პლეხანოველ მოგელას ჭკუა რომ ჰქონოდა, ამ კაცს დანიელასაც გაატანდა საცეკვაოდ, მერე გვერდითაც მოისვამდა და რაღაცეებს გამოკითხავდა, მაგრამ პლეხანოველ მოგელას ჭკუა აღარ ჰქონდა, მხოლოდ და მხოლოდ ძველი მანქანა ხრიგინებდა, რომელიც, ღმერთმა იცის, რატომ ჩაირთო, ვინაიდან პლეხანოველ მოგელას ეს უზარმაზარი იმპერია აღარც ახსოვდა. უფრო სწორად, ამ უცნაური ამბის გამო ახსოვდა, მაგრამ თუკი ოდესმე დასჭირდებოდა ძველი და მოდიდან გამოსული სასაცილო მანქანა, ნამდვილად აღარ ეგონა. და, პლეხანოველმა მოგელამ ისე, რომ კაცისთვის არც შეუხედავს, თქვა: - ანა ნი ტანცუიტ... ს რუსსკიმი... (აკა მორჩილაძე, Maid in Tiflis)
ცუდი ამბები ყოველთვის ხდება. ვისთვის ცუდი და ვისთვის – პირიქით. ღიმილი და ირონია თითქმის ყოველთვის შესაძლებელია. თითქმის... ამ დროს მეტი დაფიქრებაა საჭირო, გააზრება. უნდა გაიხედო წინ და მოიხედო უკან. უნდა გაიაზრო, რა ხდება და რატომ. რა მოხდება და რატომ.
ადამიანის სიკვდილი არ უნდა გაგიხარდეს, თუ ადამიანი ხარ. თუ არ ხარ და, მაშინ შენთვის არ იწერება ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში, რადგან რაც ხდებოდა, ხდებოდა უშენოდ.
ბადრი პატარკაციშვილის შესახებ ბევრი დაწერილა და კიდევ ბევრი დაიწერება, ბევრად მეტი, ვიდრე აქამდე. იქნება შეფასებები და იქნება ვერსიები. არაფერი იქნება სასაცილო, თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, ახალგაზრდა ადამიანის – ორმაგი ტრაგედია.
გასულ კვირაში თორნიკე ამბოკაძე დაიღუპა. “კაცი-ლეგენდა” - ასე ვეძახდით. ნიჭიერი მხატვარი, გემრიელი და უღალატო კაცი, გასაოცარი იუმორით. ერთხელ, პოლიციელთა პროფესიული დღესასწაულის წინა დღეს, ვთხოვე კახა თარგამაძე დაეხატა. “რეზონანსში” გვინდოდა, საპირველგვერდოდ. დახატა.
თარგამაძე საკუთარ კაბინეტში, ერთ ხელში – ტელეფონი, მეორეში – კალამი. კარ-ფანჯრის ჩარჩოები ქათმის ძვლებისგან არის შეკოწიწებული, ხალიჩის ორნამენტებიც ქათმის ძვლებია, საწერი მაგიდი ფეხები, უჯრის სახელური, საფერფლე, ტელეფონის ყურმილი და კალამიც ქათმის ძვალია. კედელზე ნახატია ჩამოკიდებული. ჩარჩო, რა თქმა უნდა, ქათმის ძველებისგან არის შეკრული. ნახატზე ვხედავთ თეფშს, რომელზეც ქათმის ძვალი დევს.
ახლა ყველაფერი არ მახსენდება, მაგრამ თორნიკე ამბოკაძეს ვერასოდეს დავივიწყებ, ეგ არის კაცი-ლეგენდა. ოქროსუბნელი იყო.
გასულ კვირაში თორნიკეს ანტიპოდებს რუზრუზი ჰქონდათ. ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე, ჩემი ქათმები ჯიბგირებივით დარუზრუზობენო.
