პატარკაციშვილი თავის პროგრამას ახმაურებს
18.12.07 12:21
ქალბატონებო და ბატონებო!
დებო და ძმებო!
ამჟამად ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროგრამაზე ვმუშაობ. ამაში მეხმარებიან ცნობილი მეცნიერები, ექსპერტები, რომლებიც კარგად იცნობენ და უყვართ საქართველო. მართალია, დოკუმენტის სრულ და დახვეწილ ვარიანტზე მსჯელობას ქართველ ეკონომისტებსა და ბიზნესმენებთან ერთად მიმდინარე კვირაში დავიწყებთ, მაგრამ დღეს მინდა წარმოვადგინო მთავარი თეზისები, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის და ჩვენი მოძრაობის ',შეხიდება - გარღვევა - გაბრწყინებული ქვეყნის' მიერ დასახული სამუშაო გეგმის ძირეული ასპექტები.
შეხიდება - გარღვევა - გაბრწყინებული ქვეყანა
ჩემი სანუკვარი ოცნებაა შევქმნათ ძლიერი, სამართლიანი და აყვავებული სახელმწიფო. სადაც ხალხს არ ამცირებენ სიღარიბით, უფლებების წართმევით, კორუფციით. ჩემი ოცნებაა, რომ ყველა ჩვენი მოქალაქე მშობლიურ მიწაზე სოხუმიდან თელავამდე და ცხინვალიდან ბათუმამდე ამაყობდეს თავის ქვეყნით, ქვეყნით, რომელსაც საქართველო ჰქვია.
არსებული ხელისუფლება ისევ ლაპარაკობს ბედნიერ მომავალზე. მათ ჰქონდათ შანსი, მაგრამ შეცდომებისათვის ჩვენ დრო აღარ გვაქვს. ჩვენ უნდა ავაშენოთ წარმატებული ქვეყანა.
ჩვენ გავაკეთებთ ასე:
პირველ - შეხიდების ეტაპზე, ჩვენ დავეხმარებით მოსახლეობას, ისევე, როგორც ჭიგო ეხიდება ვაზის ნარგავს მოძლიერებამდე. ჩვენ გვჭირდება დრო, რათა ეკონომიკის აღმავლობისაკენ ჩახერგილი გზა გავწმინდოთ. შედეგები არ იქნება მომენტალური. ცრუობს ის, ვინც სწრაფ და დაუყოვნებლივ შედეგს გპირდებათ.
ხელისუფლება გპირდებათ თქვენივე სახსრების დარიგებას, რომელიც თქვენ მიერ გადახდილი გადასახადებით არის შეგროვებული. სადაც, როგორც ყოველთვის, ნახევარს მოიპარავს. ჩვენ სხვა რამეს გპირდებით: ჩვენ შევქმნით პირობებს რეალური და ეფექტური ეკონომიკისათვის, იმისათვის, რომ თქვენ თვითონ გამოიმუშავოთ, იცხოვროთ თქვენი საკუთარი შემოსავლით, თქვენი პურით, თქვენი შრომით.
და იმ დრომდე, რომელიც ამის მიღწევას დაჭირდება, მე მზად ვარ დაგიდგეთ გვერდში ჩემი სახსრებით.
ჩვენი გუნდის მუშაობის პირველი 18 თვე იქნება ხალხის შეხიდების დრო.
მე ავანაზღაურებ საქართველოში მცხოვრები ყველა ოჯახის ელექტროენერგიის, გაზის და წყლის მოხმარების აუცილებელ მინიმუმს. მანამდე, სანამ ჩვენ არ მოვაწესრიგებთ ამ სფეროში დაგროვილ პრობლემებს, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ტარიფები არის გათვლილი სწორად და შეგროვებული თანხები იხარჯება ეფექტურად, პირადი სახსრებიდან მე დავფარავ ყოველთვიურად 100 კილოვატი ელექტოენერგიის ღირებულებას ყოველი ოჯახისათვის. ამავე მოცულობით გაზის ღირებულებას და სრულად ავანაზღაურებ წყლის გადასახადს.
