Trailblazer
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2194
წევრი No.: 31332
რეგისტრ.: 13-March 07
|
#7955917 · 2 Jan 2008, 13:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვინ? როგორ? რატომ?
2003 წლის 16 ნოემბერს ვმონაწილეობდი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში ბერლინში, სადაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის დახმარების ახალი პროგრამების თაობაზე გაიმართა მსჯელობა. სრულმა შეუსაბამობამ განსახილველ საკითხებსა და იმხანად თბილისში მიმდინარე პროცესებს შორის თავდაპირველად გამაოცა, შემდეგ კი იმდენად აღმაშფოთა, რომ სიტყვა ვითხოვე. ჩNN-ს მაინც არ უყურებთ-მეთქი, წარმოდგენა თუ გაქვთ, თბილისში რა ხდება? აქ რაღაც ვირტუალური სამყარო შეგიქმნიათ, რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია; თქვენი შემყურე, ერთი სული მაქვს ამ კომფორტულ გარემოს გავეცალო და ჩემს ხალხს დავუბრუნდე თბილისის წვიმიან ქუჩებში, სადაც სწორედ ამ დღეებში წყდება ქვეყნის ბედი. მკვეთრი გამოსვლა გამომივიდა – პოლიტკორექტულობის ზღვარზე და მკვეთრსავე პასუხს ველოდი. ნურას უკაცრავად – სხდომაზე საერთოდ არავის დაუძრავს კრინტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე; მხოლოდ შესვენებისას რამდენიმე ნაცნობი თუ უცნობი მონაწილე მოვიდა ჩემთან, მოჩვენებითი თანაგრძნობის ნიშნად მხარზე ხელი მომიტყაპუნა და დამმოძღვრა: გამოცდილი კაცი ხარ და ხომ უნდა გესმოდეს – აბა ვინ, თუ არა შევარდნაძეო?!
ერთი კვირის თავზე შევარდნაძე აღარ იყო საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო კიდევ ორიოდ კვირაში ისევ მიმიწვიეს ბერლინში (სხვა ფორმატში) – შენ ამასწინ რაღაცას ამბობდი საქართველოზე და ეგებ კარგად აგვიხსნა, მანდ რა მოხდაო... … პოლიტიკური მითების თაობაზე
ათი წელი გვესმოდა: ქართველები ბედნიერები ხართ, შევარდნაძე რომ გყავთო. მისნაირი გამოცდილი პოლიტიკოსი, მისნაირი დემოკრატი, მისნაირი რეფორმატორი, მისნაირი პრო-დასავლელი მოღვაწე, აბა, კიდევ ვის ჰყავს პოსტ-საბჭოთა სივრცეზეო? კაცმა ბერლინის კედელი მოშალა, საბჭოთა ჯარი გაიყვანა ავღანეთიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან და თქვენ კი რაღაც წვრილმანებს ემდურითო? ცხადია, უცებ (სულ რაღაც ათ წელიწადში) ვერც კორუფციას აღმოფხვრიდა, ვერც სამართლიანი არჩევნების პრაქტიკას დაამკვიდრებდა, ვერც დემოკრატიის ინსტიტუციონალიზაციას მოასწრებდა, ვერც საკადრო პოლიტიკას გამართავდა, ვერც მრეწველობასა და სოფლის მეურნეობას ააღორძინებდა, ვერც შუქსა და გაზს მოიყვანდა ქვეყანაში და ვერც კონფლიქტებს მოაგვარებდაო. სხვა კი განა გიჭირთ რამეო?
2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მითი “მსოფლიო დონის პოლიტიკოსის” შესახებ საქართველოში საბოლოოდ გაცამტვერდა: ამომრჩეველთა მხოლოდ 30-35%-მა თუ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში (კანონი ითხოვდა 50%+1-ს), ანუ შევარდნაძემ ვერ მიიღო მოსახლეობისგან ნდობის მანდატი. დასავლეთმა “ფართოდ დახუჭული თვალებით” შეხედა მომხდარს; მას კიდევ სამი წელი და “ვარდების რევოლუცია” დასჭირდა, რათა მიმხვდარიყო, რომ საქართველოში მთლად ისე არ ყოფილა საქმე, როგორც იქ წარმოედგინათ . მაგრამ ჩვენს რაციონალურ ეპოქაშიც კი პოლიტიკურმა მითოლოგიამ, ეტყობა, რაღაცა ადგილი მაინც შეინარჩუნა: შევარდნაძის მითს მსწრაფლ ჩაენაცვლა სააკაშვილის მითი. “დასავლეთში (აშშ-ში) განათლებამიღებული