გენერალ-გუბერნატორმა, დავით ტყეშელაშვილმა სახელმწიფო კანცელარიაში გუბერნატორების რუზრუზი შექმნა. ყველას რაღაც ეჭირა ხელში – მომავლის გეგმები და წარსული დამსახურებები. ერთადერთი, ვინც ხელცარიელი ჩამოვიდა, ლევან ბეჟაშვილი იყო, რომელიც გუბერნატორად გასულ კვირაში გამოცხვა. რას დააჭერინებენ ბეჟაშვილს კახელები, ამას მომავალი გვიჩვენებს.
ჯერჯერობით კი აი რა უჭირავს: 1996-1997 იყო გამომძიებლის თანაშემწე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის საგამოძიებო სამმართველოში. 1997-1999 - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატში უფროსი სპეციალისტი; წამყვანი სპეციალისტი. 1999-2003 - საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტში წამყვანი სპეციალისტი; განყოფილების გამგე; დეპარტამენტის უფროსი. 2003-2004 - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. ბოლოს კომიტეტს თავმჯდომარეობდა და იმით შეუძლია იამაყოს, რომ ერთ მოადგილედ პარლამენტში ყველაზე ჭკვიანი ჰყავდა, ხოლო მეორე მოადგილედ – პარლამენტში ყველაზე ლამაზი.
-”ჩვენი ამოცანაა, დავეხმაროთ მოსახლეობას რეგიონებში, რაიონებში, სოფლად. გავაკეთოთ მაქსიმუმი, რათა ხალხმა იგრძნოს, რომ...” - დარუზრუზობდა და კრიახებდა ტყეშელაშვილი, გუბერნატორები მხარს უბამედნენ. კონკრეტული გეგმები უკვე გვაქვსო, დავალებების ნუსხა უკვე შევადგინეთო, აი ნახავთ სულ მალე ავყვავდებითო. ლადო ვარძელაშვილმა. განცხადა, რეგიონში უკვე არსებობს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს იქ პროგრამა “საქართველო სიღარიბის გარეშე”-ო.
პირველი, რაც ვარძელაშვილმა გააკეთა, იყო ის, რომ ითამაშა კალათბურთი, ოპოზიციის ერთ-ერთი და ყველაზე ძნელადშესასრულებელი მოთხოვნა კი არის “ვარძელაშვილი კალათბურთის ბურთის გარეშე”.
გასულ კვირაში ოპოზიციამ თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმა შეიმუშავა. ამ გეგმის მიხედვით, უკვე მომავალი კვირიდან თბილისს კარვები დაამშვენებს. ყოველი კარავის წინ გამოკიდებული იქნება შესაბამისი პარტიის დროშა, ყოველ კარავში იშიმშილებს რამდენიმე ამომრჩეველი.
-“ხალხის პარტიის” ოფისში დღეს საცდელად ორი ტიპის კარავი გაშალეს. კობა დავითაშვილის თქმით, კარვების აწყობა-დაშლის მექანიზმს ოპოზიციის ახალგაზრდა აქტივისტები შეისწავლიან. “სწავლა, სწავლა და სწავლა” ლენინმა ოპოზიციის ახალგაზრდა აქტივისტებს დაუბარა.
“კარვების დადგმა ყველგან შეიძლება, მათ შორის – უდაბნოშიც. უმჯობესი იქნება, თუ ოპოზიცია რაიმე უკეთესს მოიფიქრებს და იმას დადგამს”, - აღნიშნა ერთმა მესხმა მომღერალმა, “სახის” სახემ და ნაციონალების “როჟამ” გოგა ხაჩიძემ. “თუ ოპოზიციას აქვს მიზანი, რომ კარვებით მოხიბლოს ამომრჩეველი, ჩვენ ის მიზანი გვაქვს, რომ კონკრეტული რეგიონული პროექტები განვახორციელოთ ჩვენს ქვეყანაში”, - დაახეთქა კახური დემოკრატიის მამამ, ლევან ბეჟაშვილმა და გიგი უგულავამაც არ დააყოვნა. გიგი უგულავამ 60 კაცს მიწის საკუთრების დამადასტურებელ მოწმობები გადასცა.
