WOODOOW
პრადვინუტი ბნელი

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3510
წევრი No.: 29553
რეგისტრ.: 7-February 07
|
#7725004 · 14 Dec 2007, 14:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვასრულებ იუზერების თხოვნას და გადმომაქ სტატია...
"რეზონანსი " # 336 ოთხშაბათი, 12 დეკემბერი, 2007 წელი
რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს: სააკაშვილის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა...
ლაშა გელოვანი
ჯერ კიდევ ნოემბრის ამბების დაწყებამდე, ამერიკელებმა და მათმა ევროპელმა მოკავშირეებმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის მსვლელობა გააჩერეს. ოქრუაშვილის აღსარებებმა და სააკაშვილის რეაქციამ ბევრი რამ უკან დასწია საქართველოსთვის, მაგრამ ამერიკელებს ოქტომბრამდეც ჰქონდათ ბევრ რამეზე ფეხი ათრეული.
სააკაშვილის ოთხწლიანი მმართველობის შემდეგ განსაკუთრებით ყურადღებას ის ფაქტი იმსახურებს, რომ მიუხედავად ხშირი, არადიპლომატიური და ხმამაღალი ანტი-რუსული პროპაგანდისა, სააკაშვილს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ კავკასიაში რუსეთის ინტერესებისთვის რამეთი ევნო. პირიქით, შევარდნაძის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, სააკაშვილის მმართველობის პირობებში რუსებმა კავკასიაში პოზიციები გაიუმჯობესეს.
აყველაზე მარტივი ნაბიჯი, რომელიც რუსეთის ფორმალურ პოზიციას საქართველოში მნიშვნელოვნად შეასუსტებს, არის ქვეყნის ეს-ენ-გედან გამოსვლა. მოსკოვი დაინტერესებულია საქართველოს ამ ორგანიზაციაში წევრობით, რათა (1) კანონიერების ფარგლებში იყოს მისი ჯარის სტატუსი საქართველოში, განსაკუთრებით აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, (2) შედარებით იოლი გახდეს საქართველოს ჩათრევა საბჭოთა კავშირის მსგავს წარმონაქმნში, რითაც პრეზიდენტი პუტინი დიდად არის დაინტერესებული, და (3) დაბალი საბაჟო განაკვეთით გაყიდოს საქონელი. თბილისის ეს-ენ-გედან გამოსვლა აგრეთვე ხელს შეუწყობდა ანტი-რუსულ ძალებს აზერბაიჯანში და სეპარატისტულ მოძრაობებს ჩრდილოეთ კავკასიაში. სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობის შენარჩუნება ეს-ენ-გეში დარჩენის გასამართლებლად არ გამოდგება, რადგან ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულებების დადება არ არის ძნელი, განსაკუთრებით კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, რომ არაფერი ითქვას უკრაინაზე. ესეც რომ არ იყოს, ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა პრიორიტეტული უნდა იყოს ყველა სხვა მოსაზრებასთან მიმართებით.
სააკაშვილის ადმინისტრაციას არ მოუთხოვია რუსის ჯარის გაყვანა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან. აბსურდულია მოსაზრება, თითქოს აფხაზები და ოსები რუსების წასვლის შემთხვევაში ომს დაუწყებენ საქართველოს. აფხაზებს და განსაკუთრებით ცხინვალის რეჟიმს არ გააჩნია ისეთი სამხედრო ძალა, რომ საშუალება ჰქონდეთ საომარი მოქმედება აწარმოონ იმაზე უფრო დიდ ტერიტორიაზე, რომელსაც ამჟამად აკონტროლებენ.
სააკაშვილმა სამსახურიდან დაითხოვა საგარეო საქმეთა მინისტრი ზურაბიშვილი, რომლის ძალისხმევითაც მოხერხდა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიიდან რუსის სამხედრო ბაზების გაყვანა. ზურაბიშვილი ძალიან ძლიერი და უხერხული მოწინააღმდეგე იყო რუსეთის ხელმძღვანელობისთვის, რომელმაც შეურაცხყოფისა და ლანძღვა-გინების გარდა ვერაფერი ეფექტური დაუპირისპირა მას. ზურაბიშვილი რომ თავის პოსტზე დარჩენილიყო, მისი შემდგომი ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა რუსის ჯარის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გაყვანის საკითხის წამოყენება.
