"საქართველოს ბანკის" აქციების სავარაუდო მფლობელი News Corporation გახდა!
დემონსტრირების გვირგვინი გახდა მათთვის ფრიად საშიში სატელევიზიო არხის (რომელიც მედიამაგნატ რუპერტ მერდოკის იმპერიის News Corporation ნაწილს და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის საკუთრებას წარმოადგენდა) საკმაოდ ცერემონიული და ხმაურიანი დახურვა!
საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ადევნებდა თვალყურს ტელეკომპანია "იმედში" განვითარებულ მოვლენებს, რომელიც ნიღბიანი სპეცსამსახურების თანხლებით ხორციელდებოდა. ტელეკომპანიის აპარატურის ნაწილი გაანადგურეს, ხოლო ნაწილი წაიღეს. გაიტანეს მთელი საბუღალტრო დოკუმენტაცია.
კომპანიის ადვოკატის, იოსებ ბარათაშვილის თქმით, ტელეკომპანიისთვის მიყენებული ზარალის დათვლას ერთ კვირაზე ნაკლები არ მოუნდება. ორიოდე კვირის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე თხოვნით მიმართავს გენერალურ პროკურატურას, განიხილოს შესაძლებლობა ტელეკომპანია "იმედისთვის" ყადაღის მოხსნის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ "ამ საკითხზე მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა და ტელეკომპანია კვლავ რჩება პრეზიდენტობის კანდიდატის, ბადრი პატარკაციშვილის მფლობელობაში".
ბურჯანაძის "თხოვნას" საფუძველი შეუმზადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ლადო გურგენიძის შეხვედრამ ტელეკომპანია "იმედის" თანამფლობელის და მმართველის News Corporation -ის წარმომადგენლებთან, რომელიც 26 ნოემბერს გაიმართა. "ჩვენი მხრიდან გაკეთდა კონკრეტული წინადადებები პირობათა იმ ერთობლიობისა, რაც სჭირდება ამ პროცესის დაძვრას", _ განუცხადა გურგენიძემ ჟურნალისტებს.
"ახლა, ალბათ, News Corporation მოიფიქრებს, მოითათბირებს და, იმედია, დაბრუნდება კონსტრუქციული რემარკებით ან კონტრწინადადებებით. ეს ჩვეულებრივი სადისკუსიო პროცესია და მოლაპარაკებები დაიწყო ჩვენი ინიციატივით".
როგორც "ჯორჯიან თაიმსისთვის" სარწმუნო წყაროებიდან გახდა ცნობილი, ნიუსკორპის წარმომადგენელმა პომპადურმა, საქართველოს პრემიერთან შეხვედრის და მისგან წამოყენებული მოთხოვნების შესახებ, დაწვრილებით აცნობა რუპერტ მერდოკს (ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ News Corporation -ის აქციების 23%-ს ბადრი პატარკაციშვილი ფლობს!).
მილიარდერი იმდენად გაოცებულა ქართული მთავრობის მოთხოვნით, რომ საკუთარი წარმომადგენლისადმი უნდობლობაც კი გამოუხატია და პრემიერ-მინისტრისგან წერილობით მოუთხოვია "კონკრეტული წინადადებები პირობათა იმ ერთობლიობისა, რაც სჭირდება ამ პროცესის დაძვრას".
ქართულმა მხარემ აღნიშნული "წინადადებები" წარბშეუხრელად გაუგზავნა ბატონ მერდოკს! ცოტა ხნით ახლო წარსულში გადავინაცვლოთ და თვალი გადავავლოთ ლონდონის ბირჟაზე განვითარებულ მოვლენებს და კერძოდ, "საქართველოს ბანკის" აქციების მდგომარეობას (როდესაც მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯერ კიდევ ლადო გურგენიძე ბრძანდებოდა).
