აჰა მოგაშველებ მეც საინტერესო ინფორმაციებს.

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საბჭოს X|| საგანგებო სესიის გადაწყვეტილება
სამხრეთ ოსეთის სტატუსის ამაღლების შესახებ
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მეოცე მოწვევვის სახალხო დეპუტატთა საბჭოს X|| საგანგებო სესია წყვეტს:
1. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გარდაიქმნას სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად.
ეთხოვოს საქართველოს სსრ უმაღლეს საბჭოს და სსრკ უზენაეს საბჭოს განიხილონ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისათვის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭების საკითხი.
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მ.სანაკოევი.
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის მდივანი ი.ქოქოევი.
1989 წლის 10 ნოემბერი.
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს მეთოთხმეტე სესიის მეოცე მოწვევის 1990 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა მეოცე მოწვევის მეთოთხმეტე სესიამ გადაწყვიტა::
1. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გარდაიქმნას სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად.
2. ეთხოვოს სსრ კავშირის უმაღლეს საბჭოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის, შეყვანის შესახებ.
3. ეთხოვოს საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დადონ ხელშეკრულებები მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ.
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ფ. ზასეევი.
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს აღმასკომის მდივანი ი. ქოქოევი.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს მიერ ოლქის სტატუსის შეცვლის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აღნიშნავს, რომ უკანასკნელ პერიოდში სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შეინიშნება სეპარატისტული მოძრაობა, რომელიც ხელყოფს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
ამის დამადასტურებელია სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს 1990 წლის 20 სექტემბრის დადგენილება ოლქის ე. წ. "სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად" გარდაქმნის შესახებ.
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებით გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს 1990 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება.
მიუხედავად ამისა, ა. წ. 16 ოქტომბერს მოწვეულ იქნა ავტონომიური ოლქის საბჭოს მეთხუთმეტე სესია, რომელმაც დაადასტურა თავისი წინა გადაწყვეტილება, აირჩია ე. წ. "სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი" და მიიღო დროებითი დებულება სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და სამხრეთ ოსეთის ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ: არჩევნები დაინიშნა 1990 წლის ორი დეკემბრისათვის.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტათა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე. წ. "სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად" გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისთვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებს და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 2 სექტემბრის დადგენილებას.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მცხოვრებ ყყველა ეროვნების მოქალაქეს, განსაკუთრებით ოსი ეროვნების მოქალაქეებს მოწოდებით, გამოიჩინონ კეთილგონიერება, პოლიტიკური წინდახედულება, სიფხიზლე და სწორად შეაფასონ სეპარატისტული ძალების სახიფათო მოქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს საერთო დესტაბილიზაცია და უაღრესად მძიმე, გაუთვალისწინებელი შედეგები.
რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ იგი განუხრელად იბრძოლებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის. ამასთან ერთად იგი ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას, რომ კვლავაც დაიცავს საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებებს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზ.გამსახურდია.
1990 წლის 22 ნოემბერი.
* * *
საქართველოს რესპუბლიკის კანონი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ
სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სეპარატისტული ძალები ცდილობენ ე.წ. "სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის" შექმნით მოახდინონ სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაცია, ხელყყონ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა, ჩამოაშორონ საქართველოს მისი ისტორიული, განუყოფელი ნაწილი, რაც აშკარად ეწინააღმდეგება არა მარტო საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას, არამედ თვით სსრ კავშირის კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის ელემენტარულ ნორმებს.
მიუხედავად საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების არაერთი გაფრთხილებისა, აღკვეთილიყო ავტონომიური ოლქის თვითმარქვია ხელისუფლების უკანონო მოქმედებანი, ოლქში 9 დეკემბერს მაინც ჩატარდა ე.წ. "სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის" უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რითაც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას რეალური საფრთხე შეექმნა.
იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი 1922 წელს შეიქმნა ამ რეგიონში მცხოვრები მკვიდრი ქართველი მოსახლეობის ნების უგულებელყოფით და სრულიად საქართველოს ინტერესების საზიანოდ, რაც არაერთხელ დადასტურდა ოლქის არსებობის მანძილზე, აგრეთვე იმის გამო, რომ ოს ხალხს საბჭოთა კავშირში გააჩნია საკუთარი სახელმწიფოებრიობა თავის ისტორიულ ტერიტორიაზე - ჩრდილოეთ ოსეთში და რომ საქართველოს რესპუბლიკაში მცხოვრები ოსი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი ცხოვრობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ფარგლებში, სადაც მას აქვს და მომავალშიც ექნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 104-ე მუხლის მე-3 და მე-11 პუნქტების შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
1. გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.
2. გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭო, მისი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანო - აღმასრულებელი კომიტეტი და ოლქის სხვა სახელმწიფო ორგანოები.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს 1922 წლის 20 აპრილის #2 დეკრეტი "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოწყობის შესახებ" და საქართველოს სსრ 1980 წლის 12 ნოემბრის კანონი "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შესახებ".
4. დადასტურდეს საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილებები სეპარატისტული ძალების მიერ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკად გარდაქმნის ანტიკონსტიტუციურობის შესახებ.
ცნობილ იქნეს ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ ე.წ. "სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის" უმაღლესი საბჭოს 1990 წლის 9 დეკემბრის არჩევნები და მისი შედეგები.
5. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს კანონმდებლობისა და კანონიერების დაცვის კომისიამ წარმოადგინოს წინადადებანი საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებათა შეტანის თაობაზე.
6. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ:
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს წარმოუდგინოს წინადადებანი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესახებ:
- განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ზომები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესახებ:
- განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ზომები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დასამყარებლად, თვითმარქვია ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების ფუნქციობის აღსაკვეთად:
- შეუსაბამოს მთავრობის გადაწყვეტილებები ამ კანონს.
7. საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურამ განიხილოს და გადაწყვიტოს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში არ დაემორჩილნენ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებს, უხეშად დაარღვიეს კონსტიტუციით დადგენილი არჩევნების ჩატარების წესები, ბოროტად გამოიყენეს თანამდებობის პირთათვის კანონით მინიჭებული უფლებები და რწმუნებები.
8. კანონი ძალაში შედის მიღებისთანავე.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზ. გამსახურდია.
1990 წლის 11 დეკემბერი.
* * *
შეთანხმება
ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პრინციპების შესახებ
რუსეთის ფედერაცია და საქართველოს რესპუბლიკა, რომლებიც ისწრაფვიან, რაც შეიძლება მალე შეწყდეს სისხლისღვრა და ყოველმხრივ მოწესრიგდეს კონფლიქტი ოსებსა და ქართველებს შორის,
ხელმძღვანელობენ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენის სურვილით,
ადასტურებენ გაეროს წესდებისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტისადმი ერთგულებას,
მოქმედებენ ადამიანების უფლებათა და თავისუფლებათა, აგრეთვე ნაციონალურ უმცირესობათა უფლებების პატივისცემის პრინციპით,
მხედველობაში იღებენ მიმდინარე წლის 10 ივნისს ყყაზბეგში მიღწეულ მორიგებებს, შეთანხმდნენ:
მუხლი 1.
1. შეთანხმების დადების მომენტიდან დაპირისპირებული მხარეები კისრულობენ მოვალეობას განახორციელონ ყველა ღონისძიება 1992 წლის 28 ივნისისათვის შეიარაღებული შეტაკებებისა და ცეცხლის სრული შეწყვეტისათვის.
2. 1992 წლის 28 ივნისს ცეცხლის შეწყვეტის მომენტიდან დაპირისპირებულ მხარეებს გაჰყავთ თავიანთი შეიარაღებული ფორმირებები შეხების ხაზის მიმდებარე დერეფნის შექმნის მიზნით.
ფორმირებათა გაყვანა ხორციელდება სამი დღე-ღამის განმავლობაში.
შეხების ხაზის გავლას, დერეფანს, მის განედებს განსაზღვრავენ მეთვალყურეთა ერთობლივი ჯგუფები.