სააკაშვილმა აგრეთვე სამსახურიდან გაათავისუფლა თავდაცვის მინისტრი ოქრუაშვილი, რომელიც, მიუხედავად პოლიტიკური გამოუცდელობისა და საქმისადმი ხშირად მიამიტი დამოკიდებულებისა, მოწადინებული იყო სამხედრო ძალით აღედგინა კონსტიტუციური მმართველობა ცხინვალში. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ სამხედრო ძალებთან (არაუმეტეს 3 ათასი კაცი) ბრძოლა საქართველოს არმიას არ გაუჭირდება და ოქრუაშვილის შეეძლო ამ მიზნის მიღწევა, სააკაშვილს რომ არ შეეშალა მისთვის ხელი. საბაბი, თითქოს-და რუსები აქტიურად დაეხმარებოდნენ თავიან კლიენტებს სამხრეთ ოსეთში, არ გამოდგება სააკაშვილის მოქმედების გასამართლებლად, ვინაიდან რუსებისთვის თავის კლიენტებთან კავშირის ერთადერთი გზა (განსაკუთრებით ზამთრის თვეებში) გადის როკის გადასასვლელზე, რომლის დაზიანება და დროებით მწყობრიდან გამოყვანა ადვილად შეიძლება.
სააკაშვილმა სამსახურიდან აგრეთვე დაითხოვა კონფლიქტების მოგვარების მინისტრი ხაინდრავა, რომელიც მშვიდობიანი გზით ცდილობდა საქმის წინ წაწევას. არადამაჯერებლია არგუმენტი, თითქოს-და მინისტრების სამსახურიდან გაშვება გამოწვეული ყოფილიყოს სხვა მინისტრებთან ანდა პარლამენტთან მათი არასამუშაო დამოკიდებულებით: კარგად ცნობილია, რომ სააკაშვილი პირადად აკონტროლებს კადრების გადაადგილებას და მის დაუკითხავად არათუ მინისტრი, არამედ გამგებელიც ვერ დაინიშნება და ჯარში მაიორი ვერ დაწინაურდება.
რუსეთის მიერ სქართველოზე სავაჭრო ემბარგოს დაწესების შემდეგ სააკაშვილმა უარი თქვა საპასუხო ემბარგო დაეწესებია რუსეთის საქონელზე: საქართველოში არ შეწყვეტილა რუსეთში წარმოებული საქონლის შემოტანა და გაყიდვა. ასეთი ემბარგო დააზიანებდა რუსეთის ეკონომიკურ ინტერესებს, ხოლო საქართველო ადვილად შეძლებდა რუსეთიდან შემოტანილი საქონლის ჩანაცვლებას. ხშირად საქართველოში შემოაქვთ დასავლეთის კორპორაციების მიერ რუსეთში წარმოებული საქონელი. საქართველოს მიერ ასეთ საქონელზე ემბარგოს დაწესება იძულებულს გახდიდა ამ კორპორაციებს საწარმოები გაეხსნათ საქართველოში ანდა ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყანაში, რაც გამოიწვევდა სამუშაო ადგილების დაკარგვას რუსეთში. საქართველოს, როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრს, სრული უფლება აქვს ემბარგო დაუწესოს რუსულ საქონელს და აგრეთვე რუსეთის წინააღმდეგ აქტიური ზომების მიღება მოსთხოვის ამ ორგანიზაციის სხვა წევრ ქვეყნებს.