მოგეხსენებათ, ქვეყანაში გამოცხადებულმა საგანგებო მდგომარეობამ მსოფლიოში საქართველოს ავტორიტეტი შეარყია. მიმდინარე მოვლენებმა უარყოფითი შედეგი უსწრაფესად გამოიღო: ლონდონის ბირჟაზე ,,საქართველოს ბანკის" აქციების ფასი 11%-ით დაეცა და 33 აშშ დოლარზე დაბლა ჩამოვიდა. საეჭვოდ გაიზარდა გარიგებების და გაყიდული აქციების რაოდენობაც.
ამის შესახებ განცხადებას იმჟამინდელი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლადო გურგენიძე აკეთებს და განმარტავს, რომ: "ლონდონის საფონდო ბირჟაზე ,,საქართველოს ბანკის" აქციებზე ანომალიური იყო გარიგებების მოცულობა _ 400 000 ცალი დღეში მაშინ, როდესაც ყველაზე ოპტიმალური რაოდენობა იყო, დღის განმავლობაში, გარიგება 100 000 აქციაზე.
400 000 არაჯანსაღი პროცესების შედეგია, ზედმეტი ლიკვიდურობა სასარგებლო არ არის. ეს მიუთითებს, რომ ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა აქციების გასხვისება, რაც, ცხადია, ბიზნესკომპანიისთვის სასიამოვნო არ არის~. ბიზნესკომპანიისთვის არასასიამოვნო პროცესი კიდევ უფრო არასასიამოვნო გახდა მას შემდეგ, რაც ეჭვი გაჩნდა იმის შესახებ, რომ გაიაფებული და გასაყიდად დიდი რაოდენობით გამოტანილი აქციების შესაძლო მფლობელი რუპერტ მერდოკი გახდა!
"`ჯორჯიან თაიმსმა" აღნიშნული მოსაზრების გადამოწმება "საქართველოს ბანკთან" სცადა, მაგრამ გარკვევით გვიპასუხეს, რომ ასეთ ინფორმაციებზე კომენტარის გაკეთება ბანკის პრეროგატივა არ არის! სამაგიეროდ ლადო გურგენიძის პრეროგატივა აღმოჩნდა, გაეკეთებინა არჩევანი "ცუდსა" და "`უარესს" შორის: დარჩენილიყო გაყიდული "საქართველოს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ, თუ წასულიყო პარალიზებული ქვეყნის ერთთვიან პრემიერ-მინისტრად?!
მან უკანასკნელი ირჩია და საზოგადოებას რაციონალური წინადადებებით აღსავსე წარუდგა. ახალი უფლებებით "აღჭურვილმა" კი, მსოფლიო მედიამაგნატთან ულტიმატუმის ენაზე დაიწყო მოლაპარაკებები! მანამდე კი, ლონდონში განცდილი წარუმატებლობის ფონზე, ლადო გურგენიძე ,,საქართველოს ბანკის" ახალ ბაზრებზე გასვლას და ბანკის გავლენის გაძლიერებაზე ზრუნავდა.
"ბანკის მმართველობა იზრუნებს, ყოველ წელს ახალ ქვეყანაში შეიძინოს წილი, ან, უკიდურეს შემთხვევაში, თავისი წარმომადგენლობა გახსნას მაინც. ახალი ბაზრების სია მოიცავს როგორც დსთ-ის, ასევე ევროპისა და აზიის ქვეყნებს. ამ ქვეყნების სიაში შედის მოლდოვა, უზბეკეთი, საბერძნეთი, თურქეთი", _ აცხადებს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. (აქვე შეგახსენებთ, რომ სს ,,საქართველოს ბანკმა" ბოლო წლების განმავლობაში ადგილობრივ ბაზარზე ,,თბილუნივერსალბანკი", ,,ინტელექტბანკი" და ,,კასკად ბანკი საქართველო" ხელისუფალთა ოპერატიული დახმარებით "შეიძინა".
