Gio707
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Moderators
წერილები: 30300
წევრი No.: 15160
რეგისტრ.: 6-December 05
|
#8645150 · 25 Feb 2008, 13:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
«რუსებმა აფხაზეთში ჩეჩნები მხოლოდ ერთი მიზნით შეიყვანეს, - ქართველებისა და ჩრდილოკავკასიელების არცთუ ფარული დაპირისპირება კიდევ უფრო რომ გააღრმავონ და თქვენი ქვეყანა ე.წ. ეთნიკურ იზოლაციაში მოაქციონ. ნაწილობრივ ეს გეგმა უკვე შესრულებულია. რუსი ჯარისკაცები და კაზაკები აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ ათასგვარ სისაძაგლეს სჩადიან, შემდეგ კი ჩეჩნებს აბრალებენ. სინამდვილეში ჩეჩნები აფხაზეთში ნებით არ ჩასულან. როგორც მათ უთხრეს, აფხაზეთში ქართველები მალე ომს წამოიწყებენ და ვითომ აფხაზების დასაცავად მიიწვიეს, მაგრამ მე ვიცი ჩემი თანამემამულეების განწყობა: ისინი ქართველებზე ხელს არ აღმართავენ. ვინც საწინააღმდეგოს ამტკიცებს, ის პროვოკატორია და გირჩევთ, არ დაუჯეროთ», - ამბობს ჩეჩენი საველე მეთაურის, რუსლან გელაევის დაახლოებული პირი სალმანულა იანდარბიევი, რომელსაც შემთხვევით არ შევხვედრივართ
მალე გაეროც და აშშ-ც იძულებული იქნებიან, კოსოვოს აღიარება შეცდომად მონათლონ
გასული წლის დეკემბერში «კვირის პალიტრაში» გამოქვეყნდა ინტერვიუ ყოფილ ჩეჩენ ბოევიკთან, რომელმაც გვითხრა, თუ ქართველები აფხაზეთში შეიჭრებით, ჩეჩნები აფხაზეთის დასაცავად იბრძოლებენო. რამდენიმე დღის წინ კი უცნობმა პირმა დამირეკა და მთხოვა: თურქეთიდან ერთი ჩეჩენია ჩამოსული, თქვენთან სურს საუბარიო. ცხადია, მაშინვე დავთანხმდი, თუმც ამ სატელეფონო საუბარს ერთი დამაფიქრებელი გარემოებაც ახლდა: უცნობმა მითხრა, რუსთაველის პროსპექტზე იყავით, ჩვენ დაგირეკავთ, მანქანაში ჩავსხდეთ და სადმე მყუდრო ადგილზე ვილაპარაკოთო. მოკლედ, მისი ნახევრად გასაიდუმლოებული მითითება შევასრულე. ორიოდ საათში კი უკვე «მერსედესში» ვიჯექი. მანქანამ სანაპიროსკენ აიღო გეზი. მძღოლმა, რომელიც როგორც შემდეგ გავარკვიე, ის პირი იყო, ვინც ტელეფონით დამიკავშირდა, მითხრა: ბოდიშს გიხდით, რომ ასეთ ვითარებაში გვიწევს საუბარი. მერწმუნეთ, მიზეზთა გამო ვაკეთებთ ამას. ჩემს სტუმარს არ სურს ყურადღება ზედმეტად მიიქციოს, თორემ დასამალი არაფერი აქვს და საქართველოშიც ხშირად ჩამოდის ლეგიტიმურობის სრული დაცვითო. როგორც აღმოჩნდა, ჩეჩენი სტუმარი - სალმანულა იანდარბიევი ბოლო რამდენიმე წელია თურქეთში ცხოვრობს. იგი არ მალავს, რომ ჩეჩნეთის «ძველი გვარდიის» წარმომადგენელია, თავის დროზე აფხაზეთშიც იბრძოდა. შემდეგ რუსლან გელაევის ცნობილ პროვოკაციაშიც მონაწილეობდა, როცა ჩეჩნებმა ვითომ ქართველების წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო ბოდიშის მოხდის მიზნით აფხაზეთში შეჭრა გადაწყვიტეს. ამ ინციდენტის შემდეგ იანდარბიევი ჩეჩნეთში აღარ დაბრუნებულა, თურქეთში გადავიდა და ბიზნესს მოჰკიდა ხელი. სამსახურის საქმეებზე თურმე არცთუ იშვიათად უწევს საქართველოში ჩამოსვლა, სადაც ქართველი მეგობრები ჰყავს. დიდთოვლობამ მისი თურქეთში დაბრუნება შეაფერხა და იძულებით ჩარჩა თბილისში.