სააკაშვილი პირადად ხელს უშლის უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შემოსვლას საქართველოში (პირდაპირი ინვესტიცია წარმოებაში დებს ფულს და არა, მაგალითად, უძრავი ქონების სპეკულაციაში). მან უარი თქვა ორ დიდ მრავალმილიარდიან ინვესტიციაზე საქართველოში, ერთი თურქეთის, ხოლო მეორე კვიპროსის მოქალაქის მიერ. მათი პროექტები ხელს შეუწყობდა ქვეყანაში წარმოების აღორძინებას და მრავლად სამუშაო ადგილის შექმნას. ნოემბრის მოვლენებამდე, საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე დიდი ინვესტორი გახლდათ "ბრითიშ პეტროლეუმი" და ბადრი პატარკაციშვილი - ორივე შევარდნაძის მმართველობის დროს შემოსული. საქართველოს, როგორც ოფიციალურად აშშ-ს მოკავშირეს, მრავლად უნდა ჰყავდეს პირდაპირი ინვესტიციების მსურველნი - ასეთ ქვეყნებში, გარკვეულწილად, ვაშინგტონი ითვლება ეკონომიკური აქტივობის გარანტად. მიუხედავად ამისა, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ერთი დიდი პირდაპირი ინვესტორიც არ შემოსულა საქართველოში.
სააკაშვილმა ბადრი პატარკაციშვილთან ურთიერთობა გაიფუჭა მას შემდეგ, როდესაც მთავრობამ უარი განაცხადა მისთვის მიეყიდა ნავთობის გადამმუშავებელი ობიექტი. ნავთობისა და გაზის ობიექტები, მათ შორის ნავთობ- და გაზსადენები, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია არა საქართველოს, არამედ რუსეთის მთავრობისთვის. პუტინის ადმინისტრაციისთვის ნავთობისა და გაზის წარმოების, გადამუშავების და დისტრიბუციის ობიექტების კონტროლი ევრაზიის მასშტაბით ნომერი პირველი პრიორიტეტია. ამ პრიორიტეტს შეეწირა ხოდორკოვსკი (რომელიც ჩიტაში, ურანიუმის საბადოებთან იხდის რვაწლიან სასჯელს), აბრამოვიჩი (რომელსაც 100 მილიარდიანი სანავთობო კომპანია 13 მილიარდად გააყიდინეს), კორპორაცია "შელი" (რომელსაც სახალინზე ტექნოლოგიურად უაღრესად რთული ობიექტები ააშენებიეს, ხოლო შემდეგ კი აიძულეს რუსეთის მთავრობისთვის მიეყიდა) და ბევრი სხვა მცირე მეწარმე და ინვესტორი.
არგუმენტი, თითქოს-და სააკაშვილს პატარკაციშვილი იმთავითვე რუსეთის აგენტად მიაჩნდა და იმიტომაც არ დაუთმო ის ნავთობგადამამუშავებელი ობიექტი, არ არის გამართლებული. 2005 წლის დეკემბერში სააკაშვილის ადმინისტრაციამ გაცილებით უფრო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი, საქართველოს გაზსადენი, კინაღამ მიჰყიდა "გაზპრომს," რომელიც პუტინის ადმინისტრაციის პირდაპირი კონტროლის ქვეშაა. გაზსადენის რუსეთისთვის გადაცემა არ შედგა მხოლოდ იმის შემდეგ, რაც საქმეში შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ჩაერია. ეს მოულოდნელი იყო როგორც სააკაშვილის, ასევე რუსეთის მხარისთვის: ნეო-კონსერვატიული ორიენტაციის ბუშის ადმინისტრაციას იმ დღემდე არასდროს უთქვამს რამე პრივატიზაციის წინააღმდეგ და პირიქით, საქართველოს გაზსადენის ეპიზოდამდე ყოველთვის პრივატიზაციის იდეას უჭერდნენ მხარს.
სააკაშვილის ადმინისტრაციის ფართო პრივატიზაციის ინიციატივაც, რომლის თანახმადაც გაიყიდა ან იყიდება საქართველოს მრავალი სტრატეგიულად მნიშნელოვანი ობიექტი, აგრეთვე ეჭვს იწვევს. ამ ობიექტების ძირითადი კლიენტები არიან რუსული კორპორაციები ან დასავლეთში რეგისტრირებული საეჭვო წარმოშობის პატარა ფირმები, რომელთა დამაარსებლებიც, როგორც ჩანს, რუსული ფირმები და სამთავრობო ორგანიზაციები არიან.