ახალგაზრდა პრეზიდენტი” – ამ ტევადი დახასიათებით დაიწყო სააკაშვილის მითოლოგიზაციის პროცესი ადგილობრივ თუ დასავლურ ცნობიერებაში. განათლების მიღების ფაქტი ავტომატურად გაუტოლდა ცოდნასა და წიგნიერებას, რაც ყოველთვის (მათ შორის – ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც) როდია სამართლიანი. “დასავლური” განათლება იმის უტყუარ დასტურად იყო მიჩნეული, რომ მის მატარებელს გასისხლხორცებული აქვს ლიბერალური და დემოკრატიული ფასეულობები (რაც, სულ მცირე, გულუბრყვილობაა – შაჰიდებსა და, მით უფრო, მათ იდეოლოგებს, მაგალითად, სჩვევიათ “დასავლური განათლების” მიღება). პრეზიდენტის ახალგაზრდული ასაკი კი რეფორმატორული შემართების, თანამედროვე ტიპის აზროვნების (რაც ერთობ საეჭვოა ზოგადად აზროვნების საკითხში) და საკუთრივ პრეზიდენტისა და მისი ქვეყნის ნათელი პოლიტიკური პერსპექტივის მიმანიშნებელი უნდა ყოფილიყო (რომელი “ნათელიც” 7 ნოემბერს მთელი სიკაშკაშით გაუნათდა საქართველოს). ძლიერი პრეზიდენტი – პრეზიდენტი-დემოკრატი, პრეზიდენტი-რეფორმატორი, პრეზიდენტი – კორუფციასთან მებრძოლი, პრეზიდენტი – დასავლეთზე ცალსახად ორიენტირებული, მოკლედ – პრეზიდენტი-აღმაშენებელი (უფალმა მომიტევოს უნებური მკრეხელობა) – ახალი მითი, რომლის შესაბამისი წარმოდგენების ჩარჩოებში არსებობდა საქართველოს საზოგადოების ნაწილი და რომელშიც აზროვნებდა დაინტერესებული დასავლური საზოგადოების უდიდესი ნაწილი თითქმის ოთხი წლის მანძილზე .
შესაბამისად, მიზანმიმართულად მკვიდრდებოდა ამ მითის ლოგიკურად შემავსებელი მეორე მითიც: სუსტი ოპოზიცია (რაკი პრეზიდენტი ძლიერია), ანტიდემოკრატიული ოპოზიცია (რაკი პრეზიდენტი თავადაა დემოკრატი; ხომ არ აღგიძრავთ ეს დებულება არც თუ შორეულ ისტორიულ წარსულთან პარალელის გავლების სურვილს?), რეფორმების მოწინააღმდეგე ოპოზიცია (რაკი პრეზიდენტი და მისი მთავრობა რეფორმებს ატარებენ), მოსყიდული ოპოზიცია (რაკი პრეზიდენტი კორუფციასთან მებრძოლია), რუსეთზე ორიენტირებული ოპოზიცია (რაკი პრეზიდენტი პრო-დასავლელია), მოკლედ –უპასუხისმგებლო ოპოზიცია . აი, ასეთი მარტივი სქემა მარტივადვე შეიქმნა და ამოქმედდა. მარტივ ვითარებებში კი (რომლებიც პოლიტიკაში დიდი იშვიათობაა) გადაწყვეტილებების მიღებაც მარტივია და მათი ხორცშესხმაც. ესაა მხოლოდ, რომ ვითარების ხელოვნურ გამარტივებასა და მითოლოგიზაციას ხშირად უკუშედეგამდე მივყავართ. თავისივე შექმნილი მითების სამყაროდან რეალურ ცხოვრებაში დაბრუნება კი ძნელი და მტკივნეულია.
სანამ ურემი გადაბრუნდებოდა
პრეზიდენტის რანგში მიხეილ სააკაშვილის პირველივე განაცხადი საგანგაშო აღმოჩნდა: პარლამენტის ძველი მოწვევის მეშვეობით (სწორედ იმის, 2003 წლის ნოემბერში რომ ამოეწურა უფლებამოსილება) 2004 წლის თებერვალში მან განახორციელა ცვლილებები კონსტიტუციაში, რის შედეგადაც მივიღეთ “რუსულ-თურქმენულ” მოდელად შერაცხული ხელისუფლების სისტემა, სადაც მთელი ძალაუფლება თავმოყრილია აღმასრულებელში (კონკრეტულად – პრეზიდენტის ხელში), ხოლო როგორც საკანონმდებლო, ისე სასამართლო ხელისუფლება პირველის მორჩილ დანამატადაა ქცეული. საექსპერტო წრეებში შინ თუ გარეთ ეს ცვლილებები მწვავე კრიტიკის საგანი გახდა, მაგრამ პოსტრევოლუციური ეიფორიის ფონზე ცოტა ვინმემ თუ ათხოვა ყური კრიტიკას და შეისმინა გამაფრთხილებელი გზავნილი. საკუთრივ მოვლენა კი უაღრესად ნიშანდობლივი იყო ახალი ხელისუფლების განზრახულობების ამოცნობის თვალსაზრისით.