«ჩემმა ქართველმა მეგობარმა მითხრა, რომ ცოტა ხნის წინ თქვენი ინტერვიუ დაიბეჭდა ყოფილ მებრძოლ ჰამზათ კურკაევთან, - მითხრა ჩემმა რესპონდენტმა, - სხვათა შორის, მას ვიცნობ. დასანანია, რომ კიდევ უფრო აღრმავებს ქართველებსა და ჩეჩნებს შორის წარმოქმნილ უთანხმოებას. არადა, მერწმუნეთ, სინამდვილეში ჩეჩნები დღეს სულ სხვაგვარად ფიქრობენ. მათ შორის მე და ჩემი მეგობრებიც ვაღიარებთ, რომ ქართველების წინააღმდეგ ბრძოლით დიდი შეცდომა დავუშვით. სხვათა შორის, იმ ჩეჩენ ლტოლვილებში, რომლებმაც პანკისის ხეობას შეაფარეს თავი, ჩემი ცოლ-შვილიც იყო. ამის შემდეგ როგორ შეიძლება მტრული განზრახვა გვამოძრავებდეს ქართველების წინააღმდეგ». - მაგრამ ჰამზათ კურკაევი ამტკიცებდა, თუკი ქართველები აფხაზეთში შეიჭრებიან, ჩეჩნები აფხაზების მხარეს ვიბრძოლებთო.
- ეს რუსების სურვილია და არა - ჩეჩნების. სწორედ რუსებს აძლევს ხელს ქართველებსა და ჩეჩნებს შორის ურთიერთობის ხელახლა დაძაბვა. მაგალითებით შემიძლია ამის დამტკიცება: ზუსტად ორი თვის წინ გალის რაიონში დააყაჩაღეს ერთი ქართველის ოჯახი. ეს ამბავი მერე საგულდაგულოდ მიჩქმალეს, რადგან მისი ორგანიზატორებისთვის სასურველი მიმართულება ვერ მიიღო. მაშინ თავდამსხმელებმა ოჯახის დიასახლისი გააუპატიურეს. მეორე დღეს აფხაზურმა მილიციამ რუს სამშვიდობოებთან ერთად დაიწყო გამოძიება, იმავე საღამოს დააპატიმრეს დამნაშავეთა ჯგუფი, რომელიც სამი ჩეჩენისაგან შედგებოდა. დამნაშავეები სასწრაფოდ გადაიყვანეს სოხუმში, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ დაკავებულთა მეგობრებმა გაარკვიეს, რომ სინამდვილეში იმ ოჯახს თავს რუსი კაზაკები დაესხნენ. ის რუსები ჩეჩნებმა დაიჭირეს და სასტიკად სცემეს. ნათელია, რომ ეს არ იყო რიგითი ყაჩაღობა. ამ სცენარის ავტორს სურდა ჩეჩნების საკითხი წამოეწია წინა პლანზე, მაგრამ არ გამოუვიდა. ამიტომ იძულებული გახდნენ, ჩეჩენთა ის ოცეული, რომელშიც «დამნაშავეები» შედიოდნენ, ჩეჩნეთში დაებრუნებინათ და საქმე ჩაეფარცხათ. ფაქტია, დღეს აფხაზეთში სწორედ რუსებსა და ჩეჩნებს შორისაა დაძაბული ურთიერთობა და არა ჩეჩნებსა და ქართველებს შორის.
- მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ჩეჩნები დღეს აფხაზეთში არიან და სოხუმის ე.წ. დამოუკიდებლობას იცავენ.
- დამიჯერეთ, ძალდატანებით არიან აფხაზეთში. თავად დაფიქრდით, თუკი რუსებს აფხაზეთის დაცვა სურთ, რაში სჭირდებათ ჩეჩნების დახმარება, თვითონაც კარგად გაართმევდნენ თავს ამ საქმეს. უბრალოდ, რუსები ყველაფერზე მიდიან, რათა მსოფლიოს დაანახვონ, ჩრდილოკავკასიელები მზად არიან აფხაზეთის დამოუკიდებლობის დასაცავად და ამ «სამართლიან» მიზანს მხოლოდ რუსეთი არ ემსახურებაო. სინამდვილეში, რუსებს მოსვენებას არ აძლევს ის ფიქრი, რომ ადრე თუ გვიან, ჩეჩნები დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას განაახლებენ. თუ დღეს ჩეჩნები მათ მითითებას ასრულებენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბედს შევურიგდით და ჩვენი მისია დავივიწყეთ. ჩვენ ჯერ სულის მოთქმა და გენოფონდის აღდგენა გვჭირდება. ახლა ბრძოლის განახლებას აზრი არ აქვს. ჩვენგან განსხვავებით საქართველოს უფრო ხელსაყრელი ვითარება აქვს.
- რა გაქვთ მხედველობაში?
- რამდენიმე დღის წინ, როგორც კი კოსოვოს დე იურე ასაღიარებლად შეიკრიბნენ ევროპის ქვეყნების ხელმძღვანელები, ცხინვალისა და სოხუმის ლიდერებმა მაშინვე თავიანთი პრეტენზიები წამოაყენეს: თუ კოსოვოს მიანიჭებთ დამოუკიდებლობას, ჩვენ ნაკლები რითი ვართო. ამ იდიოტებს იმედი აქვთ, რომ მათაც მიართმევენ დამოუკიდებლობას.
კოსოვოს აღიარებას რაც მოჰყვა, ყველამ კარგად ვნახეთ. ფაქტობრივად, შესაძლოა, შუა ევროპაში ომი ისევ დაიწყოს. სერბეთი არასოდეს შეურიგდება კოსოვოს დაკარგვას, მაშინაც კი, თუკი ყველა ქვეყანა აღიარებს ამ უკანასკნელის დამოუკიდებლობას. სხვათა შორის, ეს გარემოება ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ჯეროვნად ვერ შეაფასეს. ყველას ეგონა, კოსოვოს აღიარებას ექსცესები არ მოჰყვებოდა. მალე გაეროც და აშშ-ც იძულებული იქნებიან, კოსოვოს აღიარება შეცდომად მონათლონ და სერბეთის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებენ მრავალწლიან ომს ევროპაში, რომლის ხანძარი, შესაძლოა, სხვა რეგიონებსაც გადაედოს და ეს უმძიმეს დარტყმას მიაყენებს ევროპის ქვეყნების ეკონომიკას. ასე რომ, აფხაზ და ოს სეპარატისტებს იმედი გაუცრუვდებათ. ქართველებს არაფრის არ უნდა გეშინოდეთ. ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაიბრუნებთ თქვენს მიწებს...
მინდა კიდევ გავიმეორო, - ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც ქართველებისა და ჩეჩნების შესაძლო დაპირისპირებაზე ლაპარაკობენ. ჩეჩნეთში არის უკვე ხალხი, რომლებიც პროვოკატორებს პასუხს მოსთხოვენ. თქვენ კი იცოდეთ, - კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს და მადლობა იმისთვის, რაც ჩვენი შვილებისთვის გააკეთეთ.
--------------------
I'm not a conspiracy theorist - I'm a conspiracy analyst
|