ეს ის ხალხია, ვისაც შენობა კი აქვს, მაგრამ არა აქვს მიწა. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ მომავალი მოშიმშილეები იმ მიწის დაკანონებას მოითხოვენ, რომელზეც საშიმშილო კარვები იქნება გაშლილი. როგორც მერიაში აცხადებენ, მიწების დაკანონების ბრძანება მიშას ჯერ კიდევ 2007 წლის 15 სექტემბერს გაუცია. ჰოდა, როგორც ვატყობ, კინწურაშვილს გადადგომის განცხადება ჩვენს წელთაღრიცხვამდე ექნება დაწერილი.
არ ვუღალატებ უკვე დამკვიდრებულ ტრადიციას და ჩემი ერთგული სააგენტოს ნიუსს ამჯერედაც გაგაცნობთ: “თბილისის მერიის შპს "თბილისის ავტობუსმა" უნიფორმის სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” მერიიდან აცნობეს, შესყიდვის ობიექტი 3 ლოტადაა დაყოფილი. I ლოტი ითვალისწინებს 2000 ცალი მამაკაცის ჟილეტების შეძენას, II ლოტი - 2000 მამაკაცის პერანგების, ხოლო III ლოტი - 2000 მამაკაცის ჰალსტუხის შეძენას. დასაშვებია ალტერნატიული წინადადების წარმოდგენა”.
ანუ, ჯავშანჟილეტები, დამამშვიდებელი პერანგები და კოლუმბიური ჰალსტუხები. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ სად არის გენდერი? სად არის გენდერული ბალანსი?
ბალანსი წარმოუდგენელია სიყვარულის გარეშე. 14 თებერვალს, როგორც რადიო “არ დაიდარდოს” ერთმა მსმენელმა თქვა, ვალენტობის დღეს, ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა თავიანთ ყოფილ ოფისთან შინაგან საქმეთა სამინისტროს მანქანა შენიშნეს, საიდანაც სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა რამდენიმე მწვანე შეფერილობის ყუთი გადმოიღეს.
-“ოქრომჭედლების” თქმით, შს სამინისტროს ასეთი ყუთებით ცრემლსადენი გაზი დააქვს. მათივე აზრით, სამართალდამცვაბემა ცრემლსადენი გაზი მოიმარაგეს იმ შემთხვევისთვის, თუ ოფისის წინ აქციები გაიმართება ან ოფისში შესვლის მცდელობა იქნება.
ყველაფერი გასაგებია: ვანო ჩაატარებს შენობის ხელმეორე ჩხრეკას, აღმოაჩენს ცრემლსადენ გაზს და იტყვის, რომ 7 ნოემბერს ხალხი ოქრუაშვილმა აატირა. ვანო ისე გათავხედდება, რომ, შესაძლოა, ოქრუაშვილს ქარელისა და სუხიტაშვილის ძმობაც დააბრალოს.
ოპოზიციის მემორანდუმს ხელისუფლებამ თავისი მემორანდულით უპასუხა. ოპოზიციამ ერთი სიტყვის გამო მაშინვე პროტესტი გამოთქვა. ეს იყო სიტყვა “კონსენსუსი”. “და თუ კონსენსუსი არ იქნება?” - იკითხა განრისხებულმა გრეჩიხამ” და მაჭავარიანმაც უკან დახევის გეგმა აამოქმედა - ოპოზიციას შეახსენა, რომ სიტყვა ”კონსენსუსი” და ”შეთანხმება” სინონიმებია. ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნია მაიკლ მაჭავარიანს. შეგახსენებთ, რომ “მიშა” და “მაიკლ” სინონიმებია.
