ვინსენტ გალო ბუფალოში დაიბადა. მისი მშობლები სიცილიელები არიან. თავის სიცილიელ ნათესავებს გალო ჭეშმარიტ მაიმუნებს უწოდებს.
მისი ბავშვობა უხალისო იყო. მშობლები არა მხოლოდ უხეშად, უპატივცემულოდ და უგრძნობად ეპყრობოდნენ, არამედ, მისივე თქმით, მართლაც არაადამიანურად და საზიზღრად. 16 წლისა იყო, მამამ რომ სახლიდან გამოაგდო და ვინსენტი ჯერ ევროპაში აღმოჩნდა, მერე კი ნიუ-იორკის პანკებში, ანდერგრაუნდში მხატვრებს, მუსიკოსებსა და კინოს წარმომადგენლებს შორის. აქედანვე ჩამოყალიბდა მისი ინტერესი სამივე ამ სფეროს მიმართ.
გალო დიდხანს უკრავდა პანკჯგუფში Gრაყ, მხატვარ ჟან-მიშელ ბასკესთან ერთად, რომელიც ენდი უორჰოლის მეგობარი იყო.
ვინსენტი თავადაც მხატვარია, მისი ნამუშევრები დიდი წარმატებით სარგებლობდა და ნიუ-იორკის ყველაზე ძვირფას გამოფენებში იყიდებოდა. სულ 25 პერსონალური გამოფენა ჰქონდა, მაგრამ 1990 წელს ხატვა მიატოვა. "ფერწერას თავი წარმატების პიკში მყოფმა მივანებე, მხოლოდ იმიტომ, რომ არავის არ ჰქონოდა ჩემი შესანიშნავი სურათები. ეს მათ ჯიბრზე გავაკეთე", - ამბობს ეს უცნაური ადამიანი.
გალო დიდხანს მონაწილეობდა მრბოლელად "ფორმულა-2"-ში. მოტორბოლის განმავლობაში 88 პრიზის აღება მოასწრო. სადაც არ სცადა, ყველა სფეროში წარმატებას მიაღწია, თითქოს ვიღაცას უმტკიცებდა, რომ ყველაფერი შეუძლია.
გალო ოცი წელი წერდა სტატიებსა და რეცენზიებს აუდიოფილური ჟურნალებისთვის, ძველი ხმის მწარმოებელი აპარატურის მისი კოლექცია მსოფლიოში საუკეთესოა. თითოეული მონოგამაძლიერებელი, რომელიც მის სტერეოსისტემას აქვს, იგივე ღირს, რაც ახალი როლს-როისი. ამ უშველებელ მეტალის ყუთებში გამოყენებულია დეტალები, ლამფები და სადენები, რომელთაგან ზოგიერთი გასული საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისით თარიღდება.
იგი ასევე აგროვებს გიტარებს და ხმის ჩამწერ ტექნიკას. ფირფიტების აქვს კოლექციაში 15 ათასი დისკი და 7 ათასი ვიდეოკასეტა.
უზადო მრბოლელი "ფერარით" დადის, 1972 წლის გამოშვების, 365-ე მოდელით.
ცხოვრობს სახლში, რომელიც არქიტექტორმა ჯონ ლაუტნერმა ააგო. ეს ვილა, ადვილი მისახვედრია, XX საუკუნის არქიტექტურის შედევრებს მიეკუთვნება და ერთ ეგზემპლარად არსებობს.
80-იანი წლების დასაწყისში გალომ ჰიპ-ჰოპ ანდერგრაუნდშიც გაიბრწყინა, ბრეიკის მოცეკვავეთა გუნდის მენეჯერი იყო და, საერთოდაც, ერთ-ერთი პირველი თეთრი რეპერი გახლდათ. თუმცა გალო პუერტორიკოელის სახით გამოდიოდა, მეტსახელით Pრინცე Vინცე: სწრაფი, აგრესიული, განუმეორებელი, შეშლილი.