2004 წლის 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების წინ სააკაშვილმა მოსთხოვა თავის პარტნიორებს უარი ეთქვათ პოლიტიკური ავტონომიურობის ყოველგვარ მცდელობაზე და შერწყმოდნენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. შედეგად ინტელექტუალობის პრეტენზიის მქონე ბურჯანაძისა და ჟვანიას ჯგუფები, ერთეული გამონაკლისის გარდა , გაითქვიფნენ ნაციონალების აგრესიულად მორჩილ მასაში და პარლამენტის სხდომათა დარბაზში პულტზე თითის დაჭერის მეტად საპასუხისმგებლო მისიას დასჯერდნენ. ესეც ნიშანდობლივი ფაქტი იყო სააკაშვილის მხრიდან პოლიტიკური პლურალიზმისა და პოლიტიკური დისკუსიის მიმართ დამოკიდებულების თვალსაზრისით.
მაისში ასლან აბაშიძისაგან აჭარის უსისხლო განთავისუფლების შემდეგ შეიქმნა წინაპირობა რეგიონში პოლიტიკური სივრცის გასახსნელად, ყოველგვარი რისკის გარეშე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, თვითმმართველობის თანამედროვე მოდელის აპრობაციისათვის. ამის ნაცვლად სააკაშვილმა მთელი ადმინისტრაციული რესურსი აამოქმედა აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებში რესპუბლიკელების – თავისი ერთადერთი კონკურენტისა და იმხანად ჯერ კიდევ პოლიტიკური პარტნიორების დასათრგუნად; საქართველოს პარლამენტს მიაღებინა კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიის სტატუსის შესახებ, რომელმაც შემდგომ სუპერ-ცენტრალიზაციასა და თვითმმართველობის ფაქტობრივ გაუქმებას დაუდო სათავე. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერადაც ჩვენი და საერთაშორისო ექსპერტების კრიტიკული პოზიცია დაემთხვა ერთმანეთს , საზოგადოების მხრიდან ადეკვატური რეაქცია მომხდარს არ მოჰყოლია. ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი (საგაზაფხულო) სესიის დასრულებამდე საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში უკვე აღარ იყვნენ რესპუბლიკელები და კონსერვატორები. აღსანიშნავია, რომ კობა დავითაშვილს, ზვიად ძიძიგურსა და დავით ბერძენიშვილს შესაბამისად პირველი, მეოთხე და მეხუთე პოზიციები ეკავათ საარჩევნო ბლოკის “ნაციონალური მოძრაობა – სააკაშვილი” სიაში 2003 წლის ნოემბრის “რევოლუციურ” არჩევნებში და ნოემბრისა (თბილისის) თუ მაისის (აჭარის) მოვლენების წამყვან “სახეებსაც” წარმოადგენდნენ. საყურადღებოა, რომ უმრავლესობიდან გასვლის კვალობაზე ეს სახეები რაღაცა მანქანებით გაუჩინარდნენ ვარდების რევოლუციის ამსახველი ფოტოსურათებიდან, რომლებიც მრავლადაა გამოფენილი პარლამენტის შენობაში, შემდეგ კი – იმავე მოვლენების ამსახველი დოკუმენტური ფილმებიდან, რომლებსაც ვარდების რევოლუციის ყოველ წლისთავზე აჩვენებს ხელისუფლება (გაგახსენდათ ჯ.ორუელის “1984”?). უმრავლესობიდან ჩვენი გასვლაც თითქმის შეუმჩნეველი დარჩა საზოგადოებას, თუმცა მიზეზების ახსნა-განმარტებას არ დავზარდით მედიის მეშვეობით.
შემდეგ... რომელი ერთი ვთქვა? შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების შერწყმა (რასაც მორიგი შესწორებების შეტანამდე კონსტიტუცია კრძალავდა) ერთ ყოვლისშემძლე და უკონტროლო სტრუქტურად, პროკურატურისათვის საბჭოთა პერიოდის ძლევამოსილების აღდგენა, სასამართლოსათვის ნამუსის ახდა და მისი დემორალიზება, პრემიერ-მინისტრ ჟვანიას სიკვდილი დღემდე დაუდგენელ ვითარებაში, ვალერი გელაშვილის სიკვდილის პირამდე მიყვანა, შემდგომ კი მისი პარლამენტიდან გაძევება, ოპოზიციონერ დეპუტატებზე ფიზიკური თავდასხმები საქართველოს პარლამენტში თუ თბილისის მერიაში, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძისა თუ სხვათა არსებითად დაუსჯელი მკვლელობები, ირაკლი ბათიაშვილის ციხეში გამომწყდევა, მთავრობისაგან დამოუკიდებელ მედიასა და ჟურნალისტებზე ზეწოლა და თავდასხმები, ბიზნესმენების დატერორება და ბიზნესის დამორჩილება მმართველი პარტიის მიერ, ფინანსური პოლიციის პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენება, არასასურველ შემოქმედთა “ჩარეცხვა” და კომპოზიტორების ბორჯომის სახლის რეკვიზიცია, დევნილების ქუჩაში გამოყრა და კერძო საკუთრებაზე განხორციელებული შეტევა... კანონმდებლობა ძალოვან-რეპრესიული სტრუქტურებისათვის მაქსიმალური ხელშეწყობის რეჟიმს მიუსადაგეს, თვალთვალი, მიყურადება, დასმენა წაახალისეს…და ნორმის დონეზე აიყვანეს, საკუთარი თავი და გარემოცვა კანონზე მაღლა დააყენეს, ჭეშმარიტებაზე მონოპოლია დაისაკუთრეს, სახელისუფლებო ტელეარხები უტიფარი პროპაგანდის იარაღად აქციეს, განსხვავებული აზრი უკეთეს შემთხვევაში – უცოდინრობად, უარესში – მოღალატეობის გამოვლინებად შერაცხეს. აგრესიული უვიცობა, უკიდეგანო ცინიზმი, ძალადობა ყველგან და ყველაფერში, იქნება ეს პარლამენტი, უნივერსიტეტი, თუ ფეხბურთის ფედერაცია, ხელისუფლების მიმართ შიშისა და ძრწოლის დამკვიდრებას ემსახურებოდა.
საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად აშენებდა ტოტალიტარულ პოლიციურ სახელმწიფოს; ჩვენი დასავლელი, უპირველესად – ამერიკელი პარტნიორებისა და მფარველების მეცადინეობით საქართველოს პრეზიდენტი ინარჩუნებდა წარმატებული რეფორმატორისა და დემოკრატის საგარეო იმიჯს.
როგორ იწრთობოდა ფოლადი
აქ ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რატომ და როგორ გახდა ეს ყოველივე შესაძლებელი? რატომ ითმინა ამდენი იმ ხალხმა, ვინც 2003 წელს გაისტუმრა უვარგისი და უნიათო ხელისუფლება და, ასე ჩანდა, ქვეყანაში ანგარიშვალდებული, კონტროლირებადი მთავრობის გაჩენის ნება გამოავლინა? ცხადია, აქ გარემოებათა მთელი კომპლექსი არსებობს, რომელიც პოლიტიკური, ფსიქოლოგიური, საშინაო და საგარეო ფაქტორების კომბინაციას მოიცავს.
ჯერ ერთი, ხელისუფლებიდან შევარდნაძის ჩამოშორებისთანავე მართლაც (და არც თუ უსაფუძვლოდ) გაჩნდა განცდა, რომ ხუთწლიანი უმოძრაობის შემდეგ, არსებითად არშემდგარ და დანაწევრებულ სახელმწიფოში, რომლის მთავარი მახასიათებელი ყოვლისმომცველი კორუფცია იყო, იფეთქა სიცოცხლემ, განახლდა მოძრაობა, გამოიკვეთა დამაიმედებელი ცვლილებების პერსპექტივა. გამოცდილი მზერისათვის დასანახი სახიფათო უსისტემობა, სტრატეგიული ხედვებისა და გეგმების, ზოგადად ინტელექტის აშკარა ნაკლებობა მასის ზედაპირული მზერისათვის გადაიფარა თვალშისაცემი ენერგიით, შემტევი (ხშირად – აგრესიული) ხასიათის ქმედებებით, თვითრეკლამირების მანამდე გაუგონარი და უჩვეულო გაქანებით. ქარიზმატული, მკაცრი, შელახული ეროვნული ღირსების აღდგენაზე ორიენტირებული, დასავლეთში მიღებული და მხარდაჭერილი ლიდერი – განა სააკაშვილის იმიჯი არ შეესაბამებოდა მრავალთა ცნობიერ თუ ქვეცნობიერ წარმოდგენას ქვეყნის წინამძღოლზე? მერე რა, რომ ხანდახან ტყუილსაც გაურევს თავის სიტყვას შინ თუ გარეთ? მერე რა, რომ ხშირად მწყარალადაა ფაქტებთან და ციფრებთან? მერე რა, რომ სინამდვილესთან აშკარად შეუსაბამო დაპირებებს იძლევა ხოლმე? მერე რა, რომ ყოველთვის როდი ეტევა კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილ ჩარჩოებში? მერე რა? ნეტა, რას უჩიჩინებს ეს ოპოზიცია, მიშას ხომ სიკეთე უნდა თავისი ქვეყნისა და ხალხისთვის! აცალეთ, ბატონო!
გამოგიტყდებით: ეს “აცალეთ” რომ მესმის (უკვე მერამდენედ!), სიცოცხლე აღარ მინდა ხოლმე; ეს უპასუხისმგებლო, შემგუებლური, მლიქვნელური, საკუთარ ტვინში აზრის გაჩენის ჩანასახშივე დამთრგუნველი და თავისი თავის უარმყოფელი “აცალეთ”. “აცალეთ” – აწერია კონფორმისტების დროშებს; “არ გვეშინია” – აწერია მათ დროშებს, ვინც გაიცნობიერა პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის ბედზე.