-”არავითარი ზედმეტი კონსენსუსი და რთული ტექსტები არ არის საჭირო. გავისტუმროთ ეს ხელისუფლება პოლიტიკურ საიქიოში” - განაცხადა გამყრელიძემ. როცა გამყრელიძეს პირადად გავიცნობ, აუცილებლად ვკითხავ, როგორ წარმოუდგენია ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საიქიო. ჩემი აზრით, იქ პრეზიდენტი კობა ბექაურია, პარლამენტის თავმჯდომარე – მეგი გოცირიძე, გიგი უგულავა ყვითელ ავტობუსს ატარებს, ხოლო მაიკლ სააკაშვილი გმირთა მოედანზე შადრევანში თევზაობს. ჰო – კახა ბენდუქიძე თავად არის შადრევანი და ქარი აწუხებს.
საერთოდ კი, 14 თებერვალს პარლამენტის წერები პოლიტიკურ სამოთხეში იმყოფებოდნენ, რადგან, როგორც სააგენტომ მაცნობა “საქართველოს პარლამენტში დღეისთვის დაგეგმილი ყველა ღონისძიება გადაიდო. დაგეგმილი ღონისძიებების გადადების ოფიციალური მიზეზები პარლამენტში ჯერ-ჯერობით არ სახელდება”.
ნინო ბურჯანაძე მიესალმა მთავრობის პოზიციას სტატისტიკის დეპარტამენტის, როგორც დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. განაცხადა, აქამდე ბევრი პრობლემა იქმნებოდა, რადგან სტატისტიკის დეპარტამენტი ნორმალურად არ ფუნქციონირებდაო. არ იყო დამოუკიდებელი ინსტიტუტი და ხელისუფლებას ხშირად არ ჰქონდა ხოლმე ობიექტური ციფრებიო, რაც სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელიაო. მისი განცხადებით, პარლამენტს, მთავრობას და პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს რეალური ციფრები. ,,მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სასიამოვნო იქნება“.
მოგეხსენებათ, ერთ დროს სტატისტიკის დეპარტამენტს ვინმე ბროლაძე ხელმძღვანელობდა და ბროლის ნაკეთობებს ითვლიდა. იგი შეცვალა ვინმე სირაძემ, რომელიც აგრეთვე ითვლიდა რაღაცას. ახლა ეს უწყება დამოუკიდებელი ხდება და პარტია და მთავრობა დამოუკიდებელი ორგანოთი ხელში შეეცდებიან სიღარიბის აღმოფხვრას. თუ ვერ აღმოფხვრიან და ერთ მშვენიერ დღეს სწორედ ეს “დამოუკიდებელი ორგანო” მოხვდებათ თავში დამოუკიდებული ორგანოს ვითომ დამოუკიდებელ მოტრფიალეებს.
თორნიკე რომ იყოს, დახატავდა მაგათ დამოუკიდებელ გამომეტყველებას. თორნიკე დახატავდა, თუ როგორ დააჯილდოვა მიშამ შეიხ ნახიან ბინ მაბარაკ ალ ნახიანი ოქროს საწმისის ორდენით არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და საქართველოს სახელმწიფოს შორის კეთილმეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის”.
მაგას კიდევ ოქროს საწმისი უნდოდა? ჩვენ კიდევ კოსოვო გვინდოდა?
მინდა, ახლა, მე, რუსული სახაზავი და ალბანური პარალელები?
კეთილად მენახეთ.
თ.ა.ი. (თორნიკეც ასე იტყოდა) - აქ რუსეთია? – იკითხა პლეხანოველმა მოგელამ, - აქ რუსეთია? – დაიღრიალა უცებ, - მაწ ვაშუ იობ... ზძეს ნი რასსია. ზძეს სვაბოდნაია სტრანა... იბალ ია ვაში პადვოდნიე ლოდკი ი ბირიოზოვი სოკ!!!..(აკა მორჩილაძე, Maid in Tiflis)
დიმიტრი გელოვანი
http://presa.ge/index.php?text=news&i=1322