მაგალითად, "თბილისის წყალი" შეიძინა ჟენევის კანტონში ორიოდე წლის წინ დაარსებულმა კომპანიამ "მულტიპლექსი." ეს კომპანია დაარსდა 87 ათასი დოლარის საწესდებო კაპიტალით (მინიმუმი თანხა, რაც საჭიროა ჟენევაში რეგისტრაციისთვის), ანონიმური პირების მიერ. ამ კომპანიას არასდროს ჰყოლია კორპორაცია-პარტნიორი, არავინ მოიხსენიებს მას როგორც საქმიან პარტნიორს. კომპანიას არა აქვს საკუთარი კუთხე ინტერნეტზე და არა აქვს გამოცდილება მუნიციპალური წყლის სამსახურის ადმინისტრირებისა. ამგვარად, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ობიექტი 86 მილიონ დოლარად შეიძინა კომპანიამ, რომელსაც ოფიციალურად 87 ათას დოლარზე მეტი არა აქვს ბანკში და რომლის მფლობელთა ვინაობაც უცნობია.
ანალოგიურად, საქართველოს რკინიგზა შეიძინა პატარა და უცნობმა ბრიტანულმა კომპანიამ, რომელსაც აგრეთვე არ გააჩნია რკინიგზის ადმინისტრირების გამოცდილება. ამ კომპანიას აქვს კუთხე ინტერნეტზე, სადაც ორიოდე პიროვნებას თუ მოიხსენიებენ მისი ხელმძღვანელობიდან. ისინი არ ასახელებენ თავიანთ მიმდინარე ან ძველ პროექტებსა თუ კორპორაციულ პარტიორებს. ის შეხედულება, თითქოს-და მხოლოდ მინისტრი ბენდუქიძე იდგეს ამ ყბადაღებული პრივატიზების სქემების უკან, არ არის გამართლებული: კიდევ ერთხელ, სააკაშვილის დროს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში ყოველ ოდნავ მაინც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას პრეზიდენტის დასტური სჭირდება. სავარაუდოა, რომ ბენდუქიძეს ეკისროს საფრთხობელას როლი, რათა ის გახდეს კრიტიკის საგანი და არა პრეზიდენტი.
სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, საქართველოს ეკონომიკის ზრდა, აგრეთვე შენობების შეღებვა, გზების დაგება და ნომენკლატურისთვის ხელფასის გაზრდა შესაძლებელი გახდა ქვეყნის საგარეო ვალის ზრდის ხარჯზე. სააკაშვილის მმართველობის 4 წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკამ ვალად დაიდო 2 მლრდ დოლარზე მეტი. შედარებისთვის, შევარდნაძის 12-წლიანი მმართველობის ბოლოს საქართველოს ვალი ოდნავ აღემატებოდა 1 მილიარდ დოლარს. საგარეო ვალის უკონტროლო ზრდა გამოიწვევს ქვეყნის ვალის სპირალში მოხვედრას (ვალის აღება გახდება საჭირო მარტო წინა ვალებისა და პროცენტების გასასტუმრებლად), რაც გამოიწვევს კრედიტის წყაროების შემცირებას და საბოლოოდ, ფინანსურ და ეკონომიურ კრახს. ასეთ შემთხვევაში, საქართველო კრედიტის აღებას შეძლებს მხოლოდ ერთ ქვეყანაში, რომელიც ახლაც არ არის წინააღმდეგი საქართველოში ყველაფრის დაფინანსებითა და შეძენით - ეს გახლავთ რესეთის ფედერაცია.