სამწუხაროდ, სამი წლის მანძილზე, მიუხედავად საკუთარი წარსულის გაკვეთილებისა, მიუხედავად ოპოზიციისა და ცალკეული ცნობილი მოღვაწეების მცდელობისა, საზოგადოებამ აცალა სააკაშვილსა და ნაციონალებს იმ ყველაფრის (და კიდევ ბევრი სხვა რამის) ჩადენა, რაც ზემოთ მოგახსენეთ. ამით კი ერთგვარი ინდულგენცია გასცა ყველა იმ თანდაყოლილი ნაკლის შენარჩუნება-გაღვივებაზე, რომელიც ბუნებრივად ახასიათებდა ახალგაზრდა, არაკომპეტენტურ, რევოლუციური სულისკვეთებითა და მეთოდოლოგიით გამსჭვალულ, თვითდამკვიდრებისათვის მრავლის მკადრებელ და ძალაუფლების თანმხლები პრივილეგიების გემოგაგებულ ადამიანთა კრებულს . თითქმის ერთი წლის წინ ამ კრებულისა და მისი ყოჩის ერთგვარი ფსიქოპორტრეტის წარმოჩენა ვცადე წერილში “ინფანტილური ავტოკრატია” ; 2006 წლის თებერვალში რესპუბლიკური პარტიის მიერ გამოცემულ ბროშურაში “ვარდების რევოლუციიდან ნეობოლშევიზმამდე” მოცემულია სააკაშვილი-ნაციონალური მოძრაობის სახელისუფლებო ტექნოლოგიების სამართლებრივ-პოლიტიკური ანალიზი; დავით ზურაბიშვილმა კი თავის წერილში “ქაჯები” სააკაშვილი–ნაციონალური მოძრაობა–თავისუფლების ინსტიტუტის ფენომენის იდეოლოგიური საფუძვლების ახსნა შესთავაზა საზოგადოებას .
უკონტროლობა და თავგასულობა ლოგიკურად გადაიზარდა აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვების სურვილში (რომელიც, როგორც ცნობილია, ხრწნის აბსოლუტურად); ყველა მიმართულებით გაიშალა ქვეყნის ნაციონალიზაციის პროცესი. მმართველი ორგანიზაციის მმართველი ჯგუფი საბოლოო ინსტანციაში ჭეშმარიტების მფლობელად მოევლინა ქვეყანას: მხოლოდ მათ იციან, თუ რაში მდგომარეობს სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები, ვინ მტერია და ვინ – მოყვარე, რას არ უნდა აკეთებდნენ ოპოზიციონერები, რას უნდა ლაპარაკობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვინ არის “კარგი” შემოქმედი და ვინ – “ცუდი”, ვისი ბიზნესია “მისაღები” და ვისი – “მიუღებელი”, ვინ, რას, როდის და როგორ უნდა ასწავლიდეს ბავშვებს, როგორ უნდა მუშაობდნენ ჟურნალისტები, ვისი და რანაირი ძეგლები სჭირდება ხალხს, ვინ უნდა აირჩიონ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად, რომელი მომღერალი უნდა გაგზავნონ ევროვიზიის კონკურსზე და ა.შ.
2006 წლის ადგილობრივი არჩევნების თაობაზე ეუთო-ს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში წერია, რომ საქართველოში წაშლილია ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის (იქ, სხვათა შორის, ზოგი სხვა რამეც წერია საგულისხმო). სწორედ ამას ჰქვია ტოტალიტარიზმი, როცა სახელმწიფო, ან მასთან გაიგივებული მმართველი პარტია უშუალო კონტროლს ამყარებს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე. საქართველოს შემთხვევაში კი ამას, რატომღაც, სახელმწიფოს მშენებლობას უწოდებდნენ სულ ბოლო დრომდე (ზოგმა კი 7 ნოემბრის მოვლენებში მოახერხა სახელმწიფოს ძლიერების დასტურის დანახვა).
გულისტკივილით უნდა აღვნიშნო, რომ პოლიტიკური მითების შექმნა-კულტივირების პროცესს ჩვენმა შინაურმა “დამოუკიდებელმა” ექსპერტებმაც შეუწყვეს ხელი. მეხამუშა, როცა დახურულ კარს მიღმა(!) გაიმართა პრეზიდენტის შეხვედრა “სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან”. რას ინახავენ საიდუმლოდ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იმ საზოგადოებისაგან, რომელსაც წარმოადგენენ? ან ისეთი რა საიდუმლო გაანდო მიხეილ სააკაშვილმა ბატონებს დავით დარჩიაშვილს, გია ნოდიას, ალექსანდრე რონდელსა და ლევან რამიშვილს (ამ უკანასკნელის შემთხვევაში, თუმცაღა, ყველაფერი გასაგებია), რომლებიც თანამდებობრივად, თითქოს, არ უნდა შედიოდნენ კონფიდენციური და საიდუმლო ინფორმაციის მცოდნე-მატარებელ ადამიანთა რიცხვში? ვინც ეს არ იცოდა, პასუხი ირიბად 7 ნოემბრის მოვლენების შემდგომ მიიღო: ვლადიმირ სოკორმა, რომელიც მთელს დასავლეთში მგონი ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც სრულად და სავსებით გაამართლა სააკაშვილის აგრესია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რადიორეკომენდაცია მისცა საქართველოს ხელისუფლებას, რათა ნამოქმედარის ახსნა-გამართლების მიზნით დასავლეთ ევროპის დედაქალაქებში სამოქალაქო საზოგადოების ისეთი შესანიშნავი (სოკორის ეპითეტია) წარმომადგენლები მიავლინონ, როგორებიც ბატონები გია ნოდია, დავით დარჩიაშვილი და ლევან რამიშვილი არიან...
