. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ახლო მომავალში რაიმე საფრთხე მიგრანტების თვალსაზრისით ნამდვილად არ გვემუქრება.
- მათ შორის არც ჩინელების მხრიდან?
- საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, საცხოვრებლად მართლაც კარგი ადგილია და დაუსახლებელი არ დარჩება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლო მომავალში ჩინელები ჩვენ საფრთხეს შეგვიქმნიან. უბრალოდ, ისინი იმდენად განსხვავდებიან ქართველებისაგან, ერთი ჩინელიც კი თვალში გვხვდება. მაღაზია რომ მაღაზიაა, ისინიც ჩინური წარწერებითა და დიზაინით აქვთ გაფორმებული. რა თქმა უნდა, ჩინელები ჩვენთან ფულის საშოვნელად ჩამოდიან და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩინეთის სახელმწიფო აფინანსებს კიდეც მათ. მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის იმ მასშტაბის ბიზნესი, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს სერიოზული კონკურენცია გაუწიოს - შესაბამისად, იმდენი ჩინელი არ ჩამოვა, ჩვენს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე რაიმე გავლენა რომ მოახდინოს. ისინი მხოლოდ მაშინ გახდებიან საშიშნი, თუ ჩვენთანაც ისე მოიქცევიან, როგორც სხვაგან იქცევიან - კომპაქტურად დასახლდებიან. ცნობისათვის, ამ ნაციას კოოპერირების განსაკუთრებული უნარი გააჩნია. იმავე ამერიკაში უზარმაზარი "ჩაინა თაუნებია" შექმნილი. იქაური ჩინელები ისე ცხოვრობენ და ისე კვდებიან, ზოგიერთი ინგლისურადაც ვერ ლაპარაკობს და საერთოდ არ არის გასული თავისი კვარტალიდან.
- ისევ პროგნოზს მივუბრუნდეთ. "პროფესიონალმა" დემოგრაფებმა ისიც გვახარეს, რომ 2050 წლისთვის არა მარტო შემცირდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, არამედ ეთნიკური ქართველები უმცირესობაში მოვხვდებიან...…
- თუ დღეს 4 მილიონი ვართ, აქედან 2 მილიონი რომც გავიდეს ქვეყნიდან და ყველა მაინცდამაინც ეთნიკური ქართველი იყოს, იმ დარჩენილი 2 მილიონიდან ქართველები უმცირესობაში ვერანაირად ვერ იქნებიან. ბოლო აღწერის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს 3,6 მილიონზე მეტი ქართველი, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 3,5 ათასი აფხაზი და 38 ათასი ოსი, 249 ათასამდე სომეხი, 285 ათასამდე აზერბაიჯანელი, 68 ათასამდე რუსი, 7 ათასი უკრაინელი. 1989 წლის აღწერის მონაცემებით ქართველები მთელი მოსახლეობის 70 პროცენტს შეადგენდნენ, დღეს კი ამ მაჩვენებელმა 84 პროცენტამდე აიწია. ჩვენი გათვლებით საქართველოს მოსახლეობა უფრო მონოეთნიკური გახდება და გაიზრდება კიდეც. - რის ხარჯზე გახდება მონოეთნიკური - ქართველები გამრავლდებიან სხვებზე მეტად თუ არაქართველების ქართველებთან ასიმილირების პროცესი დაჩქარდება?
- ეს უკანასკნელი ფაქტორი დღეს, ისევე როგორც უწინ, განსაკუთრებით ყურადსაღებია. თუ შესაბამის პირობებს შევქმნით, საქართველოში მცხოვრები არაქართველების ასიმილირება თავისთავად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მოხდება. მოგეხსენებათ, ერის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ნიშანი ენაა. როცა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევდიოდით, საქართველოში მცხოვრებ არაქართველებს სრულებით არ სჭირდებოდათ ქართულ ენის ცოდნა (არც სწავლობდნენ) და ასიმილაციაზე ლაპარაკი შეუძლებელი იყო. დღეს მდგომარეობა აშკარად იცვლება - ჩვენი ქვეყნის არაქართული მოსახლეობა ნელა, მაგრამ მაინც ხვდება, რომ მისთვის სახელმწიფო ენის ცოდნა აუცილებელია.
