ვალერი გელბახიანი პარლამენტის წევრების სახელზე განცხადებას აქვეყნებსარკადი (ბადრი) პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ვალერი გელბახიანი საქართველოს პარლამენტის წევრების სახელზე განცხადებას აქვეყნებს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ძალიან გთხოვთ, რომ წინამდებარე განცხადება არ ჩამითვალოთ იმის მცდელობად, რომ თქვენგან ვითხოვ მოწყალების მიღებას. ეს რომ ასე არ არის, ამას ამ განცხადების შინაარსითაც მიხვდებით.
მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ფიცი დადო, რომ ქვეყანაში ადგილი აღარ ექნება პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნას, თავის პირველივე უფლებამოსილების განხორციელება ჩემი პოლიტიკური დევნით დაიწყო. სამწუხაროდ, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობისათვის, საქართველოში სიმართლე და მართლმსაჯულების განხორციელება უკვე ურთიერთგამომრიცხავი ცნებები გახდა, ამიტომ ოთარაანთ ქვრივისა არ იყოს, "რკინის ქალამნები" რომც ჩაიცვა საქართველოში სასამართლოს მეშვეობით სიმართლის დადგენა შეუძლებელია. ჩვენ ყველანი ერთად ვხედავთ, რომ ქვეყანაში მძლავრად მოიკიდა ფეხი დაუწერელმა "პოლიტიკურმა სამართალმა", რომელსაც მართლმსაჯულების განხორციელებასთან საერთო არაფერი აქვს და ეფუძნება, მხოლოდ ძალმომრეობის ფაქტორს, ანუ რასაც პოლიტიკური მთავარსარდალი მოისურვებს, ის არის კანონიც და სამართალიც. ეს შემთხვევითი მოვლენა ნამდვილად არ არის. შეგახსენებთ, რომ 2006 წელს, როდესაც პარლამენტმა მიიღო საპროცესო კოდექსში რადიკალური ცვლილებები, რომლის მიხედვითაც თავისუფლად შეიძლება აბსოლუტურად უდანაშაულო პიროვნების დამნაშავედ გამოცხადება, და რომელმაც თავდაყირა დააყენა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ყველა ფუნდამენტური დებულება, მაშინ არამარტო წერილობით მივმართე პარლამენტის ხელმძღვანელობას, არამედ პროკლამაციებიც კი გავავრცელე პარლამენტის წევრებისათვის, რათა მათ ხმა არ მიეცათ ამ კანონისათვის. მართალია ეს მცდელობა მაშინ უშედეგოდ დამთავრდა, მაგრამ მაინც შეგახსენებთ თუ როგორ მთავრდებოდა ეს პროკლამაცია: "ეს კანონი ყველა თქვენთაგანის კარებთან აქლემივით ჩაიჩოქებს და მერე გვიან იქნება". მე ზუსტად არ ვიცი ამის შემდეგ, თუ რამდენი პარლამენტის წევრის ან მათი ახლობლების კარების წინ რამდენჯერ ჩაიჩოქა ამ ინკვიზიციურმა აქლემმა, მაგრამ ამჯერად, რომ ჩემს კარებთან დგას ეს ფაქტია და კიდევ ვინ იცის რამდენჯერ განმეორდება ასეთი იურიდიული სისაძაგლე, რომელმაც საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ციხეებში გამოამწყვდია, ხოლო დიდ ნაწილს სახლები დააყიდინა საპროცესო შეთანხმებით რომ ციხიდან თავი დაეღწიათ.
საქვეყნოდ ვაცხადებ, რომ ქვეყანაში დიდი ხანია არსებობს სერიოზული პოლიტიკური კრიზისი და ეს არჩევნებმაც აჩვენა, რომელიც კვლავ ძალმომრეობით და გაყალბებით განხორციელდა და არავითარ ციფრებს არ შეუძლია ამ კრიზისის ამგვარად დაძლევა. თქვენ ძალიან მალე დაინახავთ თუ რა მოაქვს გაყალბების და ძალადობის გზით ხელისუფლების მოპოვებას. ქვეყნის სირცხვილია, როდესაც კრიზისის შემქმნელი ხელისუფლება ერთადერთ გზად ირჩევს "კუდიანებზე" ნადირობას და პოლიტიკური ოპონენტების "მტრის ხატებად" გამოცხადებით უნდათ ამ მძიმე პოლიტიკური კრიზისის დაძლევა. ეს არის სირცხვილი და ასე ქვეყანა შორს ვერ წავა. აღიარებული ფაქტია, რომ მე არა ვარ პირველი, როდესაც ფარული ჩანაწერის პროვოცირება ხდება და შემდეგ ეს ადამიანები ცხადდებიან სახელმწიფო დამნაშავეებად. ისიც ხომ ფაქტია, რომ მხოლოდ საქართველოშია ასეთი რამ და მისი პრეცენდენტები მხოლოდ ბოლშევიკური საქართველოდანაა ნასესხები.