საგარეო ფაქტორებიდან უნდა აღინიშნოს აშშ-სა და რუსეთის როლი. პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციისთვის, რომელიც ნამდვილად ვერ დაიტრაბახებს საგარეოპოლიტიკური გამარჯვებებით, ვარდების რევოლუციის შედეგად გახელისუფლებული მიხეილ სააკაშვილი ლამის ერთადერთი პროექტი აღმოჩნდა, რომლის წარმატებად გასაღება შესაძლებელი იყო. პოსტსაბჭოთა სივრცეზე “დემოკრატიულ გარღვევად” მონათლული ეს პროექტი ყოველგვარი კრიტიკის მიღმა დააყენეს, ყურები ამოიგლისეს ყველა უმსგავსობაზე, რომელიც საქართველოში ხდებოდა, კარტ-ბლანშის რეჟიმში უწევდნენ “აშშ-ში განათლებამიღებულ ახალგაზრდა ქართველ პრეზიდენტს” არა მხოლოდ ნებისმიერი სახის დახმარებას, არამედ ისეთ რეკლამირებას, თვით სააკაშვილს რომ შეშურდებოდა. მას შემდეგაც კი, როცა 7 ნოემბერს ურემი გადაბრუნდა, პრეზიდენტ ბუშს ერთი კრიტიკული სიტყვაც არ წამოსცდა სააკაშვილის ხელისუფლების მისამართით, ხოლო ოფიციალური პირები ვაშინგტონში შეუდარებლად უფრო შეაძრწუნა გარი კასპაროვის ხუდღიანმა დაკავებამ, ვიდრე საავადმყოფოებში 500 ნაცემი და მოწამლული ქართველის მოხვედრამ. გარი კასპაროვს, ცხადია, ჩვენ თანაგრძნობასა და სოლიდარობას ვუცხადებთ, მაგრამ ჩვენი დარბეული, დაპატიმრებული, შეურაცხყოფილი თანამემამულეების მიმართაც შესაბამის დამოკიდებულებას ვითხოვთ.
მსგავსმა ცინიზმმა (რომელსაც ამერიკაში მოფერებით პრაგმატიზმს უწოდებენ) ბუნებრივად საპასუხო ცინიზმი გამოიღო, როცა საქართველოს კურატორსა და სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ მეხოტბეს მეთიუ ბრაიზას არაორაზროვნად მიუთითეს, რომ გაკეთდება ის და მხოლოდ ის, რასაც მმართველი ჯგუფი მიზანშეწონილად მიიჩნევს. თუ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები დაემთხვა მეგობრების სურვილებს – ხომ კარგი; თუ არა და – კარგად მეყოლეო .
თუმცა, ვიყოთ ბოლომდე სამართლიანები და ვაღიაროთ: რომ არა დასავლეთის რეაქცია 7 ნოემბერზე, შეიძლება ამ წერილის დაწერამდე საქმე ვერც მისულიყო. აქ მე აშშ-სთან ერთად და ხაზგასმით ევროპელებსაც აღვნიშნავ; ნატო-ს გენერალური მდივნის უპრეცედენტოდ მკვეთრი და ერთმნიშვნელოვანი განცხადება კარგი მაგალითია იმისა, თუ რა ენით უნდა ელაპარაკო თავგასულ და თავზეხელაღებულ მმართველებს.