საკუთარი სახსრებით მე სრულად გამოვისყიდი მომავალი წლის ყურძნის და ციტრუსების მოსავალს. გლეხობის ბრალი არაა, რომ მას დაუხურეს გასაღების ბაზარი და გააუქმეს იმპორტის გადასახადები სხვის პროდუქციაზე, მე გაუწევ დახმარებას საქართველოში არსებულ ყველა უმუშევარს. უმოკლეს ვადაში ამოქმედდება სამუშაო ადგილების შექმნის პროგრამა, მაგრამ საწყის ეტაპზე სამართლიანად მივიჩნევ ყველა უმეშევარისათვის არანაკლებ 600 ლარის დახმარების გაწევას.
ამ მხარდაჭერის ეტაპისათვის ჩემი პირადი სახსრებიდან გამოყოფილია მილიარდ ნახევარი ლარი.
დამატებით ჩვენი გუნდი შეცვლის კანომდებლობას იმგვარად, რომ 2008 წლის 1 სექტემბრიდან მინიმალური ხელფასი განისაზღვროს 300 ლარის ოდენობით.
2008 წლის 1 მაისიდან პენსია გაუტოლდება თვეში 120 ლარს ყველა პენსიონერისათვის, ომის ვეტერანებისათვის კი 150 ლარს. ყელაფერი რაც ჩვენ გვაქვს, ის, რაც კიდევ შემოგვრჩა ხელთ, ამ ხალხის დამსახურებაა.
იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც განდევნეს საკუთარი სახლებიდან, 2 წლის განმავლობაში უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებელი ბინებით. სამშენებლო კომპანიებს ჩვენ დავაინტერესებთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებით, სანაცვლოდ კი შევთავაზებთ საერთო მშენებარე ფართებიდან, ათი პროცენტის შესაბამისი ფართების გამოყოფას დევნილთა ბინებისათვის. როდესაც ადამიანები დაბრუნდებიან თავის ძირძველ მიწაზე, ახალი ბინები დარჩებათ მათ საკუთრებაში, ამდენი წელი საკუთარი ჭერის თავზე არ ჰქონით - მათ ეს დაიმსახურეს.
და ბოლო – ყველაზე მნიშვნელოვანი, საქართველოს მომავალი შეუძლებელია ქართველების გარეშე, ჩვენი შვილების, რომელთა აღზრდა საშიშია ღატაკ ოჯახში და არასტაბილურ ქვეყანაში. ჩვენ გამოვყოფთ დახმარებას პირველი შვილისათვის ოჯახში - სამი ათასი, მეორე - ოთხი ათასი და ყოველი დამატებითი შვილის გაჩენის შემთხვევაში - ხუთი ათასი ლარის ოდენობით. ავღზარდოთ შვილები სტაბილურ და უზრუნველყოფილ ქვეყანაში.
მეორე ეტაპზე, რომელსაც ,,გარღვევის,, ეტაპს ვუწოდებთ, ჩვენ დავამარცხებთ უმუშევრობას. ყველა კომპანია, რომელიც წლიურად დასაქმებულთა რაოდენობას გაზრდის 20 პროცენტით, განთავისუფლდება მოგების გადასახადისაგან.
ჩვენ გავხსნით რუსულ ბაზარს საქართველოსათვის და ეს არ მოხდება საქართველოს სტრატეგიული ინტერესების ხელყოფის ხარჯზე.
მე მივიყვან ბოლომდე ჩემსა და ზურაბ ჟვანიას მიერ შემუშავებულ ქალაქ ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონად ჩამოყალიბების პროექტს.
შევქმნით სპეციალურ პროგრამას საქართველოში უმაღლეს განათლება მიღებულთათვის, კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჩვენს სტუდენტობას ეძლევათ წინადადება მსოფლიოს წამყვან სკოლებში აიმაღლონ.