ამჟამად კი აქტიურად ახორციელებს ოპერაციებს, რომლის მიხედვითაც "სტანდარტ ბანკის" გაკოტრებას და გადაყლაპვას ცდილობს). ეს სწორედ ის "საქართველოს ბანკია", რომელსაც სულ რაღაც ერთი წლის წინ, ზაფხულში, საქართველოს შვიდი წამყვანი ბანკი დაუპირისპირდა. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ფონდი ,,ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" MCG მიერ საბანკო მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერში ის სხვა ბანკების წარდგენილ პირობებს შორის ყველაზე კონკურენტუნარიანი აღმოჩნდა და გამარჯვებაც "დაიმსახურა".
,,საქართველოს ბანკმა" ეს გამარჯვება ბანკის მიმდინარე ანგარიშებზე ხელოვნურად გაზრდილი საპროცენტო განაკვეთის დარიცხვით მოიპოვა", - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მიმართ კომერციული ბანკების ერთობლივ მიმართვაში, რომელსაც ,,ბაზის ბანკის", ,,თიბისი"-ის ,,სტანდარტბანკის", ,,გქბ"-ის ,,რესპუბლიკის", ,,ინვესტბანკის" და ,,სახალხო ბანკის". მმართველები აწერდნენ ხელს. ისინი მთავრობას სამ პირობას უყენებდნენ:
1) ,,საქართველოს ბანკს" გაუუქმდეს შეღავათები და აღუდგეს კონტროლი ლიკვიდურობის ეკონომიკური ნორმატივების დაცვაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ,,საქართველოს ბანკი" ღიად აფიქსირებს საკუთარ ჭარბ ლიკვიდურობას;
2) გაუქმდეს სახელმწიფო წილით დაფუძნებული კომპანიებისა და მისი პასუხისმგებლობით შექმნილი ფონდების საბანკო მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერების შედეგები;
3) სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიებისთვის შემუშავდეს საბანკო მომსახურების შესყიდვის ერთიანი წესი. გამარჯვებული არ გამოვლინდეს რისკების შეუჯერებლად, მხოლოდ შეთავაზებული ფასით. ასე რომ, საქართველოს მთავრობის ფავორიტი ბანკის პრობლემები დღეს არ დაწყებულა!
ლონდონის ბირჟაზე საქართველოსთან დაკავშირებული მოვლენები ამით არ ამოწურულა. ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება ლონდონის ბირჟაზე BSKYB-ის აქციების 2,5%-ით დაცემა. ხაზი გვინდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ტელეჯგუფი News Corporation-ის შემადგენლობაში შედის და კორპორაციის ბრიტანულ განშტოებას წარმოადგენს. ეს პროცესი მისსავე შემადგენლობაში არსებული ტელერადიოკორპორაცია "იმედის" მაუწყებლობის შეწყვეტას უკავშირდებოდა!
მსოფლიო გავლენის მქონე ადამიანები (მით უმეტეს, თუ მათი გავლენა ბიზნესითაა გაძლიერებული) ასე ადვილად ვერ ეგუებიან წარუმატებლობას და რეპუტაციის შელახვას. მით უმეტეს, თუ მათი წარუმატებლობა ყოფილ თანამშრომლებს უკავშირდება. ლადო გურგენიძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნიუსკორპის ექსპერტად ნიუ-იორკში მუშაობდა და მერდოკს მისი დახმარების დიდი იმედიც ჰქონდა.
მას შემდეგ, რაც მედიამაგნატი დარწმუნდა, რომ გაპრემიერმინისტრებული ბიზნესმენისგან დახმარებას ტყუილად ელოდებოდა, თამაშის წესები შეცვალა და "კონსტრუქციული რემარკებით და კონტრწინადადებებით" დაბრუნდა! სამწუხაროდ, შეუძლებელია იმ ინფორმაციის გადამოწმება, რის მიხედვითაც ლონდონის ბირჟაზე ყველა იმ კომპანიის სახელს გავიგებდით, რომელთა უკან ამოფარებულმა რუპერტ მერდოკმა "საქართველოს ბანკის" აქციები შეიძინა.
