---სიზმარი--- წუხელ, ალბათ, გესიზმრა რამე. აბა, დაფიქრდი, მთელი ცხოვრების მანძილზე ნანახი სიზმრების დათვლა რომ მოინდომო, შეძლებ? რა თქმა უნდა, ვერა, რადგან ისინი უამრავია. ამასთან, სიზმრებს მარტო შენ კი არა, ყველა შენს ირგვლივ მყოფი ხედავს, თან ზოგი ერთ ღამეში ორს, ან სამსაც.
ზოგიერთები სიზმრებს დიდ მნიშვნლობას ანიჭებენ, რის გამოც მოსვენება აქვთ დაკარგული. გამოღვიძებულნი ღელავენ, განიცდიან ღამით ნანახს და მთელ დღეს მის ახსნას ცდილობენ. დილიდანვე ყოველ შემხვედრს მოუთხრობენ მის შესახებ, მკითხავებთან გარბიან, სასოებით ელიან მათ ყოველ სიტყვას...
მაინც, როგორ უნდა აიხსნას ეს საოცარი მოვლენა - სიზმარი?
პრობლემა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა დროში ცხოველ ინტერესს იწვევდა, მაგრამ დღესაც მის ირგვლივ აზრთა დიდი სხვადასხვაობა, ვნებათაღელვა და უმეცრება სუფევს. ვერ გადაუწყვეტიათ, აღიარონ იგი თუ უარყონ, ყურადღება მიაქციონ თუ არა.
საიდან მოდის სიზმრები?მეცნიერებამ ვერ შეძლო სიზმრების იდუმალებით მოცული პრობლემის გადაწყვეტა. ვერც ფსიქოლოგია და ვერც პარაფსიქოლოგია ამომწურავად ვერ განამრტავს ამ მოვლენას. ეს კი იმიტომ ხდება, რომ მეცნიერებას არ სურს აღიაროს სიზმრების წარმოშობის ზებუნებრივი ხასიათი.
სიზმრების პრობლემის ახსნას თავს ვერ გავართმევთ მხოლოდ საბუნებისმტყველო განმარტებებით, რადგან ფიზიკური სამყაროს გარდა (მატერიის, სხეულისა და ტვინისა) არსებობს სულიერი სამყაროც - სამშვინველი, რომელიც ისევე, როგორც სული, დაკავშირებულია სწორედ ზებუნებრივ სამყაროსთან, ე.ი. ღმერთსა და სულების, როგორც ანგელოზთა, ისე დემონთა სამყაროსთან.
როცა ფსიქოლოგია საბუნებისმეტყველო და რაციონალური მეთოდებით ცდილობს სიზმრების წარმოშობისა და მიზეზების ახსნას, თავის კვლევა-ძიებაში მატერიალური სფეროთი იზღუდება, მთავარ მიზეზს ეძებს გარეგნულ გარსში, სულის სახლში (ე.ი. სხეულში) და არა თვით სულში. წარმოიდგინეთ, რომ ვაკვირდებით ნებისმიერი სახლის ყოველდღიურ ცხოვრებას, რომელიც სავსეა ათასგვარი ბგერით - სატელეფონო საუბრებით, რადიოს ხმით და ასე შემდეგ და მათ მიღმა კი ვერ შევნიშნეთ ყოველივე ამის მთავარი მიზეზი - ოჯახის დიასახლისი.
აქედან გამომდინარე, სიზმრების პრობლემის ახსნისას უნდა გავითვალისწინოთ ორი ფაქტორი - ბუნებრივი და ზებუნებრივი, მატერიალური და სულიერი. ასე რომ, სიზმრების მომდინარეობს: 1) ფიზიკური მიზეზებისგან; 2) ღვთისგან; 3) ეშმაკისგან.
ადამიანის სიცოცხლე ძილშიც არ წყდება. იგი არსებითად ვერც შეწყდება, რადგან სული უკვდავია. ოღონდ ეგაა, რომ ძილში ჩვენ წართმეული გვაქვს თავისუფალი ნება საკუთარი სხეულის მიმართ და ჩვეულებრივი ცნობიერების ნაცვლად ამ დროს ე.წ. ქვეცნობიერებაა „გაღვიძებული“.
