BASCO
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3199
წევრი No.: 14150
რეგისტრ.: 2-November 05
|
#7510784 · 27 Nov 2007, 17:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს სარბიელში გამოქვეყნდა ილია ნანობაშვილის ძალიან საინტერესო ინტერვიუ ზურაბ ხიზანიშვილთან.
საკმაოდ საინტერესო ინტერვიუა.
რატომ წავიდა ხიზანიშვილი საქართველოს ნაკრებიდან
ილია ნანობაშვილი
თუ ჰგონიათ, ჩემი ინტელექტი ისეთ დაბალ დონეზეა, რომ თვალებში ნაცარს შემაყრიან, ძალიან ცდებიან! ზურაბ ხიზანიშვილმა 21 ნოემბერს ლიტვასთან ფეხის ტრავმის გამო არ ითამაშა - ამაში გუშინდლამდე ეჭვი არავის შეუტანია, მაგრამ მოიცათ, სად ხართ...
როგორც გუშინ შევიტყვეთ, ხიზანიშვილის თამაში შეეძლო, მაგრამ კლაუს ტოპმიოლერისგან მატჩამდე ორი დღით ადრე გაიგო, რომ ძირითადში არ იქნებოდა, რის გამოც "ხიზანას" ახსნა-განმარტება მოუთხოვია, მაგრამ...
დანარჩენს თავად ზურა გვეტყვის, რომელსაც გუშინ ინგლისში დავუკავშირდით.
გულდასმით წაიკითხეთ - აქ მარტო "ხიზანას" პრობლემას არ ამოიკითხავთ, კითხვები ადრეც გაჩნდა გოგიტა გოგუას, ალექსანდრე იაშვილისა და დავით მუჯირის ნაკრებიდან გაუჩინარებაზე...
- პირდაპირ გეტყვით, ინგლისში ისე წამოვედი, არც კლაუს ტოპმიოლერთან და არც სხვებთან უსიამოვნო საუბარი არ მქონია. უბრალოდ, არ მილაპარაკია არავისთან, თვითონ არ ჩათვალა ტოპმიოლერმა საჭიროდ ჩემთან საუბარი.
- ხიზანიშვილმა გაიგო, რომ ლიტვასთან ტოპმიოლერი არ ათამაშებდა, გაბრაზდა და ნაკრებიდან წავიდა - ეს ვერსია მართალია.
- გავბრაზდი. ცოტა ზედმეტად ნათქვამია. ჯერ თვითონ ტოპმიოლერისგან მინდა გავიგო პასუხი, რატომ გამიკეთა იგნორირება. ლიტვასთან მატჩამდე ორი დღით ადრე გავიგე, რომ მწვრთნელი ძირითადში არ მაყენებდა. უბრალოდ, დამაინტერესა მიზეზმა, მაგრამ არ აუხსნია. თუ იმას იტყვის ტოპმიოლერი, რომ მე ფეხის ტრავმა მქონდა და მაგიტომ ვერ ვითამაშებდი, არ ვიცი, ამას რა დავარქვა - ტყუილიც აღარ ჰქვია, რაღაც ტყუილზე უარესია.
- არადა, მატჩამდე ასე თქვეს, ხიზანიშვილს ტრავმა აქვსო...
- ნაღრძობი ფეხით იმდენჯერ მითამაშია, ვერც დავითვლი. ნაკრების ექიმს ვუთხარი, ფეხი მტკივა-მეთქი. მან კი ტოპმიოლერს უთხრა, მაგრამ მწვრთნელი ჩემი ჯანმრთელობით არც დაინტერესებულა, არც დამლაპარაკებია. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ სკამზე ჯდომა არ მეთაკილება. მე კი არა, მარადონა მჯდარა სკამზე, ეს რა მოსატანია. გული იმან მომიკლა, რომ მწვრთნელისგან სრული იგნორირება დავინახე, პირდაპირ მაგრძნობინა, არ მჭირდებიო...
...ნაკრებში ორი დღის მისული არ ვარ. მგონი, ვიმსახურებდი ტოპმიოლერისგან ახსნა-განმარტებას, რატომ არ მაყენებდა ლიტვასთან. რომ მოსულიყო და ეთქვა, შენი სათამაშო ფორმა არ მაკმაყოფილებს, "ბლექბერნში" პრაქტიკა არ გაქვს, ან კონკრეტულად ლიტვასთან თამაშის მონახაზში ვერ ჯდებიო, ჩვეულებრივ მივიღებდი. პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ და სკამზე ჯდომას ნორმალურად აღვიქვამ. ინგლისში კადრულობენ მწვრთნელები და უხსნიან თითოეულ ფეხბურთელს, რატომ არ ათამაშებენ. მირჩევნია, მწვრთნელმა ტყუილი მიზეზი მითხრას, მაგრამ მითხრას - ესე იგი, არარაობად არ მთვლის. შეიძლება, ზოგჯერ ტყუილზეც წახვიდე. და ტოპმიოლერს იგნორირების ასეთი სტილი აქვს. ბოდიში, მაგრამ ფეხებზე არავის დავაკიდებინებ თავს. თუ არა და, ტოპმიოლერს ნაღდად არ ვიცნობდი მასეთად. ვგრძნობდი მისგან მხარდაჭერას... ფეხბურთელის ასე მიტოვება არ უნდა შეშლოდა, ამიტომაც ეჭვი მეპარება, ჩემთან ასე მოქცევაზე გადაწყვეტილება თვითონ მიეღო...