რუსეთმა, რაოდენ პარადოქსულად უნდა გაიჟღეროს ამ ნათქვამმა, ბევრი გააკეთა სააკაშვილის რეჟიმის კონსოლიდაციისთვის. მისი ნებისმიერი არაკეთილმეზობლური ნაბიჯი (ასეთები კი მრავლად იყო) პრაქტიკულად ავტომატურად რაზმავდა ქართველობას სააკაშვილის გარშემო (ასე ხდებოდა შევარდნაძის პრეზიდენტობის ხანაშიც); ნებისმიერი ზეწოლა რუსეთის მხრიდან დასავლეთში სააკაშვილის “დაცვის” ბუნებრივ სურვილს აღძრავდა, რომელი ზეწოლის პირობებშიც საკუთრივ სააკაშვილის “წვრილმანი” ცოდვები უკანა პლანზე იხევდა რუსეთის “გლობალური” ცოდვების ფონზე. ამავე ფონზე იშვიათად თუ აფიქსირებდა ვინმე, რომ სააკაშვილის საქართველო სულ უფრო ემსგავსებოდა პუტინის რუსეთს (ძალაუფლების ცენტრალიზაცია, ოპოზიციის განდევნა პოლიტიკური პროცესებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციების როლის დაკნინება, სხვაგვარად მოაზროვნეთა მარგინალიზება, ახალგაზრდობის ზომბირება-“გაპატრიოტება” – «Наши» რუსეთში, მედია-სივრცის მონოპოლიზება, ბიზნესის დამორჩილება, “ჯიბის” სასამართლოები და სხვა), რომ პარალელურად რუსეთი სულ უფრო იმტკიცებდა საფინანსო და ეკონომიკურ პოზიციებს საქართველოში. და იჯერა რა გული სააკაშვილის “წარმატებული” რეფორმატორობისა და დემოკრატობის დაცინვით 7 ნოემბრის შემდგომ დღეებში, რუსეთის ოფიციოზმა იცვალა ტონი და ახლა იმედოვნებს, რომ სააკაშვილი შეინარჩუნებს პრეზიდენტობას ვადამდელი არჩევნების შედეგად. მართლაც, სახელგატეხილ და შინ თუ გარეთ ნდობადაკარგულ სააკაშვილზე უკეთესი რუსეთისთვის განა სხვა ვინმე რეალური კანდიდატი არსებობს? მოგვწონს ეს თუ არა (მე პირადად ძალიან არ მომწონს), უნდა ვაღიაროთ, რომ ვაშინგტონის უპირობო თანადგომამ ისეთი სააკაშვილი შვა, რომელიც აშშ-სა და ზოგადად დასავლეთს ნაკლებად გამოადგება. რომ აღარაფერი ვთქვათ საკუთრივ საქართველოზე. რუსეთში ბოლშევიკური გადატრიალების 90-ე წლისთავის აღსანიშნად საქართველოს დედაქალაქში, “ევროპის მოედანზე” ევროპული ფასეულობების გათელვით სააკაშვილმა პუტინის რუსეთს საუკეთესო საჩუქარი მიართვა.
კვლავ პოლიტიკური მითების თაობაზე
სააკაშვილმა, მისმა აქაურმა გარემოცვამ და უცხოელმა ქომაგებმა იმდენ ხანს იძახეს ოპოზიცია სუსტი და არაკონკურენტუნარიანიაო, რომ, ეტყობა, ბოლოს თვითონაც ირწმუნეს ეს მითი. თანაც, ირწმუნეს მაშინ, როცა მითი ისე იყო დაცილებული რეალობას, როგორც არასდროს მანამდე. გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ოქტომბრის თვეში საქართველოს რეგიონებში ხალხმრავალი საპროტესტო აქციების პასუხად ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ იმას გაიძახოდნენ, შვიდი ათასი კი არა – რამდენიმე ასეული კაცი ესწრებოდაო მიტინგს, თანაც – ოპოზიციის მიერვე თბილისიდან ჩაყვანილიო. ხოლო სახელისუფლებო ტელეარხები ისე განალაგებდნენ ხოლმე კამერებს, რომ “დაედასტურებინათ” ხელისუფალთა შეფასება. ვის ატყუებდნენ, თუ არა საკუთარ თავს? სააკაშვილი, ასე ჩანს, ბოლომდე იყო დარწმუნებული, რომ საქმე საქმეზე როცა მიდგება, ღია პროტესტს ვერავინ გაუბედავს (ტყუილად ხომ არ ნერგავდნენ ამდენ ხანს შიშსა და ძრწოლას ხელისუფლების მიმართ), რომ მის გარდა ხალხის მობილიზების უნარს არავინ ფლობს და რომ 2 ნოემბერსაც რამდენიმე ათას კაცს თუ მოუყრის თავს თბილისში ოპოზიცია, ისიც – საკუთარი პარტიების აქტივისტებს. მიტინგზე ასი ათასი ადამიანი გამოვიდა (წარმოდგენილი იყო საქართველოს პრაქტიკულად ყველა რეგიონი) და ეს გარემოება შოკის მომგვრელი აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის.
7 ნოემბერს კი გაერთიანებულმა ოპოზიციამ სწორედაც რომ მაღალი პასუხისმგებლობა გამოავლინა, როცა დამრბევთა სისასტიკით განრისხებული ხალხი ჯერ რუსთაველს გაარიდა და რიყეზე წაიყვანა, სადაც არც სამთავრობო დაწესებულებებია განლაგებული და ათიათასობით დემონსტრანტი ტრანსპორტის მოძრაობასაც კი არ უქმნიდა დაბრკოლებას, მერე კი მოუწოდა თანამოქალაქეებს, რომ დამორჩილებოდნენ საგანგებო მდგომარეობის წესებს და ექსცესებს მორიდებოდნენ.
შემდეგ “სუსტი და დანაწევრებული” ოპოზიციის შესახებ მითის საწინააღმდეგო მოვლენების სერია გაგრძელდა: გაერთიანებულმა ოპოზიციამ დემოკრატიული პროცედურების სრული დაცვით პრეზიდენტობის ერთიანი კანდიდატიც წამოაყენა, მომავალი პრემიერ-მინისტრიც დაასხელა და 25 ნოემბრის აქციაც წარმატებით და ორგანიზებულად ჩაატარა.