თავდაცვის სფეროში საქართველოს ყველაზე დაუცველი ადგილი არის შავი ზღვის სანაპირო და ტერიტორიული წყლები. ომის შემთხვევაში, რუსეთი წინააღმდეგობის გარეშე შეძლებს საქართველოში შემოჭრას სწორედ შავი ზღვის სანაპიროდან. კავკასიის მთების გადმოლახვას რუსის ჯარი ვერ შეძლებს, ვინაიდან მთების დაცვა ადვილია და თანაც რუსებს არასდროს შეეძლოთ მთაში კარგად ბრძოლა. ესეც არ იყოს, თითო-ოროლა გადმოსასვლელი გზის მწყობრიდან გამოყვანა არ არის ძნელი. სამაგიეროდ, შავი ზღვიდან რუსეთის ფლოტი და საზღვაო ქვეითი ჯარი როდესაც უნდა მაშინ შემოაბიჯებს საქართველოში.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შეუძლია ეფექტური თავდაცვის საშუალებანი შექმნას შავი ზღვის მიმართულებით, სააკაშვილის ადმინისტრაციას არაფერი გაუკეთებია ამ მხრივ. 3-4 მოძველებული დიზელის წყალქვეშა ნავი, რამდენიმე ჩქაროსნული კატარღა ანდა სანაპირო ნაღმები და მისთანა საშუალებები ნებისმიერ პოტენციურ აგრესორს კარგა თავსატეხს გაუჩენდა.
საქართველოს გაბერილი სამხედრო ბიუჯეტი, ამ დროს, ძირითადად ხმარდება ისეთი სამხედრო საშუალებების შექმნას, რომელიც საჭიროა შინა არეულობების ჩახშობისთვის. 7 ნოემბერს დემონსტრაციის დარბევისას გამოყენებულ აკუსტიკურ (ბგერით, ხმაურის შემქმნელ) ზარბაზანს, რომელსაც ინგლისური აბრევიაციით "ლ-რად"-ს, ანუ შორი მანძილის აკუსტიკურ მოწყობილობას უწოდებენ, ორმაგი - სამხედრო და პოლიციური - დანიშნულება აქვს. აკუსტიკური მოწყობილობა, რომელსაც ადამიანის სმენის თანდათანობითი და პერმანენტული დაზიანება შეუძლია (აკუსტიკური ტალღის ნაკადში მოხვედრილი ადამიანი თანდათანობით დაყრუვდება), პირველად მსოფლიოში "საბრძოლო" სიტუაციაში სწორედ თბილისში გამოიყენეს.
სააკაშვილის ადმინისტრაციას აგრეთვე არ განუხორციელებია და არც დაუწყია ისეთი გარდაქმნები სამხედრო საქმეში, რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემდა ეფექტურად გაეწია წინააღმდეგობა უკვე ქვეყანაში შემოჭრილი მტრისთვის. თავდაცვის საქმე ასე ბევრ პატარა ქვეყანას აქვს მოწყობილი, მათ შორის ყველაზე ეფექტურად ფინეთს, შვეიცარიასა და სერბეთს. პატარა ქვეყნებისთვის პარტიზანული ომისთვის მომზადება უპრიანიც არის და არც დაჯდება ძვირი.
ბოლოს, საყურადღებო და გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სააკაშვილმა ხელისუფლება სწორედ მოსკოვის საქმეში ჩარევის შემდეგ ჩაიგდო: 2003 წლის ნოემბრის თბილისის არეულობის დროს, საქართველოს ეწვია რუსეთის საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი, იგორ ივანოვი, და შევარდნაძე დაარწმუნა, რომ ყველასთვის კარგი იქნებოდა მისი გადადგომა. მაშინ მოსკოვი ეს ნაბიჯი იმით ახსნეს, თითქოს-და რუსეთს არ აწყობდა არეულობა საქართველოში, რაც არალოგიკური არგუმენტია. რუსეთს ყველაზე ძალიან კავკასიაში აზერბაიჯანისა და შუა აზიის ნავთობისა და გაზის მაგისტრალები აინტერესებს. ჯეიჰანის ნავთობმაგისტრალის მშენებლობა მაშინ საქართველოში ჯერ არ იყო დასრულებული და სამოქალაქო არეულობის შემთხვევაში მოსკოვი მიაღწევდა ამ პროექტის უეჭველ ჩავარდნას, რასაც იგი 1995 წლის შემდეგ ცდილობდა.