- ანუ რისი თქმა გსურს, ფედერაციის ხელმძღვანელობისგან.!
- არ მინდა მაგაზე ლაპარაკი, რადგან რაც ბევრს ლაპარაკობ, ბევრ შეცდომას უშვებო, ნათქვამია. ნოდარ ახალკაცთან და ფედერაციის სხვა ხელმძღვანელებთანაც მშვენიერი ურთიერთობა მაქვს. აქ ლაპარაკია კლაუს ტოპმიოლერზე, მან უნდა თქვას, რატომ მომექცა ასე. არ ვჭირდები. პირდაპირ მითხრას. სხვა არავისგან არ მჭირდება ახსნა - მხოლოდ ტოპმიოლერისგან, რადგან ნაკრებში მწვრთნელია ყველაფერი.
...მათ თუ ჰგონიათ, ჩემი ინტელექტი ისეთ დაბალ დონეზეა, რომ თვალებში ნაცარს შემაყრიან, ძალიან ცდებიან! გუშინ მოსული არ ვარ ფეხბურთში და მამაჩემისგანაც ვიცი, როგორ და რა ხერხებით კეთდება იგნორირება. თვალები შეიძლება ჩემს პატარა გოგონას აუხვიონ, მე კი ვერაფერს გამომაპარებენ, როგორი დამოკიდებულება აქვთ ჩემს მიმართ მწვრთნელებს. ნებისმიერ სფეროში ერთ რიგით მუშას უფროსი რომ არ ელაპარაკება, გაჩერდება სამსახურში.! ცხადია, არა. მეც წამოვედი ნაკრებიდან, ჩემი არაფერი აინტერესებთ და რა უნდა მექნა.! ისე კი, იცოდნენ, რომ ზურაბ ხიზანიშვილი კიდევ ითამაშებს ნაკრებში, თანაც საკმაოდ დიდხანსაც.
...ღმერთმა ქნას, საქართველოს ნაკრებს ის დრო დაუდგეს, ხიზანიშვილი, დავით მუჯირი და ალექსანდრე იაშვილი არ დასჭირდეს, მაგრამ რომელი ანრები და რონალდინიოები ჩვენ გვყავს.! სულ რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი გყავს და დალოცვილო, მოდი, ამათ გაუფრთხილდი, მოეფერე...
...ჰკითხეთ ჩვენი ნაკრების სხვა ლეგიონერებს, სად უფრო მეტ პატივს გცემენ, საქართველოში თუ უცხოეთშიო, რას გიპასუხებენ. უცხოეთში, ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
- ვის გულისხმობ: გულშემატკივრებს, ჟურნალისტებს, მწვრთნელებს თუ საფეხბურთო ჩინოვნიკებს.
- არა, გულშემატკივრები და ჟურნალისტები რა შუაშია, ფეხბურთში დასაქმებულ პიროვნებებზე ვამბობ. ქომაგები პირიქით, საქართველოში უკეთესნი არიან. ჯერ რა ფეხბურთს ვთამაშობთ, რა ჯგუფში გავედით მეექვსე ადგილზე და მაინც ავსებენ სტადიონს. ვუყვარვათ და ჩვენც მათთან ვალში ვართ. ერთ თამაშს ვიგებთ და ფოიერვერკების ბათქა-ბუთქია, ხალხი ეროვნულ ზეიმს აწყობს.
- ახლა რას აპირებ, ტოპმიოლერისგან ელი ზარს.
- დიახ. ამიხსნას, რატომ მომექცა ასე. აღარ მინდა გავიხსენო, ლუქსემბურგში თამაშის შემდეგ რაც თქვეს, რამდენიმე ფეხბურთელი შავ სიაში რომ ჩაგვწერეს. ასე არ არის, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და თვითკრიტიკული იყოს. თავის ქება არ მიყვარს, მაგრამ ვინმე იტყვის, ხიზანიშვილმა მაწყენინაო. ვერ იტყვიან, რადგან ყველამ იცის, რომ უკონფლიქტო ადამიანი და კიდევ ვიმეორებ, პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ - სკამზე ჯდომაზე არასოდეს მიყვირია.
მგონია, ეს საკითხი ცალკე თემას იმსახურებს...
--------------------
მესი ჯინობილი არგენტინა
|