რამდენიმე წლის განმავლობაში ტექნიკური სასწავლებლებიდან არჩეულ იქნება 1 000 საუკეთესო კურსდამთავრებული, რომელსაც საშუალება ექნებათ ზემოჩამოთვლილ სპეციალობების ხაზით გააგრძელონ კვალიფიკაციის ამაღლება ისეთ მსოფლიო სკოლებში, როგორიცაა London School of Economics, Chicago Business School , Swedish Caroline University , Harvard Law School და ასე შემდეგ. სწავლის დასრულების შემდგომ ეს სტუდენტები ხუთი წლის განმავლობაში ვალდებულნი იქნებიან თავიანთი ცოდნა საქართველოს სახელმწიფო და კერძო კომპანიებს მოახმარონ, რაც მნიშვნელოვნად აამაღლებს ქვეყანაში არსებულ საკადრო დონეს.
2009 წლის 1 მარტიდან საქართველოს შეიარაღებული ძალები სრულად იქნება დაკომპლექტებული კონტრაქტით მომსახურე სამხედრო პირებისაგან. წვევამდელთა გაწვევა აღარ იქნება.
გაიზრდება სახელმწიფოს როლი ჩვეულებრივი მოქალაქის უფლებების დაცვის კუთხით და მკაცრად შეიზღუდება ბიზნესის სექტორში სახელწიფოს ჩარევა,
დასრულდება სახელმწიფოს მხრიდან ძარცვისა და მკვლელობების ხანა.
პატიოსანი მესაკუთრეების დევნა, მათ, მიერ ვისაც სურს სხვის ხარჯზე თავისი კეთილდღეობის შექმნა. თქვენი საქმე და საკუთრება ხელშეუხებელია. სახელმწიფო მის დასაცავად არსებობს და არა მისი ხელყოფისათვის.
ჩვენი გუნდი ეკონომიკური დანაშაულისათვის მსჯავრდებულების ამნისტიას მოახდენს და ხელისუფლების ძალადობის მსხევრპლნი დაუბრუნდებიან თავის ოჯახებს. გარღვევის ეტაპი გაგრძელდება 24 თვე.
მესამე ეტაპი, არის 'გაბრწყინებული ქვეყანა'. ჩვენ გავხდებით ჭეშმარიტად წარმატებული ევროპული ერი. ჩვენ ვალდებულები ვართ და ჩვენ ვიცხოვრებთ როგორც ცხოვრობენ დღეს ესტონელები და პოლონელები, წარმატებულ და დინამიურად განვითარებად ქვეყანაში. ქვეყანაში რომელიც მზრუნველია და სამართლიანი თავისი შვილების მიმართ.
საქართველო გახდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვეყანა, სადაც პრიორიტეტული მიმართულებები იქნება ექსპორტის წახალისება, ტურიზმის განვითარება და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა.
ჩვენ გვაქვს უნიკალური გეოგრაფიული მდგომარეობა, მხოლოდ პოლიტიკური არასტაბილურობა არ გვაძლევს ჩვენ საშუალებას ვისარგებლოთ ამით.
საწყის ეტაპზე საქართველოს ეკონომიკური და შემდეგ პოლიტიკური სივრცის გაერთიანება ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, საშუალებას მოგვცემს, ჩვენ მივიღოთ მნიშვნელოვანი შემოსავალი ტრანსპორტირება-ტრანზიტის და კომუნაკაციების სექტორებიდან.
მე გთავაზობთ აღმავლობისა და აყვავებისა, ჩვენი ერთად გამარჯვების გზას. ჩვენს ქვეყანაში არ არსებოს ადამიანი, რომელიც იტყვის რომ ბადრი პატარკაციშვილმა ერთხელ მაინც იცრუა. ჩემი საქმე არ განსხვავდება ჩემი სიტყვებისაგან. მე ვარ მდიდარი ადამიანი და მეტი სიმდიდრე მე არ მჭირდება.
ჩემი სიმდიდრე საქართველოში არ შექმნილა. მე შემდგარი პიროვნება ვარ და არ ვეძებ თანამდებობის მიღების და სხვისი უბედურების ხარჯზე ხელის მოთბობის შესაძლებლობას.
თქვენ მკითხავთ, თუ როგორ დავთანხმდი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემი კანდიდატურის წამოყენების იდეას?