- ვიყოთ ოპტიმისტები და ვივარაუდოთ, რომ ჩვენც დაგვიდგა დღის წესრიგში დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავება. როგორი იქნება პირველი ნაბიჯები ამ გზაზე?
- პირველ რიგში, აუცილებელია მდგომარეობის შეფასება - რათა ისე არ მოხდეს, დღეს როგორც ხდება: დაჩემებული გვაქვს, რომ კატასტროფის წინაშე ვდგავართ. როდესაც გვეცოდინება, რა მონაცემებს ვფლობთ, უკვე ამის მერე უნდა გადავწყვიტოთ, უღირს თუ არა სახელმწიფოს დემოგრაფიულ პროცესებში ჩარევა. საქმე ისაა, რომ დემოგრაფიული თვალსაზრისით ერთნაირ სიტუაციაში მყოფი ქვეყნები სხვადასხვაგვარად მოქმედებენ. მაგალითად საფრანგეთი პრონატალისტურ დემოგრაფიულ პოლიტიკას ატარებს, დიდ ბრიტანეთში კი, რომელიც დემოგრაფიული კუთხით საფრანგეთისაგან თითქმის არაფრით განსხვავდება, სახელმწიფო დემოგრაფიული პროცესების მართვაში საერთოდ არ ერევა. თუ გადავწყვეტთ, რომ სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს დემოგრაფიულ მდგომარეობას, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დავსახოთ ის ღონისძიებები, რომელთა გატარებაც დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. მე, სხვათა შორის, იმისთვის მაკრიტიკებენ, რომ სანახევაროდ გატარებული ზომების წინააღმდეგი ვარ. ახლა რაც შეეხება სოციალურ-დემოგრაფიულ კონცეფციებს: ასეთი კონცეფციები 80-90-იან წლებშიც იქმნებოდა, მაგრამ ყველა, როგორც მოსალოდნელი იყო, ქაღალდზე დარჩა. დღესაც იგივე მოხდება. რა თქმა უნდა, ნებისმიერი დახმარება, რომელიც სოციალურად დაუცველი ხალხისთვის იქნება განკუთვნილი ან შობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს, აუცილებელია, მაგრამ დემოგრაფიული სურათის შესაცვლელად საკმარისი არ იქნება. - გამოდის, რომ ამ ეტაპზე, რადგან სახსრები არ გაგვაჩნია, აჯობებს, ინგლისელებივით მოვიქცეთ და თავი მოვიკატუნოთ, რომ სახელმწიფო დემოგრაფიული პროცესების მართვაში შეგნებულად არ ერევა. ამისდა მიუხედავად, დადგება თუ არა დღის წესრიგში ორმაგი მოქალაქეობის საკითხი?
- ორმაგი მოქალაქეობაც იმ პოლიტიკის ერთ-ერთი მცირე ნაწილია, რომლის არარსებობაზე უკვე ვილაპარაკეთ. დღევანდელი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოაქალაქე. ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების უფლება მხოლოდ პრეზიდენტს გააჩნია. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეობის მიღებას, აქ კანონი გვეუბნება: თუ რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში 10 წელი ცხოვრობს, მას შეუძლია გახდეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. გასარკვევია, რამდენად აისახება ორმაგი მოქალაქეობა ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. ზოგის აზრით, ორმაგი მოქალაქეობა გარკვეულ საფრთხეს გვიქმნის, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ. მიმაჩნია, რომ ორმაგი მოქალაქეობა იმ ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი შრომით ემიგრაციაში მიდის, აუცილებელიც კია. მით უფრო საჭიროა ეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემის გათვალისწინებით - ჩვენ ხომ მათ ფართო ავტონომიას ვთავაზობთ. ასევე გასათვალისწინებელია რუსეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების საკითხიც. მათი გარკვეული ნაწილი დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება იმის გამო, რომ რუსეთის მოქალაქეობას არ იღებს და ასე იმიტომ იქცევიან, რომ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა არ უნდათ. გამოდის, რომ ამ ხალხს ჩვენ თვითონ ვკარგავთ. არადა, იმავე რუსეთში ბოლო დროს გამწვავებული ურთიერთობების ფონზე, დეპორტირებულთა ნაწილი ორმაგი მოქალაქე რომ ყოფილიყო, მდგომარეობა ასე არ გართულდებოდა.
|