ნაწყვეტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წეს-განგებიდან:
სრულად:
http://www.orthodoxy.ge/samartali/debuleba.htmსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი§1. საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი.
§2. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ეროვნებით უნდა იყოს ქართველი,
- უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი,
- უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება,
- ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა,
- უნდა იყოს ბერი.
§3. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება.
§4. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.
§5. იმ შემთხვევაში, როცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე დადგენილი არ არის, ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი ავტომატურად ხდება მოსაყდრე.
§6. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი წმ. სინოდის წევრთა უმრავლესობის თანდასწრებით ხსნის კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დატოვებულ ანდერძს და აცხადებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობას.
§7. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძით დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისადმი კანონიკური მორჩილება საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრის მოვალეობაა.
§8. საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზედაც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა.
§9. საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ მოსაყდრე იწვევს წმ. სინოდს, საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად.
§10. წმ. სინოდი ირჩევს გაფართოებულ კრებაზე წარსადგენ 3 კანდიდატს.
§11. წმ. სინოდის ყველა წევრს აქვს უფლება წარმოადგინოს ერთი საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის თავისი თავიც.
§12. სამი საპატრიარქო კანდიდატი, რომლებიც მიიღებენ ხმათა უმრავლესობას, კენჭს იყრიან გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატები.
§13. გაფართოებული კრების ყველა მონაწილეს აქვს უფლება გამოთქვას აზრი კანდიდატთა შესახებ.
§14. კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ მღვდელმთავრები.
§15. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს.
§16. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ტარდება ხელმეორე კენჭისყრა, როშელშიც მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, რომელიც პირველ კენჭისყრაში მიიღებს ხმათა უმრავლესობას.
§17. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრება (ინტრონიზაცია) ხდება მცხეთის სვეტიცხოვლის წმ. ათორმეტთა მოციქულთა სახელობის საპატრიარქო ტაძარში.
§18. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად ხდება სამუდამოდ (კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებამდე).
§19. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრული ტიტულია: უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი დიდი მეუფე, მამაი ჩვენი...
§20. ყველა სასულიერო პირი მოვალეა ღვთისმსახურების დროს მოიხსენოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელი საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შემავალ ყველა ტაძარში, როგორც საქართველოში ასევე მის საზღვრებს გარეთ, შემდეგი ფორმულით: „უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი დიდი მეუფე, მამაი ჩვენი (სახელი)“.
§21. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პატივის ნიშნებიაა ძოწისფერი მანტია, შავი საპატრიარქო კუნკულ-ბარტყული ჯვრითა და ფრთებზე გამოსახული სერაფიმებით, ორი პანაღია და ჯვარი, დიდი პარამანი და ჯვრის წინგაძღოლის უფლება.
§22. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს თავისი ტვიფარი და ბეჭედი.
§23. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არის მცხეთა-თბილისის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი.
§24. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უშუალო იურისდიქციაში იმყოფებიან როგორც თბილისის სიონის, მცხეთის სვეტიცხოვლის, გელათის, მოქვისა და გონიოს საკათედრო ტაძრები, ასევე ყველა სტავროპიგიალური მონასტერი.
§25. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იწვევს და თავმჯდომარეობს საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდს და გაფართოებულ კრებას.
§26. კრებათა შორის პერიოდში საქართველოს ეკლესიის უმაღლესი საეკლესიო ხელისუფალი და მმართველი არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
§27. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თავის მოღვაწეობას ახორციელებს შემდეგ საფუძვლებზე:
1 . წმიდა წერილი და საღმრთო გადმოცემა;
2. წმიდათა მოციქულთა, წმიდათა მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა და წმიდა მამათა კანონები და წესდებები;
ვ. საქართველოს ეკლესიის ადგილობრივ კრებათა დადგენილებები;
4. საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, საქართველოს კონსტიტუცია და შესაბამისი კანონები.
§28. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ახორციელებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ფუნქციებს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის, ხოლო მეორე ინსტანციის სასამართლოს ფუნქციებს საქართველოს ეკლესიის დანარჩენი ეპარქიების მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის, რომელთაც საკმარისი საფუძველი აქვთ გაასაჩივრონ თავიანთი მმართველი მღვდელმთავრის განაჩენი.
§29. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უფლებამოსილია მამამთავრული შენიშვნა მისცეს ან საეკლესიო სასჯელი შეუფარდოს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შემავალ სამღვდელოებას, ბერმონოზვნებსა და ერისკაცებს და შეატყობინოს ამის მესახებ ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს.