ყოველთვის მქონდა ერთადერთი სურვილი, რომელიც არაერთხელ გამიხმოვანებია, რაც მდგომარეობდა შემდგომში - ვყოფილიყავი რიგითი ჯარისკაცი საქართველოს სამსახურში, როგორც ჩემი ერის უჯამაგირო მოჯამაგირე.
თქვენ თვალნათლივ ხედავთ რა ხდება ქვეყანაში -
როგორ უნდა ხელისუფლებაში მ.სააკაშვილის მეთაურობით მოსულ კრიმინალურ დაჯგუფებას ჩვენი დაკნინება და დამონება. ისინი არ ერიდებიან ზეწოლასა და შანტაჟს, ფიზიკურად უსწორდებიან ადამიანებს, პროკურატურისა და სხვა ძალოვანი უწყებების მეშვეობით მოქალაქეებს ართმევენ საკუთარ მონაგარს, პირად ქონებას. დავინახეთ ისიც თუ როგორ გვისწორდებიან ხელკეტებითა და მომწამვლელი ნივთიერებებით, გვართმევენ სიტყვის თავისუფლებას, გვილახავენ ღირსებას და საკუთარი თავის პატივისცემას. უნდათ წაგვართვან ყველაფერი ქართული!
მეტის მოთმენის ძალა აღარ შემწევდა და მივიღე გადაწყვეტილება - კენჭი მეყარა პრეზიდენტის პოსტზე!
მე შემწევს ძალა და უნარი, რომ უზრუნველყო სახსრების ეფექტური და მიზნობრი მოზიდვა და ხარჯვა. გავაერთიანო ის ადამიანები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის გარდა ქვეყნის ნათელ მომავალზეც ზრუნავენ.
შეხედეთ - გაბოროტებული და წარუმატებელი ხელისუფლება აგრძელებს ქვეყნის გაღატაკებას და ზრდის უმუშევრობის დონეს. რასაც ახლავს მაღალი ფასები და დაბალი ხელფასები, მომაკვდავი მრეწველობა და ქუჩაში კიდევ ერთხელ გამოგდებული ლტოლვილები. არაეფექტური განათლების და სამედიცინო სისტემა.
ხელისუფლებამ დაამკვიდრა უსამართლობა, დაიქვემდებარა სასამართლო, აწარმოებს სახელმწიფო რეკეტს. ამან გამოიწვია პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მასიურ ძალადობაში გადაიზარდა. ჩვენ ვამბობთ:
გეყოს!
ამასთან მე მინდა ვთქვა - ჩვენ მოვდივართ შესახიდებლად - გარღვევისა და ქვეყნის გასაბრწყინებლად და არა შურისძიებისათვის.
მე ვუცხადებ ყველა სახელმწიფო მოხელეს, მათ შორის ჯარში და პოლიციაში მოსამსახურეებს, ყველას - ვინც კეთილსინდისიერად ემსახურება თავის სამშობლოს:
ქვეყნის ბედი გზაშია და თქვენ სჭირდებით საქართველოს. ქვეყნის აღმშენებლობა ჩვენი საერთო საქმეა. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ერთად ვუთხრათ უარი გაბატონებულ ძალადობას, რომელიც თავზე მოგვახვია არსებულმა რეჟიმმა და არ დავეყრდნოთ მათ ფუჭ და ცრუ დაპირებებს.
შეუძლიათ აიღონ ჩვენი პროგრამა და თქვან რომ გააკეთებენ იგივეს, მოახდენენ იმავე ან მეტი ოდენობით სახსრების გამოყოფას. მაგრამ მე ვიცი მათი ხრიკები და გეუბნებით - რასაც არ უნდა დაგპირდეთ ეს მმართველი ბანდა, რამდენი ფულიც არ უნდა შემოგვთავაზონ ბიუჯეტის განვითარებისათვის - ჩემი შენატანი იქნება 2-ჯერ მეტი. ყოველი მათი დაპირება უბრალოდ გაამრავლეთ 2-ზე. არსებული ხელისუფლება ხომ დანაპირებიდან ნახევარს მაინც მოიპარავს.
ერთად ვუთხრათ მათ 5 იანვარს: გეყოს!
ბადრი პატარკაციშვილი
მიმაგრებული სურათი