ესეც რომ არ ყოფილიყო, პუტინის ადმინისტრაციას შეუძლებელია მხედველობიდან გამოჰპარვოდა სააკაშვილის ოფიციალური "პრო-დასავლური" ორიენტაცია, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ნატო-ს კარიბჭესთან მიიყვანდა. საქართველოს ხელისუფლების წაქეზება მოეთხოვა ნატო-ს წევრობა, აშშ კლინტონის ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ 1999 წელს დაიწყო. ეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა აქტიური ოპოზიცია გამოიჩინა იუგოსლავიაში ნატო-ს სამხედრო ჩარევის წინააღმდეგ. კლინტონის მთავრობამ საქართველოს წაქეზება დაიწყო რუსეთის გაღიზიანების მიზნით, რასაც მალე შედეგად მოჰყვა რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და უშიშროების სამსახურების მხარდაჭერით პუტინის აღზევება. ამ უკანასკნელის ავტორიტეტი რუს გენერალთა შორის დამოკიდებულია რუსეთის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის ორ საკითხზე: (1) კოსოვომ არ უნდა მიაღწიოს დამოუკიდებლობას, და (2) ნატო არ უნდა გაძლიერდეს რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან. ამგვარად, აბსურდული იქნებოდა პუტინი "პრო-დასავლურ" ლიდერს დახმარებოდა საქართველოში 2003 წელს.
2005 წლის მაისში, პუტინის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ დაეხმარა სააკაშვილს, ამჯერად აჭარიდან იქაური დიქტატორის, აბაშიძის მოშორებაში. ისევ ის იგორ ივანოვი, მაშინ უკვე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, ჩავიდა ბათუმში და დაარწმუნა აბაშიძე მიეტოვებინა ყველაფერი და მოსკოვში წასულიყო. ჯერ კიდევ წინა დღეს აბაშიძე წასვლას არსად აპირებდა, სატელევიზიო გამოსვლებში იმუქრებოდა და აჭარაში მყოფი რუსის ჯარის იმედი ჰქონდა. ანალოგიურად, აბაშიძის ასეთი ეუცარი წასვლის უცნაური მოვლენა აიხსნა მოსკოვის სურვილით არ მომხდარიყო სამოქალაქო ომი საქართველოს ამ კუთხეში. არადა ლოგიკურად სამოქალაქო ომი აჭარაში მომგებიანი უნდა ყოფილიყო რუსეთისთვის: საქართველოს პრო-დასავლური ორიენტაცია მაშინ უკვე აშკარა იყო და აბაშიძის მოშორებით თბილისის ხელში გადადიოდა შავი ზღვის სანაპიროს მნიშვნელოვანი მონაკვეთი. მოსკოვს ყველაზე ძალიან შავის ზღვის ნატო-ს ზღვად გადაქცევა არ უნდა, მაშინ რატომ უნდა დახმარებოდა საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც ერთი სული ჰქონდა ნატო-ს "შეერთებოდა."
ამგვარად, როდესაც ყველა ალტერნატივა გამოირიცხება, ბოლოს რაც დარჩება, რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, სიმართლეს უნდა შეესაბამებოდეს. ამიტომაც გადაიფიქრა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ და ამიტომაც, სააკაშვილის მმართველობის ქვეშ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შანსი ნულს უდრის.
ლაშა გელოვანი
"რეზონანსის" მთ. რედაქტორი 1992-94 წლებში, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მანიტობას (კანადა) უნივერსიტეტის პროფესორი
This post has been edited by WOODOOW on 14 Dec 2007, 14:14
--------------------
სიყვარული - ძლიერი ერთგულებისა და პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში, სიყვარული არის სათნოება, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას.
|