თუმცა ყველაფერი ამით არ დამთავრებულა! ბრიუსელში წასული ლადო გურგენიძე ლონდონშიც გადაფრინდა, რათა ადგილზე გაერკვია შექმნილი მდგომარეობა. ეს დღეები კი საზოგადოება "დიდი" ინტერესით ადევნებდა თვალყურს მის მიერ გამართულ წვეულებებს და საქველმოქმედო აქციებს, რომლებიც "საქართველოს ბანკის" ლონდონის ბირჟაზე საქმიანობის წლისთავის იუბილეს მიუძღვნა.
უახლესი მონაცემებით კი, ჯერ კიდევ ნოემბრის დასასრულს, "საქართველოს ბანკის" გლობალური სადეპოზიტო ხელწერილების (BGEO) ფასი 3,9%-ით, 30,49 დოლარამდე შემცირდა. გარიგებები განხორციელდა "საქართველოს ბანკის" 455,8 ათას აქციაზე (რაოდენობა კვლავ საგანგაშოა). დეკემბრის დასაწყისში კი მდგომარეობა სტაბილური გახდა და `საქართველოს ბანკის აქციებზე (BGEO) ფასი 0.2%-ით გაიზარდა და 30.6 აშშ დოლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში ჯამში "საქართველოს ბანკის" 439.3 ათას აქციაზე შედგა გარიგება(!). ახლა მერდოკ-პატარკაციშვილის ტანდემის გადასაწყვეტია, როგორ განაგრძობენ "ძლიერების თამაშს" _ როდის აუწევენ აქციების ფასს და როდის დასწევენ. შელახული თავმოყვარეობის საფასურად ისინი მზად არიან 25-30 მილიონდოლარიანი წაგება თავად მოუწყონ საკუთარ თავს და ამით "საქართველოს ბანკი" გააკოტრონ!
სულ ახლახან კი, როგორც სარწმუნო და კომპეტენტური წყაროებიდან გახდა ცნობილი, ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი, ისევე როგორც მერდოკი, სხვადასხვა კომპანიებს ამოფარებული ყიდულობს "საქართველოს ბანკის" არა მხოლოდ აქციებს, არამედ იმ საინვესტიციო ფონდებსაც, რომლებსაც რაიმე წილი აქვთ აღნიშნულ ბანკში. (შეგახსენებთ: 2007 წლის ივლისის მონაცემებით, სს ,,საქართველოს ბანკის" აქციონერები არიან: FireBird Management-ის შვილობილი კომპანიები FireBird Avrora Limited - 5,81% და FireBird Republics Limited _ 5,67%. ნიუ იორკის ბანკი BNY (NOMINEES) Limited _ 66%, East Capital Financial Institusions _ 6%, ვლადიმერ გურგენიძე _ 1,94%, რამაზ კუკულაძე და სულხან გვალია _ 1%-მდე. ხოლო BჩI-ს (რომელიც ასევე "საქართველოს ბანკის" საკუთრებაა) ინვესტორები გახლავთ დიდი ბრიტანეთის რამდენიმე სადაზღვევო და საკონსულტაციო კომპანიები, აქციონერები კი არიან რამდენიმე იურიდიული და ფიზიკური პირი, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესით არიან დაკავებულები).
ასე რომ, იმ შემთხვევაში, თუ "საქართველოს ბანკი" ჩვეული მეთოდებით შთანთქავს "სტანდარტ ბანკს", ბოლოს მაინც ბადრი პატარკაციშვილის და რუპერტ მერდოკის ხელში აღმოჩნდება ერთიც და მეორეც!
ირმა ვარსიმაშვილი
2007.12.13 14:55
http://www.geotimes.ge/index.php?m=home&newsid=8994&lang=geo
Manchmal habe ich richtig Angst,den Boden unter den Füssen zu verlieren..................
life itself is happening