მუხლი 2.
კონფლიქტის რაიონში დემილიტარიზაციისა და კონფლიქტში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ჩაბმის შესაძლებლობის გამორიცხვის მიზნით რუსეთის მხარეს ცეცხლის შეწყვეტისა და დაპირისპირებულ მხარეთა განცალკევების მომენტიდან 20 დღის განმავლობაში გაჰყავს ცხინვალის რაიონში დისლოცირებული 37-ე ინჟინერ-მესანგრეთა პოლკი და 292-ე ცალკე საბრძოლო ვერტმფრენთა პოლკი უზრუნველყოფისა და მომსახურების ქვეგანაყოფებით.
მუხლი 3.
1. ცეცხლის შეწყვეტის, შეიარაღებული ფორმირებების გაყვანის, თავდაცვის ძალების დაშლისა და უშიშროების რეჟიმის უზრუნველყოფისადმი კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით აღნიშნულ ზონაში იქმნება შერეული საკონტროლო კომისია კონფლიქტში ჩაბმული მხარეების შემადგენლობით, რომელიც განახორციელებს თავის ფუნქციებს ყყაზბეგის მორიგებათა შესაბამისად შექმნილ სამხედრო მეთვალყურეთა ჯგუფთან ურთიერთმოქმედებით.
2. კომისიის მუშაობის მონაწილე მხარეთაგან თითოეული მის შემადგენლობაში ნიშნავს თავის წარმომადგენლებს. საკონტროლო კომისიის ადგილსამყოფელი იქნება ქალაქი ცხინვალი.
3. აღნიშნულ ამოცანათა შესრულებისთვის საკონტროლო კომისიასთან მხარეთა შეთანხმებით იქმნება შერეული ძალები მშვიდობის დამყარებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით. კომისიასთან აგრეთვე შეიქმნება მეთვალყურეთა შერეული ჯგუფები, რომლებიც განლაგდებიან უშიშროების ზონის პერიმეტრზე.
4. საკონტროლო კომისია და მასთან შექმნილი ძალები დაუყოვნებლივ შეუდგებიან ამ შეთანხმებით მათზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას.
5. ამ შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში საკონტროლო კომისია გამოიძიებს მის გარემოებებს და განახორციელებს სასწრაფო ღონისძიებებს მშვიდობისა და მართლწესრიგის აღდგენის, აგრეთვე იმისათვის, რომ აღარ დაუშვან ასეთი დარღვევები.
6. საკონტროლო კომისიის და მასთან შექმნილი ძალების საქმიანობას აფინანსებენ მხარეები თანაბარ წილობრივ საფუძველზე.
მუხლი 4.
მხარეები დაუყოვნებლივ შეუდგებიან მოლაპარაკებას კონფლიქტის ზონაში არსებული რაიონების ეკონომიკური აღორძინებისა და ლტოლვილების დაბრუნებისთვის პირობების შექმნის შესახებ.
მხარეებს დაუშვებლად მიაჩნიათ ეკონომიკური სანქციებისა და ბლოკადების გამოყენება, ნებისმიერი სხვა დაბრკოლების შექმნა საქონლის, მომსახურებისა და ადამიანების თავისუფალი მოძრაობის გზაზე და ვალდებულებას კისრულობენ უზრუნველყონ მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის პირობები.
მუხლი 5.
მხარეები შეეცდებიან ობიექტურად და აწონ-დაწონილად გააშუქონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მოწესრიგების პროცესი. ამ მიზნით საკონტროლო კომისიასთან იქმნება სპეციალური მრავალმხრივი პრესცენტრი.
მუხლი 6.
ეს შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის მომენტიდან.
დაიდო სოჭში 1992 წლის 24 ივნისს სამ ცალად ქართულ, რუსულ და ოსურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი ერთნაირი ძალისაა.
რუსეთის ფედერაციის სახელით ბ.ნ. ელცინი.
საქართველოს რესპუბლიკის სახელით ე.ა. შევარდნაძე.