სულის სიცოცხლე რომ არასოდეს არ წყდება, სიზმრებითაც დასტურდება. უნდა შევნიშნოთ, რომ ძილის პროცესში არ არსებობს ისეთი მომენტი, ადამიანს შინაგანი ხედვით რაიმე სახეები (ხატებები) რომ არ დაენახა და ესა თუ ის აზრობრივი შეგრძნებები არ განეცადა.
ვისაც ამის შემოწმება სურს, დაე, მან მიზნად დაისახოს, ძილის შეწყვეტის პროცესში (მომენტში) გონებით ძილის ფინალი „დაიჭიროს“. გარკვეული ნებელობითი ძალისხმევის დროს ეს შესაძლებელი ხდება.
ამრიგად, ძილშიც არ წყდება შინაგანი ცხოვრება, ოღონდ იგი სხვა ფორმებს იძენს.
სულის ძილისმიერი სიცოცხლე თავისებურია: ასე მაგალითად, ძილში ჩვენს მიერ აღქმული არსებითად სიტყვებს კი არ წარმოადგენენ, არამედ აზრებს, რომლებიც ჩვენთან საიდანღაც მოდიან.
რით შეიძლება აიხსნას სიზმრებისათვის დამახასიათებელი შეუსაბამობანი და დაუკავშირებლობანი და საჭიროა თუ არა მათთვის მნიშვნელობის მინიჭება? წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი წერს: „სული რითაც არის დაკავებული და რაზედაც ცხადში ლაპარაკობს, ძილშიც იმავეზე ოცნებობს ან ფილოსოფოსობს: მთელ დღეს მიწიურ საზრუნავებში ატარებს, და მათ ირგვლივ ფუსფუსებს სიზმრებშიც; თუ იგი დღენიადაგ ღვთაებრივ და ზეციურ საგნებში განისწავლება, ძილის დროსაც ყოველივე ეს სიზმრებში თავისებურად აისახება და სულიც ჩვენებებით (ხილვებით) განიბრძნობა“.
წმ. მამები სიზმრებისადმი დამოკიდებულების შესახებ ღირსი იოანე კიბისაღმწერელი - ვისაც სიზმრების სწამს, იგი იმ ადამიანს ემსგავსება, თავის ჩრდილს რომ მისდევს და მის დაჭერას ლამობს.
წმ. თეოფანე დაყუდებული - თქვენ მეკითხებით, შეიძლება თუ არა გვჯეროდეს სიზმრების? უმჯობესია, არ გვჯეროდეს იმიტომ, რომ მტერი ცხადში ისედაც მრავალ წვრილმანს გვახვევს თავს, ხოლო ძილში ეს მისთვის კიდევ უფრო მოსახერხებელია (იოლია).
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი სიზმრების შესახებ - დემონები ადამიანთა სულების აღსაშფოთებლად და წასახდენად სიზმრებს მიმართავენ (იყენებენ).
ნიკიტა სტიფატი - მათგან, რაც სიზმრად გვეძლევა, ერთი ოცნებაა, მეორე ჩვენება და სხვა გამოცხადება. ოცნება იმგვარი სიზმარია, რომელიც გონების წარმოსახვაში უცვლელად არ რჩება, როდესაც ერთი სახება მეორეთი იცვლება, ან მეორეში გადადის. მათგან არანაირი სარგებელი არაა (უფრო მეტიც, ვნება მოაქვთ, თუ ვერწმუნეთ) და ასეთი სიზმარი უნდა სძაგდეს ქრისტიანს. ჩვენება ისეთი სიზმარია, რომელიც უცვლელი რჩება, სხვა სახებაში არ გადადის და გონებაში ისე აღიბეჭდება, რომ წლების განმავლობაში დაუვიწყარი ხდება: ისინი მომავალ (მოსალოდნელ) მოვლენებს გვიჩვენებენ წინასწარ, სარგებლობას ანიჭებენ სულს, გულს კი - სილბილეს საშინელ ჩვენებათა წარმოდგენით, და ამით მხილველს საშინელ საგანთა ჩვენების უცვლელი ჭვრეტით თვითჩაღრმავებულსა და მთრთოლვარეს ხდიან. ასეთ ჩვენებათა მხილველებმა იგი ძვირფასად უნდა ჩათვალონ. გამოცხადება წმინდა და ნათლითმოსილი სულის ზემგრძნობიარე ჭვრეტაა, რომელიც ამა თუ იმ საკვირველ ღვთიურ საქმეებსა და დაფარულ საღმრთო საიდუმლოებებს წარმოაჩენს.
წაიკითხეთ საინტერესოა...