2007 წლის შემოდგომის მოვლენების შედეგად გაირკვა, რომ ქვეყანას ჰყავს პასუხისმგებელი ოპოზიცია და უპასუხისმგებლო ხელისუფლება.
მაშ ასე: საქართველოში ახალი რეალობაა, რაც მორიგი მითების აღმოცენების მომასწავებელია. სააკაშვილი თავისი გარემოცვითურთ თხზავს მითს “შეთქმულების”, “სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის”, “რუსეთის აგენტების” შესახებ და უწიგნურობის გამო ჰგონია, რომ ესეც პირველად ხდება პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა თუ, შესაძლოა, მსოფლიოს ისტორიაშიც კი . მიუხედავად იმისა, რომ არც ერთმა ოფიციალურმა პირმა დასავლეთში თბილისის მოვლენებში “რუსული კვალი” სარწმუნო ვერსიად არ მიიღო, სხვა რა დარჩენია საქართველოს პრეზიდენტყოფილს თავისი დანაშაულის ასახსნელად თუნდაც ადგილობრივი მოხმარებისათვის ? ვაი, რომ ამით კიდევ უფრო ადასტურებს საკუთარი ნატურის საეჭვო თვისებებს (რომელ პარანოიდალურ მმართველს არ აწუხებს მოჩვენებები მისი პერსონის წინააღმდეგ შეთქმულებათა უწყვეტი ჯაჭვის შესახებ?), მმართველობის ავტორიტარული წესის მიმართ ერთგულებას (რომელ დიქტატორს არ გაუთამაშია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღკვეთის სცენარი?). ხოლო გარემოცვა ყოველთვის მზადაა “შეთქმულებების” ახალი დეტალები გაანდოს და “შეთქმულთა” ახალ-ახალი სიები მიაწოდოს, რათა საკუთარი ერთგულება, სიფხიზლე და შეუცვლელობა დაუდასტუროს. ნათელია, რომ ეს მითი ცოტას თუ გაახსენდება, თუკი საქართველოს ახალი პრეზიდენტი ეყოლება 6 (ან 20) იანვარს. და თუ არა? “ფოლადის ლედის” ფაქტურამდე დამსახურებულად დაწინაურებულმა ჩვენმა სპიკერმა 13 ნოემბრის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ საარჩევნო კამპანიის დასრულებამდე ოპოზიციის არც ერთი ლიდერი და ნოემბრის დემონსტრაციების ორგანიზატორი არ იქნება დაპატიმრებული . დიდება შენს მოწყალებას, ფოლადის ლედი!
აშშ-ში კი სააკაშვილის შესახებ მითის მსხვრევას არ ეგუებიან და მის კორექტირებულ ვერსიას ამუშავებენ: ნახეთ, რა მალე მოეგო გონს ეს ნიჭიერი, ერთგული და ჩვენთან ნასწავლი ყმაწვილიო, როგორ იყოჩაღა, როცა დანიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და გააუქმა საგანგებო მდგომარეობა; ის ხომ უთუოდ გამოსწორდება არჩევნების შემდეგ: საკუთარ ხალხს საკუთარ თავზე მეტად შეიყვარებს, “ცუდ ბიჭებს” თავისი გარემოცვიდან ცუდსავე ადგილს მიუჩენს, ოპოზიციის რუსეთის აგენტობაში “მამხილებელი” ფილმის ავტორებს კუთხეში დააყენებს, ოპოზიციის ლიდერებს კი თითო კათხა ლუდზე მიიწვევს თავის ახალ რეზიდენციაში, “ამორეცხავს” ჩარეცხილ შემოქმედებს და ღირსების ორდენებით დააჯილდოებს, ყველას დაუბრუნებს წართმეულ ან ხელისუფლებისთვის ძალით ნაჩუქარ ქონებას და ზედ კიდევ თითო კუბომეტრ შეშას დაუმატებს, ყველა ტელეარხს სრულ თავისუფლებას მიანიჭებს, ხოლო ჟურნალისტებს მკერდში ჩაიკრავს, ზოგს კი მამობრივი სიყვარულის ნიშნად შუბლზე (ან პირზე) აკოცებს. შეიძლება “დეზერტირების” ბაზარიც კი აღადგინოს, ხოლო მედეას ძეგლი – სოხუმის, პრომეთესი კი ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებს აჩუქოს...
დამეთანხმებით (უფრო სწორად – შინაურულად გაუგებთ ვაშინგტონის ადმინისტრაციას), რომ ეს გზა უფრო იოლია (პრაგმატული?!), ვიდრე კარს მომდგარი საკუთარი საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე საქართველოში მოვლენების სხვა გზით განვითარების განჭვრეტით ტვინის ჭყლეტაა, ვიდრე ახალ ხელისუფლებასთან (დღევანდელ ოპოზიციასთან) ურთიერთობების აწყობა-დალაგება
This post has been edited by Trailblazer on 2 Jan 2008, 13:14
--------------------
"1984" http://www.gol.ge/index.php?cat=movies&details=1938&order=1.1#
|