§30. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი:
1. ზრუნავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლისიის საეკლესიო დადგენილებების განხორციელებისათვის.
2. ზრუნავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიის ერთიანობაზე.
3. ხელს აწერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის დადგენილებებსა და სხვა საერთო-საეკლესიო დოკუმენტებს.
4. ურთიერთობას ამყარებს სხვა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელებთან, აგრეთვე, სხვა აღმსარებლობის ხელმძღვანელებთან, როგორც საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის სახელით, ასევე თავისი პირადი სახელითაც.
5. არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი სახელმწიფოს ხელისულების წინაშე.
6. ახორციელებს უმაღლეს ზედამხედველობასა და კონტროლს ყველა საეკლესიო საქმეზე.
7. ზრუნავს თავისუფალ სამღვდელმთავრო კათედრებზე, მათ შევსებაზე.
8. ზედამხედველობს და ხელმძღვანელობს ახალი მღვდელმთავრის არჩევას. სხვა მღვდელმთავრებთან ერთად ახდენს ახალი მღვდელმთავრის ხელდასხმას. აძლევს მას „დადგინების სიგელს“.
9. ზედამხედველობას უწევს მღვდელმთავრებს საეპარქიო მართვა-გამგეობაში. მწყემსმთავრულად მიმოიხილავს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შემავალ ეპარქიებს.
10. საჭიროების შემთხვევაში ავალებს მღვდელმთავრებს, სხვა კანონებით გათვალისწინებული მიზეზების გამო, თავისუფალი ეპარქიის დროებით მმართველობას.
11. აძლევს მღვდელმთავრებს ძმურ რჩევებსა და მწყემსმთავრულ შენიშვნებს, როგორც მათი პირადი ცხოვრების, ასევე სამღვდელმთავრო მოვალეობის შესრულების შესახებ. მათი მხრიდან უყურადღებობის შემთხვევაში მიმართავს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს.
12. იღებს განსახილველად საქმეებს მღვდელმთავრებს შორის წარმოშობილ გაუგებრობების შესახებ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილება ორივე მხარასათვის სავალდებულოა.
13. იღებს საჩივრებს მღვდელმთავრებზე და აძლევს მათ კანონიერ მსვლელობას.
14. ნებართვას აძლევს მღვდელმთავრებს სამსახურეობრივი საქმეების გამო საზღვარგარეთ გამგზავრებაზე.
15. ამტკიცებს ეპარქიების მმართველი მღვდელმთავრების ყველა ზოგადსაეკლესიო მნიშვნელობის გადაწყვეტილებას.
16. აღყავს მღვდელმთავრები დადგენილ საეკლესიო წოდებებში და აძლევს მათ საეკლესიო ჯილდოებს.
17. განიხილავს მღვდელმთავართა ანგარიშგებას ეპარქიის მდგომარეობის შესახებ, აძლევს მათ შეფასებას და იღებს საჭირო ზომებს.
18. ნიშნავს რევიზიას სხვადასხვა საჭიროებათა და შემთხვევათა გამო.
19. აქვს სტავროპიგიების დაარსების უფლება.
20. ამტკიცებს, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში თვითონ ნიშნავს მონასტრების წინამძღვრებს.
21. ზრუნავს მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების გავრცელებისათვის, ზედამხედველობს და ხელმძღვანელობს ქრისტიანულ სწავლა-განათლგბას.
22. ნიშნავს და ამტკიცებს სასულიერო სასწავლებლების რექტორებსა და პრორექტორებს. ამტკიცებს სამეცნიერო-საღვთისმეტყველო წოდებებისა და ხარისხების მინიჭებას, ზედამხედველობას უწევს სასწავლო კომიტეტს.
23. ზედამხედველობს და ხელმძღვანელობს ქრისტიანულ განათლებას საერო სასწავლო დაწესებულებებში.
24. ეკლესიის საჭიროებისამებრ ნიშნავს სამღვდელო ან საერო პირებს საქართველოს საზღვრებს გარეთ სამსახურისათვის.
25. სამღვდელო და საერო პირებს ანიჭებს დადგენილ საეკლესიო ჯილდოებს.
26. ზრუნავს წმიდა მირონის დროულად მომზადებისათვის და აკურთხებს მას.
27. საქართველოს საპატრიარქოსთან ქმნის და აუქმიბს სამეურნეო-საწარმოო განყოფილებებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ თავიანთი წესდებებისა და სახელმწიფოს შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად.
28. ზრუნავს წმინდანთა საფლავების დაცვისა და გამშვენებისათვის.
29. ზრუნავს ეკლესიების აღდგენა-რესტავრაციაზე და ახალი ტაძრების მშენებლობაზე.