ესაა კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ
http://laws.codexserver.com/831.PDFეს კი კონსტიტუციის ის მუხლებია, რომლებში ჩამოთვლილი უფლებებიც შეიძლება შეიზღუდოს საგანგებო მდგომარეობის დროს
მუხლი 18
1. ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია.
2. თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა
დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
3. ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში საგანგებოდ
უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული თუ სხვაგვარად
თავისუფლებაშეზღუდული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის
მიხედვით არა უგვიანეს 48 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში
სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების
სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.
4. ამოღებულია (27.12.2006 N4136)
5. დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს დაკავების ან დაპატიმრებისთანავე უნდა
განემარტოს მისი უფლებები და თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. მას
დაკავების ან დაპატიმრებისთანავე შეუძლია მოითხოვოს დამცველის დახმარება, რაც
უნდა დაკმაყოფილდეს.
6. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72
საათს, ხოლო ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა - 9 თვეს.
7.ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა ისჯება კანონით. უკანონოდ დაკავებულ ან
დაპატიმრებულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.
მუხლი 20
1. ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი
ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით,
აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია.
აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან
მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.
2. არავის არა აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში
მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არის
სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი
აუცილებლობა.
მუხლი 21
1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების
საყოველთაო უფლების გაუქმება.
2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია პირველ პუნქტში
აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და
დადგენილი წესით.
3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა
დასაშვებია კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს
გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი
აუცილებლობისას და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით.
მუხლი 22
1. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ
ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი
არჩევის უფლება.
2. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად
გავიდეს საქართველოდან. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად
შემოვიდეს საქართველოში.
3. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად,
დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო
უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის,
ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების
განხორციელების მიზნით.
მუხლი 24
1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია,
გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი
საშუალებით.
2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია.
3. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი
გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება.
4. ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება
შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია
დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიალური
მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,
დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად,
კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან
ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის
უზრუნველსაყოფად.
მუხლი 25
1. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან
საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე
შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. (23.12.2005 N 2494)
2. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების
აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო
ადგილას იმართება.
3. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.
მუხლი 30
1. შრომა თავისუფალია.
2. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და
კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა
კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია
კანონით.
3. შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა
საფუძველზე სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს
საზღვარგარეთ.
4. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო,
ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება
კანონით.
მუხლი 33
გაფიცვის უფლება აღიარებულია. ამ უფლების განხორციელების წესი განისაზღვრება
კანონით. კანონი ადგენს აგრეთვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების
საქმიანობის გარანტიებს.
მუხლი 41
1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით
გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ
არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო,
პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.
2. ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია
ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან,
არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე,
გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო
უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,
ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.