აბა, დამისახელეთ პოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკურ მოვლენებზე არ აკეთებდეს საჯარო ან პრივატული ხასიათის ანალიზებსა და შესაბამის პროგნოზებს და წარმოიდგინეთ, რომ კარგი თუ ცუდი, მოსაწონი თუ მიუღებელი შეფასებებისათვის ადამიანები და მით უფრო პოლიტიკოსები, რომელთა პროფესიული მოღვაწეობა სწორედ ეს არის, იდევნებოდნენ პოლიტიკურად და ცხადდებოდნენ შეთქმულებად. გაიხსენეთ, ჩემი ბოლოდროინდელი ყველა ბრიფინგი, ყველა სატელევიზიო გამოსვლა ეძღვნებოდა არჩევნების გაყალბების მზადებას და ამის შესახებ სისტემატიურად ვატყობინებდი წერილობით საერთაშორისო ორგანიზაციებს. ყველა პოლიტიკოსი (ოპოზიციური) საქართველოში და მათ შორის მეც, ვაცხადებდით, რომ თუ ხელისუფლება გააყალბებდა არჩევნებს, ჩვენ მოვუწოდებდით ხალხს და მშვიდობიანი საპროტესტო მანიფესტაციებით გამოვხატავდით არა მარტო გაყალბების დაგმობას, არამედ მოვითხოვდით ხალხის ხმების სამართლებრივად და პოლიტიკურად დაცვას. როცა საჯაროდ ასეთი პრევენციული განცხადებები კეთდებოდა, მაშინ ეს არ იყო დანაშაული, მაგრამ საკმარისი გახდა იგივე შინაარსის ფარული კამერით ჩაწერა და მისი მონტაჟის სახით ჩვენება, რომ ეს მოვლენა შეთქმულებად შეფასებულიყო. ალბათ, არ დამჭირდება იმის მტკიცება, რომ ძალიან კარგად ვერკვევი ისეთი ტერმინების შინაარსში, როგორიცაა: გადატრიალება, დამხობა, შეთქმულება, ლიკვიდაცია, აჯანყება და ა.შ. ამიტომ, ვინაიდან, დამონტაჟებულ ტექსტშიც კი, არსად არ გამომიყენებია მსგავსი შინაარსის ტერმინი, მაშინ როგორღა მნათლავთ გადამტრიალებლად და ლამის ალქაიდას ტერორისტად?!
ღვთის წინაშე შემიძლია განვაცხადო, რომ რაიმე დანაშაულის ჩადენაზე ფიქრიც კი არ გამივლია თავში და თუ გაინტერესებთ, მაშინ ძალიან მარტივად შეიძლება თქვენ თვითონ გასცეთ ამ ორ კითხვას პასუხი: 1). თუ ჩემი შეხვედრა ირაკლი კოდუასთან ჩემს მიერ იქნა ინიცირებული და ორგანიზებული, მაშინ მე გიჟი უნდა ვყოფილიყავი, რომ მივედი მასთან, ანგარიში ჩავაბარე სახელმწიფო გადატრიალების გეგმის მზადებაზე და ამით ჩავშალე ჩვენი საარჩევნო კამპანია. თუ გიჟი არა ვარ და ნებაყოფლობით, სრულჭკუაზე მყოფმა გავაკეთე ასეთი რამ, მაშინ ორივე შესაძლო პასუხი თქვენ შეაფასეთ, რა შემთხვევაში დგება ამ დროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა? 2). თუ შეხვედრა ირაკლი კოდუას ინიციატივით შედგა და მის მიერ იყო ორგანიზებული ვიდეომონტაჟიც, მაშინ თქვენ თვითონ შეაფასეთ პასუხი, არის თუ არა ამ შემთხვევაში დანაშაულის პროვოცირება მათი მხრიდან ვინც ეს მოაწყო.
და ბოლოს, მინდა გაგიცხადოთ, რომ იქ სადაც ძალმომრეობა მძვინვარებს და სადაც პოლიტიკოსებს სდევნიან, იქ სადაც ბატონები: შალვა ნათელაშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, ლევან ბერძენიშვილი, გოგა ხაინდრავა, ბადრი პატარკაციშვილი და სხვები ცხადდებიან შეთქმულებად და მოღალატეებად, იქ აბა ჩემი თავი რაღა მოსატანია და ღირსეულად ჩავთვლი თავს თუ საქართველოს პარლამენტი მეც ასეთსავე პატივს დამდებს".
2008.01.23
http://www.radio-imedi.ge/geo/index.php?nid=23840