საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის დაწყებიდან (25.06.2024წ.) - 2024 წლის 31 ივლისის მდგომარეობით საგადასახადო დავალიანება 63 558 ფიზიკურ პირს ჩამოეწერა, ჯამურად თანხამ 361 339 508 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ცნობილი ხდება რომან გოცირიძის სადეპუტატო კითხვაზე ფინანსთა მინისტრის პასუხიდან. დეპუტატმა ფინანსთა უწყებას სადეპუტატო კითხვა 26 ივლისს გაუგზავნა.
საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ განცხადება თავდაპირველად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 8 აპრილს მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, 145 ათას ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს, სრულად ჩამოეწერებოდათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით, რაც მთლიანობაში 590 მილიონი ლარის ოდენობის იყო.
პარლამენტში კანონპროექტის შეტანის შემდეგ მისი მიღება დაჩქარებული წესით მოხდა. ამ თემის ინიციირება განხორციელდა ერთ პაკეტში ე.წ ოფშორულ კანონთან ერთად, რომლის თანახმადაც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორი) რეგისტრირებული საწარმოს აქტივების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები დაწესდა. ოპოზიცია ამ კანონის დაჩქარებული წესით მიღებას ოფშორებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებდა.
აღსანიშნავია, რომ დავალიანების ჩამოწერის ტაქტიკას ოცნების ხელისუფლებამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც მიმართა და ბანკების "შავ სიაში" მყოფ ასეულობით ათას ადამიანს არჩევნების მეორე ტურის წინ ვალის განულებას დაჰპირდა. ინიციატივა გულისხმობდა იმას, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება 31 დეკემბრამდე გაუნულდებოდა. ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამომრჩევლთა უპრეცედენტო მასშტაბის შესაძლო მოსყიდვად შეაფასეს.
https://mtavari.tv/news/163292-cinasaarchev...HVenNM8KKCKkyfQ