გალო, რასაკვირველია, კინომსახიობია, 17 ფილმში უთამაშია. მუშაობდა ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორებიც არიან ემირ კუსტურიცა ("არიზონა ოცნება"), აბელ ფერარა, კლერ დენისი. მისი კინონამუშევრებიც აღნიშნულა სხვადასხვა კინოფესტივალზე, ბოლოს კი წელს დააჯილდოვეს, როგორც მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი.
გალო ფოტომოდელი და მოდელიერიც არის. კელვინ კლაინსისა და ჯანი ვერსაჩეს სენსაციურ სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობდა, პოდიუმზე კი იამამოტოსა და ანა სუის სამოსს წარმოადგენდა. თუმცა თავადაც აღმოაჩნდა მოდელიერის ნიჭი. საკუთარი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის კოლექცია აქვს, რომლებიც მისივე ესკიზებით არის შექმნილი.
გალოს ტატუირება აქვს ფეხის ტერფზე, როგორც ამბობენ, კურდღლის.
ქალები გიჟდებიან ვინსენტ გალოზე, ის ვნებიანი საყვარელია, თუმცა არანაირ რომანტიკულ ილუზიებს არ განიცდის ქალებთან დაკავშირებით. რამდენიმე მსახიობ ქალს ხვდებოდა, თუმცა ცოლად არავინ მოუყვანია და ახლაც არ ჩქარობს.
უკვე მრავალი ზელია, ინტერვიუებს მხოლოდ ერთი პირობით იძლევა: თუ ჟურნალი გარანტიას აძლევს, რომ მისი პორტრეტი გარეკანზე მოთავსდება. ან თავფურცელი, ან არაფერი. მისი აზრით, ყველა დანარჩენი ტექსტი ჟურნალში სარეკლამო განცხადებებს შორის პაუზასავით არის.
გალო არ სვამს, არ ეწევა, არ იღებს ნარკოტიკებს. თავისი ერთი მეგობარი გოგონა მხოლოდ იმიტომ მიატოვა, რომ ის ორი წელი ატყუებდა, თითქოს არ სვამდა და არ ეწეოდა. ადამიანებს, რომლებიც სვამენ და ნარკოტიკებს იღებენ, ის სულელ ღორებს უწოდებს.
გალო კინორეჟისორიც არის, გადაიღო ცნობილი ფილმი Buffalo "66". თვითონ დაწერა სცენარი და თვითონვე ითამაშა, თვითონ მოამზადა საუნდტრეკი და გადაღებებიც თავად დააფინანსა. ფილმი საკულტოდ იქცა, მის პრემიერაზე 14 ათასმა ადამიანმა ვერ შეძლო მოხვედრა, მაგრამ ამ ფილმისთვის არც ერთი პრიზი არ მიუციათ. კანის კინოფესტივალზეც კი იგნორირებულ იქნა, სულ ახალი გამოსული "გოძილას" სასარგებლოდ. გაცოფებულმა გალომ კანში დებოში მოაწყო და თავისი პასპორტი ნაკუწებად აქცია. ამის შემდეგ მიცემულ ინტერვიუებში დამოუკიდებელი კინემატოგრაფის ასე თუ ისე მნიშვნელოვანი მოღვაწეები გალანძღა და მთელი ჰოლივუდური კინოსტუდიები და პრაქტიკულად მთელი კინოპრესა აიმხედრა.
ახლა ჰოლივუდის კინოსამყაროში ის პერსონა ნონგრატაა.
ევროპას, უმთავრესად კი საფრანგეთს, ვერ იტანს, ასეთივე დამოკიდებულება აქვს იაპონიის მიმართ.
საერთოდაც, თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, არავის არაფერს ეკითხება, როცა უნდა მხატვარია, როცა უნდა - მუსიკოსი, როცა უნდა - მრბოლელი და კიდევ ბევრი სხვა რამ, მთავარია, როდის სად სურს საკუთარი თავის გამოხატვა და გამარჯვებულად ყოფნა.
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/kultura/25992-vinsent...l#ixzz1JgwcNnLl This post has been edited by levani---1 on 16 Apr 2011, 17:31
იმისათვის, რათა შეიქმნას დიდებული ფილმი, აუცილებელია სამი რამ: სცენარი, სცენარი და კიდევ ერთხელ სცენარი
ალფრედ ჰიჩკოკი